ანატოლ ფრანსი - პინგვინთა კუნძული

ადამიანთა პირველი წიგნები ქვები იყო.

ვინც ზუსტად იცავს ბუნების კანონებს, ღვთიურ ჭეშმარიტებას ეზიარება. 

ქალი ეშმაკურად მოწყობილი ხაფანგია: როგორც კი სუნს იკრავ, მაშინვე გაებმები. რას იზამ?!...

რაც უფრო ნაკლებად აკმაყოფილებ, მით უფრო მძაფრია სურვილი.

ადამიანური გამჭრიახობის უარყოფა უფლის ცდუნებას ნიშნავს. 

სამწუხაროდ, ყველაზე წმინდა პირებსაც კი მოიცავთ ხოლმე ხანდახან წყვდიადი და განგაში.

პინგვინებს არ ეშინოდათ ადამიანების, რადგან არ იცნობდნენ და არც დაუნდობლობა ენახათ მათი.

წარმოსახვა კრებს და ადარებს, იგი არაფერს ქმნის.

სამოსთან ერთად, ზნეობრივ კანონებს შეიზენენ, რაც ფუჭ გაბღენძილობას, მდაბალ ფარისევლობასა და უსარგებლო სისასტიკეს წარმოშობს.

შეუცნობელი სურვილი ყოველგვარ ოცნებებსა და ილუზიებს წარმოშობს.

მოკრძალება ქალს აშაკრად უძლეველ მიმზიდველობას ანიჭებს.

ადამიანი ხომ თავისი არსით წინდახედული და ამყოლია. ასეთია მისი ბუნება. მას თავისი თავიც ვერ წარმოუდგენია საკუთრების გარეშე.

ძალა საკუთრების ერთადერთი და დიდებული საყრდენია.

უდავო მხოლოდ ერთია - ყველა ჭამს და ყველა სვამს.

ობრეროზას სიყვარული აბეზარი სრულიადაც არ გახლდათ, რადგან მხოლოდ კრაკენისთვის არ იყო განკუთვნილი.

რა დაბნეული და გულგრილიც უნდა იყოს ადამიანი გარემომცველი საგნების მიმართ, მის გავლენას მაინც განიცდის.

შიშის გამო სიამოვნების უარყოფა და სიტკბოებისაგან გაქცევა ბუნების ყველაზე ბილწ შეურაცხყოფად მეჩვენებოდა.

მდაბიონი ადვილად იჯერებენ ურჩხულთა არსებობას.

სიახლეთა შეფასება მკვდების საქმე არ გახლავთ.

მიცვალებულებს მხოლოდ ის არსებობა აქვთ, რასაც ცოცხლები მიაწერენ.

ყოველი ერის ცხოვრება სიღატაკის, დანაშაულისა და შეშლილობის მონაცვლეობა გახლავთ.

დიდება არასდროს არ ჯდება ძვირი.

პინგვინთა დემოკრატია თვითდინებას არ გაჰყოლია; იგი ემორჩილებოდა ფინანსურ ოლიგარქიას, რომელიც გაზეთების მეშვეობით საზოგადოებრივ აზრს ქმნიდა, დეპუტატებს, მინისტრებსა და პრეზიდენტს ქედს ახრევინებდა და რესპუბლიკის ფინანსებსა და საშინაო პოლიტიკას თვითმპყრობლურად განაგებდა.

იმ ხალხს, რომელსაც არც მრეწველობა აქვს, არც ვაჭრობა, ომები არ სჭირდება; მაგრამ საქმიანი ერი იძულებულია დაპყრობის პოლიტიკას მიმართოს. ომების რაოდენობა ჩვენს მრეწველობასთან ერთად იზრდება. თუ ინდუსტრიის რომელიმე დარგი პროდუქციის გასაღებას ვეღარ შეძლებს, ომმა უნდა მოუპოვოს ახალი ბაზარი.

თუ სიმდიდრე და ცივილიზაცია იმდენივე საომარ მიზეზს შობს, რამდენსაც სიღატაკე და ველურობა, თუ ადამიანის სიგიჟე და ბოროტება განუკურნავია, მხოლოდ ერთი კეთილი საქმის გაკეთება შეიძლება. ბრძენი დინამიტს შეაგროვებდა და ჩვენს პლანეტას ააფეთქებდა; და როცა იგი სივრცეში ნაწილებად გაიფანტება, სამყარო მცირეოდენ გაუმჯობესდება. ამით დაკმაყოფილდება მსოფლიო სინდისი, რომელიც, სხვათა შორის არც არსებობს.

ყოველგვარი რეჟიმი უკმაყოფილებას წარმოშობს.

მღვდელთა და ბერთა სოლიდარობა მართლაც ასეთია; ერთის საქციელი დანარჩენებსაც თანამზრახველობაში სდებს ბრალს. ამაშია მათი ძალაცა და სისუსტეც.

ადამიანისთვის ბუნებრივია ცხოვრების პირობებზე წუწუნი.

ბრიყვები შეუდარებლად ტყუიან.

სიფრთხილე არაფერს აკლებს ენერგიას.

დემოკრატიულ ქვეყნებში მხოლოდ ქონებაა წმინდა მოვლენა.

როცა სულ არაფერი იცი, ეჭვი ვერ წამოიშლება, რადგან დაეჭვებას მოტივი სჭირდება. უმიზეზოდ დაეჭვება შეუძლებელი გახლავთ, დაჯერება კი შეიძლება.

გამეორება უმეტესობისათვის დასაბუთებას ნიშნავს.

რაც სურთ, იმას ყოველთვის იჯერებენ. ბოლოს და ბოლოს დაეჭვების ნიჭი იშვიათი მოვლენაა და გონებაც იშვიათად ატარებს ამ ჩანასახს, რომელსაც აღზრდა და განვითარება სჭირდება. დაეჭვების ნიჭი განსაკუთრებული, საუცხოო, ფილოსოფიური, ამორალური, ამაღლებული, საზარელი და ეშმაკი თვისებაა; ადამიანთათვის და ქონებისათვის იგი მავნეა, პოლიციას და სახელმწიფოს კეთილდღეობისთვის მტრული, კაცობრიობისთვის დამღუპველი, ღმერთებისათვის დამარბეველი და ზეცისა და მიწისათვის საძულველი.

ზეშთაგონება, რასაც ფარული მიზეზები ქმნის, მისტიკურ ხასიათსა და რელიგიური ჭეშმარიტების ხელშეუხებლობას იძენს.

სამხილად ყალბი საბუთები უფრო ვარგისია, ვიდრე ნამდვილი. ჯერ ერთი, შეკვეთითაა დამზადებული, როგორც საქმეს სჭირდება, ამიტომ სწორი და ზუსტია. ამასთანავე გონება იდეალურ სამყაროში გადაჰყავს და აშორებს რეალობას, რომელსაც ამ ცხოვრებაში ცუდი მინარევებიც გააჩნია...

დღეს, ისევე როგორც ძველად, მხოლოდ ძალმომრეობით შეიძლება რამეს მიაღწიო. ეს ქმედითი იარაღია; მხოლოდ მისი გამოყენება უნდა იცოდე.

ქალიშვილის ვალდებულება, მეუღლეს უმანკო ჩაბარდეს, იმ დროიდან მოდის, როცა ახლად მომწიფებულ ქალწულებს ათხოვებდნენ. სასაცილო იქნება ქალიშვილს, რომელიც ოცდახუთი ან ოცდაათი წლისა თხოვდება, იგივე ვალდებულება დაეკისროთ.

საიდუმლო ყოველგვარი საზოგადოების არსებობის აუცილებელი პირობა გახლავთ.

სახელმწიფო საქმეთა დაწესებულებაში სიგიჟის ან ბოდვის შემჩნევა გაცილებით ძნელია.

ეჭვიანობა დემოკრატიული ქვეყნების სათნოება გახლავთ და მას ტირანებისაგან იცავს.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში