იმანუელ კანტი - პასუხი კითხვაზე: რა არის განმანათლებლობა?


განმანათლებლობა – ესაა ადამიანის გამოსვლა უმწიფრობიდან, რომელიც მისივე ბრალია. უმწიფრობა უუნარობაა, საკუთარი განსჯა სხვისი ხელმძღვანელობის გარეშე მოიხმარო. უმწიფრობა საკუთარი თავის ბრალია მაშინ, როცა მისი მიზეზი განსჯის ნაკლულობაში კი არა, გადაწყვეტილებისა და სიმამაცის არქონაში ძევს. Sapere Aude! გაბედე საკუთარი განსჯის გამოყენება! – ესაა განმანათლებლობის ლოზუნგი.

სიზარმაცე და სილაჩრე – ესაა მიზეზები, რომელთა გამოც ადამიანთა დიდი ნაწილი, მას შემდეგ, რაც ბუნებამ ისინი კარგა ხნის წინ გაათავისუფლა უცხო ხელმძღვანელობისგან, მიუხედავად ამისა, მთელი ცხოვრება უმწიფრად რჩებიან; და რომელთა გამოც მათ მეურვეებად ადვილად იქცევიან ხოლმე სხვები. უმწიფრობაში ყოფნა ძალზე კომფორტულია. თუ მაქვს წიგნი, რომელიც განსჯას შემიცვლის, მოძღვარი, რომელიც სინდისის მაგივრობას გამიწევს, ექიმი, რომელიც დიეტას ჩემს მაგივრად განსაზღვრავს და ა. შ. – მაშინ საკუთარი ძალისხმევა აღარ მჭირდება. არ მჭირდება აზროვნება, თუ შემიძლია ფულის გადახდა – სხვები ჩემს მაგივრად შეასრულებენ მოსაბეზრებელ სამუშაოს. მეურვეები, რომლებმაც ასე კეთილად აიღეს საკუთარ თავზე ზედამხედველობის საქმე, იმაზე ზრუნავენ, რომ ადამიანთა უდიდესმა ნაწილმა (მათ შორის მთელმა მშვენიერმა სქესმა) ეს რთული ნაბიჯი სიმწიფისკენ საშიშადაც ჩათვალოს. მას შემდეგ, რაც მეურვეებმა საკუთარ შინაურ პირუტყვს ჯერ ჭკუა გამოაცალეს და საგულდაგულოდ უზრუნველყვეს, რომ ეს მშვიდი არსებანი ერთ ნაბიჯსაც კი ვერ გადადგამენ საბავშვო ეტლის გარეშე, რომელშიც ჩაკეტილები არიან – ყოველივე ამის შემდეგ ისინი მათ საფრთხეს აჩვენებენ, რომელიც ემუქრებათ, თუ მარტო გავლას შეეცდებიან. არადა, ეს საფრთხე ასე დიდი სულაც არაა, რადგან რამდენიმე დაცემით ისინი საბოლოოდ სიარულს ისწავლიდნენ. მაგრამ ამ სახის მაგალითი ადამიანებში გაუბედავობას იწვევს და მათ, ჩვეულებრივ, შიშის გამო სხვა მცდელობებისგან ხელს აღებინებს.

ასე რომ, თითოეული ადამიანისთვის რთულია, გამოაღწიოს მისთვის ლამის უკვე ბუნებად ქცეული უმწიფრობისგან. მან ეს მდგომარეობა თითქმის უკვე შეიყვარა და თავდაპირველად მართლაც არ ძალუძს საკუთარი განსჯის მოხმარება, რადგან მისთვის არასოდეს მიუციათ ამისი ცდის შესაძლებლობა. დადგენილებები და ფორმულები, მისი ბუნებრივი ნიჭის გონებრივი გამოყენებისა ან, უფრო სწორად, ვერგამოყენების ეს მექანიკური ინსტრუმენტები, მუდმივი უმწიფრობის ბორკილებია. ისიც კი, ვინც ამ ბორკილებს მოიშორებს, ყველაზე პატარა ორმოსაც კი არამტკიცე ნახტომით თუ გადაევლება თავს, რადგან არაა მიჩვეული თავისუფალ მოძრაობას. ამიტომაც ცოტანი არსებობენ, რომლებმაც საკუთარ გონზე მუშაობით წარმატებას მიაღწიეს უმწიფრობიდან გამოღწევისა და მტკიცე ნაბიჯების გადადგმის საქმეში. 

მაგრამ ის, რომ საზოგადოებამ საკუთარი თავი გაანათლოს, უფროა შესაძლებელი; მეტიც, თუ მას თავისუფლება მიეცემა, ეს თითქმის გარდაუვალია. ყოველთვის გამოჩნდება რამდენიმე დამოუკიდებლად მოაზროვნე, მათ შორის დიდი მასების მეურვეებად დაყენებულთა შორის, რომლებიც, მას შემდეგ, რაც თავად გადააგდებენ უმწიფრობის უღელს, ირგვლივაც გაავრცელებენ საკუთარი ღირებულებისა და თითოეული ადამიანის დამოუკიდებელი აზროვნებისაკენ მოწოდების გონიერი დაფასების სულისკვეთებას. განსაკუთრებით გასათვალისწინებელი აქ შემდეგია: ის საზოგადოება, რომელსაც მათ მანამდე უღელი დაადგეს, ამის შემდეგ მათვე აიძუ-ლებს ამ უღელქვეშ დარჩენას, თუ ამისკენ მას ზოგიერთი ის მეურვე წააქეზებს, რომელსაც თავად განათლება არ ძალუძს; აი, ასე საზიანოა ცრურწმენების გავრცელება, რადგან ისინი საბოლოოდ საკუთარ შემქმნელებზე ან მათ მემკვიდრეებზე იძიებენ შურს. ამიტომ საზოგადოება მხოლოდ ნელ-ნელა შეიძლება განმანათლებლობას მიუახლოვდეს. რევოლუციით ალბათ შეიძლება პიროვნული დესპოტიისა და მოგებასა ან ბატონობაზე მიმართული ჩაგვრის დამხობა, მაგრამ არასოდეს – ნამდვილი აზროვნების წესის რეფორმა; ახალი ცრურწმენები, ზუსტად ისევე, როგორც ძველები, დიდი უგონო მასის დასაბმელ ღვედად იქცევა.
ამ განმანათლებლობისათვის მხოლოდ თავისუფლებაა საჭირო, თანაც ყველაზე უწყინარი მათ შორის, რასაც თავისუფლება შეიძლება ეწოდოს, კერძოდ კი: თავისუფლება საკუთარი განსჯის საჯარო მოხმარებისა ყველა საკითხში. არადა, ყველა მხრიდან ეს მესმის: „ნუ მსჯელობთ!“ ოფიცერი ამბობს: „ნუ მსჯელობთ, ივარჯიშეთ!“ ფინანსთა სამინისტროს მრჩეველი: „ნუ მსჯელობთ, გადაიხადეთ!“ სა-სულიერო პირი: „ნუ მსჯელობთ, იწამეთ!“ (მსოფლიოში მხოლოდ ერთადერთი მმართველი ამბობს: „იმსჯელეთ, რამდენიც გინდათ და რაზეც გინდათ, ოღონდ დამმორჩილდით!“) აქ ყველგან თავისუფლების შეზღუდვას აქვს ადგილი. მაგრამ რომელი შეზღუდვაა საზიანო განმანათლებლობისთვის, ხოლო რომელი – არათუ საზიანო, არამედ სასარგებლოც კი? – ჩემი პასუხია: საკუთარი გონების საჯარო მოხმარება ყოველთვის თავისუფალი უნდა იყოს და მხოლოდ მას შეუძლია ადამიანებს შორის განმანათლებლობა მოიტანოს; ხოლო გონების კერძო მოხმარება შეიძლება ხშირად ძალზედაც შეიზღუდოს და ამით განმანათლებლობის პროგრესი დიდად არ დაბრკოლდება. 

საკუთარი გონების საჯარო მოხმარებაზე საუბრისას ვგულისხმობ გონების ისეთ გამოყენებას, რომელსაც ადამიანი როგორც მეცნიერი მიმართავს მთელი მკითხველი საზოგადოების წინაშე. კერძო მოხმარებას კი იმას ვუწოდებ, რომელსაც მან მასზე მინდობილ სამოქალაქო პოსტსა ან თანამდებობაზე საკუთარი გონების გამოყენებისას შეიძლება მიმართოს. ზოგიერთი საქმისათვის, რომელიც საზოგადო ერთობის ინტერესის გამო იწარმოება, აუცილებელია მექანიზმი, რომლის დახმარებითაც საზოგადო ერთობის ესა თუ ის წევრი მხოლოდ და მხოლოდ პასიურად მოიქცევა, რათა ამ ხელოვნური ერთსულოვნებით ხელისუფლებამ ისინი საჯარო მიზნებზე მიმართოს ან, ყველაზე მცირე, ხელი ააღებინოს მათ ამ მიზნების განადგურებაზე. აქ, რასაკვირველია, მსჯელობა არაა ნებადართული; აქ საჭიროა დამორჩილება. მაგრამ რამდენადაც მანქანის ეს ნაწილი საკუთარ თავს ამავდროულად მთელი საზოგადო ერთობის, თავად მსოფლიო მოქალაქეთა საზოგადოების წევრად განიხილავს – ესე იგი მეცნიერის ხარისხში, რომელიც, საკუთარ განსჯაზე დაყრდნობით, საზოგადოებას ნაწერებით მიმართავს – მას, ცხადია, შეუძლია მსჯელობა იმის გარეშე, რომ ამით იმ საქმეებს მიადგეს ზიანი, რომლებშიც იგი ნაწილობრივ, როგორც პასიური წევრი, არის ჩართული. ძალიან მავნებლური იქნებოდა, თუ ოფიცერი, რომელსაც ზემდგომი ბრძანებას მისცემს, სამსახურისას ამ ბრძანების მიზანშეწონილობისა და სარგებლიანობის შესახებ დაიწყებდა აზრების გამოთქმას; ის უნდა დამორჩილდეს. მაგრამ სამართლიანად ვერ აუკრძალავ მას, როგორც მეცნიერს, სამხედრო სამსახურის შეცდომების შესახებ შეხედულებების გამოთქმას და მათ საზოგადოების სამსჯავროზე გამოტანას. 

მოქალაქე ვერ იტყვის უარს მასზე დაკისრებულ გადასახადთა გადახდაზე; მეტიც, გადასახადების კადნიერი კრიტიკა (რომელმაც შესაძლოა საზოგადო დაუმორჩილებლობა გამოიწვიოს) შეიძლება დაისაჯოს, როგორც სკანდალი. მაგრამ იგივე ადამიანი არ ეწინააღმდეგება მოქალაქის ვალდებულებას, თუ ის, როგორც მეცნიერი, ამ გადასახადების შემოღების შეუფერებლობისა და თუნდაც უსამართლობის წინააღმდეგ საჯაროდ გამოთქვამს საკუთარ აზრს. ასევე, სასულიერო პირი ვალდებულია, საკუთარ კათაკმევლებსა და მრევლს იმ ეკლესიის სიმბოლოს მიხედვით უქადაგოს, რომელშიც მსახურობს, რადგან სწორედ ამ პირობით იქნა ის მიღებული სამსახურში. მაგრამ როგორც მეცნიერს, მას სრული თა-ვისუფლება აქვს – მეტიც, მოწოდებულიც კია – ყველა თავისი კარგად აწონილ-დაწონილი და კეთილად განზრახული აზრი როგორც ამ სიმბოლოს შეცდომებისა, ისე რელიგიისა და ეკლესიის საქმეების უკეთ მოწყობის შესახებ საზოგადოებას გაუზიაროს. აქ არაფერია ისეთი, რამაც შეიძლება მისი სინდისი შეაწუხოს. მართლაც, რასაც ის საკუთარი, როგორც ეკლესიის მსახურის, მოვალეობის მიხედვით ასწავლის, მას ის როგორც რაღაც ისეთს წარმოადგენს, რისი სწავლებაც არ შეუძლია საკუთარი ნება-სურვილისამებრ; ის მან უნდა გადმოსცეს როგორც სხვისი მითითებისა და სხვისი სახელის შესაბამისად მოქმედმა. ის იტყვის: „ჩვენი ეკლესია ამასა და ამას ასწავლის; ესაა საბუთები, რომლებსაც ის იყენებს“. ამის შემდეგ მას საკუთარი მრევლისთვის გამოაქვს ყველა პრაქტიკული სარგებელი იმ დებულებებიდან, რომლებზეც თვითონ მთელი დარწმუნებულობით ხელს ვერ მოაწერდა, მაგრამ რომელთა ქადაგებასაც შეუძლია ხელი მოჰკიდოს, რადგან არაა შეუძლებელი, რომ მათში ჭეშმარიტება იმალებოდეს, ან, ყოველ შემთხვევაში, მათში არაფერი მოინახება შინაგანი რელიგიის საწინააღმდეგო. იმიტომ, რომ რამე ასეთი საწინააღმდეგოს აღმოჩენა თუ დაიჯერა, მაშინ მას არ შეეძლება სინდისიერად შეასრულოს საკუთარი სამსახური და ის უნდა დატოვოს. მაშასადამე, გონების გამოყენება, რომელსაც მღვდელი საკუთარი მრევლის წინაშე მიმართავს, მხოლოდ კერძო გამოყენებაა, რადგანაც, რამდენადაც დიდი არ უნდა იყოს ეს მრევლი, გამოყენება მაინც შინაურობაში ხდება; ამის გათვალისწინებით, მღვდელი არაა თავისუფალი და არც შეიძლება იყოს, რადგან ის სხვის დავალებას ასრულებს. ამის საპირისპიროდ, მეცნიერი – როგორც სასულიერო პირი საკუთარი გონების საჯარო გამოყენებისას, რომელიც ნაწერებით საკუთრივ საზოგადოებას, ანუ მსოფლიოს ესაუბრება – ფლობს შეუზღუდავ თავისუფლებას, გამოიყენოს საკუთარი გონება და საკუთარი სახელით ილაპარაკოს. ხალხის მეურვეები (სასულიერო საქმეებში) რომ თავად უმწიფრები უნდა იყვნენ – ეს უაზრობაა, რომელიც უაზრობათა უკვდავყოფას ნიშნავს. 

მაგრამ ხომ არ უნდა ჰქონდეს უფლება სასულიერო პირთა გარკვეულ საზოგადოებას, მაგალითად ეკლესიის კრებას, რათა ფიცით გარკვეულ უცვლელ სიმბოლოზე შეთანხმდეს, რითაც უწყვეტ მეურვეობას მიაღწევს ყველა საკუთარ წევრზე, მათი საშუალებით – ხალხზე და ამ მეურვეობას სამარადისოდ გახდის? ჩემი პასუხია: ეს სრულიად შეუძლებელია. ასეთი ხელშეკრულება, რომელსაც ადამიანთა მოდგმის შემდგომი განმანათლებლობის სამუდამოდ შესაჩერებლად დადებდნენ, სრულიად ბათილი და ძალადაკარგული იქნებოდა, თუნდაც უმაღლესი ხელისუფლების, პარლამენტებისა და ყველაზე საზეიმო სამშვიდობო შეთანხმებების მიერ იყოს დადასტურებული. ერთ ეპოქას არ შეუძლია შეთანხმდეს და დაიფიცოს, რომ მისი მომდევნო ეპოქა ისეთ მდგომარეობაში ჩააგდოს, რომელშიც შეუძლებელი იქნება მისი (პირველ რიგში, ყველაზე აუცილებელი) შემეცნება გაფართოვდეს, შეცდომებისაგან გაიწმინდოს და განმანათლებლობის საქმეში წინ წაიწიოს. ეს იქნებოდა დანაშაული ადამიანის ბუნების წინააღმდეგ, რომლის პირველადი განსაზღვრება სწორედ ამ წინსვლაში მდგომარეობს; ხოლო შთამომავლებს სრული უფლება აქვთ, უარყონ ის გადაწყვეტილებები, რომლებიც უკანონოდ და დანაშაულებრივად იქნა მიღებული. კრიტერიუმი ყოველივე იმისა, რაც ხალხს როგორც კანონი შეიძლება დაეწესოს, შემდეგ შეკითხვაშია: დაუწესებდა თუ არა ხალხი ამ კანონს საკუთარ თავს? ეს კანონი შესაძლებელი იქნებოდა, უკეთესის მოლოდინში, განსაზღვრული მოკლე დროით, რათა გარკვეული წესრიგი ყოფილიყო შემოტანილი: ყოველ მოქალაქეს, უპირველეს ყოვლისა, სასულიერო პირს, ექნებოდა ნებართვა, მეცნიერის ხარისხში საჯაროდ ე. ი. საკუთარი ნაწერებით, თანამედროვე მოწყობის შეცდომებზე აზრი გამოთქვას, მაგრამ შემოტანილი წესრიგი იქამდე შე-ნარჩუნდებოდა, სანამ ამ ვითარებების შესახებ ცოდნა საჯაროდ იმდენად არ გავრცელდებოდა და ცხადი არ გახდებოდა, რომ მოქალაქეები საკუთარი ხმების გაერთიანებით (თუმცა არა ყველასი) ტახტს წინადადებით მიმართავდნენ, ის მრევლნი მიეღო დაცვის ქვეშ, რომლებიც უკეთესი გაგების შესახებ საკუთარი წარმოდგენების შესაბამისად გაერთიანდნენ შეცვლილი რელიგიური მოწ-ყობისათვის, იმის გარეშე, რომ მათ შეუშალონ ხელი, ვისაც ძველ წესზე დარჩენა სურს. მაგრამ სრულიად დაუშვებელია შეთანხმება – თუნდაც ერთი ადამიანის ცხოვრების მანძილზე – მუდმივ, არავისგან საჯაროდ ეჭვქვეშ დაყენებად რელიგიურ მოწყობაზე და ამით კაცობრიობის სრულყოფის საქმეში წინსვლის ერთი ეპოქის განადგურება და მისი ქცევა შთამომავლობისათვის უნაყოფოდ და საზიანოდაც კი. ადამიანს შეუძლია საკუთარი თავისთვის – და ისიც მხოლოდ გარკვეული დროით – გადადოს განათლება იმის შესახებ, რაც უნდა იცოდეს; მაგრამ მისი უკუგდება, გინდა საკუთარი თავისთვის და გინდაც – შთამომავლობისათვის ნიშნავს კაცობრიობის წმინდა უფლებების შელახვასა და ფეხით გათელვას. ის, რისი დაწესების უფლებაც საკუთარი თავისთვის ხალხსაც კი არ აქვს, კიდევ უფრო ნაკლებად შეიძლება მონარქმა დაუწესოს ხალხს, რადგან მონარქის საკანონმდებლო ავტორიტეტი სწორედ იმას ეფუძნება, რომ ის ხალხის მთელს ნებას საკუთარში აერთიანებს. თუ ის მხოლოდ იმას აქცევს ყურადღებას, რომ ყოველი ჭეშმარიტი თუ წარმოსახვითი გაუმჯობესება სამოქალაქო წესრიგთან თანხმობაში იყოს, მას შეუძლია საკუთარ ქვეშევრდომებს მისცეს საშუალება, თავად გადაწყვიტონ, რისი გაკეთება სურთ სულის გადარჩენისათვის; მას ეს საერთოდ არ ეხება. მისი საქმეა უზრუნველყოს, რომ ერთი მეორეს ძალადობრივად არ აბრკოლებდეს, რომ მთელი საკუთარი უნარით ამ გადარჩენის განსაზღვრასა და მიღწევაზე იმუშავოს. ის თავად აყენებს ზიანს საკუთარ სიდიადეს, როდესაც ამ სფეროში ერევა და ნაწერებს, რომლებშიც მისი ქვეშევრდომები საკუთარ აზრებში გარკვევას ცდილობენ, მთავრობის ზედამხედველობას უქვემდებარებს – მაშინაც, როდესაც ის ამას საკუთარი მაღალი გაგებით აკეთებს და საყვედურს იმსახურებს, რომლის მიხედვითაც „კეისარი არ დგას გრამატიკოსებზე მაღლა“; განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც თავის უმაღლეს ძალაუფლებას იმდენად ამცირებს, რომ მხარს უჭერს საკუთარ სახელმწიფოში ზოგიერთი ტირანის სასულიერო დესპოტიზმს თავისი სხვა ქვეშევრდომების წინააღმდეგ. 

როდესაც ამის შემდეგ კითხვა დაისმის: ვცხოვრობთ თუ არა ახლა ჩვენ განათლებულ ეპოქაში? პასუხი ასეთია: არა, მაგრამ ჩვენ ვცხოვრობთ განმანათლებლობის ეპოქაში. ჯერ კიდევ ძალიან ბევრი აკლია იქამდე, რომ ადამიანებს ჰქონდეთ იმისი უნარი, რელიგიურ საკითხებში საკუთარი განსჯა სანდოდ და სწორად მოიხმარონ სხვისი ხელმძღვანელობის გარეშე. ოღონდ ცხადი ნიშნები გვაქვს იმისა, რომ ახლა მათ წინაშე ეს ველი თავისუფალი დამუშავებისათვის გაიხსნა და ზოგადი განმანათლებლობის – ანუ უმწიფრობიდან გამოსვლის, რომელში ყოფნაც ადამიანების ბრალია – დაბრკოლებები მცირდება. ამ აზრით ეს ეპოქა განმანათლებლობის ეპოქაა ანუ ფრიდრიხის საუკუნეა. 

მეფე, რომელიც უღირსად არ მიიჩნევს იმის თქმას, რომ საკუთარ მოვალეობად მიაჩნია, რელიგიის სფეროში ადამიანებს არაფერი დაუწესოს და მათ აქ სრულ თავისუფლებას ანიჭებს, და რომელიც, შესაბამისად, საკუთარ თავთან მიმართებით ტოლერანტობის ქედმაღლურ სახელს უარყოფს, თავად არის განათლებული და იმ-სახურებს იმას, რომ მადლიერმა თანამედროვეებმა და შთამომავლობამ შეაქონ, როგორც ის, ვინც ადამიანის გვარი პირველმა – ყოველ შემთხვევაში, ხელისუფლების მხრიდან – უმწიფრობიდან გამოიყვანა და თითოეულს თავისუფლება მისცა, სინდისის საქმეებში საკუთარი გონება მოიხმაროს. მისი მმართველობისას პატივსა-ცემ სასულიერო პირებს შეუძლიათ, საკუთარი თანამდებობის მოვალეობისათვის ზიანის მიყენების გარეშე, რწმენის მიღებული სიმბოლოსგან აქა-იქ განსხვავებული დასკვნები და შეხედულებები მეცნიერის ხარისხში თავისუფლად და საჯაროდ დადონ მსოფლიოს სამსჯავროზე; კიდევ უფრო მეტად კი მათ, ვინც თანამდებობ-რივი მოვალეობით არაა შეზღუდული. თავისუფლების ეს სული იქაც კი ვრცელდება, სადაც მას იმ მთავრობათა გარეგან დაბრკოლებებთან უხდება ბრძოლა, რომლებსაც საკუთარი ფუნქცია ვერ გაუგიათ. რადგან ის ანათებს, როგორც მაგალითი იმისა, რომ თავისუფლების არსებობა საჯარო სიმშვიდისა და საზოგადოების ერთიანობის შესახებ წუხილს სულაც არ უნდა იწვევდეს. ადამიანები თანდათანობით თვითონვე ახერხებენ სიუხეშის მდგომარეობიდან გამოსვლას, თუ მათ განზრახ გამოგონილი ხერხებით არ აიძულებენ, მასში დარჩნენ. 

განმანათლებლობის – ანუ ადამიანის გამოსვლისა უმწიფრობიდან, რომელიც მისივე ბრალია – მთავარ საკითხად რელიგიის სფერო მივიჩნიე, რადგან ხელოვნებათა და მეცნიერებებთან დაკავშირებით ჩვენს მმართველებს არ აქვთ ინტერესი, მეურვეების როლი შეასრულონ; გარდა ამისა, ეს უმწიფრობა ყველაზე უფრო საზიანო და ღირსების შემლახველია. მაგრამ სახელმწიფოს მეთაურის აზროვნების წესი, რომელიც რელიგიურ განმანათლებლობას უწყობს ხელს, უფრო შორს მიდის და ხვდება: თავად კანონმდებლობასთან მიმართებაშიც უსაფრთხოა საკუთარი ქვეშევრდომებისათვის იმისი უფლების მიცემა, რომ საკუთარი გონება საჯაროდ გამოიყენონ და საკუთარი აზრები კანონების უკეთესი ჩამოყალიბების შესახებ, ან თუნდაც თამამი კრიტიკა უკვე არსებული კანონებისა, სამყაროს საჯაროდ გაუზიარონ; ჩვენს წინაშე ბრწყინვალე მაგალითია, რომელთან მიმართებაშიც არც ერთ მონარქს არ გადაუჭარბებია იმისთვის, ვისაც ჩვენ პატივს მივაგებთ. 

მაგრამ მხოლოდ მას, ვისაც, თავად განათლებულს, აჩრდილების არ ეშინია, მაგრამ ასევე კარგად დისციპლინირებული მრავალრიცხოვანი ჯარი ჰყავს საზოგადოებრივი მშვიდობის დასაცავად – შეუძლია თქვას, რასაც ვერ ბედავს რესპუბლიკა: „იმსჯელეთ, რამდენიც გინდათ და რის შესახებაც გინდათ; მაგრამ დამმორჩილდით!“ აქ თავს ავლენს ადამიანთა საქმეების უცნაური და მოულოდნელი მიმდინარეობა; ისევე როგორც სხვა შემთხვევებში, როდესაც მას მთლიანობაში ვუყურებთ, ყველაფერი პარადოქსული გვეჩვენება. სამოქალაქო თავისუფლების უფრო დიდი ხარისხი ხალხის სულის თავისუფლებისათვის სასარგებლო ჩანს, მაგრამ ამავდრო-ულად მას გადაულახავ საზღვრებს უწესებს; თავისუფლების უფრო ნაკლები ხარისხი კი მას უქმნის სივრცეს, რომ მთელი თავისი ძალით გავრცელდეს. მას შემდეგ, რაც ბუნება ამ მაგარი გარსისგან მარცვალს გამოათავისუფლებს, რომელზედაც ის ყველაზე ნაზად ზრუნავს, კერძოდ კი თავისუფალი აზროვნებისაკენ მიდრეკილებასა და მოწოდებას, ეს უკანასკნელი ჯერ ხალხის გრძნობებზე ახდენს უკუგავლენას (რის შედეგადაც ხალხი მეტად და მეტად იძენს თავისუფლად მოქმედების უნარს) და, საბოლოოდ, თავად მმართველობის პრინციპებზეც, რომელიც საკუთარი თავისათვის სასარგებლოდ მიიჩნევს, ადამიანს, ვინც უკვე მეტია, ვიდრე მანქანა, მისი ღირსების შესაბამისად მოექცეს.


წყარო - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ელექტრონული ბიბლიოთეკა

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში