ნიკოლო მაკიაველი - წერილები


1503 წლის 24 ნოემბერს დაწერილ ბარათში, მარიეტა (ნიკოლოს ცოლი) მაკიაველის წერს: 

„ჩემო საყვარელო ნიკოლო, ტყუილად დამცინი, რადგან კიდევ უფრო უკეთ ვიქნებოდი, გვერდით რომ მყავდე. სხვებზე კარგად იცი, როგორი ბედნიერი ვიქნებოდი, მანდენდან (რომიდან) რომ წამოხვიდოდე, განსაკუთრებით ახლა, როცა შევიტყვე ეპიდემიის შესახებ, რომელიც ქალაქში მძვინვარებს. წარმოიდგინე, როგორ გამიხარდებოდა, რადგან ვერც დღისით ვიძინებ და ვერც ღამით - ჩვენმა შვილმა მომანიჭა ეს ბედნიერება. გემუდარები, ხშირად მომწერე, რადგან აქამდე მხოლოდ სამი წერილი მივიღე. ჩემი დუმილი კი ნუ გაგაკვირვებს: არ ვბრაზობ, უბრალოდ, დღემდე შეუძლოდ ვიყავი. ბავშვი თავს კარგად გრძნობს, სულ შენ გგავს: სახე თოვლივით თეთრი აქვს, თმა - თითქოს შავი ხავერდისა, და ისეთივე აბურძგნული, როგორც შენი. ვფიქრობ, ამ მსგავსების წყალობით ჩვენი ვაჟი მშვენიერია. და ისეთი მოუსვენარია, თითქოს ერთი წლის ბავშვი იყოს. დაიბადა თუ არა, თვალები გაახილა და თავისი ყვირილით სახლი გააყრუა. მაგრამ ჩვენი გოგო ავადაა, და გთხოვ, ეცადე დაბრუნდე... გიგზავნი თბილ ქურთუკს, ორ პერანგს, ორ ცხვირსახოცსა და პირსახოცს, რომელსაც ახლა ვკერავ“.

ფრანჩესკო ვეტორი ხშირად იხსენებდა, რომ ერთხელ ერთ-ერთი მასწავლებლის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი გახდა და ვარაუდობდა, რომ მაკიაველიმაც სწორედ მსგავსი რამ განიცადა, და იმ დროიდან ინტიმურ საქმეებში თავშეკავება დაკარგა: „მავანი მამა ამტკიცებს, რომ საკუთარ ვაჟს უმწიკვლოდ ზრდის, თუმცა მის აღზრდას იმით იწყებს, რომ შვილს მასწავლებელს მიუჩენს, რომელიც მის პირმშოსთან მთელ დღეს ატარებს და შეუძლია, რასაც მოისურვებს, ის გააკეთოს. ისეთი უღირსი წიგნების წაკითხვის ნებას აძლევს, მკვდარსაც რომ წამოაყენებს. დედა ზრუნავს ვაჟიშვილზე და ისიც ყოველთვის კოხტა, სუფთა და მიმზიდველია. როცა ყმაწვილი წამოიზრდება, პირველ სართულზე ცალკე ოთახს გამოუყოფენ, ცალკე შესასვლელითა და სხვა მოხერხებული პირობებით, რათა მან იქ თავის ჭკუაზე იცხოვროს, ვინც უნდა, ის მიიწვიოს და მიიყვანოს იქ. ჩვენ ყველა ასე ვიქცევით, მაგრამ ყველაზე დიდ შეცდომას მაღალი ზნეობის ადამიანები ჩდიან. ამიტომ არაა გასაკვირი, რომ ჩვენი ახალგაზრდობა გადაგვარდა, რადგან მსგავსი საქციელი მხოლოდ ყველაზე უგუნური აღზრდის შედეგია. მე და შენ, ხანდაზმულ ასაკშიც, გარკვეულწილად ერთგული ვრჩებით სიყმაწვილეში შეძენილი ჩვევებისა, და ამასაც ვერაფერს ვერ მოვუხერხებთ“.

„ამა თვის 22 რიცხვს მივიღე თქვენი წერილი, და თუმცა ხელმოწერა ვერ გავარჩიე, ვფიქრობ, მაინც ვიცანი ხელწერა და სტილი. შეცდომის შემთხვევაშიც კი, მგონია, რომ უნდა გიპასუხოთ. თქვენ საუბრობთ საშიში მდგომარეობის შესახებ რომანიაში, ახლა, როცა ფაენცა დაკარგულია; თქვენ მიუთითებთ იმის შესახებ, რომ ვალდებული ხართ, ყურადღება დაუთმოთ საკუთარ გადაუდებელ საქმეებს, რადგან ისინი, ვისაც გადაწყვეტილების მიღება ევალებათ, უმოქმედოდ არიან; თქვენ ფიქრობთ, რომ საქმეში გარეულია რომის პაპი; თქვენ გაშფოთებთ ფრანგების მდგომარეობა; შემახსენებთ, რომ დაფიქრებული და კეთილსინდისიერი ვიყო, და ასე შემდეგ. ყველა მითითებული საქმე განხილულია ჩემ მიერ ოფიციალურ კორესპონდენციაში, და ჩემი ამომწურავი პასუხები თქვენს განკარგულებაშია, მაგრამ რადგან არ მსურს კვლავ იმედი გაგიცრუოთ, მე კვლავ გადმოგცემთ ყველა გარემოებას თქვენი მოთხოვნის თანახმად და დაგიწერთ ადგილობრივ დიალექტზე იმ შემთხვევისათვის, თუ ჩემი წერილები კანცელარიაში ლათინურად იყო დაწერილი, რაშიც მე მაინც ეჭვი მეპარება“ - ნიკოლო მაკიაველის წერილი ანიოლო ტუჩჩის

„საიდუმლოდ შეინახეთ ყოველივე, რასაც გწერთ. ამ დილით კომიტეტმა გადაწყვიტა, მთავარსარდლის კვერთხი მესერ ერკოლესათვის გადაეცა, თუმცა მას განზრახული აქვს, არ იჩქაროს გამოცხადება და მარკო ანტონიოს (კოლონას) გული მოიგოს, რათა მისი მძვინვარე რისხვა ტავიდან აიცილოს. აუცილებელია ორი საქმის შესრულება: პირველი - მესერ ჯაკოპომ (საველი) და მესერ ანიბალემ (ბენტივოლიო) უნდა გამოგზავნონ ვინმე აქ, რათა უამბონ ხალხს, რომ მთელი დიდება ერკოლეს არ ხვდა წილად: რამდენიმე დღიღ ადრე იგი წერილობით კითხულობდა, სახალხოდ გაუმართავდნენ თუ არა ზეიმს გამოჩენილი სიმამაცისთვის; მეორე - თქვენ უნდა მისწეროთ რომელიმე გავლენიან მეგობარს, რომ მარკო ანტონიო არ აპირებს შუღლის დათესვას და ჯაკოპო და ლუკა (საველი), საზოგადო აზრის მიუხედავად, მას მხარს არ დაუჭერენ, რადგან ეს ვარაუდი გადაავადებს მესერ ერკოლეს დანიშვნას. საბოლოოდ კი ვიტყვი, რომ ჯაკოპოსა და ანიბალეს პატიოსნებამ (მათ არ მიითვისეს ახლახან გამარჯვება) მესამეს (ერკოლეს) მედიდურობა შესძინა და მისი ავტორიტეტი ზეცამდე აიყვანა. თქვენ შეგიძლიათ მდგომარეობის გამოსწორება; და დახიეთ ეს წერილი“ – 1505 წლის 27 აგვისტოს მაკიაველის მიერ ჯაკომინისათვის მიწერილი რწმუნების წერილი

„მე არ დავიწყებ დავას, არის თუ არა ახლა შესაფერისი დრო იმისთვის, რომ ქვეყანამ საკუთარი სამხედრო ორგანიზაცია მიიღოს, რადგან საყოველთაოდ ცნობილია, რომ იმპერიები, სამეფოები, სამთავროები და უბრალოდ ადამიანები - უმაღლესი თანამდებობის მქონეთაგან მდაბიოებამდე - ვერ გაძლებენ ძალაუფლებისა და ძალის გარეშე, თქვენ თავადაც არ გყოფნით პირველი, მეორე კი საერთოდ არ გაგაჩნიათ. ერთადერთი გზა ორივეს მისაღწევად ისაა, რომ მიღებულ იქნეს კანონი, რომელიც არმიის მართვას და მის სათანადო მდგომარეობაში შენარჩუნებას შეძლებს. დაე, იმ ბოლო ასწლეულმა, რომელშიც ზემოაღნიშნულის გარეშე ვიცხოვრეთ, არ შეგაცდინოთ, რადგან წარსულისა და აწმყოს გააზრებით მიხვდებით, რომ საკუთარი დამოუკიდებლობის შენარჩუნება უწინდელი მეთოდებით დღეს შეუძლებელია“- ნიკოლო მაკიაველის მოხსენება მთავრობისადმი

„დაე, თქვენი უწმინდესობა ნუ დაეჭვდება ისევე, როგორც არ დაეჭვდება წმინდა სახარებაში; პაპსა და ამ მეფეს შორის ომის შემთხვევაში, ორივე მეტოქეს მომხრეების არჩევა მოუწევს, როგორი ურთიერთობაც არ უნდა გაკავშირებდეთ მათთან“ - ნიკოლო მაკიაველის წერილიდან მთავრობისადმი, 9 აგვისტო, 1510 წელი

„არ უგულებელყო და არ იცინო ჩემს გზავნილზე და ამქვეყნად არაფრის გულისათვის არავის არ მოუყვე... ერთი კვირის უკან, კანონთა მფარველის ნოტარიუსის სახლში, ორი მოწმის თანხლებით ნიღბიანი უცნობი შევიდა და კანონთმცოდნეს რაღაც დოკუმენტი გადასცა, თანაც გააფრთხილა, რომ ქაღალდის მიღებაზე უარის შემთხვევაში, სასამართლოს მიმართავდა, et cetera. დოკუმენტში ნათქვამი იყო, რომ რამდენადაც მამათქვენი, et cetera, თქვენ უმცირესი უფლებაც არა გაქვთ, იკავებდეთ მოცემულ თანამდებობას, et cetera. და მართალია სასამართლო არგუმენტები და კანონები თქვენ მხარესაა, ვითარება ისეთია, რომ ბევრი უკვე გაყვირის, საშინელი შედეგებით იმუქრებიან, თუ არაფერი შეიცვალა, et cetera, საქმემ ცუდი მიმართულება მიიღო, და ჩვენი მეტი თანადგომა და სიფრთხილე გვჭირდება. როდესაც ყველაფერი შევიტყვე ჩვენი მეგობრებისაგან, მე ყველა ღონეს ვხმარობ, დღე და ღამე ვმუშაობ, რათა ზოგიერთები დავაშოშმინო. და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დავაწყნარეთ გულღვარძლიანები, რომელნიც მართლმსაჯულების მიმხრობას ცდილობდნენ კანონის ვერაგული განმარტებით, თქვენ კვლავ ბევრი მტერი გყავთ, რომელთაც ვერაფერი შეაჩერებს. ამ საქმეზე ყველგან ლაპარაკობენ, ბორდელებშიც კი, და ჩვენ შეგვიძლია ღიად ვიმოქმედოთ და ბევრი წინააღმდეგობაც გადავლახდოთ. დამიჯერეთ, ნიკოლო: მე აქაური ჭორების ნახევარსაც კი არ გატყობინებთ, და ვიდრე კანონის დახმარების მოთხოვნა მოვახერხე, საქმე უკვე მიიღო სასამართლომ. მე ძალ-ღონეს არ ვიშურებ, ასევე პიერო დელ ნეროც, რომელსაც ყველაფერს ვატყობინებ, თუმცა ჩემს მაგალითს უკვე მიბაძეს მათ, ვისაც ჩვენი დაღუპვა არ უნდა“ - ბუონაკორსის წერილი მაკიაველისადმი

„თუ მოვლენების განსჯა იმის გამო მოგბეზრდათ, რომ ბევრი რამ ხდება განსჯისა და ჩანაფიქრის მიღმა, თქვენ მართალი ხართ - მსგავსი მეც მომსვლია. თუმცა, ჩემთვის უფრო იოლია, გითხრათ ეს, ვიდრე დავანგრიო ოცნების კოშკები, რადგან ფორტუნამ ისე ინება, რომ მე არაფერი გამეგება არც შალის და არც მაუდის წარმოებაში, არც სარგებელსა და არც ზარალში; მე მხოლოდ სახელმწიფოს შესახებ შემიძლია განსჯა, და საჭიროა, კვლავაც მის შესახებ ვისაუბრო, ან საერთოდ, გაჩუმება გადავწყვიტო“ - ნიკოლო მაკიაველის პასუხი ფრანჩესკო ვეტორის

„ვინაიდან ჩემს ოჯახთან ერთად მამულში ვიმყოფები, დონატომ თქვენი წერილები გადმომცა ბრანკაჩოს მეშვეობით. მე სათანადოდ გიპასუხეთ ჩემს პირად საქმეებთან, ტქვენს სასიყვარულო თავგადასავლებთან და სხვა ამბებთან დაკავშირებით. მაგრამ, ფლორენციაში რომ დავბრუნდი ორი დღის შემდეგ, დავივიწყე მათ შესახებ; იმის გათვალისწინებით, რაოდენ ძნელი იქნება წერილების ხელახლა გადაწერა, მე მათ მოგვიანებით გამოგიგზავნით. და ახლა გწერთ, რათა შეიტყოთ, რომ თქვენი წერილი შეუფერხებლად მოვიდა ჩემთან. მოკლედ აგიხსნით იმ მოტივებს, რომელმაც რომში ჩამოსვლის საშუალება არ მომცა, რადგან მე ის მიზეზები მაჩერებს, რომელთა ახსნასაც თქვენ ცდილობთ ახლა და რომელთაც მე თვითონ ჩავწვდი. კვლავ ვრჩები ჩემს ტილიან გლეხებს შორის, საშუალება არ მაქვს, ვიპოვო ვინმე, ვისაც ჩემი დამსახურებები ემახსოვრება და დამიჯერებს, რომ რაღაცისთვის კიდევ გამოვდგები. მაგრამ ძალა აღარ შემწევს, დიდხანს დავრჩე ასეთ მდგომარეობაში, რადგან იძულებული გავხდები, შინ დავბრუნდე და, მასწავლებელი ან ვიმე სარდლის მდივანი გავხდე, ან სადმე მივარდნილ ადგილას კითხვა ვასწავლო ბავშვებს, უკეთესი არაფერი თუ არ მოიძებნა; ოჯახს კი აქ დავტოვებ - დაე, დაღუპულად ჩამთვალონ, რაც მართლა უკეთესი იქნება, რადგან მე მხოლოდ ფლანგვას ვარ მიჩვეული და ვერც ვიშლი ამ ჩვევას, ამიტომ ჩემგან მხოლოდ ზარალია. იმისათვის არ გწერთ, რომ ჩემ გამო შეწუხდეთ ან შეშფოთდეთ. მე მხოლოდ გულს ვიოხებ, რათა მეტს აღარავის მივწერო ჩემი საშინელი მდგომარეობის შესახებ“ - ნიკოლო მაკიაველის წერილი ფრანჩესკო ვეტორის

„კარგა ხანია, აღარ ვლაპარაკობ იმას, რასაც ვფიქრობ, და არასოდეს ვფიქრობ იმას, რასაც ვლაპარაკობ, და თუ შემთხვევით სიმართლის თქმა მიხდება, ტყუილის ისეთ გროვაში ვმალავ, ვერც კი მიაგნებ“ - ნიკოლო მაკიაველი - ფრანჩესკო გვიჩარდინის

„დონატო, ხელისუფლებასი კოზიმოს (დე მედიჩის) მოსვლიდან ლორენცოს (დიდებულის) გარდაცვალებამდე, მე არ შემიძლია გადმოვცე ეს ისტორია ისე, როგორც გადმოვცემდი შეზღუდვებისგან თავისუფალი რომ ვყოფილიყავი. მოვლენებს სინამდვილე შეეფერება, ამიტომ მე არაფრის მოკლებას არ ვაპირებ და მხოლოდ ზოგადი მიზეზების განმარტებისაგან შევიკავებ თავს. ანუ, მხოლოდ და მხოლოდ იმ მოვლენებს აღვწერ, რომელიც კოზიმოს ხელისუფლებაში მოსვლას ახლდა, მაგრამ არა იმ გზებსა და მეთოდებს, რომლითაც იქნა მიღწეული ძალაუფლება. ისინი კი, ვისაც ამის გაგება სწყურია, დაე, გულისყურით ჩაუკვირდნენ სიტყვებს, რომელთაც მისი (კოზიმოს) მოწინააღმდეგეების პირით ვიტყვი, რადგან ყველაფერს, რის თქმაც მე არ მსურს, მისი მტრები იტყვიან“ - ნიკოლო მაკიაველის წერილი დონატო ჯანოტის „ფლორენციის ისტორიის“ შესახებ

„თქვენთვის ცნობილია, რამდენი შესაძლებლობა გავუშვით ხელიდან. ეს მაინც არ გამოგრჩეთ. მეტად აღარ მიენდოთ ლოდინს, ფორტუნას და დროს ნუ დაეყრდნობით, რადგან დროის სვლასთან ერთად ყოველთვის იგივე არ ხდება, და არც ფორტუნაა ყოველთვის ერთი და იგივე“ - ნიკოლო მაკიაველი - ფრანჩესკო გვიჩარდინის


ნიკოლო კაპონი - ნიკოლო მაკიაველი 
მთარგმნელი - გიორგი დოლიძე 
ქართული ბიოგრაფიული ცენტრი, თბილისი 2013წ

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში