ჰეროდოტე - ისტორია


არავინაა ისე უგუნური, რომ ომი ერჩივნოს მშვიდობიანობას. მშვიდობიანობის დროს შვილები მარხავენ მამებს, ხოლო ომის დროს მამები - შვილებს.

კლიო, წიგნი - I

„ჩემი აზრით, მეფეო, მისთვისაა სამართლიანი ამ სახელის (ბედნიერის) ტარება, ვისაც ყველაზე მეტი აქვს თავის სიცოცხლეში და სიცოცხლეს კარგად ამთავრებს, მაშასადამე, უნდა ვიხილოთ ყოველი ამბის ბოლო, რადგან ღმერთი ბევრს ჰპირდებოდა ბედნიერებას და მერე შეუბრუნა ყოველივე ძირფესვიანად“ - სოლონი მიმართავს კროისოსს

„მეფეო, შენ იმ კაცებზე სალაშქროდ ემზადები, რომლებიც ტყავის ტანსაცმელს ატარებენ, იმდენს კი არ ჭამენ, რამდენიც სურთ, არამედ იმდენს, რამდენიც აქვთ, და ეს იმიტომ, რომ ისინი სუსხიანი ქვეყნიდან არიან. ისინი ღვინის მაგივრად წყალს სვამენ, არც ლეღვი აქვთ საჭმელად და არც სხვა რამ ხეირიანი. თუ შენ სძლევ მათ, რას წაართმევ, თვითონაც რომ არაფერი აქვთ? ხოლო თუ მათ გძლიეს, იცი, რამდენ სიკეთეს დაკარგავ, რადგან მათ, ჩვენს სიკეთეს რომ იგემებენ, ვეღარ გავყრით“ - ლიდიელი ბრძენი მიმართავს კროისოსს სპარსელებზე სალაშქროდ წასვლამდე

კიროსი მიმართავს კროისოსს - „კროისოს, ვინ ჩაგაგონა ჩემს ქვეყანაზე საომრად წამოსვლა და ჩემს მტრად გახდომა, იმის ნაცვლად, რომ მეგობარი გამხდარიყავი?“ - კროისოსმა უპასუხა: „მეფეო, მე გავაკეთე ეს შენდა სასიკეთოდ და ჩემდა საუბედუროდ, ხოლო ამის მიზეზი იყო ელინთა ღმერთი, რომელმაც წამაქეზა სალაშქროდ. არავინაა ისე უგუნური, რომ ომი არჩის მშვიდობას. მშვიდობიანობის დროს შვილები მარხავენ მამებს, ხოლო ომის დროს მამები - შვილებს. მაგრამ ჩანს, დემონებს სურდათ, რომ ასე მომხდარიყო“.

„მას შემდეგ, რაც ღმერთებმა შენ ჩემი თავი მონად მოგცეს, სამართლიანად მიმაჩნია, თუ რამეს არასწორად აკეთებ, მიგითითო. სპარსელები ბუნებით ამაყები არიან, მაგრამ - ღარიბები. თუკი რომელიმე მათგანი ხელში დიდძალ ქონებას ჩაიგდებს, ამას შენთვის სავალალო შედეგი მოჰყვება: უნდა მოელოდე, რომ ის, ვინც ყველაზე მეტს მოიხვეჭს, შენს წინააღმდეგ გამოვა. თუკი ჩემი რჩევა გჭირდება, ყური დამიგდე, როგორ უნდა მოიქცე: ყველა ბჭესთან დააყენე შუბოსანი დარაჯები, რომლებიც ჩამოართმევენ ქონებას მათ, ვისაც გააქვს და ეტყვიან, თითქოს აუცილებელია გადასახადების აკრეფა ზევსისათვის შესაწირად. ამრიგად, შენ მათ არ შესძულდები, რადგან ძალით არ წაართმევ ქონებას, ისინი იფიქრებენ, რომ შენ სწორად იქცევი და ნებაყოფლობით დაგიბრუნებენ შენსას“ - კროისოსი მიმართავს კიროსს

„ღმერთისთვისაც კი შეუძლებელია გაექცეს იმას, რაც უწერია“ - პითია მიმართავს დელფოსში მისულ ლიდიელებს

თალეა, წიგნი - III

„ფსამენიტოს, მეფე (კამბისესი) გეკითხება შენ: რატომაა, რომ შავ დღეში მყოფი ასულისა და სასიკვდილოდ გაგზავნილი ვაჟის დანახვაზე არც გიყვირია და არც გიტირია, ხოლო მათხოვარი, რომელიც შენი ნათესავიც კი არ არის, ასე დააფასე?“. მაშინ ფსამენიტოსმა მოციქულს უპასუხა: „საკუთარი განსაცდელი მეტისმეტად დიდია იმისთვის, რომ იტირო, ხოლო იმ მეგობრის საწუხარი ღირსია ცრემლებისა, რადგან იგი მოხუცებულობის ზღურბლს მიღწეული სიმდიდრიდან და ბედნიერებიდან სიღატაკეში ჩავარდა“.

ამბობენ, რომ ეთიოპელები ყველაზე ლამაზები და ტანადები არიან ყველა ხალხს შორის. გადმოცემით, ისინი მისდევენ სხვა ხალხებისგან გამორჩეულ, განსხვავებულ კანონებს. მაგალითად, სამეფო ხელისუფლების მიმართ ასეთი კანონი აქვთ: მოქალაქეთა შორის ირჩევენ ტანად უდიდესს, რომელსაც თავისი ახოვანების შესაფერისი ძალაც აქვს და ის ხდება მეფე.

ეთიოპიელი მეფე მიხვდა, რომ მასთან მსტოვრები მოვიდნენ და უთხრა მათ: „სპარსელთა მეფემ იმიტომ არ გამოგგზავნათ ჩემთან საჩუქრებით, რომ დიდ პატივად მიაჩნია ჩემთან მეგობრობა, არც თქვენ მეუბნებით სიმართლეს, თქვენ ხომ მსტოვრები ხართ და არც ის კაცია პატიოსანი. ის რომ პატიოსანი კაცი იყოს, თავისი ქვეყნის გარდა სხვა ქვეყანას არ მოინდომებდა და არც იმ ხალხის დამონებას დააპირებდა, რომელსაც მისთვის არაფერი დაუშავებია. გადაეცით მას ეს მშვილდი და უთხარით: ეთიოპიელთა მეფე ურჩევს სპარსელთა მეფეს, მაშინ ილაშქროს ჩვენ წინააღმდეგ, როდესაც სპარსელები ისევე ადვილად მოსწევენ მშვილდს, როგორც ეთიოპიელები. ხოლო მანამდე ღმერთებს მადლობას უნდა სწირავდეს, რომ მათ არ ჩააგონეს ეთიოპიელთა შვილებს, სხვათა მიწაც მიეტაცებინათ“.

როდესაც ქურუმებმა მიიყვანეს აპისი, კამბისესმა, რომელიც უკვე ჭკუიდან იყო შეშლილი, იშიშვლა მახვილი და აპისს ესროლა... კამბისესმა გაიცინა და უთხრა ქურუმებს: „უბედურებო, განა არიან ღმერთები, რომელთაც სისხლიც აქვთ, ხორციც და რკინისაგან ივნებიან?“



 ოტანესმა გამოაცხადა, სახელმწიფოს მართვაში ყველა სპარსი უნდა მონაწილეობდესო. მან თქვა: „მე მგონია, რომ ერთი პირი აღარ უნდა იყოს ჩვენი მმართველი, რადგან ეს არც სასიამოვნოა და არც კარგი. ხომ ნახეთ, სადამდე მივიდა კამბისესის თავხედობა. თქვენ თვითონვე ნახეთ მოგვის თავხედობაც. როგორ შეიძლება კარგი იყოს ერთმმართველობა, რომელიც არაფრით არ ზღუდავს მმართველის თვითნებობას? ადამიანთა შორის ყველაზე ღირსეულმა რომ მოიპოვოს ეს ძალაუფლება, ისიც კი ვერ შეინარჩუნებს თავის ღირსებას, რადგან თავნებობას წარმოშობს მასში ის სიკეთე, რომელიც მის ხელთაა, ხოლო შურიანობა იმთავითვე ახასიათებს ადამიანის ბუნებას. ეს ორი თვისება კი ყოველგვარ ბოროტებას აჩენს. ყველაფრით გულმოყირჭებული ბევრ უღირს საქციეს სჩადის, ზოგს თავნებობით და ზოგსაც შურით. ტირამისის საქციელი მოქალაქეთა მიმართ სრულიად საწინააღმდეგოს გვიჩვენებს. მას შურს საუკეთესო მოქალაქეებისა და შეჰხარის უბოროტესს მოქალაქეთა შორის. მისი გული ძნელად მოსაგებია, რადგან თუ ზომიერად ავლენ მის მიმართ აღტაცებას, უკმაყოფილოა, საკმარისად არ მცემს პატივსო; ხოლო თუ ვინმე მეტისმეტ პატივს მიაგებს, მაშინაც უკმაყოფილოა, მემლიქვნელებაო. ვიტყვი იმას, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია: ის მამა-პაპათა წეს-ჩვეულებებს არღვევს, ძალას ხმარობს ქალებზე და განუსჯელად ხოცავს მამაკაცებს. ხალხის მმართველობას, უპირველეს ყოვლისა, სახელწოდება აქვს შესანიშნავი - თანასწორუფლებიანობა. ხალხის მმართველობა არაფერს აკეთებს ისეთს, რასაც ერთი მმართველი. თანამდებობებს ისინი წილისყრით იკავებენ, თანამდებობისთვის პასუხს აგებენ, ხოლო ყოველგვარი გადაწყვეტილება საერთო საბჭოზე გააქვთ. ამიტომ, ჩემი აზრით, უნდა მოვსპოთ ერთმმართველობა და გავაძლიეროთ ხალხის მმართველობა, რადგან სიმრავლე ყოვლისშემძლეა“.

მეგაბიძოსმა ბრძანა, მცირეთა მმართველობას მივენდოთო. მან თქვა: „რაც ოტანესმა ილაპარაკა ტირანიის მოსპობის შესახებ, მეც იმასვე ვიტყოდი, ხოლო რაც შეეხება ძალაუფლების ხალხზე გადაცემას, აქ ის თავის სწორ აზრს ასცდა, რადგან არაფერია უფრო უგუნური და თავნება, ვიდრე უსარგებლო ბრბო. მართლაც, სრულიად აუტანელია, რომ ხალხმა თავი იხსნას ტირანის თავნებობისგან და თავი ჩაიგდოს ხალხის აღვირახსნილ თავნებობაში, რადგან, თუ ტირანი რამეს აკეთებს, მან იცის და ისე აკეთებს, ხალხმა კი არ იცის. ანდა როგორ უნდა იცოდეს, რამე იმან, ვისაც არც უსწავლია და არც უნახავს არაფერი კარგი და ხეირიანი. ის იჭრება საქმეებში უგუნურად ადიდებული მდინარის მსგავსად. ვფიქრობ, ჩვენ უნდა ამოვარჩიოთ საუკეთესო ადამიანთა ჯგუფი და მას გადავცეთ ძალაუფლება. ჩვენც მათ შორის ვიქნებით. ცხადია, საუკეთესო ადამიანებს გადაწყვეტილებებიც საუკეთესო ექნებათ“.

მესამედ დარიოსმა წარმოთქვა სიტყვა. მან თქვა: „წარმოდგენილი სამი შესაძლებლობიდან მე მჯერა, რომ თითოეული მათგანი საუკეთესოა: ხალხის მმართველობაც, მცირეთა მმართველობაც და ერთმმართველობაც, მაგრამ მაინც იმას ვიტყვი, რომ უკანასკნელი ბევრად აღემატება ორივეს. ერთი ღირსეული კაცის მმართველობაზე უკეთესი არაფერი შეიძლება იყოს. მცირეთა მმართველობის დროს, როდესაც მრავალნი ზრუნავენ სახელმწიფოს საქმეებზე, ჩვეულებრივ, დიდი უთანხმოება ჩამოვარდება ხოლმე მათ შორის, რადგან თითოეულ მათგანს სურს მოთავეობა და თავის აზრის გატანა, ეს კი მათ შორის უთანხმოებას წარმოშობს. აქედან ჩნდება განხეთქილებები, განხეთქილებებიდან - მკვლელობა, მკვლელობის შემდეგ კი წარმოიშობა ერთმმართველობა. აი, ამითაც კარგად ჩანს, რომ ეს არის მმართველობის საუკეთესო ფორმა. როდესაც სათავეშია ხალხი, შეუძლებელია, რომ ბოროტება არ წარმოიქმნას და ბოროტებისას საზოგადოებრივ საქმიანობაში ერთმანეთს კი არ მტრობენ ეს ცუდი ადამიანები, არამედ, პირიქით, ერთიანდებიან. ბოროტების ჩამდენი ადამიანები სახელმწიფოებრივ საქმიანობაში, ჩვეულებრივ, შეთანხმებულები არიან ხოლმე. და ეს ასეა, სანამ ერთი ვინმე არ ჩაუდგება სათავეში ხალხს და არ მოუღებს ბოლოს ასეთ ყოფას. ამიერიდან ეს პირი იწვევს ხალხის აღტაცებას და შედეგად ის ერთმმართველი ხდება. ყოველივე ნათქვამს რომ თავი მოვუყაროთ და ვიკითხოთ, საიდან მივიღეთ ჩვენ თავისუფლება და ვინ მოგვცა ის? ხალხმა, მცირეთ მმართველობამ თუ ერთმმართველმა? მე იმ აზრისა ვარ, რომ ჩვენ გაგვათავისუფლა ერთმა კაცმა და ამიტომ უნდა მოვუაროთ მმართველობის ამ ფორმას. ამას გარდა, მამაპაპეულ კარგ წეს-ჩვეულებებს არ უნდა გადავუხვიოთ, ასე არ ივარგებს“.

ინტაფრენსის ცოლი ტირილითა და მოთქმით მივიდა მეფესთან. დარიოსმა შეიბრალა იგი, გაუგზავნა მოციქული და შეუთვალა: „მეფე დარიოსმა ისმინა შენი ვედრება, ამიტომ შენს ნათესავთაგან ერთ-ერთს, ვისაც გინდა, გაათავისუფლებს“. ქალმა იფიქრა და მიუგო: „თუკი მეფე მე ერთ სულს საჩუქრად მაძლევს, მაშინ მე ჩემს ძმას ვირჩევ“. ეს რომ შეიტყო დარიოსმა, გაუკვირდა, ისევ გაგზავნა კაცი და ქალს ჰკითხა: „დედაკაცო, მეფე გეკითხება, ქმარი და შვილი გასწირე და ძმა ამოირჩიე გადასარჩენად, რომელიც უფრო უცხოა შენთვის, ვიდრე შენი შვილები და ნაკლებად საყვარელი, ვიდრე შენი ქმარი!“. ქალმა მიუგო: „მეფეო, ქმარი მე სხვაც შეიძლება მყავდეს და სხვა შვილებიც მეყოლება, თუ ღმერთმა ინება, ხოლო სხვა ძმა ვერაფრით ვერ მეყოლება, რადგან მამა და დედა აღარ მყავს ცოცხლები“.

მელპომენე, წიგნი - IV

მონათა და ქალთაგან წარმოიშვა ახალი თაობა, რომელმაც წინააღმდეგობა გაუწია სკვითების მიდიელთაგან უკან დაბრუნებას. მათ თავიანთი ქვეყანა შემოღობეს ფართო თხრილით. სკვითები ცდილობდნენ ამ ქვეყანაში შეჭრას, ისინი კი მათ წინააღმდეგ გამოდიოდნენ და ებრძოდნენ ხოლმე. ბრძოლამ სისტემატური ხასიათი მიიღო, მაგრამ ამ ბრძოლაში სკვითებმა ვერ შეძლეს უპირატესობის მოპოვება. მაშინ ერთმა მათგანმა თქვა: „ რას შვრებით, სკვითებო? ჩვენს საკუთარ მონებს ვეომებით და თვითონვე ვიხოცებით და მცირერიცხოვანნი ვხდებით, თანაც მათ ვხოცავთ და ხელქვეითების გარეშე ვრჩებით. ამიტომ, მე ვფიქრობ, შუბები და მშვილდები დავყაროთ და თითოეული ჩვენგანი ცხენის მათრახით წავიდეთ მათკენ. რახან ისინი ხედავენ, რომ იარაღი გვიჭირავს, ჰგონიათ, რომ ჩვენი მსგავსნი არიან, ხოლო თუ დაინახავენ, რომ მათრახები გვიჭირავს, მიხვდებიან, რომ ჩვენი მონები არიან და ამ შეგნებით წინააღმდეგობას ვერარ გაგვიწევენ“.

სკვითების ქვეყანაში ძალიან ცივა. აქ რვა თვის განმავლობასი საშინელი ყინვაა. ამ ხნის განმავლობაში წყალს რომ გადააქცევ, ტალახი არ ჩნდება, წყალი იყინება. იყინება ზღვაც და ბოსფორის ყელიც, ასე რომ, ზამთარში სკვითები ეტლებით გადადიან ზღვის მეორე მხარეს და ლაშქრობენ იქ მცხოვრები სინდების წინააღმდეგ. ამგვარად, რვა თვის განმავლობაში იქ ზამთარია, ხოლო დანარჩენი ოთხი თვეც ცივა. იქაური ზამთარი განსხვავდება ყველა სხვა ქვეყნის ზამთრისგან იმით, რომ წვიმის სეზონზე თითქმის არასდროს არ წვიმს, ხოლო ზაფხულში გადაუღებლივ წვიმს. ცხენები იტანენ ამისთანა ზამთარს, ხოლო ჯორები და ვირები - ვერა. რაც შეეხება ბუმბულს, რომლითაც, როგორც სკვითები ამბობენ, ავსებულია ჰაერი, და რომლის გამოც ხმელეთზე არაფერი ჩანს და გავლაც შეუძლებელია, მე ასეთი აზრი მაქვს: ამ ქვეყნის ზემოთ მდებარე მხარეში გამუდმებით თოვს. თოვლი ბუმბულს ჰგავს და ამიტომაც სკვითები მას ბუმბულს უწოდებენ. საომარი ჩვევები სკვითებს შემდეგნაირი აქვთ: როდესაც სკვითი მოკლავს პირველ ვაჟკაცს, მის სისხლს სვამს. ბრძოლაში დახოცილების თავები სკვითებს მეფესთან მიაქვთ, რადგან თუ თავს მიიტანენ, ნადავლში წილს მიიღებენ, ხოლო თუ არ მიიტანენ, არაფერს მიიღბენ... ფიცის დადების დროს სკვითები ასე იქცევიან: თიხის დიდ თასში ჩაასხამენ ღვინოს და ღვინოში ურევენ იმათ სისხლს, ვინც ფიცსა დებს. მათ ჩხვლეტენ სადგისით, ან დანით უკაწრავენ სხეულს, შემდეგ კი თასში აწობენ მახვილს, ისრებს, ცულსა და შუბს. ამასობაში ლოცულობენ და შემდეგ სვამენ.

ტერფსიქორე, წიგნი - V

ტრავესები დანარჩენ თრაკიელთა მსგავსად იქცევიან. ისინი საინტერესო დამოკიდებულებით გამოირჩევიან ახალშობილებისა და გარდაცვლილთა მიმართ: ახალშობილს გარს შემოუსხდებიან ახლობლები და ჰგოდებენ იმის გამო, თუ რამდენი ბოროტება უნდა შეემთხვეს მას ცხოვრებაში და ჩამოთვლიან ყველა ადამიანურ განსაცდელს; ხოლო მიცვალებულს თამაშითა და მხიარულებით მარხავენ მიწაში და თან დასძენენ, თუ რა დიდ ბედნიერებაშია, ამდენი ბოროტებისგან რომ გათავისუფლდა.

როდესაც დარიოსმა შეიტყო, ათენელებმა და იონიელებმა სარდე დაწვესო... ის კი იკითხა, ვინ არიან ათენელებიო; ხოლო მას შემდეგ, რაც შეიტყო, თუ ვინ იყვნენ ისინი, მოითხოვა მშვილდი, აიღო ისარი, ზევით, ცისკენ გაისროლა და თქვა: „ზევსო, შემაძლებინე, რომ ათენელებს სამაგიერო მივუზღო“. ესა თქვა და დაავალა ერთ თავის მოსამსახურეს, რომ ყველი ჭამისას სამგზის შეეხსენებინა მისთვის: „მეფეო, გახსოვდეს ათენელები“.

„მეფეო, ...ვფიქრობ, მეფესა და მხედართმთავარს მეფესა და მხედართმთავართან შებრძოლება შეშვენის (თუ სძლიე მხედარმთავარს, შენთვის დიდად სასახელო იქნება და, მეორე მხრივ, თუ მან გაჯობა, ეს კი, გაშოროს ღმერთმა, ღირსეული კაცის ხელით სიკვდილი უკვე განახევრებული უბედურებაა) ხოლო ჩვენ, მსახურებს, შეგვშვენის შევებრძოლოთ სხვა მსახურებსა და ცხენს. ამ ცხენის ვერაგობისა კი ნუ შეგეშინდება, რადგან მე ვიღებს ჩემს თავზე იმას, რომ ამიერიდან აღარასოდეს დადგება ის ყალყზე არც ერთი ადამიანის წინაშე“ - საჭურველთმტვირთევი მიმართავს ონესილოსს

ერატო, წიგნი - VI 

როგორც წესი, როდესაც რომელიმე ქალაქს ან ხალხს რაიმე უბედურება ემუქრება, ისინი ამის შესახებ წინასწარ მინიშნებას ღებულობენ ხოლმე.


პოლიმნია, წიგნი - VII 

არტაბანოსმა, ჰისტაპესის ძემ, ქსერქსესის ბიძამ თქვა: „მეფეო, როდესაც არ გამოითქმის ერთმანეთის საწინააღმდეგო აზრები, შესაძლებლობა არ გაქვს, აირჩიო უკეთესი, რადგან მაშინ უნდა აღსრულდეს ის, რაც ითქვა; ხოლო, როდესაც გამოთქმულია სხვადასხვა აზრი, მაშინ შესაძლებელია არჩევანი; თვით ბაჯაღლო ოქრო ვერ ამოცნობა, თუკი მას სხვა რამეს არ შეადარებ. როდესაც მას სხვა ოქროს გავუხახუნებთ, მხოლოდ მაშინ გამოვიცნობთ მათ შორის უკეთესს“.

„ან უნდა ვიმოქმედოთ და ყოველივე, რაც ელინებს ეკუთვნით, სპარსელებისა გავხადოთ, ან უნდა დავიცადოთ და მაშინ ელინებს გადავცეთ ყოველივე, რაც ჩვენ გვაბადია. ამ ჩვენს მტრობაში მე სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ“ - ქსერქსესი მიმართავს არაბანოსს

ამბობენ, ქსერქსესი ჰელესპონტზე რომ გადავიდა, ერთ-ერთმა ჰელოსპონტელმა თქვა: „ზევსო, რატომ მიიღე სპარსელის გარეგნობა და სახელად ზევსის ნაცვლად ქსერქსესი რატომ დაირქვი? ელადის განადგურება რომ მოინდომე, ამოდენა ხალხი თან რად მოგყავს? შენ ხომ ამათ გარეშეც შეგეძლო ამის გაკეთება?“

კოლხებს თავზე ჰქონდათ ხის მუზარადები, გამოუქნელი ტყავის პატარა ფარები და მოკლე შუბები, ასევე დანები. მარებსა და კოლხებს განაგებდა ფარანდატეს ტეასპისის ძე. ალაროდიელები და სასპირები, კოლხების მსგავსად, შეიარაღებული ლაშქრობდნენ.

რჩეულ სპარსელთა ლაშქარს მხედართმთავრობდა ჰიდარნესი. ამათ სპარსელები უკვდავს უწოდებდნენ და აი, რატომ: თუ რომელიმე მათგანი სათვალავში გამოაკლდებოდათ ან სიკვდილის გამო, ან ავადმყოფობის მიზეზით, მაშინვე სხვა კაცს აიყვანდნენ და არ იყვნენ 10 ათასზე არც მეტი და არც ნაკლები. წესრიგი სპარსელებს ყველაზე უკეთესი ჰქონდათ და, ამავე დროს, ყველაზე მამაცები იყვნენ.

„მეფეო, რადგანაც სრული ჭეშმარიტების თქმას მიბრძანებ, ამას გეტყვი: ძალიან რთულია ელინების დამონება; ყველა სხვა ელინი შენი მომხრე რომ გახდეს, ლაკედემონელები მაინც გამოვლენ შინ წინააღმდეგ საბრძოლველად. რაც შეეხება მათ რაოდენობას, ამას მნიშვნელობა არა აქვს, რადგან რაოდენ ცოტანიც არ უნდა იყვნენ, მაინც შეძლებენ ბრძოლას. მარტო ათასი კაციც რომ ჰყავდეთ, მაინც გამოვლენ ბრძოლის ველზე“ - დემარეტოსი მიმართავს ქსერქსესს

„როდესაც ლაკედემონელები სათითაოდ იბრძვიან, ისინი არავის ჩამოუვარდებიან ვაჟკაცობით, ხოლო როდესაც ერთად არიან, მაშინ ყველას აღემატებიან სიმამაცით. ისინი თავისუფლები კი არიან, მაგრამ ყოველმხრივი თვისუფლება მაინც არ აქვთ, რადგან ჰყავთ უფალი - კანონი, რომლისაც მათ ბევრად უფრო ეშინიათ, ვიდრე შენს ხალხს შენი. ამიტომ ისინი ასრულებენ ყველაფერს, რასაც კანონი ითხოვს მათგან. ხოლო კანონი მუდამ ერთსა და იმავეს ითხოვს- არ რთავს ნებას გაიქცნენ ბრძოლის ველიდან, რაგინდ მრავალრიცხოვანიც არ უნდა იყოს მტერი. ის კი არა, უნდა დარჩნენ მწყობრში და ან გაიმარჯვონ, ან დაიღუპონ“ - დემარეტოსი მიმართავს ქსერქსესს

ურანია, წიგნი - VIII

შინააშლილობა იმდენად უარესია ერთსულოვან ომზე, რამდენადაც ომი - მშვიდობიანობაზე.

„როდესაც ადამიანები გონივრულ გადაწყვეტილებას იღებენ, საქმეები კარგად მისდით, ხოლო როდესაც გონივრულად არ წყვეტენ, მაშინ არც ღმერთს სურს მათი დახმარება“ - თემისტოკლესი მიმართავს ევრიბიადესს

„მეფეო, მიაქციე ყურადღება იმასაც, რომ ჩვეულებრივ, კარგ ხალხს ცუდი მონები ჰყავს, ხოლო ცუდს - კარგი. შენ, საუკეთესოს ადამიანთა შორის ცუდი მონები გყავს და ისინი შენს მოკავშირეთა შორის ირიცხებიან“ - დედოფალი არტემისიესი მიმართავს ქსერქსესს

„სავსებით ადამიანურია ის, რომ თქვენ ლაკედემონელებს, შეგეშინდათ ჩვენი და ბარბაროსის შეთანხმებისა. თუმცა, გაუგებარია, რატომ იფიქრეთ, რომ ჩვენ ბარბაროსებს შევეკვრებით, თქვენ ხომ კარგად იცით ათენელების განწყობა. არც იმდენი ოქროა სადმე დედამიწაზე, არც ქვეყანა არსებობს სილამაზითა და სიკეთით ისე აღმატებული, რომ გვიღირდეს ასეთ რამეზე დათანხმება და ელადის მონობაში ჩაგდება“ - ათენელები მიმართავენ სპარტიდან მოსულ მოციქულებს


ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, სამხედრო ბიბლიოთეკა, 2007 წ.
თარგმანი ძველბერძნულიდან - თინათინ ყაუხჩიშვილისა
ადაპტირებული ტექსტი - სოფიო შამანიდისა


Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში