დიანა იანსე - ავღანური დღიურები


"ეს ჩემი ისტორიის მხოლოდ რამდენიმე ფრაგმენტია. ეს წიგნი ნაწილობრივ რეპორტაჟების კრებულია – დღიური. ჩემი ჩანაწერები ნამდვილია და ნამდვილი ადამიანების ისტორიებს გიამბობთ... ჩემი მიზანი იმის გადმოცემაა, რასაც თავად ვხედავდი, განვიცდიდი, მესმოდა, ვგრძნობდი, ვფიქრობდი – მცირე ნაწილი იმისა, რასაც ავღანეთიდან წამოსვლიდან ორი წლის შემდეგაც კი გულით ვატარებ. ამ პერიოდმა ჩემი სამყარო უფრო დიდი და ღირებული გახადა და მოვლენების ჩემეული ხედვა, ჩემი სამუშაო, ჩემი მეგობრები და კავშირები რადიკალურად შეცვალა. და თუკი ამან რამდენადმე უფრო პრეტენზიული გამხადა, იმედს ვიტოვებ, რომ ჩემი მკითხველი ამასაც ისევე მაპატიებს, როგორც იმას, თუკი ჩემი წიგნით ან მასში აღწერილი რომელიმე ეპიზოდით შეურაცხყოფილად იგრძნობს თავს" - დიანა იანსე

დიპლომატის კარიერაზე ოცნება 1990-იან წლებში მოსკოვის ერთ-ერთ სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში დავიწყე და ავღანეთში გამგზავრებამდე მასში ეჭვი არასდროს შემიტანია, ავღანეთში ჩამოსვლის პირველივე დღიდან კი საკუთარმა არჩევანმა დამაფიქრა და მოუსვენრობამ შემიპყრო. ეს ნამდვილად არ იყო ის, რაზეც ვოცნებობდი.

ზუსტად არ ვიცი, რატომ გადავწყვიტე ქაბულში წასვლა. შესაძლოა, ეს უბრალო შემთხვევითობა იყო, ან იქნებ სწორედ ასე გამოვუცხადე ომი ყველა პაემანსა და პრიალა ჟურნალს, ჩემს ყოველდღიურობას რომ შეადგენდა. შესაძლოა, ეს ჩემი სამსახურის გამო მოხდა.

ზოგ გადაწყვეტილებას მხოლოდ გადაწყვეტილების გამო ვიღებ.

ვფიქრობ, ავღანეთში მიმდინარე მოვლენებში ჩვენი მონაწილეობა დასავლური დემოკრატიული სახელმწიფოებისკენ მიმართული ისლამური ექსტრემიზმის საფრთხის შეკავებას ემსახურება, თუმცა ჩვენ, უპირველეს ყოვლისა, მაინც მილიონობით ავღანელისთვის აუტანელი ყოველდღიურობის შემსუბუქებას ვცდილობთ. ეს არის უბრალო ადამიანური თანაგრძნობა.

ტერმინალის გაზინტლული მინებიდან შემოჭრილი მცხუნვარე მზის სხივებს მოსაცდელი დარბაზის ბინძური იატაკი ირეკლავს. მამაკაცები ცნობისმოყვარე მზერით გვაცილებენ; ყურებში თითქოს ჩამესმის, როგორ მეუბნებიან: “კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სამყაროს ფსკერზე!”

მანქანის ფანჯრიდან ჩემს ახალ ქალაქს ვუყურებდი და ვცდილობდი, ამ საბედისწერო შეცდომით გამოწვეული უგუნებობა გულშივე ჩამეკლა. თავში კი Belle and Sebastian-ის სიმღერიდან რამდენიმე ფრაზა მიტრიალებდა: The future looking colorful. It’s the color of blood, chaos and corruption of a happy soul.

საკუთარი თავის მიმართ სიბრალული ორივე ყურში ბამბის საცობებივით გამეჭედა.

ხუთშაბათს ჩვენს მეზობელ უბანზე საჰაერო შეტევა განახორციელეს. თავი ინგელას სახლს შევაფარეთ, რომელსაც არც სარდაფი ჰქონდა და არც თავდაცვის სხვა რაიმე საშუალება. შიშისაგან მთელი ტანი მიცახცახებდა და სხეულიდან აფეთქებებისაგან მონაბერი მოყავისფრო მტვერი მცვიოდა, რომელიც უნაზესი კანივით დაჰფენოდა ირგვლივ ყველაფერს. თავს ისე ვგრძნობდი, თითქოს მარწუხებისაგან გავთავისუფლდი. საოცარი შვება იყო, რომ ისევ შემეძლო მოძრაობა. ვიცოდი, რომ ნანგრევებმა რაღაც მოიყოლა, მაგრამ არ ვიცოდი რა. თითქოს მთელი ჩემი ცხოვრება უმნიშვნელო დეტალების წუმპეში ვიჯექი და იმ წამს სრულიად მოულოდნელად სრულიად ახალი სამყარო გადამეშალა თვალწინ; სამყარო, რომელშიც ყველა წვრილმანი მნიშვნელოვანია, თითოეული გამოწვევა – დიადი, თავგადასავლებით სავსე სამყარო.

თავში ერთი კითხვა მიტრიალებდა: `როგორი იქნება ამ ქვეყნის მომავალი?~ ავღანეთში ჩემი ჩასვლისთვის სასიკეთო ცვლილებები არ შეიმჩნეოდა. ქვეყანას თითქმის არ გააჩნდა ენერგომომარაგება, ფაბრიკა-ქარხნები, კომუნიკაციები და, რაც ყველაზე მთავარია, საკუთარი სახელმწიფო. პრეზიდენტი ყარზაი ქვეყანას სწორედ ისე მართავდა, როგორც ცხენოსანი დაცვა იცავს ეკების. ქვეყანა კორუფციისა და ვაიმმართველობის ჭაობში ტივტივებდა.

ირანი, პაკისტანი, რუსეთი, ჩინეთი, ინდოეთი, ამერიკის შეერთებული შტატები – აზიის ცხელ ქვიშაში თითოეულ მათგანს თავისი იარაღი აქვს ჩამალული. ამ პოლიტიკურ განტოლებაში თავად ავღანეთის ინტერესებზე არავინ ფიქრობს.

აქ ხშირად ამბობენ, რომ ორ ავღანელს სრულიად ადვილად შეუძლია სამი პოლიტიკური ფრაქციის ჩამოყალიბება, რაზეც ყველა გულიანად იცინის.

წამიერი ღიმილი დაღლილობისა და უიმედო მდგომარეობით გამოწვეული სასოწარკვეთილების ყველა კვალს შლის მათი სახეებიდან. ხელში მომარჯვებულ კალაშნიკოვებს ათამაშებენ და ისე მიყურებენ, თითქოს დედამიწაზე დროის მანქანით კოსმოსიდან ჩამოსული უცხოპლანეტელი ვიყო.

ლოცვა მოლას შეძახილით იწყება: ალლაჰ აკბარ! ანუ დიდ არს ალაჰი! Breaking news five times a day - როგორც ვიღაცამ უკმაყოფილოდ აღნიშნა ერთხელ.

ჩემი ყურადღება მიიპყრო მცირე ზომის ფარდაგმა, რომელზეც ტყუპ ცათამბჯენებზე თვითმფრინავის შეტაკების სცენა იყო გამოსახული. გარდაგის ქვედა კუთხეში „ავღანეთი 2001“ იყო ამოქარგული. თანამედროვე ავღანეთის ახლებური ხედვა - ტრადიციებისა და ძალადობის კრეატიული ნაზავი.

აქ სიმართლე არამყარი ცნებაა და მიზნის განხორციელებას მანამ ემსახურება, სანამ საერთოდ არ დაკარგავს თავის არსს.

ქალები არსად ჩანან. მხოლოდ ღია ცისფერ, დაფლეთილ ბურკაში გამოწყობილ ერთ მათხოვარ გოგონას ვამჩნევ, რომელიც ხელს მიწვდის. ძალიანაც რომ მოინდომო, თვალებში ვერ ჩახედავ, თუმცა მე მაინც თვალს ვარიდებ. წყლის ჭიქაში ჩაგდებული ყინულის ნატეხივით ვუჩინარდები, თუმცა ზურგზე მაინც ვგრძნობ ერთდროულად საყვედურებით, ვედრებითა და ცხოვრების უსამართლობით გამოწვეული სევდით აღსავსე მზერას.

ეს არ არის ჩემი სამყარო. ის არც იმ ავღანელი ქალებისაა, რომლებიც ამ ქვეყანაში ცხოვრობენ; ქალებისა, რომლებსაც ერთხელ ავღანეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაიდერ რეზამ განუცხადა, ქალის ფასი მხოლოდ ნახევარი მამაკაცის ფასიაო.

ბუნკერის მენტალიტეტი და დისტანცია ჩვენსა და მათ შორის, ვის გამოც ჩვენ აქ ვართ, სულ უფრო იზრდება. ერთადერთი, ვისაც ამგვარი ბლოკადა აწყობს, ექსტრემისტები - თალიბანი და ტერორისტები არიან - ისინი, ივსაც უცხოელების აქ ყოფნა ხელს არ აძლევს.

გზან განვაგრძეთ და ჟანგმოკიდებული ოლიმპიური რგოლებით შემკულ ოლიმპიურ სტადიონს ჩავუარეთ, სადაც ავღანეთის ისლამისტი ემირატების აღზევების ხანაში, ყოველ პარასკევს სიკვდილით დასჯის საჯარო დემონსტრირება იმართებოდა - აქ ჰომოსექსუალებს ცოცხლად მარხავდნენ, მკვლელებს ცეცხლსასროლი იარაღით უსწორდებოდნენ, მოღალატე ქალებს კი ქვებით ქოლავდნენ.

ჩემი მძღოლის წითელ თვალებს შევეეთე. კაბირს თვალები მუდამ წითელი აქვს. შესაძლოა, ეს იმის ბრალია, რომ ძალიან ბევრს ეწევა, ან იმის, რომ ამ თვალებს უზომოდ ბევრი სისხლი და უბედურება უნახავს.

კადრი კადრს ცვლის. კადრში კი სხვადასხვა ზომისა და ფორმის თიხის სახლები ხვდება. ზოგიერთი მათგანისგან სამი კედელი და ჩანგრეული ჭერიღაა დარჩენილი, ზოგს მხოლოდ ერთი კედელი შერჩენია. ასეთი სახლები უთვალავია.

ავღანეთი „ჩვიდმეტ-პროცენტიანი“ ქვეყანაა. აქ მოთხოვნილებები შეძლებისდაგვარად დაბლა უნდა დასწიო.

ავღანეთშიც ციებ-ცხელებით შეპყრობილივით ვცდილობდი, ავღანური ყოველდღიურობისა და რეალობის ფილოსოფიას ჩავწვდომოდი, მაგრამ თითქმის ხელი ჩავიქნიე, რადგან ავღანელი მამაკაცები არასდროს ჩნდებიან ქალების გარემოცვაში, ავღნელი ქალები კი თითქმის უჩინარები არიან და მათთან საუბრის გაბმაზე საუბარიც ზედმეტია.

ადამიანი დროის უმეტეს ნაწილს გადარჩენაზე ფიქრში ატარებს და როცა თავის დაბანასაც ძლივს ასწრებს, პროდუქტიულობისა და კეთილშობილური საქციელისათვის დრო აღარ ჰყოფნის.

ავღანელებს იმაზე საუბარი უყვართ, რაც არა აქვთ. ასეთი კი საკმაოდ ბევრია. მათ უნდათ ჰქონდეთ ჭები, სკოლები, საავადმყოფოები, გზები, სამსახურები.

მე მას შევყურებ და მახსენდება ის დღე, თავდავიწყებით რომ შემიყვარდა. თუმცა დრომ არ დაგვინდო და ისე შემოაფრცქვნა ჩვენს სიყვარულის სიცოცხლეს ფურცლები, როგორც ხახსვს. ფურცელი ფურცელზე, ფურცელი ფურცელზე მანამ, სანამ მხოლოდ ცრემლები არ შეგვრჩა ხელში.

და თუკი სული მართლა არსებობს, მისი ადგილსამყოფელი ალბათ მუცელშია, რადგან სწორედ იქ შევიგრძნობ ხოლმე მას ყველაზე მეტად. სწორედ იქამდე ვერ აღწევს ჰაერი, რომლის ჩასუნთქვასაც მთელი ძალით ვცდილობ.

როგორც ბრიტანელი მოგზაური და მწერალი რობერტ ბაირონი წერს თავის 1937 წელს დაწერილ წიგნში „გზა ოქსიანამდე“, ავღანელებს ისევე თავისუფლად დააქვთ იარაღი ყველგან, სადაც მიდიან, როგორც ბრიტანელებს - ქოლგები.

იმედის დაკარგვა აქ ძალიან მარტივია, მით უმეტეს, რომ არაერთი ფაქტორის გამო ეს იმედი ისედაც გამოფიტული და მყიფეა.

ვგონებ, ამერიკელ სპინდოქტორებს გუანტანამოს ციხის ტუსაღები არ ჰყავდათ მხედველობასი. მათზე, ცხადია, არავის უფიქრია. ისინი ხომ ტერორისტები არიან. ეს კი ნებისმიერი დანაშაულისთვის გლობალური საბაბია. შეურაცხყოფის „კარტ ბლანში“. იმისთვის, რომ დაამარცხო ბოროტება, საჭიროა თვით კაცობრიობა დაამარცხო.

დავინახე სამი ქალი, რომელთაც „მორალური დანაშაულის“ ჩადენისთვის გამოუტანეს განაჩენი. მორალური დანაშაული ღალატს ან საზოგადოებაში არანათესავ მამაკაცთან ერთად გამოჩენას გულისხმობს. მე კი ის მაოცებს, ამგვარ პირობებში ღალატი რამდენად შეიძლება ნამდვილი ღალატი იყოს. იქნებ ისინი უბრალოდ გააუპატიურეს?



სპინ ბულდაკი - ყანდაარის პროვინციის სამხრეთით მოსაზღვრე ქალაქი. წარმოუდგენლად ლამაზი სახელია ავღანეთ-პაკისტანის საზღვარზე გართხმული ამ ფორებიანი ლაქისთვის.

მაღაზიებში მხოლოდ ავტომანქანების ნაწილები იყიდება. ვერსად ნახავთ „კოკა-კოლას“ აბრებსა და რეკლამებს - ბედნიერი და სისხლსავსე ცხოვრების ყალბ დაპირებებს.

ნეტავ, რაზე ფიქრობდა ჩვენი შემომქმედი, როდესაც ამ გაურკვევლობაში ასახლებდა ხალხს? ფიქრობდა კი საერთოდ რამეზე? თუკი ასეა, მაშინ საშინლად არაპრაქტიკული და ბოროტი მამრი ყოფილა, რადგან ქალს ასეთი რამ აზრადაც კი არ მოუვიდოდა. მანქანის ფანჯრიდან საითაც უნდა გავიხედო, მხოლოდ მამაკაცები ჩანან. ისლამი არის ხსნა ყველა პოლიტიკური თუ ეკონომიკური პრობლემისა.

რელიგიის საფარველს ყველგან და ყველა დროში წარმატებით იყენებდნენ - ამგვარი ფარი ხომ ნებისმიერ ომში საუკეთესო იარაღია.

პაკისტანის ოფიციოზი იმდენად პატრიარქალური არ არის, რამდენადაც საზოგადოება, რომელიც ქალების მიმართ შეუნიღბავი სიძულვილით არის გაჟღენთილი. ქალებს აქ ისე ექცევიან, როგორც ნებისმიერ საკუთრებას: ვირს, ფეხსაცმელს ან, უბრალოდ, ჩაიდანს. უცნაურია არც ის მოვლენაა, რომ მეუღლის გარდაცვალების შემთხვევაში ქალი გარდაცვლილის მემკვიდრეობის ნაწილი ხდება და ხშირ შემთხვევაში მაზლზე ან ქმრის სხვა ნათესავზე ათხოვებენ.

ექსპედიციის ხელმძღვანელი, ამსტერდამელი ტანმაღალი არქიტექტორი ანა ჯარისკაცს სიგარეტს - უნივერსალურ საერთაშორისო ვალუტას - უწვდის.

სოკოსქუდიანი მასუდის პორტრეტი ისე მიყურებს, თითქოს იესოს, ბობ მარლისა და ჩე გევარას ნაზავი იყოს.

ალაჰის მიმართ არანაირი ნდობა არ გამაჩნია. ის რომ მართლა არსებობდეს, ამ ქვეყანას ასე უმოწყალოდ არ მიატოვებდა ამდენი ხნით.

უკეთეს ცხოვრებასა და ნათელ მომავალზე ოცნება ხომ ყველაზე იაფი სიამოვნებაა და ჩვენც თავით ვეშვებით მასში.

უსამართლობა აქ ღუზასავით ღრმად არის ჩაფლული ტრადიციების გაქვავებულ ფსკერზე.

მამაკაცების მიერი ქალების სხეულზე, ქალურობასა და ქალურ სექსუალობაზე კონტროლი ავღანური კულტურის უმთავრესი ელემენტია. ქვეყანაში მცხოვრები სხვა ქალების მსგავსად, მათი ცხოვრებაც სამუდამო შინაპატიმრობას უფრო ჰგავს, ვიდრე ნამდვილ ცხოვრებას. საპრეზიდენტო არცევნებში მათ ხმის მიცემის უფლებაც კი არ მისცეს.

მბზინავი ბრონირებული მინის მიღმა ხედი არასდროს იცვლება, თუმცა მე მაინც ვუყურებ, მაშინაც კი, როდესაც ამის ძალა აღარ შემწევს.

რატომ ხდება ყოველთვის ისე, რომ კულტურისათვის გამოყოფილ თანხებს ჯანდაცვისთვის გამოყოფილ თანხებთან აბალანსებენ და არა საჯარო მოხელეთა სამივლინებო ხარჯებთან, გადასახადების ზრდასთან ან სახელმწიფოს მიერ შეძენილ უკანასკნელი მოდელის შეიარაღებასთან, სავალდებულო სამხედრო სამსახურთან, გზების მშენებლობასთან ან მასმედიისათვის გამოყოფილ დახმარებასთან?

ნარკოვაჭრობიდან მიღებული ფული ხომ ყველაზე უკეთ პოხავს ავღანეთის ეკონომიკის დაჟანგებულ ბორბლებს.

გაერო მოკრძალებულ მოხუცს ჰგავს, რომელიც საავადმყოფოში წევს და აპარატზე შეერთებული სიკვდილს ებრძვის. სადენებს თუ გამოურთავენ, მოკვდება, თუმცა, ცხადია, რომ მოხუცი და ასეთი ძვირფასი ბაბუის სიკვდილში ხელის გასვრა არავის სურს. ამის ნაცვლად მასთან მიდიან ყოველდღე და ყვავილები მიაქვთ. კითხულობენ მის ამბავს და უაღრესად დიდ პატივისცემას იჩენენ მისდამი.

ლამაზი სიტყვები ვერ ეწინააღმდეგება რეალური ცხოვრების სირთულეებს და მათთან შეჯახებისას ნამსხვრევებად იქცევა. გარდა იმისა, რომ ქვეყნის მმართვებმა რამდენიმე ცარიელი ფრაზა დაიზეპირეს დემოკრატიისა და ქალთა უფლებების შესახებ, ამ ქვეყანაში ყველაფერი ისე დარჩა, როგორც იყო.

ავღანეთში თალიბების რეჟიმის დამხობის შემდეგ ახალი ცხოვრება ახალი ათვლის წერტილიდან არავისთვის დაწყებულა, მით უმეტეს, არც ავღანელი ქალებისთვის შეცვლილა რამე. კიდევ ერთი დამხობილი რეჟიმი დამხობილი რეჟიმების უგრძეს სიაში. ქვეყანაში არსებული საერთაშორისო ძალების წარმომადგენლობა თვისი მონდომებული და კეთილი თანამშრომლებით, სამხედროებიტა და დიპლომატებით - მხოლოდ ერთი თავია ავღანეთის სისხლითა და სისასტიკით სავსე ისტორიაში.

აქ ხომ სამოთხეცა და ჯოჯოხეთიც იმაზე უფრო ახლოა, ვიდრე ამის წარმოდგენა შეგიძლია.

ამ ქვეყანაში მიაჩნიათ, რომ თუ რამე გასაკეთებელია, ვინმე სხვა გააკეთებს. სხვა სოფლის სხვა მაცხოვრებლები, სხვა ლიდერები, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, ამერიკის შეერთებული შტატები, პაკისტანი, ირანი - ვინც გინდა იყოს, მთავარია, რომ საქმე სხვამ გააკეთოს. კოლექტიურ აზროვნებას მიჩვეულ ავღანურ საზოგადოებაში პირადი პასუხისმგებლობის იდეამ ვერაფრით დაიმკვიდრა თავი.

ავღანეთს ორი საექსპორტო პროდუქტი აქვს. მსოფლიოში არსებული ჰეროინის 87% სწორედ აქედან გადის. მეორე პროდუქტი კი მსოფლიოსთვის მოსახდელი ბოდიშია, რომელიც დაახლოებით 90% -მდე ავღანურია.

მორალი ვერ მართავს პოლიტიკას, არსად დედამიწის ზურგზე და მათ შორის არც აქ.

ავღანეთში საიდუმლოებები არ არსებობს.

ჩემი გულის ერთ ნაწილს მაინც აქ ვტოვებ, ავღანეთის ქვიშაში ჩამარხულს, რადგან მსოფლიოში არსად და არცერთ ხალხს ისე არ გაუთბია ჩემი გული, როგორც აქ.

დიანა იანსე – 2010 წლიდან შვედეთის სამეფოს სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში – ჩვენს ქვეყანაში ჩამოსვლამდე, 2004-2006 წლებში, შვედეთის სამეფოს საელჩოს წარმომადგენლად მუშაობდა ქაბულში. სწორედ ავღანეთში გატარებულ წლებს ეხება მისი წიგნი "ავღანური დღიურები", რომელიც 2010 წლის იანვარში გამოიცა შვედეთში და ავტორს დიდი აღიარებაც მოუტანა. 

 „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, თბილისი 2011

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში