სერგეი დოვლატოვი - უცხოელი


მოლოტოვი მოხსნეს და ლევა ახლა ხრუშჩოვის დახატვას შეეცადა,მაგრამ შეძლებული გლეხის სიფათის ტილოზე გადატანა მისთვის მიუღწეველი აღმოჩნდა. ასე დაემართა ბრეჟნევის მიმართაც. არც ოპერის მომღერლის ფიზიონომიის ხატვა გამოსდიოდა. ბოლოს გამწარებულმა აბსტრაქტულ მხატვრობას მიჰყო ხელი. ახლა ფერად ლაქებს, ირიბ ხაზებსა და ხვეულებს ხატავდა. თან სვამდა და დებოშს ტეხდა. მეზობლებმა ლევას უბნის მილიციონერთან უჩივლეს: სვამს, აყალმაყალს ტეხს, რაღაც აბსტრაქტულ აბდაუბდას ხატავს... ბოლოს ლევა ადგა და ემიგრაციაში წავიდა, მიუჯდა იქ საჭეს და დამშვიდდა. თავისუფალ დროს ახლა მოლოტოვს კი არა,ცხენზე ამხედრებულ რეიგანს ხატავს... 

იქ, საბჭოეთში, თავისუფლება არ იყო, მაგრამ იყვნენ მკითხველები. აქ თავისუფლება საკმარისზე მეტი იყო, მაგრამ არ იყვნენ მკითხველები.

საბაჟოზე ზარეცკიმ ერთი ასეთი ისტორიული განცხადება გააკეთა: მე არ ვტოვებ რუსეთს, ეს რუსეთი მტოვებს მე!..

ლერნერს ჰარმონია ხიბლავდა, მას იმპრესიონისტად თვლიდნენ, მის მოკლემეტრაჟიან ფილმებს - იმპრესიონისტურად. ირგვლივ კი სოციალისტური რეალიზმით გაჯერებული ცხოვრება დუღდა.

დარწმუნებული ვარ, სიმდიდრე და სიღარიბე, ისე როგორც თმის ფერი ან, დავუშვათ, მუსიკალური სმენა ადამიანის თანდაყოლილი ნიჭია. ერთი ღარიბად იბადება, მეორე - მდიდრად, ფული აქ არაფერ შუაშია. მდიდრებს უმძიმეს პირობებში მყოფ ზეკებს შორისაც შევხვედრივარ, ღარიბებს - ბანკის ადმინისტრაციის უმაღლეს მოხელეებს შორისაც... ღარიბები ზარალს ყოველგვარ ვითარებაში ითმენენ. ღარიბებს იმისთვისაც აჯარიმებენ, მათმა ძაღლმა სადმე უადგილო ადგილას რომ მოისაქმოს. ღარიბს შემთხვევით ხურდა ფული რომ დაუვარდეს, აუცილებლად ლიუკში ჩავარდება. მდიდრებისთვის კი ყველაფერი პირიქითაა. ფულს ისინი ძველი პიჯაკის ჯიბეებში ნახულობენ, ლატარიაში იგებენ, შორეული ნათესავები მემკვიდრეობით აგარაკებს უტოვებენ, მათი ძაღლები უხვად ჯილდოვდებიან გამოფენებზე.

1938 წელი დადგა. რა თქმა უნდა, ეს ძალიან ცუდი დრო იყო. ოღონდ არა ყველასათვის. უმეტესობა დუნაევსკის მხიარულ მუსიკაზე ცეკვავდა. გარდა ამისა, დღითიდღე სულ იაფდებოდა და იაფდებოდა ყველაფერი. ერთი კილოგრამი ხიზილალა ცხრამეტი მანეთი ღირდა და ყოველ ფეხის ნაბიჯზე იყიდებოდა. რა თქმა უნდა, ხვრეტდნენ უდანაშაულო ადამიანებს. მიუხედავად ამისა, ერთის დახვრეტა სხვა ათის სასიკეთოდ ხდებოდა. ერთი მარშლის დახვრეტა ათი მისი თანამშრომლის დაწინაურების საწინდარი იყო - გათავისუფლებულ ადგილზე გენერალს აწინაურებდნენ, ამ გენერლის ადგილს პოლკოვნიკი იკავებდა, პოლკოვნიკს მაიორი ცვლიდა. შესაბამისად, წოდებებს უმატებდნენ კაპიტნებსა და ლეიტენანტებს. ერთი მინისტრის დახვრეტას ათობით სამსახურებრივი გადაადგილება მოსდევდა, თანაც მხოლოდ ზევით. ქვედა ბიუროკრატიის წარმომადგენლები სამსახურებრივ კიბეზე ზევით - ზევით ადიოდნენ.

დიმა კარგი ადამიანი იყო, მისი ნაკლი უნაკლობა გახლდათ, მაგრამ ნაკლი ხომ მეტად იზიდავს ადამიანებს, ვიდრე ღირსება, ანდა, როგორც მინიმუმ, უფრო ძლიერ გრძნობებს იწვევს!..

ლოთობა ეს ნებაყოფლობითი სიგიჟეა.

ეჭვიანობა საკუთარი თავის მიმართ შურისძიებაა სხვათა შეცდომების გამო...

ვინ არ იცის, ცოლ-ქმრის თანასწორობა რომ ზღაპარია. უპირატესობა, თუ ეს უპირატესობად შეიძლება ჩაითვალოს, იმის მხარესაა, ვისაც ნაკლებად უყვარს.

სიამოვნების შემდეგ დანაშაულის გრძნობა გეუფლება, უანგარო ქმედების ჯილდო დამცირებაა, გამოდის, ჩაკეტილ წრეში ხარ...

ემიგრაციაში რაღაც ირეალური იყო, რაღაც, რაც იმქვეყნიური ცხოვრების იდეას შეგახსენებდა. ესე იგი, შეიძლებოდა ყველაფრის თავიდან დაწყება გეცადა, წარსულის ტვირთისგან გათავისუფლებულიყავი.

მშობლები შვილებს ღალატში ადანაშაულებდნენ, შვილები მშობლებს კონფორმიზმისა და ქვეშევრდომული ერთგულებისათვის აკრიტიკებდნენ.

ხომ იყო გრძნობა მათ შორის! ჰოდა, რახან იყო, რა მნიშვნელობა აქვს, ცუდი იყო თუ კარგი? და თუკი მართლაც იყო, მაშინ სად ან როგორ შეიძლებოდა გამქრალიყო?...

ისე მტკიცედ მიაბიჯებდა, როგორც კარგად გავარჯიშებული უსინათლო.

ამერიკას ძლიერები უყვარს, ლამაზები და უტიფრები. ეს საქმიანი, მიზანსწრაფული ადამიანების ქვეყანაა. წარუმატებელი ადამიანი ამერიკაში არავის მოსწონს. აქ მხოლოდ საკუთარი თავის იმედი შეიძლება გქონდეს...

ადამიანის სხეული წმინდათაწმინდაა! საბჭოთა ხელისუფლება ადამიანს ბუნებრივ სიხარულს უხშობს. ტოტალიტარულ სახელმწიფოში კლიმაქსი ქალებს გაცილებით ადრე ეწყებათ, ვიდრე დემოკრატიულ ქვეყნებში!...

თავისუფალი ქალი ალბათ რაღაც განსაკუთრებულ ფლუიდებს ასხივებს. ლამაზი ქალი, მით უმეტეს.

ფული ბოროტებააო, - ხშირად იმეორებდა, - განსაკუთრებით ის ფული, რომელიც არ გაქვს...

გინდა მეცოდებოდე? ჯერ მაცადე,შენი დამცირებით დავტკბე!

- არის რაღაც, რაც სიმართლეზე მეტია!
- ოო, აი ეგ კი საინტერესოა! - თქვა ზარეცკიმ, - ილაპარაკეთ, მე თქვენ სიამოვნებით მოგისმენთ, ყურადღება, ბატონებო, ყურადღება! მაინც რა არის სიმართლეზე მეტი?
- ბევრი რამ!
- უფრო კონკრეტულად?
- უფრო კონკრეტულად? ვთქვათ, გულმოწყალება.

მერედა თავისუფლება? ვითომ რა თავში ვიხლი თავისუფლებას! მე მხოლოდ სიმშვიდე მინდა... და,საერთოდაც, რაში მჭირდება ეს თავისუფლება, როცა იქ დედა და მამა მყავს?! ნორმალური ადამიანი თავს მოსკოვშიც თავისუფლად გრძნობს. - მერედ ა ბევრი გინახავს ნორმალური? - ისინი ბევრნი არსად არ არიან, არც აქ და არც იქ.  - შენ, უბრალოდ,ყველაფერი დაგავიწყდა - სიცრუე... უხეშობა... - მოსკოვში უხეშად რუსულად მაინც მომმართავდნენ... - სწორე დ ეგ არის აუტანელი! მოკლედ, ეს ცხოვრება არ არის.

ძმაო, არ შეშინდე, მარიხუანა პროგრესის მამოძრავებელი ძრავაა!...

სხვათა ხელმოკლე მდგომარეობას, რა თქმა უნდა, განვიცდიდი, ოღონდ ადრინდელზე გაცილებით ნაკლებად. რას იზამ, ასეთი ყოფილა ადამიანის ბუნება!

ზოგჯერ ცხოვრებას ვერა და ვერ ააწყობ - ვალები, გაუთავებელი სმა, შიში, მოულოდნელი ელდა, შემოქმედებითი წარუმატებლობა... შენი მორიგი ნაწარმოების ხელნაწერი მერამდენე წელია გამომცემლობაში უმოქმედოდ დევს...  ჟურნალებში სულელური რეცენზიები იწერება... კბილები სასწრაფოდ არის მისახედი... შენი საუკეთესო მეგობარი ციხეში ზის, ცოლი განქორწინებით გემუქრება, შენი გოგონა ავადმყოფობს, მოკლედ,ყველაფერი თავდაყირაა. და უცებ, ვთქვათ, შარვლის შესაკრავი ელვა გაიჭედება, ანდა, მაგალითად, საპარსისგან სახეზე კანი გაგიღიზიანდება და შენც ერთბაშად იფეთქებ, დარწმუნებული ხარ, ეს საზიზღარი შარვლის ელვაშესაკრავი რომ არა, ეს გულისამრევი ჭრილობა რომ არა, იცხოვრებდი შენთვის არხეინად!..

მე ვჩუმდები, ვინაიდან კარგსა და სასიამოვნოზე ლაპარაკი საჭიროდ არ მიმაჩნია. ჩემი მიზანი ყველგან და ყველაფერში, უპირველეს ყოვლისა, სასაცილოს, დამამცირებლის, სისულელის, უბადრუკობის, საცოდაობის გამოვლენაა. გინებას და ავსიტყვაობას კი დიდ ცოდვად ვთვლი. მოკლედ, ვჩუმდები...

მე ავტორი ვარ, თქვენ ჩემი გმირები. ცოცხლები თქვენ მე ასე არ მეყვარებოდით.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში