პლუტარქე - რომულუსი


როგორც კი დააფუძნა ქალაქი, რომულუსმა უწინარეს ყოვლისა სამხედრო რაზმებად დაჰყო ყველა, ვინც ასაკით მომწიფებული იყო. ყოველ რაზმში შედიოდა სამი ათასი ქვეითი მეომარი და სამასი ცხენოსანი. ასეთ რაზმს ეწოდებოდა „ლეგიონი“, ვინაიდან მისი შედგენა არჩევით ხდებოდა.

ჭეშმარიტებას მაინც ის უფრო უახლოვდება, ვისი აზრითაც რომულუსი სათავეში მდგომთა და უძლიერესთა მოვალეობად დაბეჩავებულებზე ზრუნვასა და მათ მფარველობას თვლიდა, ხოლო მფარველობაში მყოფთ ასწავლიდა, ძლიერთა წინაშე შიში კი არ ჰქონოდათ და მათთვის მიგებული პატივის გამო კი არ განაწყენებულიყვნენ, არამედ კეთილმოსურნეობით მოჰკიდებოდნენ, ჩაეთვალათ ისინი საკუთარ მშობლებად და ყოველთვის მამებად მოეხსენიებინათ.

რომულუსმა კიდევ იმ ნიშნით გამიჯნა ძლიერნი მდაბიოთაგან, რომ პირველთ უწოდა პატრონები, რაც „მფარველთ“ აღნიშნავს, ხოლო მეორეთ დაარქვა კლიენტები, რაც, თავის მხრივ „ხელქვეითებს“ გამოხატავს. ამასთანავე, მათ ურთიერთობაში დაამკვიდრა საოცარი კეთილმოსურნეობა, რომელიც მომავალში დიდ უფლებათა და მოვალეობათა საფუძველი გახდა.

რომის ზრდას არაფერი არ უწყობდა ისე ხელს, როგორც დამარცხებულთა შემოერთება და მათი ქალაქში დამკვიდრება.

რომში არსებული ყველა ქანდაკება გამარჯვების ნიშნის მატარებელი რომულუსისა მას ქვეითად მომავალს წარმოგვიდგენს.

რომაელებიც და საბინებიც უკვე ემზადებოდნენ ბრძოლა თავიდან დაეწყოთ, მაგრამ ყველა შეაჩერა შემზარავმა, ენით აღუწერელმა სანახაობამ. სხვადასხვა მხრიდან ანაზდეულად გამოჩნდნენ რომაელთა მიერ მოტაცებული ქალები (საბინები). თითქოს ღვთაებისგან შეგონებულნი, წივილ-კივილით და გოდებით გადავიდნენ გროვად დაყრილ იარაღსა და გვამებზე და ქმრებსა და მამებს მიაშურეს. ნაწილს თმა ჩამოეშალა და ყველაზე საალერსო სახელებით ხან საბინებს და ხან რომაელებს უხმობდა. ამან ორივე მებრძოლი მხარე გატეხა, ორივემ უკან დაიხია და მებრძოლ მწკრივთა შორის ქალებს ადგილი დაუთმეს. ქალების ქვითინი და ტირილი ყველგან აღწევდა. ღრმა სიბრალულის გრძნობას იწვევდა მათი სახე და კიდევ უფრო მეტად მათი სიტყვები, რომლებიც სამართლიანი და გულახდილი საყვედურებით იწყებოდა და ხვეწნა-მუდარით მთავრდებოდა. „განა, - ამბობდნენ ქალები, - რა საშინელება ჩავიდინეთ თქვენ წინაშე, ანდა რა დაგიშავებთ ისეთი, რომ ასე დავიტანჯეთ და ახლაც ასე ულმობლად ვიტანჯებით? ძალდატანებითა და უკანონოდ მოტაცებულნი იმათაგან, რომელთაც ახლა ვეკუთვნით, დიდი ხანია დაგვივიწყეს ჩვენმა ძმებმა, მამებმა და ნათესავებმა. ამ ვითარებამ შეგვაერთა საძაგელ მტრებთან ისეთი მტკიცე კავშირით, რომ იძულებულნი ვართ იმათ გამო, რომლებმაც ძალა იხმარეს და უკანონობა ჩაიდინეს, შიშით ვკანკალებდეთ, როცა ბრძოლად მიდიან და ვიტიროთ, როცა იღუპებიან. თქვენ არ მოხვედით შურის საძიებლად მოძალადეებზე, სანამ ჩვენ ჯერ კიდევ ქალწულები ვიყავით; ახლა კი მოსულხართ და ქმრებს ცოლებს ართმევთ, ბავშვებს კი დედებს! ჩვენისთანა უბედურთათვის ეგ დახმარება თქვენს წინანდელ გულგრილობასა და ღალატზე უფრო მწარეა. აი, როგორი სიყვარული გვერგო იმათგან, აი, როგორი სიბრალული დავიმსახურეთ თქვენგან! თუ თქვენ სხვა რაიმე მიზეზის გამო იბრძოდით, ამიერიდან უნდა შეწყვიტოთ ბრძოლა: თქვენ ხომ ჩვენი წყალობით პაპები და მოყვრები გახდით. მაგრამ თუ ეს ომი ჩვენი მიზეზით არის ამტყდარი, მაშინ წაგვიყვანეთ აქედან თქვენს სიძეებთან და შვილიშვილებთან ერთად; დაგვიბრუნეთ მამები და ახლობლები; ნუ წაგვართმევთ შვილებსა და ქმრებს; ნუ გადაგვაქცევთ კვლავ ტყვეებად!“

ამბობენ, ცეცხლის თაყვანის ცემაც პირველად რომულუსმა დააწესა და ქურუმებად დანიშნა ქალწულები, რომელთაც ვესტალებს ( ვესტა - ოჯახის კერის ქალღმერთი)  ეძახიან.

რომულუსმა რამდენიმე კანონიც გამოსცა. ამათგან მკაცრი ჩანს ის კანონი, რომელიც ცოლს უკრძალავს მიატოვოს ქმარი, ხოლო ქმარს უფლებას აძლევს გააძევოს ბავშვების მოწამლვაში, საკეტების შეცვლასა ან ღალატში შემჩნეული ცოლი. თუ ქმარი სხვა რაიმე მიზეზით განუტევებს ცოლს, კანონი უბრძანებს ქონების ნაწილი ქალს მისცეს, ნაწილი კი ცერერას (მიწათმოქმედების, მოსავლიანობის ქალღმერთი) მიუძღვნას. ვინც ცოლს გაყიდის, იგი მსხვერპლად უნდა შესწირონ საიქიოს ღმერთებს. საგულისხმოა, რომ მამისმკვლელობისათვის განკერძოებული სასჯელი რომულუსს არ დაუწესებია, მაგრამ კაცის ყოველგვარ მკვლელობას მამისმკვლელობად აღიარებდა, ვინაიდან პირველს საზიზღარ დანაშაულად თვლიდა, მეორეს კი გაუგონარ რამედ. მართლაც, დიდი ხნის განმავლობაში სავსებით სწორად მიიჩნევდნენ, რომ მამისმკვლელობისათვის სასჯელი არ იყო გათვალისწინებული. საქმე ისაა, რომ თითქმის ექვსასი წლის მანძილზე არავის არ ჩაუდენია რომში ასეთი დანაშაული. მამისმკვლელობა პირველად მოხდა ჰანიბალის ომის შემდეგ და, როგორც გადმოგვცემენ, ჩაიდინა ის ლუციუს ჰოსტიუსმა.

სიქველის ღვთაებრიობის ხელაღებით სრული უარყოფა მკრეხელობა და სიმდაბლეა, მაგრამ დედამიწისა და ზეცის ერთმანეთში არევაც უგუნურებაა.

...სიქველით აღჭურვილი  სული, ბუნებისა და ღვთაებრივი სამართლის შესაბამისად, თანდათან ამაღლდება ადამიანური საწყისიდან გმირთა საფეხურამდე, გმირული საწყისიდან კი დემონთა საფეხურამდე. და ბოლოს, თუ სრულიად განიწმინდება და გასპეტაკდება, ვით საიდუმლო ზიარებაში, და მთლად განიტვირთება მოკვდავი ბუნებისა და განცდათაგან, დემონური საწყისიდან ღმერთებამდე აღმაღლდება და მიაღწევს უმშვენიერესსა და უნეტარეს მიჯნას არა სახელმწიფოს დადგენილებით, არამედ ჭეშმარიტად გონების კანონების შესაბამისად.

ამბობენ, რომულუსი ადამიანთა ხილვიდან გაქრა სიცოცხლის ორმოცდათოთხმეტი წლისა და მეფობის ოცდათვრამეტი წლის თავზეო.

პლუტარქე - რჩეული ბიოგრაფიები
გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, თბილისი 1975 წ.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში