ალპებისკენ მიმავალი ჰანიბალი ჯარს ამხნევებს

ნაწყვეტი ტიტუს ლივიუსის ნაწარმოებიდან - "ომი ჰანიბალთან"

ახლა, როცა გზის უმეტესი ნაწილი უკან მოვიტოვეთ, პირენეი გადავიარეთ, მძვინვარე ბარბაროსებს შორის გზა გავიკაფეთ, რამდენიმე ათასი გალის წინააღმდეგობა დავძლიეთ, მდინარე როდანუსი გადავლახეთ და წყლის დინების ძალა ნადირივით დავიურვეთ, ნუთუ ახლა, როცა ალპების წინაშე ვდგევართ, რომლის გადაღმა იტალიაა, ზედ მტრის კარიბჭესთან ღონემიხდილნი უნდა შევჩერდეთ? 

და განა რას წარმოადგენს ეს ალპები? ერთი მაღლი მთებია და მეტი არაფერი! იქნებ ის გაშინებთ, რომ იგი პირენეიზე მაღალია? მერე რა, იყოს მაღალი. 

არ არსებობს დედამიწის ზურგზე არც ერთი მწვერვალი, ცასაც რომ სწვდებოდეს, და ადამიანისთვის მიუდგომელი იყოს. ალპები! - იქ ხომ ადამიანები სახლობენ, მოჰყავთ პური, აძოვებენ ცხვარს! ვინ დაამტკიცებს, რომ მათი ზეკარები ჯარებისათვის ჩარაზულია? მაშ, როგორღა მოაღწიეს ჩვენამდე ამ ელჩებმა, თქვენ ხომ ხედავთ? ფრთები ხომ არ გამოისხეს! ანდა გგონიათ, მათი წინაპრები იტალიაში დაიბადნენ? არა, ისინი იტალიაში სწორედ ამ ალპებით გადავიდნენ. ჩადიოდნენ მშვიდად, დიდ-დიდ ჯგუფებად, ცოლ-შვილიანად. ჩვეულებრივი ახალმონაშენეთა მსგავსად. 

რა შეიძლება იყოს მიუდგომელი და დაუძლეველი ჯარისკაცისათვის, რომელსაც იარაღის გარდა არაფერი ამძიმებს? იმისათვის, რომ საგუნტი აგვეღო, რვა თვის ალყის მანძილზე რა გასაჭირი არ გამოვიარეთ. ახლა ჩვენი მიზანია რომი, მთელი სამყაროს დედაქალაქი და ნუთუ შევუშინდებით მსხვერპლს, ტანჯვა-წვალებას, ჯაფასა და მიზანზე უარს ვიტყვით? თავის დროზე ეს ქალაქი გალებმა აიღეს, პუნს კი მის გალავანთან მისვლის იმედიც აღარ აქვს? რა გაეწყობა, მაშ, გინდათ ვაღიაროთ, რომ ჩვენ იმ ხალხზე ლაჩარნი და სულმდაბალნი ვართ, რომლებიც არაერთხელ დავარბიეთ ამ ბოლო დღეებში!.. არ გინდათ? - მაშ, გახსოვდეთ, რომ ჩვენი გზა დასრულდება მარსის მინდორზე, ტიბრსა და რომის გალავანს შორის!       

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში