კობო აბე - ქალი ქვიშაში



ბავშვი დაუკმაყოფილებელი სურვილის საზღაურად სიამოვნებით არჭობს ქინძისთავს დაღუპულ მწერს, რომელიც ისედაც ვერსად გაიქცევა და თუ მან მოწიფულობაში ამგვარი რამ არ მიატოვა, ეს უეჭველი ნიშანი იქნება იმისა, რომ ავადმყოფური მდგომარეობა გაუუარესდა.

ზოგ კოლექციონერს საკუთარი ქილების კალიუმციანიდი უფრო იზიდავს, ვიდრე თვით კოლექციის შეგროვება და ვერაფრით ვერ ეხსნება ამ ამბავს.

ზღვა ნაპირის ქვიშას ლოკავდა.

ქვიშამ დასვენება არ იცის. იგი შეუმჩნევლად, მაგრამ შეუპოვრად იტაცებს და შლის მიწას...

ქვიშის უნაყოფობა, როგორიცაა იგი ჩვეულებრივ, აიხსნება არა სიმშრალით, არამედ უწყვეტი მოძრაობით, რასაც ვერც ერთი ცოცხალი არსება ვერ გაუძლებს. რარიგ ჰგავს ეს უხალისო ცხოვრებას ადამიანებისას, რომელნიც განუწყვეტლივ ებღაუჭებიან ერთმანეთს.

დამსხვრეული თეთრი ტალღები დიუნს ძირს უღრღნიდნენ.

ყველაფერი ხომ გუნება განწყობაზეა დამოკდებული.

იქნებ სწორედ ფორმის უქონლობაა ძალის უმაღლესი გამოვლინება?...

ქალი ქვიშით მოვარაყებულ ქანდაკებას ჰგავდა.

ქვიშადაფრქვეული ქალის ცქერა საამოა, მაგრამ შეხება საეჭვოა სასიამოვნო იყოს.

ქვიშა არასდროს არაა მშრალი, ყოველთვის საკმაო ტენი აქვს, რათა ირგვლივ ნელ-ნელა დაალპოს ყველაფერი.

აზრი არ აქვს კიდევ უფრო გააძლიერო შენი შიში.

არ შეიძლება სასოწარკვეთილება დაგეუფლოს საკეტის პირველი დანახვისთანავე, როცა არ იცი, არის თუ არა მისი გასაღები...

ყველაზე სწორი გადაწყვეტილება ხშირად ისე უბრალოდ გამოიყურება, სისულელე გეგონება.

რა საჭიროა თავის სხვად მოჩვენება!

მასწავლებლები ხომ თავისებურად, შურის სოკოთი მოწამლულნი ცხოვრობენ... მათ გვერდით წლითიწლობით მდინარის წყლებივით მიედინებიან და მიცურავენ მოსწავლეები, თვითონ კი ღრმად ჩაფლული ქვებივით იძულებულნი არიან ამ მდინარის ფსკერზე დარჩნენ. სხვებს ელაპარაკებიან იმედებზე, თავად კი ვერ ბედავენ იმედი იქონიონ თუნდაც სიზმარში... საკუთარი თავი უსარგებლო ნაყარნუყარად მიაჩნიათ, ან მაზოხისტური სიმარტოვე ეუფლებათ, ან პურისტები ხდებიან, სხვებს ეჭვის თვალით უცქერენ და ბრალს სდებენ ორიგინალობისთვის. ისე წუხან მოქმედების თავისუფლებაზე, რომ არ შეუძლიათ არ სძულდეთ თვით ეს მოქმედების თავისუფლება.

ავადმყოფად თავის მოჩვენება არც ისე სასიამოვნოა. ეს იგივეა, ხელს უჭერდე ასავარდნად გამზადებულ დაჭიმულ ზამბარას. ასეთ ზამბარას დიდხანს ვერ დაიჭერ.

ძველი ხალხები ძალზე სწორად ამბობდნენ: თუ ბედს სძინავს, ელოდეო... მაგრამ კაცის გულს რატომღაც სულ არ უნდოდა ლოდინი.

უცებ ქალი ფონიდან გადასულ სილუეტად იქცა. ოცი წლის მამაკაცს აზრები აგზნებს, ორმოცი წლისას - კანი, ხოლო ოცდაათი წლის ადამიანისთვის ყველაზე საშიშია, როცა ქალი სილუეტად გადაიქცევა... კაცს შეუძლია ისევე ადვილად მოეხვიოს სილუეტს, როგორც საკუთარ თავს... მაგრამ ქალის ზურგს უკან უამრავი თვალია... თვით ქალი კი მხოლოდ თოჯინაა, რომელსაც ამ თვალთა ისრებით დაატარებენ... საკმარისია მოეხვიო და ახლა უკვე შენ დაგიწყებენ თვალთა ისრებით ტარებას...

კაცი გაიხვითქა და სანთელივით იწყო დნობა.

სხეული ისე დაუმძიმდა, ეგონა რკინის საჭურველით იწვა მაგნიტზე.

ცხოვრება იგივე საგაზეთო წერილებია. ამიტომ ყველას ესმის მისი უაზრობა და კომპასის ცენტრს თავის სახლში ათავსებს.

თვალისმომჭრელი მზით მოჩახჩახე ზაფხული ხომ მარტო რომანებსა და კინოფილმებშია.

ყველას ჩინებულად ესმის ყველაფერი, მაგრამ არ სურთ საკუთარი თავის გამაპამპულავებელი ბრიყვის სახელი გაუვარდეთ და უფერულ ტილოზე გულმოდგინედ ხატავენ ზეიმის მსგავს რაღაცას.

განა სამყარო საბოლოო ანგარიშით ქვიშას არ ჰგავს?.. ქვიშა როცა მშვიდადაა, არაფრით არ ავლენს თავის არსს... სინამდვილეში ის კი არ მოძრაობს, თვითონ მოძრაობაა ქვიშა...

საყოველთაოდ ცნობილი სათნოება ხშირად აღიზიანებს ადამიანს.

მწერლად გახდომის სურვილი ყველაზე ჩვეულებრივი ეგოიზმია: სწრაფვა, გახდა თოჯინების წინამძღოლი და ამით გამოეყო სხვა თოჯინებს.

დასაღუპად განწირულ გემზე მყოფ ადამიანებს უფრო იმის შიში ღუპავთ, რომ საჭმელი და სასმელი არ ეყოფათ, და არა შიმშილ-წყურვილი. საკმარისია გაიფიქრო, წავაგეო, და იმავე წამს დაიწყება დამარცხება.

დრო რომ უცებ არ იწყებს ცხენივით დაოთხებას, ერთობ სწორია, მაგრამ არც ხელის ურიკაზე ნელა მიჩაქჩაქებს.

ადამიანის ცხოვრება ქაღალდის მიმოფანტული ნახევები როდია... დახურული, კარგად აკინძული დღიურია... პირველივე გვერდი სავსებით კმარა დღიურის ერთი ეგზემპლარისთვის... და ზედმეტია შენი მოვალეობა აღასრულო იმ გვერდებზე, რომლებიც აღარ გაგრძელდება.

ეტყობა, არ არსებობს ქალი, რომელსაც არ სჯეროდეს (მაშინაც კი, როცა მუხლებს აშორიშორებს)  რომ მამაკაცი ღირსეულად შეაფასებს მას, ოღონდაც თუ მელოდრამა გათამაშდება. ქალს სწორედ ეს ამაღელვებელი და მიამიტური ილუზია აქცევს ცალმხრივი სულიერი ძალადობის მსხვერპლად... ქალის მიამიტობა კაცს მის მტრად გარდაქმნის.

საბედნიეროდ, ადამიანს ყოველთვის როდი ემუქრება სიკვდილი.

როცა ბრძოლა მთავრდება, იარაღი ტვირთად იქცევა ხოლმე.

სიყვარულია ის, რაც გამორიცხვის მეთოდით აკრძალვაზე უარის თქმის შემდეგ რჩება. თუ ეს არ გჯერა, მაშასადამე, არაფერი გჯერა.

რასაკვირველია, წესრიგი რომ გარანტიას იძლეოდეს სიცოცხლე შეუნარჩუნოს მისსავე დამცველებს, მაშინ დათმობაზე წასვლას აზრი ექნებოდა. მაგრამ სინამდვილეში საქმე როგორაა? სიკვდილის ეკლები ზეციდან ცვივა. დედამიწაზეც ათასნაირი სიკვდილია.

ადამიანს რკინის ჭიშკარი, ყრუ კედლები კი არა, კარებში გაკეთებული პატარა საჭვრეტი აგრძნობინებს ყველაზე მეტად, რომ საპატიმროშია.

ხელისუფლების იმედზე რომ ვიყოთ, ვიდრე ისინი თავს მოიფხანენ, ქვიშა დაგვფარავს...

დაღლილობა წყალში შერეული ტუშივით წრეებად იშლებოდა.

მოულოდნელ გადაწყვეტილებებს გაცილებით მეტი წარმატება მოჰყვება ხოლმე, ვიდრე იმათ, რომელთაც დაუსრულებლად უკირკიტებენ და წონიან.

დრო ისეთი რამაა, ჰორიზონტალურად მიედინება.

უპირველეს ყოვლისა საჭიროა რეკლამა! ურეკლამოდ ბუზებიც კი არ მოფრინდებიან...

რას დაკარგავს ქალი ჩემი გაქრობით? მხოლოდ და მხოლოდ პაწია ნაწილს სიცოცხლისას. ჩემს მაგივრობას რადიო და სარკე გაუწევს.

აკი, როცა სამშობლოს სიყვარულზე, მოვალეობაზე ლაპარაკობენ, ასეთ ლაპარაკს აზრი აქვს მხოლოდ მაშინ, თუ მათზე უარის თქმით, თუ მათთვის ზურგის შექცევით რაღაცას კარგავ.

-მიშველეთ! გაცვეთილი სიტყვაა!.. იყოს მერე გაცვეთილი... დაღუპვის პირას მისულს რა ეორიგინალურება. რაც უნდა იყოს, უნდა იცოცხლოს, თუნდაც მისი სიცოცხლე ზუსტად დაემსგავსოს სხვებისას, როგორც ერთსა და იმავე ყალიბში გამომცხვარი იაფფასიანი ნამცხვარი!

საჭიროა ერთმანეთს ჭრილობები აულოკონ. მაგრამ თუ დაუსრულებლად ლოკე დაუსრულებლად შეუხორცებელი ჭრილობები, ენისგან აღარაფერი დარჩება.

ნუგეში რა საჭიროა... ცხოვრება ისეთი რამ როდია, ნუგეშისცემით გალიო...

სიმარტოვე - ეს ოცნების დაუოკებელი წყურვილია.

შეგუებას გარკვეული ზღვარი აქვს. თანაც იგი საშუალება უნდა იყოს და არამც და არამც მიზანი.

სრულიად ზუსტია, სტატისტიკურად დამტკიცებულია, რომ ადამიანთა ასი პროცენტი არანორმალურია.

ანკესს მოწყვეტილი თევზი ყოველთვის დაჭრილზე დიდი გვგონია.

როცა მოთმინებას ისე აღიქვამ, როგორც მარცხს, ნამდვილი მარცხი სწორედ მაშინ იწყება.

როცა გიცქერენ, შენ კი რაღაც სისაძაგლეს აკეთებ, ეს სისაძაგლე თანაბარ ლაფში სვრის მაცქერლებსაც... შენ რომ ხედავენ და შენ რომ ხედავ, ამ ორ ცნებას შორის ზღუდის აღმართვა უაზრობაა...

მხოლოდ გემის დაღუპვისას სასწაულით გადარჩენილს შეუძლია გაიგოს იმ ადამიანის ფსიქოლოგია, ვისაც უკვე იმისთვის ეცინება, რომ სუნთქავს.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში