უმბერტო ეკო - ვარდის სახელი


„ვარდის სახელი“ ცნობილი იტალიელი მწერლის, სემიოლოგისა და შუა საუკუნეების მკვლევრის - უმბერტო ეკოს პირველი რომანია. წიგნი 1980 წელს გამოქვეყნდა და პოსტმოდერნისტული ლიტერატურის კლასიკად ითვლება. ეს არის ტექსტი, რომელიც ისტორიული რომანივით მასშტაბური, გოთიკური რომანივით პირქუში და დეტექტივივით მძაფრია.

მოქმედება 1327 წელს იტალიის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ბენედიქტელთა მონასტერში ხდება. ფრანცისკელი ბერი უილიამ ბასკერვილელი და მისი ყმაწვილი თანამგზავრი ადსო მონასტერში მომხდარი საზარელი მკვლელობების გამოძიებას ცდილობენ. რომანი ქართულ ენაზე ხათუნა ცხადაძემ თარგმნა. წიგნის ბოლოთქმაში უმბერტო ეკო დაწვრილებით აღწერს წიგნის შექმნის ისტორიას, რომელიც თავად რომანზე არანაკლებ საინტერესოა.

გამოცმელობა „დიოგენე“, 2011, 2012 წელი


მმართველთა ძიძგილაობით დაფლეთილი ქრისტიანობის წმინდა ქალაქი ცირკად, საროსკიპოდ გადაიქცა; რესპუბლიკა ერქვა, მაგრამ შეიარაღებული ბანდებისაგან გათელილს, გაძარცულსა და გაუპატიურებულს რესპუბლიკისა აღარაფერი ეცხო.

მამა უილიამი ხელებით ფიქრობდა, მე კი ეს ხელოსანთა საფერი თვისება მეგონა.

არა უშავს, თუ ეს ყველაფერი ჯერ არ შექმნილა, რადგან ეს იმას არ ნიშნავს, რომ რომ არ შეიქმნება.

ბევრჯერ შემინიშნავს, რომ ჩემს მასწავლებელს, ამ საოცარი ღირსებებით შემკულ კაცს, საკუთარი გამჭრიახობის გამოვლენის წადილით არაერთხელ წაუჩოქებია ამპარტავნობის ცოდვის წინაშე.

ასეთია ჭეშმარიტება - თვითგავრცელებადი, როგორც სიკეთე.

ხუროთმოძღვრება ხომ ყველა სხვა ხელობაზე მეტად ცდილობს, გაიმეოროს სამყაროს წესრიგი, რასაც ძველები კოსმოსს უწოდებდნენ, და, რომელიც, როგორც ვეებერთელა, ცოცხალი არსება, საკუთარი ნაწილების სრულყოფილებითა და ჰარმონიულობითაა კაზმული და გაბრწყინებული.

იცით, ეშმაკის არსებობის ერთადერთი დასტური, ალბათ, სწორედ ის თავგამოდებაა, რითაც ადამიანები ილტვიან ხოლმე მისი თანამონაწილეობის დასანახად. 

როცა საქმე მიწიერ ქონებას ეხება, ძნელია, კაცთ სამართლიანად განსაჯონ.

ხშირად მანძილი წმინდა აღტყინებასა და ცოდვით მოგვრილ ჟრუანტელს შორის ძალიან მცირეა.

ერთადერთი, რამ აღაგზნებს პირუტყვს სიამოვნებაზე მეტად - ტკივილი.

ჰოი, უფალო, ვის ხელში აღმოჩნდა შენი ეკლესია! მეძავად გადაიქცა, ფუფუნებისგან გათახსირებული, ამძუვნებული გველივით კოტრიალობს მრუშობის მორევში! ბეთლემის ბაგა, ისეთივე წმინდა ხით ნაგები, როგორიც იყო lignum vitae (ცხოველი ხე) იმ ჯვრისაა, რომელზეც მაცხოვარი გააკრეს, ოქროსა და ქვის ბაკქანალიად იქცა. ხედავ, აქაც კი, ეკლესიის კარზე, ვერ წაუხვალ გამოსახულების მედიდურობას!

შენ დასცინი მათ, ვინც არ გიყვარს. თუმცა პირიქით, უნდა გეშინოდეს მათი.

როგორც სიტყვა, გამოსახულებაც შეიძლება იყოს ბოროტი, თუკი ცრუა და სამყაროს გამყალბებელი.

სწავლება, მდაბიოთათვის გასაგები რომ გახადო, მაგალითებით უნდა გაამდიდრო, თუნდაც გამოგონილით. ასევეა გამოსახულების ენაც. თითოეული სათნოებისა თუ ცოდვის თვალსაჩინოებისთვის ნიმუშია ამოღებული ცხოველთა წიგნებიდან და პირუტყვნი ადამიანური სამყაროს ხატად ქცეულან.

ჭეშმარიტება სწორედ იმაში ვლინდება, რაც ყველაზე ნაკლებად ჰგავს მას. რაც უფრო ნაკლებ ნეტარებს თვალი საამური სახილავით, მით უფრო დაძაბული და შემართულია სიმახინჯეში დაფარული საიდუმლოს ამოსაცნობად...

ცოდვა, ყველაზე მიმზიდველად აღწერილი, სწორედ მათ ნაშრომებში მინახავს, ვისაც ყველაზე უმწიკვლო სახელი ჰქონდა და ვინც სხვაზე შეუპოვრად ებრძოდა ცოდვის საცდურთ და შედეგებს.


ბუნების საიდუმლოებანი თხისა და ცხვრის ტყავზე არ გადაიტანება.

დღევანდელი სწავლულნი მხოლოდ ჯუჯები არიან, სხვა ჯუჯათა ბეჭებზე წამოსკუპებულნი.

რადგან ჩვენი დროის ბერებს ვერ აიძულებ, ღვინო არ დალიონ, სასურველი იქნება, ზედმეტი მაინც არ მოუვიდეთ. ვინაიდან, როგორც ეკლესიასტე შენიშნავს, ღვინო თავად ბრძენთა ბრძენსაც ხელს ააღებინებს რწმენაზეო.

მეცნიერება მარტო იმის ცოდნა არაა, რა შეიძლება ან რა უნდა გააკეთო, არამედ ისიც, გაიგო, რის გაკეთებაა შესაძლებელი, მაგრამ არ უნდა გააკეთო.

ადამიანის მოკვლა Credo in unum Deum-ის (მწამს ერთი ღმერთი) სათქმელადაც მხეცობაა...

კაცთა მოდგმის განახლების არ დაიჯერო, როცა მასზე სამღვდელოება და სამეფო ლაპარაკობს.

მგონია, იტალიის ხალხების უღირსობაზე მიანიშნებს ის, რომ ცოდვას რომელიმე კერპის შიშით ერიდებიან, თუნდაც ამ კერპს წმინდანის სახელი ერქვას. წმინდა სებასტიანის ან წმინდა ანტონიოსი უფრო ეშინიათ, ვიდრე იესოსი. თუ გინდა, სახლის კარზე არ მიგიფსან, იტალიელებს რომ სჩვევიათ ხოლმე, ძაღლივით, წმინდა ანტონიოს გამოსახულება ამოკაწრე ზედ და უმალ განდევნის ყველას, ვინც მოფსმას დააპირებს. ამგვარად, იტალიელები თავიანთ მქადაგებელთა გამოისობით ცრურწმენების აღორძინების საშიშროების წინაშე დგანან და ხორცის აღდგომის აღარ სწამთ, მხოლოდ ხორციელ ტკივილსა და განსაცდელს უფრთხიან, ამიტომაა, რომ ქრისტეზე მეტად წმინდა ანტონიოს რიდი აქვთ.

ძალაუფლებას ის უმხედრდება, ვინც ფულისგან შორსაა.

როგორც ერთი ძველი ანდაზა ამბობს, კალამი სამ თითს უჭირავს, მაგრამ მთელი სხეული შრომობს. მთელ სხეულს სტკივა.

ღმერთის ნებაა, გონებას მივმართოთ ბუნდოვანების გასაფანტად, ვიაზროვნოთ, სადაც საღმრთო წერილი ამის უფლებას გვაძლევს. როდესაც ამა თუ იმ მოსაზრებას გვთავაზობენ, ჯერ უნდა განვსაჯოთ, მისაღებია თუ არა იგი. და ვინაიდან ადამიანის გონებაც ღმერთის შექმნილია, რაც ჩვენი გონებისთვის მისაღებია, შეუძლებელია, ღვთიური გონისთვის იყოს მიუღებელი, რომელზეც სხვათა შორის, მხოლოდ ის ვიცით, რასაც ანალოგიითა თუ უარყოფით, ჩვენივე გონებრივი მსვლელობით ვასკვნით. 

ბევრჯერ მსმენოდა, რომ ღმრთის სამწყსო იყოფოდა მწყემსებად (ანუ სამღვდელოებად), ძაღლებად (ანუ მეომრებად) და ცხვრებად, ანუ ხალხად.

თვით შეცდომასა და ცოდვაშიც არსებობს მეტ-ნაკლებობა.


გლახაკი სხვა არაფერში სჭირდებათ, მას მხოლოდ მაშინ იყენებენ, როცა რომელიმე მხარეს ძალაუფლების კრიზისის გამოწვევა სურს. მდაბიო მყის დაუფიქრებლად გაიწირება, რაწამს მისი საჭიროება აღარ იქნება.

როგორც ჩანს, ახალგაზრდებს მეტი ძილი გვჭირდება, ვიდრე მოხუცებს: მათ ხომ ისედაც ბევრი იძინეს და აწ უკვე მარადიული ძილისთვის ემზადებიან.

ცოდნა რკინის ფული როდია, რომელსაც ბინძური გარიგებაც კი ვერაფერს ავნებს. ის უფრო მშვენიერ სამოსს ჰგავს, ხმარებითა და საჯაროდ გამომზეურებით რომ ხუნდება და ცვდება. განა იგივე არ ემართბა წიგნსაც? ზედმეტი შეხებით მისი ფურცლები იშლება, მელანი ხუნდება, ოქრო კი ფერმკრთალდება.

როგორც ზედმეტი ფოფინი ადუნებს და აუძლურებს მეომარს, ასევე ანადგურებდა წიგნებს მეტისმეტი ცნობისმოყვარეობა და სიყვარული.

როდესაც ნამდვილი მტერი ძალიან ძლიერია, კაცმა სხვა, უფრო სუსტი უნდა აირჩიოს სამტროდო. ... მხოლოდ მან იცის ზუსტად, ვინ არის ნამდვილი მტერი, ვისაც ძალაუფლება უპყრია ხელთ. 

უბრალოებს რაღაც ისეთი აქვთ, რაც სწავლულთ არ გააჩნიათ, მეცნიერნი ხომ ხშირად ზოგადი წესების ძიებაში იკარგებიან. უბრალოებს საკუთარი გუმანი აქვთ, თუმცა მხოლოდ ეს არ კმარა. უბრალოები გრძნობენ საკუთარ, შესაძლოა, ეკლესიის მასწავლებელთა ჭეშმარიტებაზე უფრო ნამდვილ ჭეშმარიტებას, მაგრამ გაუაზრებლად ფლანგავენ მას. რა უნდა ვქნათ? ცოდნას ვაზიაროთ ისინი? ეს მეტისმეტად მარტივია ან მეტისმეტად რთული.


ღმერთი კი იმდენად თავისუფალია, რომ, თუ მოინდომებდა, მხოლოდ მისი ნება იკმარებდა, რომ სამყარო სულ სხვაგვარი გამხდარიყო.

არასდროს მინახავს ხელსაწყო, რომელიც მოქმედებაშიც ისეთივე სრულყოფილია, როგორც ფილოსოფოსთა აღწერილობებში. გლეხის ნაჯახი კი, რომელიც არც ერთ სწავლულს არ აღუწერია, ზუსტად ისე მოქმედებს, როგორც საჭიროა...

რა არის სიყვარული? ქვეყნად არაფერს, არც კაცს, არც ეშმაკს, არც რაიმე საგანს არ ვუყურებ ისეთი ეჭვით, როგორც სიყვარულს, რადგან ის ყოველივე სხვა გრძნობაზე მეტად აღწევს ადამიანის სულში. სხვა არაფერს ძალუძს გულის ისე დაპყრობა, როგორც სიყვარულს. ამიტომაც, თუ ადამიანის სული არ ფლობს იმ იარაღს, რომელიც სიყვარულს მართავს, მის გამო საშინელ უბედურებაში ვარდება.

სიყვარულით აღტაცებული სული თავიდან ლღვება, მერე განიარაღებული ეცემა...

სარკეთა ჯადოსნობა სწორედ ამაშია: იცი, რომ სარკეა, მაგრამ მაინც გაშფოთებს.

სიმართლე მთლიანია, თავისივე სიცხადით კაშკაშებს და დაუშვებელია, ის ჩვენი სურვილისა თუ სირცხვილის კარნახით დავანაწევროთ.

ხშირად წიგნები სხვა წიგნებზე მოგვითხრობენ. ხშირად სრულიად უვნებელი წიგნი თესლს ჰგავს, საიდანაც სახიფათო წიგნი აღმოცენდება ან პირიქით, მწარე ძირის ტკბილი ნაყოფია.

იმაზე კი არ უნდა იფიქრო, რას გეუბნება წიგნი, არამედ იმაზე, თუ რის თქმა სურს მას. და ეს ნათლად ჰქონდათ გააზრებული წმინდა წიგნების ძველ განმმარტებელთ.

დიდი ავიცენას სიტყვებმა საბოლოოდ დამარწმუნა, რომ ჩემი მდგომაორება მძიმე იყო. ის სიყვარულს განსაზღვრავდა, როგორც საპირისპირო სქესის ადამიანის ნაკვთებზე, მიმოხვრაზე უსასრულო ფიქრის შედეგად აღმოცენებულ სევდიან ახირებას.

წამებით, ან წამების შიშით ადამიანი მარტო იმას კი არ აღიარებს, რაც ჩაიდინა, არამედ იმასაც, რის გაკეთებაც ეწადა, მაგრამ თავადაც არ იცოდა.

წლები ხომ ყველაზე მხურვალე ვნების ცეცხლსაც აქრობს და მასთან ერთად ისიც ინავლება, რაც ოდესღაც ჭეშმარიტების მოგიზგიზე ნათელი გვეგონა.

წიგნის სიკეთე ისაა, რომ წაიკითხონ. წიგნი ნიშნებითაა შექმნილი, რომლებიც სხვა ნიშნებზე ლაპარაკობენ. ისინი კი - საგნებზე. მკითხველის გარეშე წიგნის ნიშნები უტყვია და წიგნიც მუნჯია. ეს ბიბლიოთეკა, ალბათ, მასში დაცული წიგნების გადასარჩენად შეიქმნა, ახლა კი მათ დასამარხად ცოცხლობს. ამიტომ ღვივის მასში უსჯულოება.

ცოდნას არავინ გვაიძულებს, ცოდნა უბრალოდ საჭიროა და მორჩა. თუნდაც რაღაც სწორად ვერ გავიგოთ.

ფილოსოფოსის თითოეულმა სიტყვამ, რომელზეც ახლა წმინდანები და პაპებიც კი იფიცებიან, თავდაყირა დააყენა შეხედულება სამყაროზე. მაგრამ მან ღმერთის ამოყირებავება მაინც ვერ შეძლო. ეს წიგნი რომ ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდეს, უკანასკნელი ზღუდეც ჩამოიშლება. 

როცა იცინის, მდაბიოს სიკვდილი არ აშინებს, მაგრამ მალევე, სიცილის შეწყვეტისთანავე, ლიტურგია მას კვლავ შეახსენებს და აიძულებს სიკვდილის შიშს, ღვთიური ნების თანახმად. 

ეს წიგნი სწორედ იმ აზრს გაავრცელებდა, რომ მდაბიოთა ენაზეც შეიძლება სიბრძნის თქმა.

ანტიქრისტე, რომელიც იუდას ტომიდან კი არაა, როგორც მისი წინასწარმეტყველნი ამტკიცებენ, ან რომელიმე შორეული ქვეყნიდან. ანტიქრისტე სიყვარულიდანაც შეიძლება იშვას, ღმერთის ან ჭეშმარიტების ავადმყოფური სიყვარულიდან, ისევე, როგორც წმინდანი შეიძლება მწვალებლად იქცეს და ნათელმხილველი - სატანის მსახურად. წინასწარმეტყველების გეშინოდეს, და მათი, ვინც მზადაა, ჭეშმარიტებისთვის მოკვდეს. ისინი, როგორც წესი, უამრავ სიცოცხლეს წაიყოლებენ ხოლმე თან. უფრო მეტიც, ხშირად წინაც წაიმძღვარებენ სხვებს, ან საერთოდ საკუთარის ნაცვლად სხვის სიცოცხლეს სწირავენ.

ერთადერთი ჭეშმარიტება ისაა, ისწავლო, როგორ გათავისუფლდე ჭეშმარიტების ავადმყოფური სიყვარულისგან.


Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში