ნიკოლო კაპონი - ნიკოლო მაკიაველი


„მათ იმთავითმე ბრმებს უწოდებდნენ; შურიანი, ქედმაღალი, ხარბი ხალხი...“ - დანტე ალიგიერი ფლორენციელების შესახებ

ნიკოლო მაკიაველი აღნიშნავს ფლორენციელების საყოველთაო სიყვარულს სახელმწიფო სამსახურის მიმართ და პიესა „მანდრაგორას“ ერთ-ერთ პერსონაჟს, მესერა ნიჩას, ამ სიტყვებს ათქმევინებს: „ამ ქალაქში გვძულს ყველა, ვისაც სახელმწიფო სამსახურში დანიშვნა არ უხარია“.

როგორც ერთი ფლორენციული ანდაზა ამბობს, „სჯობს ცუდი სუნი აგდიოდეს, ვიდრე სულელად გამოჩნდე“.

„მე ღარიბი დავიბადე და გაჭირვების სიმძიმე უფრო ადრე ვიგრძენი, ვიდრე ცხოვრების სიხარული“, დაწერს მაკიაველი მოგვიანებით, დევნილობის დროს, თავის მეგობარ ფრანჩესკო ვეტორისტვის გაგზავნილ წერილში.

„მათ ვუმადლი მთელ ჩემს მოკრძალებულ კეთილშობილებას“ - მაკიაველი უხსნის თავის ვაჟს, გვიდოს, რაოდენ მნიშვნელოვანია მუსიკისა და ჰუმანიტარული დისციპლინების შესწავლა.

1517 წელს მაკიაველი ლუიჯი ალამანის შესჩიოდა, რომ ცნობილმა პოეტმა, ლუდოვიკო არიოსტომ, მისი სახელი არ მოიხსენია პოეტთა შორის „მძვინვარე ორლანდოში“: „ ისე უარმყო, თითქოს ვიღაც უგუნური ვიყო“.

ლუიჯი გვიჩარდინი, ფრანჩესკოს ძმა, ნიკოლოზე წერს: ის არის „ადამიანი, რომელიც ძნელად იჯერებს იმას, რაც წესით უნდა გჯეროდეს, და იმასაც რაც დაცინვის ღირსია“.

ძველი რომის აშკარა სიყვარულით, მაკიაველი რომაელების რწმენას ქრისტიანობას ადარებდა: „ანტიკური რელიგია წმინდანად შერაცხავდა მხოლოდ ამქვეყნიური დიდებით შემოსილ ადამიანებს - მხედართმთავრებსა და რესპუბლიკის მმართველებს. ჩვენი რელიგია კი თვინიერი და პასიურ ადამიანებს უფრო მეტად განადიდებს, ვიდრე მოქმედთ. ის უმარლეს სიკეთეს ხედავს მორჩილებასა და თვითგვემაში და არაფრად აგდებს ადამიანის ამქვეყნიურ საქმეებს; მაშინ როცა ანტიკური რელიგია უდიდეს სიკეთედ მიიჩნევდა სულის სიდიადეს, სხეულის სიმრთელეს და ყველაფერს, რაც კაცს აძლიერებს. ჩვენი რელიგია კი, თუ ჩვენგან ძალას ითხოვს, მხოლოდ იმისათვის, რომ დათმენა შევძლოთ, და არა იმისთვის, რომ მხნეობა გამოვავლინოთ. ცხოვრების ასეთმა წესმა, ვფიქრობ, სამყარო დაასუსტა და არამზადებს ჩაუგდო ხელში: მათ შეუძლიათ უშიშრად განკარგონ, რაც სურთ, რადგან ხედავენ, რომ ადამიანები, რომელთაც სამოთხეში სურთ მოხვედრა, სხვებისგან მიყენებული დარტყმების დათმენაზე უფრო ფიქრობენ, ვიდრე სამაგიეროს გადახდაზე. და თუ ახლა გვეჩვენება, რომ მთელი ქვეყანა დალაჩრდა და ზეცამ იარაღი დაყარა, ამის მიზეზი უეჭველად ჩვენი რელიგიის განმმარტებელთა საძაგელი სიმხდალეა, რომელთაც მხედველობაში ჰქონდათ მცონარეობა და არა ქველობა. თუკი ისინი გაითვალისწინებდნენ, რომ ჩვენი რელიგია გვასწავლის, ვასახელოთ და დავიცვათ სამშობლო, დაინახავდნენ, რას მოითხოვს ის ჩვენგან: გვიყვარდეს და პატივი ვცეთ სამშობლოს, და მუდამ ვემზადოთ იმისთვის, რომ საჭირო დროს მის დასაცავად დავდგეთ“.

ალამანო სალვიატიმ, რომელიც ვერ იტანდა ნიკოლოს, მაკიაველის მისწერა: „ვერ დავიწყებ მტკიცებას, რომ თქვენს სულში რწმენა არ არის, უბრალოდ, ის ალბათ ცოტა დარჩა“.

ჯულიანო დე რიჩიმ, ერთხელ შენიშნა, რომ „ყველა ნაწარმოებში ნიკოლო უაღრესად თავშეუკავებელი იყო, თან არა მარტო საერო და საეკლესიო ადამიანებზე თავდასხმით, არამედ თავისი უცნაური ჩვევითაც - ცდილობდა, ყველაფერი ბუნებრივი ან შემთხვევითი მიზეზებით აეხსნა“.

„როდესაც რუანის კარდინალმა გამომიცხადა, იტალიელებს სამხედრო საქმისა არა გაეგებათ რაო, მე მივუგე, რომ სამაგიეროდ ფრანგებს არაფერი გაეგებოდათ სახელმწიფო საქმეებისა, წინააღმდეგ შემთხვევაში, არ დაუშვებდნენ ეკლესიის ასეთ აღზევებას მეთქი“ - ნიკოლო მაკიაველი მისი ვიზიტის შესახებ საფრანგეთში, ლუი XII-ის მმართველობის პერიოდში.

„მთავარია ახლობელთა თუ ხელქვეითთაგან არავის მიაყენო მძიმე შეურაცხყოფა“ - ნიკოლო მაკიაველი, „მთავარი“

„ადამიანები უნდა გაანებივრო, ან გაანადგურო“ - ნიკოლო მაკიაველი

ნიკოლოს აზრით, შვეიცარიელების სამხედრო ოსტატობა იმით აიხსნებოდა, რომ ეს იყო „ერთადერთი ხალხი, რომელიც ახლაც ძველების მსგავსად ცხოვრობდა, როგორც რელიგიურ, ასევე სამხედრო საქმეში“.



„ძალაუფლებით დაბრმავებულები (ფრანგები), ვერაფერს ხედავენ წუთიერი სარგებლის გარდა და დარწმუნებული არიან, რომ მათ პატივისცემას მხოლოდ ის იმსახურებს, ვინც დიდ არმიას და სავსე საფულეს ფლობს. და ეს მეტად საშიშია თქვენი ბრწყინვალებისათვის (სინიორიისათვის), რადგან მათ სჯერათ, რომ (ფლორენციას) არც ერთი გააჩნია და არც მეორე. არარაობად და უმწეოდ მიგიჩნევენ და თავიანთი არმიის უდისციპლინობასა და ცრუპენტელობას თქვენი ცუდი მმართველობის შედეგად წარმოაჩენენ“- ნიკოლო მაკიაველის წერილი სინიორიას

„და ჯოჯოხეთში დაბრუნებულმა ბელფეგორმა შეიცნო ის უბედობანი, რომელიც წილად ხვდება ყველას, ვინც ქორწინებას გადაწყვეტს“ - ნიკოლო მაკიაველი, ზღაპარი ბელფეგორზე, არქიდემონზე.

„იმისათვის რომ დაიპყრო, უნდა დაიმორჩილო და დააშინო“ - ამტკიცებდა მაკიაველი ფორტუნისა და ქალის შედარებისას

„მამაკაცი, რომლის სახლში ქალი არ არის, პირუტყვივით ცხოვრობს“ - ნიკოლო მაკიაველი

„ჩეზარე ბორჯიას სასტიკ ადამიანად მიიჩნევდნენ, მაგრამ ამ სისასტიკით მან მშვიდობა და წესრიგი აღადგინა და რომანია დააშოშმინა. თუ დავფიქრდებით, ამით მან იმაზე მეტი ლმობიერება გამოავლინა, ვიდრე ფლორენციელმა ხალხმა, რომელმაც, იმის შიშით, სისასტიკე არ დაგვბრალდესო, მტერს პისტოია დაანგრევინა“ - ნიკოლო მაკიაველი ჩეზარე ბორჯიას შესახებ

„ჩვენი თანამედროვეების სისუსტეს ფესვი განათლების ნაკლებობასა და უმეცრებაში უდგას, რის გამოც ძველთა სიბრძნე დღეისათვის არაადამიანურად და სინამდვილისთვის გამოუსადეგრად გვეჩვენება“ - წერს ნიკოლო მაკიაველი „განსჯაში“

„ზეცასა და ფორტუნას ნაალერსები“ - ასე აღწერდა ბორჯიას მაკიაველი

„ქალაქის ხსნა შინაომისაგან... სამი გზით შეიძლება: დახოცო მოთავეები, როგორც ძველად იქცეოდნენ (რომაელები); განდევნო ისინი, ან აიძულო დაზავება იმ პირობით, რომ აღარ აჯანყდებიან. ამ სამი გზიდან უკანასკნელი ყველაზე სახიფათო, არასაიმედო და უსარგებლოა. მსგვასი ვითარების საუკეთესო მაგალითი პისტოიის დაპყრობაა... პირველი გზა, უდავოდ, ყველაზე უსაფრთხო იქნებოდა, მაგრამ ასეთი გადაწყვეტილებები ძლევამოსილებას და შორსმჭვრეტელობას მოითხოვს, სუსტი რესპუბლიკა კი ასეთ ნაბიჯს ვერ გადადგამს. მართლაც, მხოლოდ ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ გადაწყვეტს რესპუბლიკა მეორე გზით სიარულს“ - მაკიაველი განმარტავს პისტოიის სიტუაციას

ჩეზარე ბორჯიამ სოდერნი და მაკიაველი დატუქსა ფლორენციის გადაცდომებისათვის, მათ შორის იმ 36 ათასი დუკატის გადაუხდელობისთვის, რომელსაც ერთი წლით ადრე დაჰპირდნენ კამპიში, თან წამოიყვირა: „თქვენს ქალაქს ვძულვარ, სინამდვილეში მკვლელი ვგონივარ!“  შემდეგ კი დაძინა: „ჩვენს შორის კომპრომისი შეუძლებელია, ან მეგობრები გავხდებით, ან მტრები“.

„ადამიანები ხომ ყოველთვის გამარჯვებულებს მიუტევებენ“... „მე თქვენზე კარგად ვიცი, რა აქვს მეფეს გონებაში: ის თქვენ გიღალატებთ“ - ჩეზარე ბორჯია მიმართავს ფლორენციის ელჩებს საფრანგეთთან თავდაცვითი კავშირის შესახებ.

„ეს მმართველი მშვენიერი, დიდებული და იმდენად მებრძოლია, რომ ყოველგვარი დიდი წამოწყება მისთვის წვრილმანია. იგი არ ჩერდება, როცა სახელი ან ახალი დაპყრობები სწყურია, არც დაღლა იცის და არც შიში. მის მისვლას ადამიანები მხოლოდ მაშინ იგებენ, როცა ის უკვე მისულია. ჯარისკაცებს უყვართ და მან საუკეთესოები შეკრიბა იტალიაში; ამის წყალობით საშიშია და მარცხი არ იცის. ისიც უნდა დავამატოთ, რომ მან ფორტუნის უცვლელი კეთილგანწყობა მოიპოვა“ - ნიკოლო მაკიაველი ჩეზარე ბორჯიას შესახებ

„ჭეშმარიტი სიძულვილი, რომელსაც მისი უწმინდესობა ყოველთვის განიცდიდა ამ კაცის (ჩეზარე ბორჯიას) მიმართ, საყოველთაოდ იყო ცნობილი, და (პაპმა იულიუს II-მ) დიდხანს ვერ დაივიწყა თავისი ათწლიანი გაძევება. მაგრამ ჰერცოგს მართავდა ჭეშმარიტი თავდაჯერებულობა და რწმენა იმისა, რომ მისი სიტყვები სხვებისაზე ღირებული იყო“ - ნიკოლო მაკიაველი რომის პაპის, იულიუს II-ის არჩევის შემდეგ

„რომაელები აღიარებდნენ, რომ აჯანყებული ხალხი ან მოწყალებით უნდა აავსო, ან სრულიად გაანადგურო, და რომ ყველა სხვა გზა უდიდეს საფრთხეებს მოიცავს“ - ნიკოლო მაკიაველი

„ბორჯიას არც კი უფიქრია თავის იტალიელ მეგობრებს დაყრდნობოდა, რადგან ვენეციელებს უღირსებად მიიჩნევდა, ხოლო თქვენ ფლორენციელებს - კიდევ უფრო უღირსებად“ - ნიკოლო მაკიაველი

„ბასილისკო, რომელიც ტკბილხმოვანი სტვენით მახეში აბამს მტერს“, „მე რომ ახლა მთავარი ვიყო, ყველა ხელსაყრელ შემთხვევაში მივბაძავდი ჰერცოგის ქცევებს“
- ნიკოლო მაკიაველი ჩეზარე ბორჯიაზე

„აი, რატომაა, რომ ყველა შეიარაღებული წინასწარმეტყველი იმარჯვებდა, უიარაღონი კი იღუპებოდნენ; რადგან, ზემოთქმულის გარდა, ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ხალხის ბუნება ცვალებადია, და თუ მათი მოქცევა შენს რწმენაზე იოლია, რთულია შენარჩუნება. ამიტომ, მზად უნდა იყო, რომ ძალით აიძულო, ირწმუნოს ის, რაც სწამდა“ - ნიკოლო მაკიაველი, „მთავარი“

„ვერ ვხედავ მიზეზს, კავშირი ვეძებოთ იმპერატორთან, რომელსაც პადუის დაპყრობა არ შეუძლია, რათა შემდეგ გაორმაგებული ხარჯებით ომი განაგრძოს“ - მაკიაველი იმპერატორ მაქსიმილიან I-ის შესახებ

„იმ ღამეს, როცა პიერო სოდერნი მიიცვალა, მისი სული ჯოჯოხეთში გაფრინდა, „ყრმებთან, ლიმბუსში! - წამოიძახა პლუტონმა, - აქ ადგილი არ არის მიწიერი ბრიყვებისათვის“ - ნიკოლო მაკიაველი პიერო სოდერნის შესახებ

„კეთილგონიერ მმართველებსა და რესპუბლიკას მართებთ, დაკმაყოფილდნენ გამარჯვებით, რადგან სწორედ ასეთი კმაყოფილების ნაკლებობას მიჰყავს ისინი ყველაზე ხშირად მარცხამდე“ - ნიკოლო მაკიაველი

„მაგრამ ყველგან, ღვთის შვილებს შორის სატანის ნაშიერები იმალებიან, რომელთაც არსებობა მანამდე უწერიათ, ვიდრე „ის გაწმენდს თავის კალოს“, და ამიტომაც, სახელოვან ქალაქში (ფლორენციაში) დაიბადა ეს ეშმაკის ნაშიერი, მანკიერებაში გაწაფული, ღვთის შვილებს შორის, და იმ წიგნის დამწერი, რომელიც ყარს თვით ეშმაკის სისაძაგლით“ - კარდინალი რეჯინალდ პოული ნიკოლო მაკიაველის შესახებ

კარდინალი რეჯინალდ პოული ესაუბრა მათ, ვინც იცნობდა მაკიაველის: „ეს ფლორენციელები იმთავითვე მიპასუხებდნენ,რითიც, მათი სიტყვებით, მაკიაველი აძლევდა პასუხს, როდესაც მას ედავებოდნენ: წიგნში („მთავარი“) მან არა მხოლოდ საკუთარი მოსაზრებები გამოთქვა, არამედ იმ ადამიანის შეხედულებებიც, რომლისთვისაც წიგნი იწერებოდა. და რადგანაც მაკიაველიმ იცოდა, რომ ის (ლორენცო დე მედიჩი) ტირანული ბუნების ადამიანი იყო, ამიტომ ჩართო თხზულებაში ისეთი იდეები, რომელიც საუკეთესოდ მიესადაგებოდა ამგვარ ბუნებას. თუმცა, სხვათა თხზულებების მსგავსად, რომლებიც აღწერენ, თუ როგორ უნდა გახდეს ადამიანი მეფე ან მბრძანებელი, და საკუთარი გამოცდილების შესატყვისად (მაკიაველიმ), განსაჯა, რომ ასეთი მმართველის ხელისუფლება ხანგრძლივი არ იქნება, თუ ის მის რჩევებს გაჰყვება. მად დიდი იმედი ჰქონდა, რომ ასე მოხდებოდა, რადგან მმართველის მიმართ, ვისთვისაც წერდა, სიძულვილი ამოძრავებდა. ისევე, როგორც სხვას არაფერს მოელოდა ამ წიგნისგან, გარდა იმისა, რომ დესპოტისტვის ის დაწერა, რაც დესპოტს ეამებოდა, და რაც მის ქმედებებს სრულ კრახამდე მიიყვანდა“.

„მას მხოლოდ ერთი ჯილდო ელის - ის, რომელიც ყველას ამრუდებს, და ყოველივეს, რასაც უმზერს, ან რასაც უსმენს, - ყველაფერს წყევლის“ - ნიკოლო მაკიაველი, „მანდრაგორა“

„თუ სამართლიანად განვსჯით, პატივისცემას იმსახურებენ ნამდვილად გულუხვი ადამაინები და არა ისინი, ვისაც მხოლოდ შეუძლია, გულუხვი იყოს; სწორედ ასევე, პატივისცემის ღირსი არაა ის, ვინც სახელმწიფოს სათავეშია, არამედ ის, ვისაც მისი მართვა შეუძლია“ - ნიკოლო მაკიაველი


„მისი სახელი ყველა ქებაზე მეტია“ - წარწერა მაკიაველის აკლდამაზე სანტა-კროჩეს ეკლესიასთან, ფლორენციაში


მთარგმნელი - გიორგი დოლიძე
ქართული ბიოგრაფიული ცენტრი, თბილისი 2013წ

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში