ჰანონის სიტყვით გამოსვლა კართაგენის სენატში

ნაწყვეტი ტიტუს ლივიუსის ნაწარმოებიდან - "ომი ჰანიბალთან"

ჰანონი სიტყვით გამოდის კართაგენის სენატში, ჰანიბალის ქალაქ საგუნტზე ალყა აქვს შემორტყმული 

მე თქვენ გაფრთხილებდით, ჰამილკარის შვილი ჯარებს არ გააკაროთ-მეთქი. არც იმ იმ კაცის სულს, იქ, საიქიოში და არც მის ცოცხალ ნაშიერთ არ ძალუძთ მშვიდი ცხოვრება. ვიდრე იქნება ბარკას სახსენებელი და იარსებებს თუნდაც ერთი წვეთი მისი სისხლი, რომაელებთან მშვიდობიანობა არ გვიწერია მეთქი. მაგრამ თქვენ ყური არ დამიგდეთ, თვითონ გააღვივეთ ცეცხლი, თვითონვე გააჩაღეთ ის ხანძარი, ახლა რომ გიზგიზებს. თქვენმა მეომრებმა დაარღვიეს ხელშეკრულებმა, რომელიც მათ საგუნტთან მიახლოებას უკრძალავდა და ქალაქს ალყა შემოარტყეს. მაგრამ მალე რომის ლეგიონები ალყას შემოარტყამენ კართაგენს იმავე ღმერთების შემწეობით, რომლებმაც წარსულ ომში (I პუნიკური ომი) უშველეს მათ, შური ეძიათ შეურაცხყოფისა და ხელშეკრულების ფეხქვეშ გათელვისთვის! გაიხსენეთ ყოველივე, რაც გადაიტანეთ ხმელეთსა და ზღვაზე, იმ ომის ოცდასამი წლის განმავლობაში, მაშინ ხომ სარდალი ეს ლაწირაკი  (ჰანიბალი) კი არა, ჰამილკარი იყო - „მეორე მარსი“, როგორც მეგობრები იხსენიებენ. მაშასადამე, ღმერთებმა გაიმარჯვეს ადამიანებზე და ტვით ომის დასასრულმა მიუკერძოებელ მოსამართლისდაგვარად გადაწყვიტა დავა შეტაკების მოთავეთა და ხელშეკრულების დამრღვევთა საწინააღმდეგოდ - გამარჯვება იმათ არგუნა, ვის მხარეზეც სიმართლე იყო.

დამიჯერეთ, საგუნტის გალავანთან კი არა, ჩვენს საკუთარ გალავანთან მოიტანა ჰანიბალმა საალყო იარაღები, მისი ტარანის დარტყმა ჩვენს გალავანს არყევს და საგუნტის ნამსხვრევები ჩვენ გვაცვივა თავზე, რადგან საგუნტელების წინააღმდეგ დაწყებული ომი რომაელთა წინააღმდეგ უნდა გავაგრძელოთ.

„მაშ, გავცეთ ჰანიბალი?“ - შემეკითხებით. - ვიცი, რომ ჩემს რჩევას არ მიიღებთ, მაგრამ, რასაც ვფიქრობ, ყოველივეს გეტყვით. ის არათუ უნდა გავცეთ ხელშეკრულების ასე თავხედურად დარღვევისთვის, არამედ, რომც არავინ მოითხოვოს, ქვეყნის დასალიერს, ცხრა მთას იქით უნდა გადავკარგოთ, რათა ბაიბური არ ისმოდეს, რათა ვეღარასოდეს დაარღვიოს ჩვენი სახელმწიფოს სიმშვიდე!

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში