ჯაკომო ლეოპარდი - ველური მამლის სიმღერა

ზოგიერთი იუდეველი მოძღვრისა თუ მწერლის მტკიცებით, ცასა და მიწას შუა, ანუ ნახევრად მიწაზე და ნახევრად ცაში ცხოვრობს ერთი უცნაური ველური მამალი: ფეხები მიწაზე აქვს დაყრდნობილი, ბიბილოთი და ნისკარტით კი ცის თავანს სწვდება. 

ბევრ სხვა თავისებურებასთან ერთად, რომლებშიც შეიძლება ზემოხსენებულ ავტორთა თხზულებებში ამოიკითხოთ, ამ უზარმაზარი მამლის ერთი საოცარი თვისებაა გონიერებაც; ყოველ შემთხვევაში, ვიღაცას თუთიყუშივით უსწავლებია მისთვისადამიანური მეტყველება. ამიტომაც, ერთ ძველებურ პერგამენტზე აღმოჩნდა სიმღერის ტექსტი, რომელიც დაწერილია ებრაული ასოებით და რომლის ენაც რაღაცით ენათესავება ქალდეველებისა და რაბინების, ისევე, როგორც თარგუმის, კაბალისა და თალმუდის ენას. სიმღერის სათაურია „შინ დეტანერგოლ ბარა ლეცაფრა“, რაც ნიშნავს - „ველური მამლის სიმღერა“.

მხოლოდ მას შემდეგ, რაც ათასჯერ მივმართე კითხვით რაბინებს, კაბალისტებს, იუდეველ ღვთისმეტყველთა და სჯულის მცოდნეთ, რის ვაივაგლახით შევძელი გამეგო, გამეშიფრა და ჩვენს ენაზე გადმომეღო ეს სიმღერა, როგორც ქვემოთ ვნახავთ. დღემდე ვერ გამირკვევია, დროდადრო იმეორებს ამ სიმღერას მამალი, ყოველ დილით მღერის, თუ მხოლოდ ერთხელ იმღერა თავის სიცოცხლეში; ვინ ისმენს, ან ვის მოუსმენია იგი და ზემოხსენებული ენა მშობლიური იყო მამლისთვის, თუ მისი სიმღერა რომელიღაც სხვა ენიდან არის თარგმნილი? რაც შეეხება ქვემოთ მოტანილ თარგმანს, ცდა არ დამიკლია, რომ შეძლებისდაგვარად ზუსტი გამოსულიყო (ამას ვესწრაფოდი ყველნაირი საშუალებით).

ამიტომაც ვარჩიე პროზად გადმომეღო და არა ლექსად, თუმცა თვით სიმღერის საგანი პოეტურია. არათანაბარ, ზოგჯერ კი აშკარად მაღალფარდოვან სტილს მე ნუ ჩამითვლით ნაკლად, ვინაიდან თარგმანის სტილი დედნისას ჰგავს, ხოლო დედანი, ამ მხრივ, არაფრით არ განსხვავდება აღმოსავლური ენებისა და, მით უმეტეს, აღმოსავლელი პოეტებისათვის დამახასიათებელი ფერადოვანი და კაზმული მეტყველებისგან.

ჰეი, გაიღვიძეთ მოკვდავნო! იბადება ახალი დღე, დედამიწაზე ბრუნდება ჭეშმარიტება, ფუჭი ლანდები და მოჩვენებები კი სტოვებენ მას. ადექით, რათა კვლავ მოიგდოთ მხრებზე ცხოვრების მძიმე ტვირთი, ყალბი სამყაროდან კვლავინდებურად გადმოაბიჯოთ ჭეშმარიტების სამყაროში.

ამ დროს ყველა ხელახლა უბრუნდება თავის ცხოვრებაზე ფიქრს, მთელის არსებით მიიქცევა სიცოცხლისაკენ, მეხსირებაში იწვევს თავის ზრახვებს, მიზნებს, მისწრაფებებს და გონების თვალს გადაავლებს იმ ტკბობასა თუ ტანჯვას, რასაც უქადის ახალი დღე. ახლა ყველა, უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, ცდილობს თავის თავში ჰპოვოს ნეტარი მოლოდინის განცდა და სასიამოვნო აზრები. მაგრამ ძალზე ცოტას თუ უსრულდება ეს სურვილი; ასე რომ გამოღვიძება მოლოდინს უცრუებს ყველას. უბედური გამოღვიძებისთანავე კვლავ ექცევა თავისი მწარე ხვედრის კლანჭებში.

მხოლოდ ის ძილია ტკბილი, რომელიც სიხარულითა და სასოებით არის მოგვრილი. ერთიც და მეორეც უცვლელად ინახება განთიადამდე, მაგრამ ახალი დღის მანძილზე ორივე ილევა, ქარწყლდება, ქრება.

მოკვდავთა ძილი რომ უსასრულო, ან სიცოცხლის მაგვარი იყოს, ყველა სულდგმული დღის მნათობის მოალერსე სხივებში რომ ნებივრობდეს და არსად ჩანდეს რუდუნების ნიშანწყალიც, არც ოფლისღვრა თუ ჭაპანწყვეტა, იალაღებზე არ ისმოდეს ჯოგის ბღავილი, არც ნადირის ღრიალი ტყეში, არც ფრინველების ჟივილ-ხივილი ამაოდ მოლივლივე ჰაერში, არც ფუტკრებისა თუ სხვა მწერების ბზუილი ყვავილებით მოჩითულ ველ-მინდვრებში და მყუდროებას არ არღვევდეს არც ერთი ჩქამი, ტალღის ტლაშუნის, ქარის ზუზუნისა თუ მეხის გრიალის გარდა, - სამყარო, რაღა თქმა უნდა, ფუჭი და უაზრო შეიქნებოდა, მაგრამ განა მასში უფრო ნაკლები იქნებოდა ბედნიერება, ან უფრო მეტი - უბედურება, ვიდრე ამჟამად? შენ გეკითხები, მზეო, სიფხიზლის უფალო და დღის შემომქმედო: საუკუნეების მანძილზე, რომლებიც დღევანდელ დღემდე გადაუზომავს და უკან მოუბრუნებლად გაუსტუმრებია წარსულში შენს ურიცხვ აისს თუ დაისს, უთვალავ ჩასვლას თუ ამოსვლას, ერთი ბედნიერი მაინც თუ გინახავს მოკვდავთა შორის? ადამიანთა ურიცხვ საქმეთაგან, რომელნიც დღემდე საკუთარი თვალით გიხილავს, ერთს მაინც თუ მიუღწევია მიზნისათვის, ერთს მაინც თუ მიუნიჭებია ხანგრძლივი თუ მსწრაფლწარმავალი კმაყოფილება იმ არსებისთვის, რომელმაც ის წამოიწყო და დაასრულა? თუ ხედავ, ან, საერთოდ, თუ გინახავს ბედნიერება ამ უსასრულო სამყაროში? სად, რომელ ტრამალზე ბინადრობს იგი, რომელ ტევრში, ან რომელი მთის მწვერვალზე? რომელ ხევში, რომელ ქალაქში, სოფელში, ან უდაბნოში? რომელ პლანეტაზე, იმ ურიცხვ ციურ სხეულთაგან, რომელთაც ათბობს და ანათებს შენი ცხოველმყოფელი შუქი? იქნებ შენს მზერას ემალება და მღვიმის სიღრმეს, მიწის წიაღს, ან ზღვის უფსკრულს აფარებს თავს? შენის წყალობით ცხოველური ან მცენარეული თვისებებით შემკულსა თუ მათგან განძარცვულ რომელ არსებას, რომელ სულდგმულს უძევს წილი მის ნეტარ არსში? და თვითონ შენ, მუხლმოუხრელი გოლიათივით უძილოდ და მოუსვენებლად, დღისით თუ ღამით რომ დაჰქრიხარ ერთხელ და სამუდამოდ დასაზღვრული უსასრულო გზით, მითხარი, თვითონ შენ ბედნიერი ხარ თუ უბედური?

გაიღვიძეთ, მოკვდავნო! ჯერ კიდევ სიცოცხლის ტყვეები ხართ. მოვა დრო და ვერავითარი გარეშე ძალა ვეღარ გამოგაფხიზლებთ მარადიული და უძღები ძილისაგან. ჯერჯერობით კი თქვენთან ხელი არა აქვს სიკვდილს: თქვენი ხვედრი ჯერხნობით მხოლოდ ისაა, რომ დროდადრო, სულ მცირე ხნით განიცადოთ მისი მსგავსება, რადგან სიცოცხლის შენარჩუნება შეუძლებელი იქნებოდა, ასე ხშირ-ხშირად რომ არ წყდებოდეს. დიდი ხნით არ გეღირსოს ეს ხანმოკლე და მშფოთვარე ძილი, - სასიკვდილო საფრთხეა ყოველი სულდგმულისთვის და მარადიული ძილის მიზეზი. ცხოვრება თავისას ითხოვს: ვერ გაუძლებთ, თუ დროდადრო მაინც არ მოიხსნით მხრებიდან მის მძიმე ტვირთს, სულს არ მოითქვამთ, ძალღონეს არ მოიკრებთ და არ ეზიარებით სიკვდილის ლანდსა თუ ჩრდილს.

როგორც ჩანს, ყოველი სულდგმულის არსებობას ერთადერთი მიზანი აქვს, და ეს მიზანი სიკვდილი. ის, რაც არ არსებობს, არც მოკვდება, და ამიტომ არარსებობიდან იღებს დასაბამს ყოველი არსი. შეუძლებელია ბედნიერება იყოს არსებობის საბოლოო მიზანი, რადგანაც ამ ქვეყნად არავინაა და არაფერია ბედნიერი. მართალია, ყველა სულდგმული, რა საქმესაც უნდა ჰკიდებდეს ხელს, ბედნიერებას ისახავს მიზნად, მაგრამ ვერც ერთი ვერასოდეს ვერ აღწევს მას, და მთელი სიცოცხლის მანძილზე, ტანჯვით, წამებით, ჭაპანწყვეტით, ყველა ისწრაფვის მხოლოდ ერთი, ბუნების მიერ დასახული ერთადერთი საბოლოო მიზნისკნენ, რომელსაც სახელად სიკვდილი ჰქვია.

მაგრამ, ასეა თუ ისე, ახალი დღის დასაწყისი მოკვდავთათვის უფრო ადვილი ასატანია, გაღვიძებისას ძალზე ცოტას თუ ელის რაიმე სასიკეთო და სასიხარულო, მაგრამ სული რატომღაც სავსეა სიხარულით, იქნებ იმიტომ, რომ ამ დროს ყველა მისი განცდა, ყველა მისი შეგრძნება სილაღედ და სიხალისედ გარდაიქმნება, საამისოდ უშუალო საბაბი რომც არ გააჩნდეს, ან იქნებ იმიტომაც, რომ დღის ყველა სხვა დროზე უკეთ შეუძლია აიტანოს უბედურება. ამიტომ თვით იმასაც კი, ვისი უკანასკნელი განცდაც დაძინების წინ სასოწარკვეთილება გახლდათ, გაღვიძებისას, რაგინდ უცნაური და შეუფერებელი უნდა იყოს მის დღეში მყოფი კაცისთვის, კვლავ უბრუნდება სასოება. ათასგვარი გაჭირვება და უბედურება, შიშია და ძრწოლის ათასგვარი საბაბი ამ დროს არც ისე დამთრგუნველი ჩანს, როგორც უწინ. წინა დღის შფოთი და მღელვარება მეორე დღეს ზიზღსა და ლამის სიცილსაც კი იწვევს, როგორც ცთომლიებისა და ფუჭი ფანტაზიის ნაყოფი. საღამო შეიძლება შევადაროთ სიბერეს, დილი კი, პირიქით, სიჭაბუკესა ჰგავს, რადგანაც თვითმრწმენია და ნდობით აღვსილი, საღამო კი - სიმხნევისგან განძარცვული, გულმკვნესარე და ჭმუნვით მოცული. მაგრამ სიჭაბუკე, რომელსაც ყოველ სისხამ დილით იბრუნებენ მოკვდავნი, ისევე ხანმოკლეა და მსწრაფწარმავალი, როგორც მთელი სიცოცხლის სიჭაბუკე, და მათ დღეს მალე ეპარება მწუხრი.

მაგრამ საბრალოა სიჭაბუკეც, სიცოცხლის ყველაზე სანატრელი დრო. თვით ეს მწირი სიკეთეც კი იმდენად უდღეურია, რომ ცოცხალი არსება ათასი უტყუარი ნიშნითა გრზნობს, რა სწრაფად უახლოვდება სიკვდილს; ვერც კი ასწრებს შეიცნოს თავისი ძალა, რომ ეს უკანასკნელი ხელიდან უსხლტება უკვე. მოკვდავ არსთა სიცოცხლის უმეტესი ნაწილი სხვა არა არის რა, თუ არა უწყვეტი, ჭკნობა და კვდომა. ბუნების ყოველი ქმედითობის მიზანი სიკვდილია და მისკენ სწრაფვა; ასე რომ არა, განა სიბერე ასე აშკარად დაჩრდილავდა ყველაფერს მთელს სამყაროში? ხილული სინამდვილის ყველა ნაწილი საოცარი სისწრაფით, განუწყვეტლივ მიილტვის სიკვდილისკენ. მხოლოდ სამყაროს არ ეტყობა კვდომის ნიშანწყალი, რადგან თუმცა შემოდგომითა და ზამთრობით ყველას მიხრწნილი და მომაკვდავი ეჩვენება, სამაგიეროდ, ყოველ გაზაფხულს ხელახლა უბრუნდება სინორჩე და სიკისკასე. მაგრამ, მსგავსად იმისა, როგორც მოკვდავნი ყოველი ახალი დღის დამდეგს თითქოს კვლავინდებურად იბრუნებენ გარდასულ სიჭაბუკეს, მთელი დანარჩენი დღის მანძილზე კი ბერდებიან, ჭკნებიან, ქრებიან და, ბოლოს და ბოლოს, მტვრად და ნაცრად იქცევიან, - სამყაროც, თუმცა ყოველი წლის გარიჟრაჟზე კვლავინდებურად ჯეელდება, მაგრამ მთელი დანარჩენი ხნის მანძილზე მაინც გამუდმებულ კვდომას განიცდის.

მოვა დრო და სამყარო, ისევე, როგორც მთელი ბუნება, ფერფლად იქცევა. და როგორც ოდესღაც არსებული დიადი სამეფოებისა თუ სახელმწიფოების, მათი ბრწყინვალების, მათი დიდების კვალიც აღარსად დარჩა, მთელი სამყაროც, მისი ქმნილებებიც, მათი ბედის წაღმა-უკუღმა ტრიალიც, მათი ტანჯვაც, წამებაც და უბედურებაც ასევე უკვალოდ გაქრება და გადაგვარდება, და მხოლოდ უწყვეტი დუმილის, უღრმესი სიმშვიდის სავანედ იქცევა უსასრულო სივრცეში. ამრიგად, სამყაროს არსებობის ენით უთქმელი და შემაძრწუნებელი საიდუმლო მანამდე გაქრება და განქარდება, ვიდრე მის ახსნასა და შეცნობას მოასწრებდნენ.

ჯაკომო ლეოპარდი - დიალოგები

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში