ორჰან ფამუქი - როცა ბოსფორი უკან დაიხევს (შავი წიგნი)

ნაწყვეტი ორჰან ფამუქის რომანიდან - "შავი წიგნი"

"არაფერია ცხოვრებაზე უფრო გასაოცარი, გარდა სიტყვისა", - იბნ ზერჰანი (1)

თუ შეგიმჩნევიათ, რომ ბოსფორის წყლები უკან იხევს? არა მგონია. დღესდღეობით, როცა თამაშის მონაწილე ბავშვებივით სიამოვნებითა და აღფრთოვანებით ვხოცავთ ერთმანეთს, განა ვინმე რამეს კითხულობს, ან აინტერესებს, მსოფლიოში რა ხდება? საგაზეთო წერილებსაც კი ზედაპირულად ვეცნობით – სარეისო ნავმისადგომების ჭყლეტაში, გადაჭედილ ავტობუსებში ან სამარშრუტო ტაქსებში, ასოები თვალწინ რომ გვიხტის.

მე ეს ამბავი ერთ ფრანგულ გეოლოგიურ ჟურნალში ამოვიკითხე.თურმე შავი ზღვის ტემპერატურა იმატებს, ხმელთაშუა ზღვისა კი იკლებს. ამის გამო ზღვის ფსკერი ფორმას იცვლის, წყალი ფსკერზე არსებულ უზარმაზარ ქვაბულებში ჩაედინება, ხოლო გიბრალტარის, დარდანელისა და ბოსფორის სრუტეებში წყლის დონე იმავე ტექტონური რყევების შედეგად დაბლა იწევს. ერთმა მეთევზემ (ისინი ბოსფორის პირას თითქმის აღარ შემორჩნენ) მიამბო, რომ, თუ წინათ ღუზისთვის მინარეთის სიგრძის ჯაჭვი სჭირდებოდა, ახლა ნავი მარტივად აჰყავს ნაპირზე. თან გაოცებას ვერ მალავდა, ნუთუ ჩვენს პრემიერს ეს საერთოდ არ აღელვებსო.

ვერაფერს გეტყვით. მე მხოლოდ ამ პროცესის შედეგები შემიძლია ვივარაუდო – ახლო მომავალში ბოსფორად წოდებული სამოთხე ბნელ ჭაობად იქცევა და ტალახში ამოსვრილი გალეონების ჩონჩხებით გაივსება, კბილებდაკრეჭილ მოჩვენებებს რომ ჰგვანან. ძნელი წარმოსადგენი არ არის, ცხელი ზაფხულის ბოლოს ეს წუმპე პატარა დაბაში მორაკრაკე რუსავით ალაგ-ალაგ როგორ დაშრება და ატალახდება.
მეტსაც გეტყვით, ათასობით მილიდან ჩანჩქერივით გადმოქაფებული ჩამდინარე წყლით მორწყულ ფერდობებზე ბალახი და გვირილებიც კი გაიხარებს. და სრულიად ახალი ცხოვრება დაიწყება ამ ღრმა და საზარელ ჭაობში, რომლის თავზეც ქიზქულესი(2) ქაჯების ციხესავით იქნება წამომართული.

იმ ახალ უბნებზე მოგახსენებთ, ჯარიმის ქვითრებით აქეთ-იქით მორბენალი სახელმწიფო მოხელეების თვალწინ რომ გააშენებენ ამ წუმპეში – გეჯექონდუებზე(3), ქოხმახებზე, ღამის კლუბებსა და გასართობ ადგილებზე, ატრაქციონებიან ლუნაპარკებზე, სამორინეებზე, მეჩეთებზე, დერვიშების თექეებსა(4) და მარქსისტული ორგანიზაციების განყოფილებებზე, პლასტმასის უხარისხო პროდუქციის მწარმოებელ საამქროებსა და ნეილონის წინდების საწარმოებზე... მეორედ მოსვლის ქაოსში „შირქეთი ჰაირიედან“(5) შემორჩენილი გვერდზე წაწოლილი ძველი გემების, ბოთლის საცობებისა და მედუზების ველები გაჩნდება. იმ დღეს, როცა ბოსფორი საბოლოოდ დაიხევს უკან, მეჩეჩებში გაჩხერილ ამერიკულ ტრანსატლანტიკურ ლაინერებსა და ხავსმოკიდებულ იონურ სვეტებს შორის კელტებისა და ლიკიელების პრეისტორიული ჩონჩხებიც გამოჩნდება, პირდაღებულები უცნობ ღმერთებს რომ შეჰღაღადებენ. იმის წარმოდგენაც ადვილად შემიძლია, რომ მიდიებით დაფარულ ბიზანტიურ განძს, ვერცხლისა და თუნუქის დანა-ჩანგალს, ათასწლოვან ღვინის კასრებს, მინერალური წყლის ბოთლებსა და ცხვირწაწვეტებული გალერების ნაშთებს შორის აღმოცენებული ამ ცივილიზაციის ანტიკვარული ბუხრებისა და ნათურების ასამუშავებლად საჭირო ენერგიას ჭაობში ჩაფლული საწვავით დატვირთული ძველებური რომაული ტანკერებიდან მოიპოვებენ; მაგრამ მთავარია, სრულიად ახალი დაავადების მოსალოდნელი ეპიდემიისათვის მოვემზადოთ, რომელიც სტამბოლის მუქი მწვანე ჩამდინარე წყლებით მორწყულ ამ წყეულ ორმოში პრეისტორიული სიღრმიდან ამოფრქვეულ მომწამვლელ გაზებს, დამშრალ ჭაობს, დელფინების, კამბალებისა და ხმალას ლეშებსა და იმ ვირთხების ურდოებს შორის გაჩნდება, ახალი სამოთხე რომ აღმოუჩენიათ. ვიცი და გაფრთხილებთ – ყველას შეგვძრავს ის, რაც იმ დღეს კარანტინის გამო მავთულხლართებით შემოფარგლულ ამ დაავადებულ ადგილას დატრიალდება.

მთვარის შუქზე ვერცხლისფრად მოელვარე ბოსფორის აბრეშუმივით წყლის ნაცვლად აივნებიდან მხოლოდ დაუმარხავი და ამიტომ ნაჩქარევად დამწვარი ცხედრების ცისფერ კვამლს დავინახავთ. ბოსფორისპირა კაფეების მაგიდებთან, სადაც წინათ არღავანებისა და ჯიქას სურნელით გაბრუებულები სიგრილეში რაქის შევექცეოდით, გახრწნილი გვამების მყრალი სუნი გვეცემა. მეთევზეებით სავსე სანაპიროზე წყლის დამამშვიდებელი ჩუხჩუხი და ჩიტების ჭიკჭიკი ათასწლეულების მანძილზე დაუსრულებელი ჩხრეკის შიშით წყალში გადაყრილი ნაირნაირი ხმლებით, ხანჯლებით, დაჟანგული დაშნებითა და დამბაჩებით შეიარაღებულთა შეძახილებით შეიცვლება, სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში რომ ჩაებმებიან. ოდესღაც ზღვისპირა სოფლებში მცხოვრები, სახლებისკენ მიმავალი დაღლილი სტამბოლელები საღამოობით წყალმცენარეების სურნელის შესაგრძნობად ავტობუსის ფანჯრებს აღარ გამოაღებენ; პირიქით, ლეშისა და წუმპის სუნმა არ შემოაღწიოს და ცეცხლის ალით განათებული საზარელი სიბნელე არ დავინახოთო, მუნიციპალური ავტობუსების ფანჯრებს გაზეთებისა და ქსოვილის ნაკუწებს ააკრავენ. ბუშტებისა და ჰალვის გამყიდველებით სავსე სანაპირო კაფეებს ფეიერვერკების ნაცვლად ახლა უკვე ნაღმებზე აფეთქებული ბავშვების სისხლი გააფერადებს. ლოდოსჩუები (6) პურის ფულს აბობოქრებული ზღვის სანაპიროზე ნაპოვნი ბიზანტიური მონეტებისა თუ კონსერვის ცარიელი ქილების მაგივრად სანაპირო სოფლების ხის სახლებიდან ზღვაში ნიაღვრით ჩარეცხილი ყავის საფქვავებით, ხავსმოკიდებული გუგულიანი საათებითა და მიდიების აბჯარშემორტყმული შავი როიალებით იშოვიან. ერთ ასეთ დღეს მეც შავი “კადილაკის” საპოვნელად შუაღამით მავთულხლართებიდან ამ თანამედროვე ჯოჯოხეთში შევიპარები.

ოცდაათიოდე წლის წინ, როცა ჯერ კიდევ დამწყები ჟურნალისტი გახლდით, ერთი ბეიოღლუელი ყაჩაღის (ენა არ მიტრიალდება, მას განგსტერი ვუწოდო) თავგადასავლებს ყურადღებით ვადევნებდი თვალს; განსაკუთრებით მისი “ბუნაგის” შესასვლელში არსებული სტამბოლის ორი ხედი აღმაფრთოვანებდა. შავი “კადილაკი” მისი მთავარი სიამაყე იყო. იმდროინდელ სტამბოლში კიდევ ორი ასეთი მანქანა არსებობდა: ერთი სარკინიგზო მაგნატს, დაღდელენს, ეკუთვნოდა, მეორე კი – თამბაქოს მეფეს, მარუფს. ეს ჩვენი ყაჩაღი, რომლის უკანასკნელ საათებს საგაზეთო რუბრიკებში ერთი კვირის განმავლობაში აღვწერდით და რომელიც, ფაქტობრივად, ჩვენ, ჟურნალისტებმა ვაქციეთ ლეგენდად, ერთ ღამეს პოლიციამ შეაწუხა. მანაც არც აცია, არც აცხელა და შეყვარებულთან ერთად აქინთი ბურნუდან (7) თავის “კადილაკიანად” ბოსფორში გადაეშვა. ერთნი ამბობდნენ, ნარკოტიკით იყო გაბრუებულიო, მეორეთა მტკიცებით კი ასე შეგნებულად მოიქცა – ძველ ყაჩაღებს მიბაძა, თავიანთ ბედაურებს უფსკრულისკენ გამიზნულად რომ მიაგელვებდნენ. დაახლოებით ვხვდები, სად შეიძლება მივაგნო ამ შავ “კადილაკს”, რომელსაც მყვინთავები მის პატრონთან ერთად რამდენიმე დღის განმავლობაში უშედეგოდ ეძებდნენ და რომელიც ჟურნალისტებსაცა და მკითხველსაც მალე მიავიწყდათ.

“კადილაკი” იქ დამხვდება, ამ ახალი დაბლობის სიღრმეში, წინათ ბოსფორი რომ ერქვა, ტალახით სავსე უფსკრულის ფსკერზე, სადაც რას არ ნახავ – შვიდასწლიან ფეხსაცმელში ჩაბუდებულ კიბორჩხალებს, ცალ-ცალ ჩექმას და აქლემის ძვლებს, უცნობი შეყვარებულისათვის მიწერილი სასიყვარულო წერილებით სავსე ბოთლებს; ან სადმე, მიდიებისა და ღრუბელების ტყეებით დაფარული იმ ფერდობის უკან, სადაც ალმასებს, საყურეებს, ბოთლების თავსახურებსა და ოქროს სამაჯურებს გაუდის ბრჭყვიალი; ანაც ძეხვის უკანონო მწარმოებლების მიერ დაკლული ცხენებისა და ვირების სისხლით მორწყული, ხამანწკებითა და ლოკოკინებით სავსე იმ ქვიშნარის ოდნავ მოშორებით, სადაც დამპალ-დაჟანგული კარჭაპის ჩონჩხში ჰეროინის დამამზადებელი ლაბორატორია სახელდახელოდ მოუწყვიათ.

ხმაურიანი მოასფალტებული ტრასიდან, ძველად “სანაპიროს” რომ ეძახდნენ, ახლა კი მთიან გზას მოგაგონებთ, მანქანის საძებნელად ლეშის სუნით აყროლებულ მდუმარე სიბნელეში ჩავალ, მომხრჩვალი და ტომრებში ჩატენილი შეთქმულებისა და საკუთარ ჯვრებსა და კვერთხებზე გამობმული მართლმადიდებელი მღვდლების გვამებს წავაწყდები. აქვე ვნახავ ინგლისურ წყალქვეშა ნავს, “გიულჯემალი” რომ უნდა ჩაეძირა თოფჰანეს (8) ნავმისადგომიდან ჩანაქალეში ჯარისკაცების გადაყვანისას, მაგრამ მას შემდეგ, რაც ნავის ვინტი ბადეში გაიხლართა, ცხვირით კი ხავსმოკიდებულ კლდეს შეეჯახა, ზღვის ფსკერზე თვითონ აღმოჩნდა. საკვამურად გამოყენებული პერისკოპი მიმახვედრებს, რომ ნავი უჟანგბადობისაგან გარდაცვლილი მეზღვაურების პირდაღებული გვამებისგან გაუწმენდავთ; ჩვენი თანამემამულეები კაპიტნის ხავერდგადაკრულ სავარძლებში მოკალათებულან და ჩინური ფაიფურის ფინჯნებით ჩაის მიირთმევენ, ლივერპულის სახელოსნოებში დამზადებულ ახალ ანტურაჟს შესანიშნავად შესჩვევიან. სიბნელეში, ცოტა მოშორებით, კაიზერ ვილჰელმის ჯავშნოსნის დაჟანგული ღუზა ეგდება; მიდიებით დაფარული ტელევიზორის ეკრანი თვალს ჩამიკრავს; კიდევ გენუიდან გატაცებული საგანძურის ნაშთსაც ვნახავ, ტალახით ლულაამოტენილ ზარბაზანს, ზოგი გამქრალი სახელმწიფოსა და ხალხის კედლის ნახატებსა და კერპებს, მათ გვერდით კი – ბრინჯაოს ამოყირავებულ გადამწვარ ჭაღს. უფრო ღრმად თუ ჩავალ, მონების ჩონჩხებს წავაწყდები, მოთმინებით რომ სხედან ნიჩბებს მიჯაჭვულები და ვარსკვლავებს შესცქერიან. აი, წყალმცენარეების ტოტებზე ჩამოკიდებული ყელსაბამი. შესაძლოა, სათვალე და ქოლგები ვერ შევამჩნიო, მაგრამ მთელი თავიანთი აღჭურვილობით ჯერ კიდევ ცხენებზე ჯიუტად ამხედრებულ ჯვაროსნებს წამით ცნობისმოყვარეობითა და შიშით მივაშტერდები; და მაშინ მივხვდები, რომ ჯვაროსანთა ჩონჩხები იქვე მდგომ შავ “კადილაკს” სდარაჯობენ.

უცნაური ფოსფორისებრი შუქით ოდნავ განათებულ შავ “კადილაკს” შეშინებული ნელ-ნელა, მოკრძალებით მივუახლოვდები, თითქოს მის ჯვაროსან მცველებს ნებართვას ვთხოვდე. კარის გაღებას ვეცდები, მაგრამ მიდიებითა და ზღვის ზღარბებით დაფარული ავტომობილი გზას გადამიღობავს; მის ჩაჭედილ, მომწვანო ფანჯრებს ძვრას ვერ ვუზამ. მაშინ ჯიბიდან კალამს ამოვიღებ და მანქანის მინებზე აკრული მწვანე ხავსის ფენის აფხეკას დავიწყებ.

შუაღამისას, ამ საზარელ და მოჯადოებულ სიბნელეში ასანთს რომ ავანთებ, ჯვაროსანთა აბჯრების მსგავსად მოციმციმე საჭის, მონიკელებული მრიცხველის, ისრებისა და საათების ცივ შუქზე დავინახავ ყაჩაღისა და სამკაულებით მორთული მისი შეყვარებულის ჩონჩხებს – წინა სავარძელზე ჩახუტებულან და ერთმანეთს კოცნიან. მარტო ერთმანეთში გაჩხერილი ყბის ძვლები კი არა, მათი თავის ქალებიც სამუდამო ამბორით შერწყმია ერთმანეთს.

ასანთს აღარ ავანთებ. განათებული ქალაქისკენ გამოვტრიალდები, უკან-უკან წავალ. ეს უბედნიერესი გზაა უბედურების მომენტში სიკვდილთან შეხვედრისა. მაშინ შორეულ შეყვარებულს შევეხმიანები მწარედ: ჩემო საყვარელო, ლამაზო, სევდიანო! როცა უბედურება გარდუვალი იქნება, მოდი ჩემთან, სადაც უნდა იყო: გინდ სიგარეტით გაბუღულ ოფისში, გინდ სარეცხისა და ხახვის სუნით გაჟღენთილ სამზარეულოში, გინდ არეულ-დარეულ ლურჯ საძინებელში... სადაც უნდა იყო, დროა, მოდი ჩემთან! დროა, მოახლოებული საზარელი უბედურების დასავიწყებლად ნახევრად ჩაბნელებულ ოთახში ფარდები გადავწიოთ, სიჩუმეში მთელი ძალით ერთმანეთს ჩავეხუტოთ და სიკვდილს დაველოდოთ.

1 ავტორის მიერ გამოგონილი პიროვნება
2 "ქალწულის კოშკი" (თურქ.); კოშკი ბოსფორის პატარა კუნძულზე სტამბოლის აზიურ ნაწილში; ქალაქის ერთ-ერთი სიმბოლო
3 ქალაქის გარეუბნებში ერთ ღამეში არალეგალურად აშენებული საცხოვრებელი ბარაკები
4 დერვიშთა სავანე
5 სააქციო საზოგადოება, რომლის გემებმაც პირველებმა დაიწყეს ბოსფორზე სარეისო მიმოსვლა
6 ლოდოსი – სამხრეთის ქარი; ლოდოსჩუ – ადამიანი, რომელიც ამ ქარის შემდეგ სანაპიროზე დახვავებულ ნაგავში სხვადასხვა ნივთს პოულობს და ყიდის.
7 ზღვაში შეჭრილი მაღლობი სტამბოლის არნავუთქოის უბანში
8 სტამბოლის ზღვისპირა უბანი

თურქულიდან თარგმნა - ნანა ჯანაშიამ

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში