სციპიონ აფრიკელი მიმართავს ჯანყის მოთავეებსა და ამბოხებულებს

ნაწყვეტი ტიტუს ლივიუსის ნაწარმოებიდან - "ომი ჰანიბალთან"

მე ბანაკში გავიზარდე, მაგრამ ჩემს სიცოცხლეში პირველად არ ვიცი, როგორ დავიწყო ლაპარაკი ჯარისკაცების წინაშე. ისიც კი არ ვიცი, როგორ მოგმართოთ: „მოქალაქეები“ გიწოდოთ? მაგრამ თქვენ, თქვენს მშობლიურ ქალაქს უღალატეთ. „მეომრებო“- მეთქი გითხრათ? - მაგრამ თქვენ შებღალეთ ფიცის სიწმინდე. „მტრები“ დაგიძახოთ?  - მაგრამ მე რომაულ სახეებსა და რომაულ ტანსაცმელს ვხედავ... რისი იმედი გქონდათ, რა გინდოდათ? ის ხომ არა, რაც აჯანყებულ ესპანელებს სურდათ? მაგრამ ისინი ხომ მეფის გვარეულობის ბელადს გაჰყვნენ, თქვენ კი საკუთარ თავზე უმბრიელი ატრიუსი და კამპანელი ალბიუსი აბატონეთ.

მე მეგონა, რომ ახლა, როცა კართაგენელები ესპანეთიდან გაძევებულნი არიან, მთელს პროვინციაში არ მოიძებნებოდა თუნდაც ერთი კაცი, ჩემი სიკვდილი რომ ნდომებოდა - ისე ვექცეოდი არა მარტო მოკავშირეებს, არამედ მტრებსაც კი! მაგრამ რა გამოვიდა? მტრები კი არა, მოკავშირეები კი არა, თვით რომის ბანაკში ელოდებიან მოუთმენლად ჩემი სიკვდილის ცნობას! რა თქმა უნდა, ყველა არა. მე ამას არ ვფიქრობ, მე ეს არ მჯერა. რომ მჯეროდეს, ახლავე მოვკვდებოდი თქვენს თვალწინ, რადგან არ მინდა იმისთანა სიცოცხლე, რომელიც საძულველია ჩემი თანამოქალაქეებისა და ჩემი ჯარისკაცებისთვის. ხალხის უმეტესობა ზღვასა ჰგავს - ბუნებით იგი უძრავია, მაგრამ ქარი დაუბერავს თუ არა მყუდროება ორომტრიალად გადაიქცევა. დიახ, დამნაშავენი ყველაფერში ერთი მუჭა მოთავეები არიან, რომლებმაც თავიანთი უგუნურებით დაგაავადეს. მაგრამ თქვენ, მე მგონი, დღესაც კი, აი ამ წუთშიაც ვერ შეგიგნიათ, როგორი შემზარავია ეს უგუნურება - რა გაუგონარი, მძიმე დანაშაული ჩაიდინეთ თქვენ თქვენი მამულის, თქვენი მშობლებისა და თქვენი შვილების, ღმერთების წინააღმდეგ, რომლებიც თქვენი ფიცის მოწმეები არიან, თქვენი წინაპრების ზნე-ჩვეულებათა წინააღმდეგ. 

ჩემზე ნურაფერს ვიტყვით: დავუშვათ, რომ ჩემი ძალაუფლება თქვენთვის მძიმე იყო, ამაში საკვირველი არაფერია, მაგრამ რა დაგიშავათ მამულმა ისეთი, რომ გადაწყვიტეთ, გეღალატათ მისთვის და მანდონიუსს და ინდობილისს შეერთებოდით, რა დაგიშავათ რომის ხალხმა, რომლის ნება თქვენ შებღალეთ, როცა რომში არჩეული ტრიბუნები გადააყენეთ? ეს გაუგონარი ბოროტება ზეცის მრისხანებას მოასწავებს. მას ვერც მსხვერპლშეწირვით გამოისყიდი, ვერც საღვთო სამსახურით, გამოისყიდი მხოლოდ იმათი სისხლით, ვინც პასუხი უნდა აგოს.

მე ისევ და ისევ გეკითხებით თქვე: მაინც რა გინდოდათ? გსურდათ წაგერთმიათ რომის ხალხისათვის ესპანეთი მაშინ, როცა მე ცოცხალი ვარ, როცა ლაშქარი უვნებელია, რომლითაც ერთ დღეში ავიღე ახალი კართაგენი, რომლითაც გავანადგურე პუნთა ოთხი არმია? დავუშვათ, რომ თქვენ გეგონათ, ცოცხალი აღარ ვარ, მაგრამ ერთი კაცის სიკვდილმა შეიძლება დაღუპოს ღმერთების მიერ სამარადისოდ შექმნილი სახელმწიფო? გაიუს ფლამინიუსი, ემილიუს პავლე, სემპრონიუს გრაკხუსი, მარკუს მარცელუსი, ორი სციპიონი და კიდევ რამდენი დიდი მხედართმთავარი შეიწირა ამ ომმა, რომის ხალხი კი მაინც ცოცხალია და კვლავ იცოცხლებს, თუნდაც ათასობით მისი შვილი დაიღუპოს იარაღისა და სენისაგან! როცა ჩემი მამა-ბიძა დაიღუპნენ, თქვენ არ აირჩიეთ ბელადად ლუციუს სემტიმიუს მარციუსი? ახლა კი ასარჩევი არავინ გეყოლებოდათ - ჩემს ადგილს დაიჭერდა ან მარკუს სალონი, ან ჩემი ძმა ლუციუს სციპიონი, ან არადა გაიუს ლელიუსი.

მეომრებო, მართლაც, რომ უგუნურობას დაურევია თქვენი სულებისთვის ხელი, ჩემს სხეულში შემოჩენილ ავადმყოფობაზე გაცილებით ძლიერსა და სასტიკ უგუნურებას. საშიში და საზარელია იმაზე ფიქრი, რას დაუჯერეთ, რისი იმედი გქონდათ, - დე, ყველაფერი დავიწყებას მიეცეს, უკიდურეს შემთხვევაში, მდუმარებაში ჩაიძიროს. სასჯელად თქვენივე მონანიება იკმარეთ. მაგრამ რაც შეეხება ალბიუსს, ატრიუსს და სხვა მოთავეებს, ისინი მხოლოდ საკუთარი სისხლით ჩამოირეცხავენ დანაშაულს და თუკი თქვენ ბოლოს და ბოლოს ჭკუას მოუხმეთ და გონი დაგიბრუნდათ, დამნაშავეთა დასჯა თქვენთვის იქნება არა მძიმე, არამედ საამო სანახაობა, რადგან არავისთვის არ მიუყენებიათ მათ იმდენი ზიანი, რამდენიც თქვენ მოგაყენათ! 

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში