მიხეილ ჯავახიშვილი - შვიდი თავისუფლება

იმ ქვეყნებში, სადაც სახელმწიფოს თვით ხალხი განაგებს, თავის არჩეულ სანდო კაცების შემწეობით, ყოველს მცხოვრებს აქვს უფლებები, რომელთა წართმევა ან შელახვა არავის შეუძლიან. ამ უფლებებით ყველა სარგებლობს, რა ტომისა, რა ჩამომავლობისა, ან რა რჯულისაც არ უნდა იყოს, სარგებლობს მდიდარიც და ღარიბ-ღატაკიც. ამ უფლებათა თავისუფალ სარგებლობას უწოდებენ თავისუფლებას. ამისთანა თავისუფლება შვიდია. აქ ჩამოვთვლით მათ და თან განვმარტავთ, თუ რაში მდგომარეობს თვითოეული მათგანი:

I. პიროვნების ხელშეუხებლობა

ე.ი. არავის, არც მთავრობის კაცს, არც სხვას არ შეუძლია ტყუილუბრალოდ ვინმე შეურაცხყოს ან ავნოს რამე. არავის შეუძლიან დააპატიმროს ადამიანი, თუ ხელთ სასამართლოს დადგენილება არა აქვს. მოსამართლეს კი თავად ხალხი ირჩევს და ხელი არა აქვს სასამართლოს მოქმედებაში. მაგალითად, ინგლისში ამისთანა წესია: ვთქვათ, ვისმეზედ ეჭვი მიიტანეს, რომ მან ბოროტმოქმედება რამე ჩაიდინა ან დანაშაულობა რამე მიუძღვის და დააპატიმრეს. დაპატიმრებული 24 საათის (ხოლო იმ ადგილებში, საცა მსაჯული არ არის და იგი დაშორებულია), 3 დღის განმავლობაში უნდა წარუდგინონ მსაჯულს. მსაჯული გამოუცხადებს, თუ რა ბრალსა სდებენ და დაუყოვნებლივ გამოიძიებენ საქმეს. თუ აღმოჩნდა, რომ დაპატიმრებული დამნაშავეა, მაშინ მსაჯული წერილობით ბრძანებას გასცემს, რომ დამნაშავეს დაპატიმრება გაუგრძელონ, და სასამართლოში აძლევს. მსაჯულმა თავის ბრძანებაში უნდა აღნიშნოს დაპატიმრების მიზეზიც.

ხოლო თუ მსაჯულმა სცნო, რომ კაცი უსაფუძვლოდაა დაპატიმრებული, და გაათავისუფლა, პატიმარს უფლება აქვს სისხლის სამართალში მისცეს ის, ვინც მის დაპატიმრების ბრძანება გასცა, გინდ ეს დიდი მოხელეც იყოს, და აგრეთვე ისინიც, რომელთაც ეს ბრძანება აასრულეს. ნაპატიმარს შეუძლიან, აგრეთვე, მოსთხოვოს მათ იმ ზარალის ანაზღაურება, რომელიც მას უსაფუძვლო დაპატიმრებამ მიაყენა. ხალხის მოხელე ან ის პოლიციელი, რომელმაც დააპატიმრა, თავს ვერ გაიმართლებს მით რომ, მე “უფროსმა მიბრძანაო”. უმცროსი მოხელე მოვალე არ არის, აასრულოს უფროსის ბრძანება, რომელიც უსაფუძვლოდ ან უკანონოდ მიაჩნია, და თუ ამისთანა ბრძანება აასრულა, იგი პასუხს აგებს სასამართლოს წინაშე.

არცთუ ვინმეს ბინაში შესვლა, იქაურობის გაჩხრეკა და გადაქოთება შეუძლიან პოლიციას, ხელთ სასამართლოს წერილობითი ბრძანება არა აქვს, და ისიც მხოლოდ მზის ჩასვლამდის შეუძლიან. არავის შეუძლია წერილების გახსნა ფოსტაში, თუნდ უმაღლესი მოხელისაგან ჰქონდეს ნაბრძანები. ეს შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ აქვთ სასამართლოს წერილობითი ბრძანება. ამის დამრღვევი პასუხისმგებელია სასამართლოს წინაშე.

ყველას, იქნება ეს ქართველი, სომეხი, თათარი, რუსი, ფრანგი ან სხვა რაიმე ტომის ან რჯულის კაცი, თავისუფლად შეუძლია, საცა უნდა იქ წავიდეს ან დასახლდეს, რა ხელობასაც უნდა იმას მოჰკიდოს ხელი, ან სხვადასხვა ქონება შეიძინოს. ქაღალდები კი, რომელშიც კაცის გვარი, სახელი, წლოვანება და სხვაა აღნიშნული (ეგრეთ წოდებული პასპორტები), და ურომლისოდაც ჩვენში კაცი ფეხს ვერ გაადგამს, განათლებულ ქვეყნებში უცხო ხილია. ამერიკაში ყველას იარაღის ტარების უფლებაც კი აქვს.

იმ ქვეყნებში, საცა პიროვნების ნამდვილი ხელშეუხებლობაა, შეუძლებელია, რაც ჩვენში ეხლა ხდება: იქ ვერ იფარფაშებს უბრალო ჩაფარი, ყაზახი, პოლიციელი ან აფიცერი, რომელთაგან თვითეული ჩვენში ნამდვილი მეფეა და მთელ ხალხს თავის ქეიფზე ათამაშებს. გუბერნატორი იქ ვერ გამოსცემს საგანგებო წესებს, რომლის ძალითაც უბრალო დანაშაულობისათვის კაცს სიცოცხლეს უსპობენ. შეუძლებელია იქ ტყუილ-უბრალოდ საომარ დროის წესების გამოცხადება, ხალხის დახოცვა და ქუჩაში ხალხის უდიერი ჩხრეკა, ცემა-ტყეპა და ყველა ის, რაც ჩვენებურს კაცს კარგა აქვს გაცნობილი.

II. სინდისის და რწმენის თავისუფლება

ე.ი. ყველას თავისუფლად შეუძლიან თავის რწმენა, აზრი იქონიოს, თავის რჯულს მისდიოს. შეუძლია სწამდეს ღმერთი, უარჰყოს იგი, ერთი სიტყვით თავის აზრის, რწმენისა და რჯულის საქმეში არავის არ უნდა დაეკითხოს, არავის შეუძლია ძალით მოახვიოს ესა თუ ის აზრი, რწმენა და რჯული. მით უმეტეს არავის შეუძლია ამა თუ იმ აზრის, ან რჯულის გულისათვის შეაწუხოს, ან სდევნოს ვინმე. ყველა ეს სინდისის საქმეა და მისი შეზღუდვა, შევიწროება არავის შეუძლია.

III. და IV. თავისუფლება სიტყვისა და წერა-კითხვისა

ე. ი. ყველას თავისუფლად შეუძლია თავისი აზრი, რწმენა გამოსთქვას, დაწეროს ან დაბეჭდოს. ამისათვის ყველას თავისუფლად შეუძლია სტამბა იქონიოს და ჰბეჭდოს ყოველგვარი წიგნები, წიგნაკები, ჟურნალ-გაზეთები, ფურცლები და სხვა. და ყველა ამისათვის სრულიადაც არ არის საჭირო მთავრობის რაიმე ნებართვა. ამ წიგნაკებში, ჟურნალ-გაზეთებში, ფურცლებში ყველას თავისუფლად შეუძლია ანგარიში გაუწიოს ან გაჰკიცხოს მთავრობისა და მოხელეთა მოქმედება, ძალიან წარჩინებულნიც რომ იყვნენ ეს მოხელენი. დაბეჭდილ წიგნაკების, ჟურნალ-გაზეთების და ფურცლების გავრცელება და ვაჭრობა ყველას თავისუფლად შეუძლია.

აგრეთვე ყველას შეუძლია თავისუფლად ლაპარაკი კრებებზე, ყრილობებზედ. ყველას თავისუფლად შეუძლია გაჰკიცხოს და ანგარიში გაუწიოს მთავრობისა და მოხელეთა მოქმედებას და არავის შეუძლია ეს დაუშალოს.

ხოლო თუ ვინმემ ბოროტად გამოიყენა ეს თავისუფლება და ლაპარაკში ცილი დასწამა ვისმე, ჭორი გაავრცელა ან ტყუილი ცნობა მიაწოდა ხალხს, მაშინვე დამნაშავე პასუხს აგებს სასამართლოს წინაშე.

სიტყვის და წერის თავისუფლებას დიდი მნიშვნელობა აქვს და იმიტომ არის საჭირო, რომ მოხელეთა ძალმომრეობა შეიზღუდოს, თუ მსაჯული უკანონობას ჩაიდენს, მოხელე ქრთამს აიღებს ან დასჩაგრავს ვისმე, ვინ გამოესარჩლება უძლურს? თავისუფალი სიტყვა. რაკი თავისუფალი სიტყვის შემწეობით უკანონობას გაიგებენ, ხალხი ეცდება თავიდან აიშოროს და დასაჯოს ამისთანა უკანონობის ჩამდენი.

V. თავისუფლება კრებისა

ე.ი. ყოველ ადამიანს სრული უფლება აქვს, საცა უნდა და რამდენიც უნდა შეიკრიბნენ, რათა თავიანთ საქმეებზე  და სხვა და სხვა საჭირბოროტო საკითხებზე მოილაპარაკონ. ამისთვის სრულიადაც საჭირო არ არის მთავრობის რაიმე ნებართვა ან განცხადება. ხალხს შეუძლია მრავლად შეიკრიბოს და ქუჩა-ქუჩა იაროს სიმღერით, დროშებით და სხვა. არც თუ ამის დაშლა შეუძლია ვისმე, ამ კრებებზე თავისუფლად შეიძლება ლაპარაკი სხვა და სხვა საგნებზე, მთავრობის, მოხელეთა მოქმედებაზე და სხვა...

კრების თავისუფლებას დიდი მნიშვნელობა აქვს ხალხისათვის, რადგან ხალხს თვითმოქმედებას აჩვევს...

VI. კავშირგაბმულობის თავისუფლება

ე.ი. თუ რაიმე მიზნის მისაღწევად რამდენიმე კაცს შეერთება, შეკავშირება სურს, არავის შეუძლია ამის დაშლა. კავშირების შედგენა ერთობ ესაჭიროებათ მუშებს და გლეხებს. და საზოგადოდ მათ, ვინც სხვა და სხვა მეპატრონეთაგან არის დაჩაგრული და შევიწროებული. მეპატრონენი და მემამულენი ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი სისხლი გამოსწოვონ მუშებს და გლეხებს. ამიტომ მეპატრონეს ან მემამულეს სრულიად არ აწუხებს მუშისა და გლეხის გაჭირვება. ღარიბმა და მშრომელმა ხალხმა კარგად იცის, რომ მეპატრონენი და მემამულენი მათ გაჭირვებას არ უშველიან: მუშა და გლეხი შეიძლება წელებზე ფეხს იდგამდეს, სნეულდებოდეს, სიბნელით იყოს მოცული, შიშველ-ტიტველი და მშიერი დაიარებოდეს, ყველა ეს არ აწუხებს მეპატრონეთ და მემამულეთ. მუშებმა შეიგნეს, რომ თავიანთ მდგომარეობის გასაუმჯობესებლად თვითონვე უნდა იზრუნონ. და აი ამისთვის ისინი ერთმანეთს უკავშირდებიან, შეთანხმებულ მოქმედების პირობას სდებენ და კავშირს აარსებენ. ყოველი მუშა ცალცალკე მეპატრონესთან ბრძოლაში სუსტია. იგი ვერაფერს გააწყობს მასთან. მეპატრონე ადგილიდან დაითხოვს და მის მაგიერ მისვე ამხანაგს მიიღებს. ხოლო თუ მუშები პირობას დასდებენ, რომ ერთი პირი იქონიონ, ერთად იმოქმედონ, მაშინ ისინი უკვე ძალას წარმოადგენენ, იმისთანა ძალას, რომელსაც მეპატრონემ ძალაუნებურად ანგარიში უნდა გაუწიოს. მაშინ იგი ისე უდიერად ვეღარ მოეპყრობა მუშებს, რადგან იცის, რომ ერთს რომ აწყენინოს, ან ტყუილუბრალოდ დასაჯოს, მას ამხანაგები გამოესარჩლებიან. ძალაუნებურად უთმობს მუშებს და თანდათან მუშები აუმჯობესებენ თავიანთ მდგომარეობას.

გლეხებსაც სჭირიათ შეკავშირება: მემამულეებთან საბრძოლველად და მეურნეობის გასაძღოლად. მემამულეებთან საბრძოლველად გლეხები კავშირს აარსებენ და საიჯარო ქირის შემცირებას მოითხოვენ. თუ მემამულემ არ დაუთმო, მაშინ ისინი მოსამსახურეთ ჩამოართმევენ, მუშებს არ მისცემენ მიწებს დასამუშავებლად და სხვა. შეკავშირებულ გლეხებს შეუძლიათ მთლად ჩამოართვან მიწები მემამულეებს. როდესაც შეერთებულის ძალით ებრძვიან მემამულეებს, გლეხები ყოველთვის თავისას გაიყვანენ, იმიტომ, რომ ერთი პირი აქვთ, თორემ წინად ერთი რომ უარს ეტყოდა უზომო იჯარის ფასის გადახდაზე, მისსივე მეზობელი იღებდა მიწას.

გაუმჯობესებულ იარაღის, კარგი თესლის შესაძენად და ნაწარმოებ საქონლის, პურის, კვერცხების, ერბოს და სხვა გასაყიდად გლეხებს კავშირები ესაჭიროებათ. გაუმჯობესებული იარაღის და საუკეთესო თესლის შესაძენად საჭიროა დიდი ფული. ერთი გლეხი ვერ შესძლებს ყველა ამის შეძენას. საერთო ძალ-ღონით კი, საერთო ფულით, გლეხები შესძლებენ როგორც გაუმჯობესებულ იარაღის, ისე საუკეთესო თესლის შეძენას. საქონლის გასაყიდად გლეხმა საჭიროა იცოდეს, საით წაიღოს საქონელი, რამდენი დაამზადოს, - ამასაც იგი მარტოკა ვერ მოახერხებს. ამასაც ხარჯი უნდა! საზოგადო ძალ-ღონით კი მათ შეუძლიანთ გაიჩინონ საზოგადო საწყობი, საზოგადო დუქანი, იქონიონ მიწერ-მოწერა ვაჭრებთან და მყვლეფელ ჩარჩებსაც თავს დაახწევენ. ამრიგად, კავშირებს გლეხებთათვის დიდი მნიშვნელობა აქვს.

VII. გაფიცვის თავისუფლება

ე.ი. ქარხანა-ფაბრიკის, სოფლის მუშებს საზოგადო სავაჭრო, საზოგადოებრივ და საქალაქო დაწესებულებაში მოსამსახურეებს, თუ მათი გაჭირვება აუტანელი გახდა, შეუძლიანთ გაფიცვა გამოაცხადონ, ე. ი. მუშაობაზე ხელი აიღონ და ამისათვის პასუხს არ აგებენ.

თუ გაფიცვის თავისუფლება არ არის, კავშირების თავისუფლება მაშინ ფუჭი სიტყვა იქნება, და ხალხს არ მოუტანს იმ სარგებლობას, რომლის მოტანაც შეეძლო. ერთმა მუშამ მუშაობა აღკვეთოს, მეპატრონე მაშინვე დაითხოვს, მაგრამ თუ მრავალი მუშა, მთელი კავშირი სწყვეტს მუშაობას, მაშინ მეპატრონე იძულებულია დაუთმოს, რადგან თვითეული მოცდენილი დღე მას დიდ ზარალს აყენებს. ხოლო მუშების დათხოვნა არ შეუძლიან, რადგან დათხოვნილ ამხანაგების ადგილის დაჭერას არავინ იკისრებს. ამრიგად, რათა კავშირის მოქმედებას რამე ნაყოფი ჰქონდეს, საჭიროა კავშირების თავისუფლებასთანავე გაფიცვის თავისუფლებაც არსებობდეს; ხოლო თუ გაფიცვის თავისუფლება არ იქნება, მაშინ ყოველ გაფიცვაში მთავრობა ჩაერევა თავის ჯარით და პოლიციელებით და მუშებს გაფიცვას შეაწყვეტინებს, რადგან მუშები გაცილებით სუსტნი არიან, ვიდრე მეპატრონეთა და ჯარის კავშირი.

ამრიგად, ყოველ მშრომელს გაფიცვის თავისუფლება ისევე ესაჭიროება, როგორც დანარჩენი თავისუფლება.

ამრიგად, პიროვნების ხელშეუხებლობა, თავისუფლება სინდისისა და რწმენისა, სიტყვა-წერისა, კრებისა, თავისუფლება კავშირებისა და გაფიცვისა, აი, ის შვიდი უმთავრესი თავისუფლება, რომელიც უნდა ჰქონდეს ყოველ ადამიანს განურჩევლად სქესისა, სარწმუნოებისა, რჯულისა და ეროვნებისა.

გაზეთი „გლეხი”, 1906 წ., 28 ივნისი

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში