ტიტუს ლივიუსი - ომი ჰანიბალთან

როგორც ხდება ხოლმე, უმრავლესობამ უკეთესს აჯობა. 

ერთხმად ალაპარაკდნენ (ჰანიბალზე), რომ დედამიწის ზურგზე ჯერ არ დაბადებულა ისეთი ადამიანი, რომ დედამიწის ზურგზე ჯერ არ დაბადებულა ისეთი ადამიანი, რომელიც ორი ურთიერთსაწინააღმდეგო თვისებით, მეთაურისა და ხელქვეითის თვისებებით, ასე თანაბრად ყოფილოყო დაჯილდოებული; ამიტომ, ძნელი იყო იმის თქმა, ვისთვის უფრო ძვირფასი იყო ჰანიბალი - სარდლობისთვის თუ ჯარისთვის: ჰასდრუბალი, თუკი საჭირო იყო გაბედული და შეუპოვარი მოქმედება, დანარჩენებს ჰანიბალს ამჯობინებდა. მისნაირად არცერთ მეთაურს არ შეეძლო მეომრებში ნდობისა და მამაცობის შთანერგვა.

ბევრს უნახავს, როგორ გაეხვეოდა ხოლმე ჰანიბალი ჯარისკაცურ მოსასხამში და შაგუშაგოებს შორის ზედ მიწაზე გაიშხლართებოდა.

დიდ ღირსებებთან ერთად ჰანიბალს ასევე დიდი ნაკლოვანებაც ახასიათებდა: - არაადამიანური სიმკაცრე  და გაუგონარი მუხანათობა. მისთვის არ არსებობდა არავითარი ჭეშმარიტება, არავითარი სიწმინდე, სრულიად არ ჰქონდა ღმერთების შიში, არაფრად უღირდა ფიცის გატეხა.

ზოზინს ათასი შემთხვევითობა მოსდევს, ხოლო საბედისწერო შემთხვევითობას სიკვდილი.

დარხეული ხმები მუდამ ყველაფერს აზვიადებს ხოლმე.

ჰანიბალმა, რომელიც დროშების წინ მიაბიჯებდა, ლაშქარი კლდის ფართო შვერილზე გააჩერა, საიდანაც ალპების მომიჯნავე პადას ველი მოჩანდა და ჯარისკაცებს გამამხნევებელი სიტყვით მიმართა - „გახედეტ, თქვენს წინ იტალიაა, დღეს თქვენ არა მარტო მის კედლებზე ახვედით, არამედ თვით ქალაქ რომის კედლებზეც. ამიერიდან გზა სწორი და იოლი გექნებათ. ერთი, ჰა, დიდი-დიდი, ორი შეტაკება და იტალიის დედაქალაქი თქვენს განკარგულებაში აღმოჩნდება.

„ჩვენ ვესხმით თავს, თავდამსხმელი კი ყოველტვის იმაზე მხნე და მამაცია, ვინც იძულებულია, თავდასხმა მოიგერიოს. ჩვენ გასაქცევი არსად გვაქვს, ამიტომ ლაჩრობა და სულმდაბლობა მიუტევებელია. თუ ბედის სასწორი მტრისკენ გადაიხარა, მაშინ ბრძოლაში უნდა ვეძებოთ სიკვდილი და არა გაქცევაში ხსნა. თუ ყველამ გაიგო და დაიმახსოვრა ეს სიტყვები, თქვენ უკვე გამარჯვებულები ხართ, რადგან ყველაზე ბასრი და ყველაზე ძლევამოსილი იარაღი, რომელიც უკვდავ ღმერთებს ხალხისათვის მიუნიჭებია, სიკვდილის სიძულვილია“ - ჰანიბალი მიმართავს ჯარს კონსულ კორნელიუსთან შებმის წინ

ავადმყოფი კორნელიუსის სასთუმალთან მჯდარი სემპრონიუსი ამბობდა: - ჩვენი მამები მიჩვეულნი იყვნენ მტრის განადგურებას კართაგენის გალავანთან. მათ რომ დაენახათ, ორი საკონსულო არმისი სათავეში მდგარი ორი რომაელი კონსული როგორ ვცახცახებთ ჩვენსავე ბანაკში, შიგ შუაგულ იტალიაში, ხოლო პუნი პარპაშებს ალპებსა და აპენინებს შორის, მწუხარების ოხვრა აღმოხდებოდათ.

მტრის მწყობრში მხოლოდ მახვილით უნდა გაიკაფო გზა და რაც უფრო ნაკლებ ფიქრობ განსაცდელზე, მით უფრო ადვილად აიცილებ თავიდან!

ჭეშმარიტება ხშირად იჩაგრება, შეიძლება ითქვას, ძალიან ხშირადაც, სამაგიეროდ, იგი უკვდავია და, ვინც უგულვეელყოფს მოჩვენებით დიდებას, ჭეშმარიტ დიდებას მოიპოვებს.

„მართლაცდა, ღმერთები ერთ ადამიანს ყველაფრით როდი აჯილდოვებენ. შენ, ჰანიბალ, იცი გამარჯვების მოპოვება, მაგრამ გამარჯვებით საგრებლობა არ ძალგიძს!“ - მაჰარბალი მიმართავს ჰანიბალს მას შემდეგ, რაც კანეში გამარჯვების შემდეგ ჰანიბალი რომზე არ გაილაშქრებს.

„სამშობლოზე დარდი მანამ უნდა, სანამ სამშობლო გაქვს, სანამ მისი მოქალაქე გქვია, სანამ თავისუფალი ხარ“ - ტიციუს მანლიუს ტორკვატუსი

„რაც უფრო ახლოა გადამწყვეტი და დამაგვირგვინებელი გამარჯვება, მით უფრო მეტი ძალაა საჭირო მის მისაღწევად“ - ჰანიბალი

რაკი მახვილები ამოწვდილია, ვინ იტყვის, როდის შეწყდება მკვლელობა ანდა დაზარალდება თუ არა სხვისი დანაშაულისთვის უდანაშაულო ხალხი.

ბრბო ყოველთვის ასეთია: იგი ან ყურმოჭრილად მლიქვნელობს, ანდა მრისხანედ მბრძანებლობს. თავისუფლებისა კი, - მათ შორის რომ დევს - არც მიღება შეუძლია და არც სარგებლობა. ყოველთვის არიან ბოროტებისა და რისხვის მსახურნი, რომლებიც უზომოდ სისხლმოწყურებულთ სისხლის დასანთხევად აქეზებენ.

ომში ზოგჯერ ძალზე წვრილმან ამბავს ურო მნიშვნელოვან და სერიოზულ შედეგებამდე მივყავართ.

„რისიც არ გეშინია, მის წინააღდეგ სიფრთხილის არავითარ ზომებს არ ღებულობ“ - მარციუსი

რომაელებმა მტრის ცხენოსანთა ჯარის გამკლავების საშუალებას მიაგნეს - ყოველი ლეგიონიდან ამოარჩიეს ყველაზე ძლიერი, მოქნილი და მარდი ახალგაზრდა მებრძოლები, თითოეული მათგანი პატარა მრგვალ ფარებითა და ერთ მეტრზე ოდნავ გრძელი შვიდი ხელშუბით შეიაარაღეს. მათ ისწავლეს მხედრის უკან, ცხენის გავაზე ჯდომა და დათქმულ ნიშანზე სწრაფად მიწაზე გადმოხტომა. ერთხელ, როცა კამპანიელი მხედრები ქალაქის გალავანსა და მტრის ბანაკს შორის ველზე განლაგდნენ, რომაელებიც გამოვიდნენ მათ შესახვედრად, მაგრამ თითო ცხენზე ორ-ორი მხედარი იჯდა. როცა შუბის სასროლ მანძილზე მიუახლოვდნენ, ქვეითები ჩამოხტნენ ცხენებიდან და მტერს ხელშუბები დააყარეს. კამპანიელებს შორის ბევრი დაიჭრა, მაგრამ ჭრილობაზე მეტად ბრძოლის მანამდე უნახავი ხერხი აშფოთებდათ.

„რომის აღებაში პირველად საკუთარმა უგუნურებამ შემიშალა ხელი, მეორედ - განგებამ“ - ჰანიბალი

თუკი მესაჭე ან მხედართმთავარი, სულ ერთია, ვინც არ უნდა იყოს, თვითონ ცუდად ხედავს, მაგრამ სხვისი სიცოცხლისა და ქონების დაცვას კისრულობს, ეს დიდი უტიფრობაა.

„იმ ტვირთს, რომელიც გსურს ხელქვეითებს დაადგა, პირველმა შენ შეუშვირე ზურგი და მაშინ ყველანი მოგბაძავენ“ - კონსული მარკუს ვალერიუსი

„თუკი საზოგადოებრივ ინტერესებს არაფერი ემუქრება, შეგვიძლია საკუთარი ქონება არ გვაღელვებდეს. თუ საერთო საქმეს ვუღალატებთ, ამაოა საკუთარზე ზრუნვა!“ - კონსული მარკუს ვალერიუსი

მარკუს ლივიუსი კიცხავდა და ამხილებდა სენატორებს, ხოლო ისინი პასუხობდნენ, რომ მამულის სიმკაცრეს, თუნდაც უმართებულოს, უნდა შეურიგდეს იგი ისევე, როგორც ურიგდება ვაჟი მამის სიმკაცრეს.

შიში ავი თანაშემწე და მრჩეველია: იგი ყოველთვის ცუდისკენ იხრება.

„ბრძოლის ბედს მეომართა სულიერი განწყობა წყვეტს. სწორედ მეომართა სულიერ განწყობაზეა დამოკიდებული შექმნილ მდგომარეობაში საითკენ გადაიხრება ბედის სასწორი - იმედისაკენ თუ უიმედობისაკენ, ამიტომაც დაყრილ ხმებს ხშირად არავითარი ფასი არ აქვს“ - გაიუს კლავდიუს ნერონი

ესპანელებს თავისებური წესი აქვთ ბრძოლისა, სწრაფად უტევენ მტერს, ხანმოკლე შეტაკებას გამართავენ და სასწაფოდვე უკუიქცევიან, შემდეგ ხელახლა შეუტევენ. რომაელები კი ფეხმოუცვლელად იბრძვიან.

უბედურების ჟამს ჰანიბალი უფრო გასაოცარი, უფრო დიდებული იყო, ვიდრე ბედნიერების დროს. მეცამეტე წელი იყო, რაც იგი შინიდან ასე დაშორებით იბრძოდა, ხან იმარჯვებდა, ხან მარცხდებოდა, იბრძოდა არა თანამემამულეებისაგან შემდგარი  ლაშქრით, არამედ არეული, ყოველი ჯურის ბრბოსაგან, სხვადასხვა ტომის ადამიანებისგან, რომლებსაც არაფერი ჰქონდათ საერთო - არც კანონები, არც ენა, არც ზნე-ხასიათი, არც იერი, არც სამოსი, არც იარაღი, არც საღმრთო წეს-ჩვეულება, დაბოლოს, არც თვით ღმერთი! მაგრამ მან ყველანი შეკრა და შეაკავშირა, რაღაც ურღვევი კავშირით ისე, რომ არ ყოფილა განხეთქილება მეომრებს შორის, არც ამბოხება, არც თუნდაც უკმაყოფილება მთავარსარდლის მიმართ. მტრის მიწაზე კი აკი ხშირად არ ჰყოფნიდათ ფული ჯამაგირისთვის, სურსათ-სანოვაგე. სწორედ ამ მიზეზის გამო წამდაუწუმ საზიზღარი შეხლა-შემოხლა ხდებოდა ჯარისკაცებსა და მეთაურებს შორის პირველ პუნიკურ ომში.

„ახსოვდეთ ყველა დროის ყველა ხალხებს: როგორადაც არ უნდა დაამციროს ბედისწერამ რომაელი მოქალაქე, წყენა მას რომ მიაყენეს, დაუსჯელი არ დარჩება!“ - სციპიონი (აფრიკელი) ილიტურგიის კარიბჭესთან

ილიტურგიის მოქალაქეებს არავინ ამხნევებდა, არავინ მოუწოდებდა სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ებრძოლათ: საკუთარი შიში და არაწმინდა სინდისი თითოეულისთვის საუკეთესო მრჩეველი იყო.

სციპიონი (აფრიკელი) ახალ კართაგენში დაბრუნდა, რომ ღმერთებისთვის მიცემული აღთქმა აღესრულებინა და გლადიატორთა შეჯიბრებას დასწრებოდა; ...ჩვეულებრივ ცირკის არენაზე გამოდიან საგანგებო სკოლაში გაწვრთნილი მონები, ანდა ადამიანები, რომლებიც თუმცა თავისუფალნი არიან, მაგრამ თავიანთი სისხლითა და სიცოცხლით ვაჭრობენ, ამ შერკინებაში ყველა ნებაყოფლობით იღებდა მონაწილეობას და არც არავინ აჯილდოვებდათ.

„ის, რაც დასაღუპავად განწირულია, უმჯობესია მოყვრის ხელით გაჩანაგდეს, ვიდრე მტერმა წაბილწოს!“ - ქალაქ ასტაპას მმართველი

ადამიანი არასოდეს არ არის ისეთი გამომგონებელი და ენამჭევრი, როგორიც იმ წუთებში, როცა საკუთარი დანაშაულის გამო თავის გამართლება სჭირდება.

„ჯერ უნდა დაიცვა საკუთარი, ხოლო შემდეგ დაიპყრო სხვისი“ - კვინტუს ფაბიუს მაქსიმე

„ჰანიბალი რომის ხალხმა კი არა, კართაგენის სენატმა დაამარცხა თავისი შურით. იტალიის ომის უსახელო დასასრული იმდენად არ გაახარებს პუბლიუს სციპიონს, რამდენადაც ჰანონს, რომელმაც თვით კართაგენიც კი არ დაინდო, ოღონდ ძირფესვიანად დაენგრია ჰამილკარ ბარკას სახლი!“ - ჰანიბალი

„გამარჯვების იმედს მშვიდობა სჯობს, რადგან მშვიდობა შენს ხელთაა, გამარჯვება კი - ღმერთების ხელშია;  ...ვინ დაგვიდგება დღეს ხვალინდელი ბრძოლის წარმატების თავდებად“  - ჰანიბალი მიმართავს სციპიონს (აფრიკელი)

საჭირო იყო ხარკის გადახდა - ათი ათასი ტალანტის ოდენობით, რომელიც რომაელებმა დააკისრეს კართაგენელებს. ომისგან გამოფიტული სახელმწიფოსთვის ამ ხარკის გადახდა ერთობ ძნელი აღმოჩნდა. კურიაში გაისმოდა კვნესა-ტირილი, მხოლოდ ჰანიბალი იღიმებოდა. -რა გაცინებს? - დაუყვირა ვიღაცამ. - დღეს ხომ შენი წყალობით ვღვრით ცრემლებს! ჰანიბალმა უპასუხა: - „ადამიანის სულის დანახვა ისეთივე ადვილი რომ იყოს, როგორც მისი სახისა, მაშინ შენ მიხვდებოდი, რა სიცილია ეს სიცილი, - ეს სიცილია გულისა, რომელმაც მწუხარებისაგან გონი დაკარგა. თუმცა, როგორიც არ უნდა იყოს ჩემი სიცილი, იგი უფრო დროულია და მართებული, ვიდრე თქვენი საზიზღარი ცრემლები! როცა ჩვენ იარაღი წაგვართვეს, ჩვენი ხომალდები დაწვეს, ჩვენს მტრებთან ბრძოლა აგვიკრძალეს, - აი, მაშინ უნდა გეტირათ! მაგრამ, ჩვენ საერთო უბედურებას იმდენად განვიცდით, რამდენადაც იგი ჩვენს საკუთარ საქმეს შეეხება, რადგან ჩვენთვის ფულის გაღებას უფრო მწვავე ტკივილი არ არსებობს!

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში