ინტერვიუ საკუთარ თავთან - ჯიმ მორისონი



მგონია, რომ ინტერვიუ ხელოვნების ახალი ფორმაა, საკუთარ თავთან ინტერვიუ კი - შემოქმედობითობის არსი. კითხვების დასმა შენი თავისთვის პასუხების პოვნის მცდელობაა. მწერალი უბრალოდ პასუხობს უსასრულო კითხვების სერიებს.

ეს იგივეა, რაც სასამართლოს მოწმის ადგილიდან პასუხების გაცემა. ეს ის უცხო არეა, სადაც ცდილობ და არკვევ რაღაცას, რაც წარსულში მოხდა და პატიოსნად ცდილობ გახსოვდეს, რას ცდილობდი. ეს არის გონების უმაღლესი დონის ვარჯიში. ინტერვიუ ხანდახან იმის საშუალებასაც მოგცემს, რომ საკუთარი გონება კითხვებით დაიმშვიდო, რაც ჩემთვის ხელოვნების არსს წარმოადგენს. ინტერვიუ ასევე შეგაძლებინებს სცადო და თავიდან მოიცილო ყველაფერი მხოლოდ შენი, საკუთარი. ამისთვის ის მკაფიოდ, ფაქიზად, აზრთან მიახლოებით უნდა გადმოსცე... და არავითარი მასხარაობა. ინტერვიუს წინა ფორმები იყო აღსარება, დებატები და ჯვარედინი დაკითხვა. ერთხელ რომ იტყვი რამეს, სიტყვასიტყვით ვეღარ გაიმეორებ. გვიანი იქნება. ეს ძალიან ეგზისტენციალური მომენტია.

თითქოს სრულიად ვემორჩილები ხელოვნებისა და ლიტერატურის თამაშებს; ჩემი გმირები მხატვრები და მწერლები არიან.

ყოველთვის მინდოდა მეწერა, მაგრამ სულ მიმაჩნდა, რომ კარგად არაფერი გამომივიდოდა, სანამ ხელი უბრალოდ არ აიღებდა კალამს და თავისით არ დაიწყებდა მოძრაობას, ჩემი ძალისხმევის გარეშე, ავტომატურ წერასავით. მაგრამ ეს არ მომხდარა.

რა თქმა უნდა, შევქმენი რამდენიმე ლექსი. მგონი, მე-5 ან მე-6 კლასში დავწერე ლექსი სახელად „პონი ექსპრესი“ - ჩემი პირველი ლექსი, რამდენადაც მახსოვს, რაღაც ბალადის მსგავსი იყო. მაგრამ ჩემსას მაინც ვერ მივაღწიე.

„ცხენის განედები“ რომ დავწერე, საშუალო სკოლაში ვსწავლობდი. უამრავ რვეულს ვაწარმოებდი საშუალო სკოლისა და კოლეჯის პერიოდში, მაგრამ სწავლა რომ მივატოვე რაღაც სულელური მიზეზის გამო - იქნებ ეს ბრძნული ნაბიჯიც იყო - ყველაფერი გადავყარე... იმ ბლოკნოტებში ყოველ ღამე ვწერდი. მაგრამ, იქნებ რომ არ გადამეყარა, ვერც შემექმნა ვერაფერი ორიგინალური - რადგან ის ნაწერები ძირითადად ნაკრები იყო იმ ყველაფრისა, რაც მანამდე წამეკითხა ან გამეგონა, წიგნიდან ამოღებული ციტატების მსგავსი. მგონია, ისინი რომ არ მომეცილებინა თავიდან, ვერასდროს ვერ გავთავისუფლდებოდი.

იცით, ნამდვილი პოეზია არაფერს ამბობს, ის უბრალოდ შესაძლებლობებს განიხილავს. ყველა კარებს აღებს, და იმაში შეგიძლიათ შეხვიდეთ, რომელიც შეგეფერებათ.

...ამიტომაც მხიბლავს ასე პოეზია - ის ხომ მარადიულია. სანამ ადამიანები არსებობენ, მათ ემახსოვრებათ სიტყვები და მათი კომბინაციეიბი. ჰოლოკოსტისაგან სხვა ვერაფერი გვიხსნის - მხოლოდ ლექსები და სიმღერები. ვერავინ დაიმახსოვრებს მთელ რომანს. ვერავინ აღგიწერს ფილმს, სკულპტურას, ნახატს, მაგრამ მანამდე, სანამ კაცობირიობა იარსებებს, გაგრძელდება პოეზია და სიმღერები.

თუ ჩემი პოეზია რამის მიღწევას ისახავს მიზნად, ეს ხალხის გათავისუფლებაა იმ შეზღუდული საზღვრებისგან, რომლიდანაც იყურებიან და გრძნობენ.

ჯიმ მორისონი - „უდაბნო“, გამომცემლობა „არტანუჯი“, 2013წ.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში