მიქელანჯელო ბუონაროტი - წერილები


„დროდადრო საშინელი დარდი შემომაწვება, როგორც სჩვევიათ ხოლმე იმათ, ვინც თავის კერასაა მოწყვეტილი“1497 წლის 19 აგვისტოსტოს წერილიდან

„ჩვენ უკეთილშობილესი გვარისა ვართ“ - ამბობდა მიქელანჯელო 1546 წელს ძმისადმი მიწერილ ბარათში და აღშფოთებას ვერ მალავდა, როცა მისი ძმისწული აზნაურობას ეძიებდა: „ეგ სიგლახეა, ქვეყანამ იცის, რომ ჩვენ ფლორენციის ძველი მკვიდრნი ვართ და გვარიშვილობით არავის ჩამოვუვარდებით“ – 1549 წლის თებერვალი.

„მე არასოდეს ვეკუთვნოდი იმ მოქანდაკეთა რიცხვს, ვისაც თავისი ხელობა სავაჭროდ გაუხდია. ჩემი გვარი რომ არ შემერცხვინა, ამგვარი რამეებისაგან მუდამ შორს მეჭირა თავი“ - წერილი ლიონარდოსადმი, 1548 წლის 2 მაისი

„მუშაობით ქანცი მაქვს გაწყვეტილი, დღედაღამ სამუშაოზე ვფიქრობ; ჩემდენი კაცს არ უშრომია თავის დღეში“.

„ჭამის დროც არა მაქვს... ჭამისთვისაც კი ვერ ვიცლი... თორმეტი წელია წელებზე ფეხს ვიდგამ, აუცილებელიც კი მაკლია... ერთი სუც კი არ გამაჩნია... ვებრძვი სიღატაკეს... ათასი სატკივარი მაწუხებს, შიშველ-ტიტველი დავიარები...“ – 1507, 1509, 15012, 1513, 1525, 1547 წლებში დაწერილი წერილებიდან

„მუდამ ეჭვში ვარ... ნურავის ნუ მიენდობით; ძილის დროსაც კი ნუ მოხუჭავთ თვალს...“

„... ნუ გაიცინებ იმაზე, რასაც ახლა გწერ... არასოდეს არ უნდა დასცინო ადამიანს... ჩვენს შფოთიან დროს შიში და სიფრთხილე არც სულსა და არც ხორცს ვნებას არ მოუტანს... თუმცა სიფხიზლე არც არასდროს ყოფილა საძრახისი...“ – 1515 წლის ოქტომბერში, ძმის - ბუონაროტოსადმი მიწერილი წერილიდან

„ყველაფერი მაწუხებს, თვით ბედნიერებაც თავის უხანობით უფრო მტანჯავს და უფრო მიკლავს გულს, ვიდრე უბედურება“

„... და თუ ნავი არ გამაჩნია, რომ ვიცურავო თქვენი მძლე გენიის ზღვაში, ვიცი, თქვენივე ნიჭი შემინდობს და არ გამწირავს, რაკი ვერაფერში ვერ შეგედრებით. მას, ვინც ერთადერთია ყველაფერში, არ შეიძლება ჰყავდეს ბადალი“ – 1533 წლის 1 იანვარი, მიქელანჯელოს წერილი ტომაზო დეი კავალიერისადმი

„... დღემდე თავს ვიკავებ და არ ველაპარაკები განდევნილებს, არც ვაჭრობა მაქვს მათთან. მომავალშიც ასე მოვიქცევი... არავის არ ველაპარაკები, მეტადრე ფლორენციელებისგან მიჭირავს შორს თავი. ქუჩაში თუ მესალმებიან, რა დამრჩენია, მეც მეგობრულად უნდა მივესალმო, მაგრამ არავის არ ვუჩერდები. მე რომ ვიცოდე, მათგან დევნილი რომელია, სულაც არ ვუპასუხებდი...“ – 1548 წელს რომიდან ძმისწულ ლიონარდოსადმი გაგზავნილი ბარათიდან

„იმას კი ტყუილად მსაყვედურობენ, ავადმყოფობისას სტროცის სახლში რად გივლიდნენო: ჩემის აზრით, მე მის სახლში სულაც არ ვყოფილვარ, მე მხოლოდ ჩემი მეგობრის, ლუიჯი რიჩოს ოთახში ვიწექი“.

„რაკი პაპმა გუნება იცვალა, ნავებს, რომელთაც კარარადან მარმარილო ჩამოიტანეს, მე თვითონ გავუსწორე ანგარიში. ცოტა ხნის შემდეგ რომს იულიუსის საფლავის ძეგლზე სამუშაოდ ფლორენციიდან გამოწერილი მუშებიც ჩამოვიდნენ. და რაკი მათთვის უკვე მოწყობილი მქონდა წმინდა ეკატერინეს ტაძრის უკან მდგარი სახლი, პაპმა რომ მაჩუქა, ვალებში ჩავვარდი და უსახსროდ დავრჩი“ – 1542 წლის ოქტომბერს დაწერილი ბარათი

„წმინდა მამაო! თქვენი უწმინდესობის ბრძანებით, ამ დილით სასახლიდან გამომაგდეს. გაცნობებთ, რომ თუ ამას იქით ჩემს ნახვას ინებებთ, შეგიძლიათ ყველგან მეძებოთ, გარდა რომისა“ - მიქელანჯელოს წერილი პაპ იულიუს II-ისადმი

„ჩემი წამოსვლის მიზეზი მარტო ეგ არ ყოფილა, სხვა რამეც იყო, რის შესახებაც მიჯობს გავჩუმდე. ვიტყვი მხოლოდ, რომ რომში რომ დავრჩენილიყავ, აკლდამა ალბათ მე დამჭირდებოდა და არა პაპს. სწორედ ეს გახდა ჩემი სწრაფი გამგზავრების საბაბი“ - ჯულიანო სან გალოსადმი მიწერილ ბარათში მიქელანჯელო გაკვრით ამბობს, რომ ბრამანტეს მისი მოკვლა ჰქონდა განზრახული

„ჭამის დროც არა მაქვს, უკიდურეს სიღატაკეში ვცხოვრობ; ხელის შეწყობაც არსაიდანა ჩანს. დღედაღამ ჩემს სამუშაოზე ვფიქრობ. ისე ვიტანჯები, ისეთი გაჭირვება მადგას, ერთხელ კიდევ რომ მომიხდეს ამ ქანდაკების ჩამოსხმა, ვფიქრობ, ვეღარ გადავიტან. ამ საქმეს გოლიათური ძალა სჭირდება“ – 1507 წლის 29 სექტემბერსა და 10 ნოემბერს ძმისადმი მიწერილი წერილები

„სულიერად გატეხილი ვარ. უკვე ერთი წელია, რაც პაპისგან ფული არ მიმიღია. არც არაფერსა ვთხოვ. ნახატი ისე ნელა მიიწევს წინ, რომ სინდისი ნებას არ მაძლევს, გასამრჯელო ვითხოვო. ეს სიზანტე სამუშაოს სიძნელითაა გამოწვეული და კიდევ იმით, რომ ფრესკების ხატვა ჩემი ხელობა არ ყოფილა. ამიტომ დროს უქმად ვკარგავ და შედეგს კი ვერ ვღებულობ. ღმერთი იყოს ჩემი შემწე!“ – 1509 წლის 27 იანვარს მამისადმი მიწერილი წერილიდან

„ნურას ნაღვლობთ. ეგ სამკვდრო-სასიცოცხლო საკითხი როდია. რაც გაბადიათ, ყველაფერი რომ წაგართვან, სანამ პირში სული მიდგას, მე თქვენ არაფერს მოგაკლებთ... მირჩევნია, თავად ღატაკი ვიყო და ვიცოდე, რომ ცოცხალი მყავხართ, ვიდრე მთელი ქვეყნის ოქრო მქონდეს და თქვენ მკვდრად გიგულოთ. თუ სხვებსავით არ შეგიძლიათ ყველა ამქვეყნიური პატივი იქონიოთ, ხმელა პურს უნდა დასჯერდეთ და უფლის წიაღში საწყლადა და პატიოსნად უნდა იცხოვროთ, როგორც მე ვცხოვრობ. მე უპოვარი ვარ და არ ვზრუნავ არც ცხოვრებაზე, არც პატივზე და არც სხვა რამ ამქვეყნიურზე. სულს ძლივსღა ვღაფავ ეჭვებითა და უნდობლობით გარემოცული. თხუთმეტი წელია, მოსვენება არ მინახავს. ყველაფერი გავაკეთე თქვენს დასახმარებლად, თქვენ კი არასოდეს მადლობაც არ გითქვამთ, არც კი გესმით ჩემი. ორივეს ღმერთმა შეგვინდოს! მზად ვარ კვლავაც შეგეწიოთ, სანამ პირში სული მიდგას, ოღონდ კი შევძლო!“ – 1509-1512 წლებში მამისადმი მიწერილი წერილი

„თქვენი წერილიდან შევიტყვე, როგორ მიდის მანდ საქმე და როგორ გეპყრობათ ჯოვანი სიმონე. ათი წელია, რაც ამაზე ცუდი ამბავი არ მსმენია... რომ შემძლებოდა, წერილის მიღბისთანავე შევჯდებოდი ცხენზე, თქვენკენ გამოვეშურებოდი და ყველაფერს მოვაგვარებდი. მაგრამ არ შემიძლია და წერილსა ვწერ. თუ ხასიათი არ იცვალა, სახლიდან კიდევ ერთი ქინძისთავიც თუ წაიღო, ან სხვა თქვენი უნებური რამ ჩაიდინა, მაცნობეთ: პაპს შვებულებას ვთხოვ და მაშინვე ჩამოვალ თქვენთან“ – 1509 წლის გაზაფხულზე, მიქელანჯელოს მიერ მამისადმი მიწერილი წერილიდან

„ჯოვანი სიმონე, ნათქვამია, კარგს მადლი სიკეთეს ჰმატებს, ბოროტს კი უფრო აბოროტებსო. აი უკვე რამდენი წელია ვცდილობ კეთილი სიტყვითა და კეთილის ქცევით პატიოსან გზასა გწიო და მამასა და ჩვენთან ერთად მშვიდად გაცხოვრო. შენ კი სულ უფრო და უფრო უარესდები. კიდევ შემეძლო ბევრი რამ მეთქვა, მაგრამ ტყუილი გარჯა იქნებოდა. მხოლოდ ერთს გეტყვი და დაიხსომე, ქვეყნად არაფერი გაბადია, ცხოვრების სახსარს სამადლოდ გაძლევ, რადგან მეგონა, შენც სხვებსავით ჩემი ძმა იყავი. მაგრამ ახლა დავრწმუნდი, რომ ძმა არ ყოფილხარ და მეც მხეცსავით მოგექცევი. იცოდე, კაცი თუ ხედავს, რომ მამამისს უდიერად ეპყრობიან, მისთვის თავი უნდა გასწიროს... მაგრამ კმარა ამათზე ლაპარაკი... მითქვამს, რომ არაფერი გაგაჩნია დედამიწის ზურგზე და თუ შენზე კიდევ გავიგე რამე, ჩამოვალ და გასწავლი, როგორ უნდა სხვისი მონაგარი ქონების განიავება, ან როგორ უნდა მისცე ცეცხლს სახლი და ადგილ-მამული, რომელიც შენ არ შეგიძენია. ნახტომი შეგეშალა, ჯოვანი სიმონე. მანდ თუ მოვედი, ისეთ რამეებს გაჩვენებ, რომ სულ ცხარე ცრემლით გატირებ და გაგაგებინებ, რაზედ ამყარებ შენს სითავხედეს. თუ შეეცდები კარგად მოიქცე, გვასახელო და პატივი სცე მამაჩვენს, უწინდებურად შეგეწევი და სულ მოკლე ხანში დუქანსაც შეგძენ. მაგრამ თუ  არ გამიგონებ, მოვალ და დავთრებს ისე აგირ-დაგირევ, რომ გაგაგებინებ, ვინა ხარ და რა გაგაჩნია დედამიწის ზურგზე. ჭკუით იყავი! თორემ მოვალ და რაც სიტყვით დაგაკელი, საქმით შეგისრულებ. ორ სიტყვას კიდევ გეტყვი. აგერ უკვე თორმეტი წელია, მთელი იტალიის დასანახად მათხოვარივით ვცხოვრობ. ყოველგვარ სირცხვილსა და გაჭირვებას ვიტან, წელებზე ფეხს ვიდგამ, თავს ათას საფრთხეში ვიგდებ, რომ როგორმე ოჯახს ვუშველ. და ახლა, როცა ძლივს წელში გავიმართეთ, თავს იმით ირთობ, რომ გსურს ერთ საათში დამინგრიო ის, რის აგებასაც ამდენი დრო და ჯანი შევალიე. დალახვროს ღმერთმა, ეგ არ ეგების! რადგან მე ისეთი ზნის კაცი ვარ, რომ თუ გაჭირდა, შემიძლია ათასობით შენისთანა გავაცამტვერო. ამიტომ ჭკუით იყავ და მოთმინებიდან ნუ გამოიყვან კაცს, ვისაც უშენოდაც თავზე საყრელი საქმე და საზრუნავი აქვს“ - ძმის, ჯოვანი სიმონესადმი მიწერილი წერილი. ანრი ტოდე მას 1509 წლის გაზაფხულით ათარიღებს, მილანეზის გამოცემაში კი თარიღად 1508 წლის ივლისია მითითებული

„მე აქ ვწვალობ და წელებზე ფეხს ვიდგამ. ერთი მეგობარიც არ გამაჩნია და არცა ვნატრობ. ეს ცოტა ხანია, რაც მაძღრისად ჭამა შევიძელ. აწი ნუღა გამაწვალებთ, რადგან მოთმინების ფიალა ამევსო“ - ჯისმონდოსადმი 1509 წლის 17 ოქტომბერს მიწერილი ბარათი

„მინდა მოვკითხო შენს უმადურობას, საიდან გაგიჩნდა შენ ეგ ფული; მინდა ვიცოდე, სანტა მარია ნუოვას ბანკიდან ჩემი ორას ოცდარვა დუკატი რომ გამოიტანეთ, თუღა გახსოვთ. სხვაც რამდენი ასი დუკატი გამომიგზავნია. თქვენს სარჩენად რამდენი ჯაფა და მღელვარება გადავიტანე. მინდა ვიცოდე, ყოველივე ეს თუღა გახსოვს. ჭკუა რომ გქონდეს და ჭეშმარიტების დანახვა შეგეძლოს, აღარ იტყოდი, ჩემი ამდენი დავხარჯეო; სულთამხუთავივით თავს არ დამადგებოდი, შენი საქმეებით არ გამაბეზრებდი და ამდენ ამაგს წყალში არ გადამიყრიდი. იტყოდი, მიქელანჯელომ იცის, რასაც გვწერს და თუკი ახლა არ გვეხმარება, ალბათ რაღაც ისეთი უშლის ხელს, რაც ჩვენ არ ვიცით. სჯობს, მოვითმონოთო. როცა ცხენი რაც ძალი და ღონე აქვს, მირბის, დეზი აღარ უნდა ჰკრა, რომ ვიდრე შეუძლია, იმაზე ჩქარა ირბინოს. მაგრამ თქვენ მე არასოდეს გცნობივართ, არც ახლა მიცნობთ. ღმერთმა შეგინდოთ. სწორედ მან მომცა ძალა ამეტანა ყველაფერი, რაც თქვენს დასახმარებლად ვიტვირთე. მაგრამ თქვენ ამას მხოლოდ მაშინ იგრძნობთ, როცა მე ცოცხალი აღარ ვიქნები“ - ბუონაროტოსადმი მიწერილი ბარათი, 1513 წლის 30 ივლისი

„ძვირფასო მამავ, წუხელ ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა შინ დავბრუნდი და ვერ გიხილეთ; ახლა კი, როცა გავიგე, რომ ჩივით ჩემზე და ამბობთ, სახლიდან გამომაგდოო, უფრო მეტ განცვიფრებაში მოვდივარ. გაჩენის დღიდან დღემდე არასდროს მომსვლია აზრად თქვენი უნებური რამ ჩამედინა. რაც აქამომდე ტაჯვას ვიტან. თქვენი გულისათვის ვიტვირთე. მუდამ თქვენი ერთგული ვიყავი. ამ რამდენიმე დღის წინაც შეგპირდით, სანამ პირში სული მიდგას, არაფერს გაგიჭირვებთ-მეთქი; ახლაც ამასვე გპირდებით. გაოცებული ვარ, ასე მალე რამ დაგავიწყათ ეს. ოცდაათი წლის მანძილზე სულ მცდიდით თქვენცა და თქვენი შვილებიც და იცოდით, რომ მუდამ თქვენი კეთილის მოსურნე ვიყავი და რამდენდაც ძალა შემწევდა, გეხმარებოდით ფიქრითაც და საქმითაც. მაშ, რატომღა მიყრით ხმებს, გამომაგდოო? ნუთუ არ გესმით, რომ სახელს მიტეხთ? თითქოსდა სხვა საზრუნავი აღარ მქონდეს. ყველაფერი კი თქვენი სიყვარულის გამო ვიტვირთე. ასე მიხდით სამაგიეროს? მაგრამ დე, რაც მოსახდენია, მოხდეს! მინდა თავი დავირწმუნო, რომ მთელი ჩემი დრე და მოსწრება მართლაც გრცხვენოდით და გაწუხებდით; და პატიებასა გთხოვთ, თითქოსდა მართლაც ცუდად მოგქცეოდეთ. შემინდეტ ისე, როგორც მამა შეუნდობს ურჩ შვილს, ვინც უამრავი სატკივარი გაუჩინა. კიდევ ერთხელ გთხოვთ შენდობას მე უკეთური და ნუ მივრცელებთ ხმებს, თითქოს კარში გამომეგდეთ, რადგან ჩემი სახელი უფრო ძვირფასია ჩემთვის, ვიდრე თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ. ყველაფრის მიუხედავად მარად თქვენი ერთგული შვილი მიქელანჯელო“ - მამისადმი მიწერილი წერილი, ანრი ტოდე ამ წერილს დაახლოებით 1521 წლით ათარიღებს  

„არ ვიცი, რაღას მოითხოვთ ჩემგან. თუ ჩემი სიცოცხლე გიმძიმთ, კარგი ხერხისთვის მიგიგნიათ, რომ თავიდან მომიშორეთ და კვლავ ხელთ იგდოთ იმ სალაროთა კლიტეები, რომელთაც თქვენის აზრით მე ვდარაჯობ. სწორედაც იქცევით, რადგან უკვე მთელმა ფლორენციამ იცის, რომ უზომოდ მიდიდარი კაცი იყავით, მე კი გაგქურდეთ და ყოველგვარ სასჯელს ვიმსახურებ. ილაპარაკეთ, თქვით ჩემზე, რაც მოგესურვებათ, მაგრამ წერილს კი ნუღარ მომწერთ, რადგან მუშაობაში ხელი მეშლება. თქვენ მაიძულებტ მოგაგონოთ ყველაფერი, რაც ჩემგან მიგიღიათ ამ ოცდახუთი წლის მანძილზე. ამის დამადლებას არ ვაპირებდი, მაგრამ ბოლოს და ბოლოს, მოთმინებიდან გამომიყვანეთ. ფრთხილად იყავით. კაცი ერთხელ კვდება და მერე ძალიანაც რომ ეცადოს, ჩადენილ ცოდვათა გამოსასწორებლად ვეღარ მობრუნდება დედამიწაზე. თქვენ კი ბოროტებას სწორედ მაშინ სთესავთ, როცა სიკვდილი კარცზე გიკაკუნებთ. ღმერთი იყოს თქვენი შემწე!“ - მამისადმი მიწერილი წერილი, 1523 წლის ივნისი

რომენ როლანი - მიქელანჯელოს ცხოვრება
გამომცემლობასაბჭოთა საქართველო“, თბილისი 1973 წელი

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში