პავლე მოციქულის წერილი რომაელთა მიმართ

თავი 1 

მოკითხვა რომაელებს

1. პავლე, იესო ქრისტეს მონა, მოწოდებული მოციქული, ამორჩეული ღვთის სახარებისათვის,
2. რომელიც წინასწარ აღთქმული ჰქონდა თავის წინასწარმეტყველთა მიერ წმიდა წერილებში,
3. თავის ძეზე, რომელიც დავითის თესლისგან იშვა ხორციელად,
4. განწესებულზე ღვთის ძედ ძალაში სიწმიდის სულით, მკვდრეთით აღდგომისათვის, ჩვენს უფალ იესო ქრისტეზე,
5. რომლის მეოხებითაც მივიღეთ მადლი და მოციქულობა, რათა მისი სახელით დავუმორჩილოთ სარწმუნოებას ყველა ხალხი,
6. რომელთა შორის ხართ თქვენც, იესო ქრისტეს მიერ წოდებულნი;
7. ყველას, ვინც რომში იმყოფებით, ღვთის საყვარლებს, მოწოდებულ წმიდებს: მადლი თქვენ და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისაგან და უფალ იესო ქრისტესაგან.

სურვილი რომში მისვლისა

8. პირველად ჩემს ღმერთს ვმადლობ იესო ქრისტეს მეოხებით ყველა თქვენგანისათვის, რადგან თქვენი რწმენა იხარება მთელ წუთისოფელში.
9. ჩემი მოწმეა ღმერთი, რომელსაც ჩემი სულით ვემსახურები მისი ძის სახარებით, რომ განუწყვეტლივ გიხსენებთ თქვენ.
10. მუდამ ვევედრები ჩემს ლოცვებში, რომ ოდესმე გავბედნიერდე ღვთის ნებით თქვენთან მოსვლით,
11. ვინაიდან ძალიან მსურს თქვენი ნახვა, რათა გიწილადოთ სულიერი ნიჭი თქვენს განსამტკიცებლად.
12. ესე იგი, თქვენთან ერთად ვინუგეშო ერთიანი რწმენით, რომელიც თქვენიც არის და ჩემიც.
13. მინდა იცოდეთ ძმებო, რომ მრავალჯერ განმიზრახავს თქვენთან მოსვლა, – მაგრამ აქამდე ვბრკოლდებოდი, – რათა თქვენშიც მქონოდა რაიმე ნაყოფი, როგორც დანარჩენ წარმართებში.
14. ბერძენთა და ბარბაროსთა, ბრძენთა და უგუნურთა მოვალე ვარ.
15. ამიტომ, რაც მე მეხება, მზად ვარ გახაროთ თქვენც, რომში მყოფთ.

სახარება არის ძალა ღვთისა 

16. ვინაიდან მე არ მრცხვენია სახარებისა, რადგან ღვთის ძალაა იგი ყოველი მორწმუნის სახსნელად ჯერ იუდეველისა და მერე წარმართისაც.
17. მასში ცხადდება ღვთის სიმართლე რწმენიდან რწმენაში, როგორც წერია: „მართალი იცოცხლებს რწმენით“.

ღვთის რისხვა უწმიდურ ადამიანებზე 

18. ვინაიდან ცხადდება ზეციდან ღვთის რისხვა ადამიანთა ყოველგვარ უღმერთობასა და უსამართლობაზე, უსამართლობით რომ აბრკოლებენ ჭეშმარიტებას.
19. იმიტომ, რომ ცხადია მათთვის, რაც ღმერთზე შეიძლება იცოდნენ, ვინაიდან ღმერთმა განუცხადა მათ.
20. ვინაიდან მისი უხილავი, მისი მარადიული ძალა და ღვთაება წუთისოფლის დასაბამიდან ქმნილებათა ხილვით შეიცნობა. ასე, რომ მათ პატიება არა აქვს.
21. რადგან შეიცნეს ღმერთი და არ ადიდეს, როგორც ღმერთი, არც მადლობდნენ, არამედ ამაო გახდა მათი გონიერება და დაუბნელდათ უმეცარი გული.
22. თავიანთ თავს ბრძენთ უწოდებენ და გამოსულელდნენ.
23. და უხრწნადი ღვთის დიდება გაცვალეს ხრწნადი ადამიანის, ფრინველთა, ოთხფეხთა და ქვეწარმავალთა ხატების მსგავსებაში.
24. ამიტომ გადასცა ისინი ღმერთმა უწმიდურებას მათი გულისთქმებით. რათა თავად შეებილწათ თავიანთი სხეულები.
25. რომელთაც ღვთის ჭეშმარიტება შეცვალეს სიცრუით, თაყვანს სცემდნენ და ემსახურებოდნენ ქმნილებას, ნაცვლად შემოქმედისა, რომელიც კურთხეულია უკუნისამდე. ამინ.
26. ამიტომ გადასცა ისინი ღმერთმა სამარცხვინო ვნებებს, რადგან მათმა ქალებმაც კი ბუნებრივი წესი შეცვალეს ბუნების საწინააღმდეგოთი.
27. ასევე მამაკაცებმაც მიატოვეს ქალის ბუნებრივი წესი და გახურდნენ ავხორცობით ერთიმეორის მიმართ. მამაკაცი მამაკაცთან სჩადიოდა სამარცხვინოს, და მიიღეს საკადრისი საზღაური თავიანთი ცდუნებისათვის.
28. და რაკი არ ცდილობდნენ ცოდნით ჰყოლოდათ ღმერთი, ღმერთმა ისინი გადასცა უკუღმართ გონებას დაუწესებლის საკეთებლად.
29. აღვსილნი არიან ყოველგვარი უსამართლობით, ბოროტებით, ანგარებითა და სიავით, სავსენი შურით, მკვლელობით, შუღლით, ვერაგობით, უზნეობითა და მაბეზღრობით.
30. ცილისმწამებელნი, ღვთის მოძულენი, შეურაცხმყოფელნი, ამპარტავანნი, მკვეხარნი, ბოროტგამზრახველნი, მშობლების ურჩნი,
31. უგუნურნი, ვერაგნი, მიუნდობელნი, უყვარულნი და ულმობელნი.
32. იციან მათ ღვთის სამართალი, რომ ამის მოქმედნი სიკვდილს იმსახურებენ, მაგრამ არა მარტო აკეთებენ ამას, არამედ გამკეთებელსაც კვერს უკრავენ.

თავი 2 

ღმერთთან არ არის მიკერძოება 

1. ამიტომ თავს ვერ გაიმართლებ შენ, ადამიანო, ყოვლის განმკითხველო, რადგან რის გამოც სხვას განიკითხავ, შენს თავს სდებ მსჯავრს, ვინაიდან სხვისა განმკითხველი იმასვე სჩადიხარ.
2. ჩვენ კი ვიცით, რომ ჭეშმარიტების მიხედვით არის ღვთის სამსჯავრო ამის ჩამდენთათვის.
3. შენ კი, ადამიანო, რომელიც განიკითხავ ამის ჩამდენთ და თვითონ იმასვე აკეთებ, ნუთუ გგონია თავი დააღწიო ღვთის სამსჯავროს?
4. თუ უგულებელყოფ მისი სახიერების, თავშეკავებისა და სულგრძელობის სიმდიდრეს და ვერ შეგიგნია, რომ ღვთის სახიერებას მონანიებისკენ მიჰყავხარ?
5. ხოლო შენი სიჯიუტით და მოუნანიებელი გულით შენ თვითონვე იხვეჭ რისხვას ღვთის რისხვის, და მისი მართლმსაჯულების გამოცხადების დღეს,
6. რომელიც ყოველს თავისი საქმეების მიხედვით მიუზღავს:
7. მათ, ვინც კეთილი საქმის გამუდმებული კეთებით ეძებს დიდებას, პატივსა და უხრწნელობას – საუკუნო სიცოცხლეს;
8. ხოლო მათ, ვინც ჯიუტობს და ჭეშმარიტებას კი არ ემორჩილება, არამედ უსამართლობას – რისხვასა და გულისწყრომას.
9. ჭირი და შევიწროება ყოველი ადამიანის სულზე, ვინც ბოროტს სჩადის – იუდეველს ჯერ, და ბერძენსაც.
10. ხოლო დიდება, პატივი და მშვიდობა ყოველს, სიკეთის ჩამდენს – იუდეველს ჯერ, და ბერძენსაც.
11. რადგან ღმერთთან არ არსებობს მიკერძოება.
12. ისინი, ვინც რჯულის გარეშე შესცოდეს, რჯულის გარეშე დაიღუპებიან. ხოლო ისინი, ვინც რჯულით შესცოდეს, რჯულით განიკითხებიან.
13. იმიტომ, რომ რჯულის მსმენელნი კი არ არიან მართალნი ღმერთთან, არამედ რჯულის შემსრულებელნი გამართლდებიან,
14. ვინაიდან, როცა წარმართნი, რომელთაც რჯული არ გააჩნიათ, ბუნებით რჯულისმიერს აკეთებენ, თუმცა რჯული არა აქვთ, თავიანთი თავის რჯული არიან.
15. ისინი აჩვენებენ, რომ რჯულის საქმე გულებში უწერიათ, რასაც მოწმობს მათი სინდისი და აზრები, ხან ბრალს რომ სდებენ ერთიმეორეს და ხან ამართლებენ, –
16. იმ დღეს, როცა ჩემი სახარების მიხედვით, ღმერთი განიკითხავს ადამიანთა დაფარულ ფიქრებს იესო ქრისტეთი.

იუდეველები დანაშაულით სახელს უტეხენ ღმერთს 

17. აჰა, შენ გქვია იუდეველი და დანდობილი ხარ რჯულზე და იკვეხნი ღმერთით,
18. იცი მისი ნება, არჩევ უკეთესს, ვინაიდან რჯულიდან გისწავლია.
19. და დარწმუნებული ხარ, რომ ბრმების მეგზური და ნათელი ხარ ბნელში მყოფთათვის.
20. უგუნურთა დამრიგებელი და ჩვილთა მოძღვარი, და გაქვს ცოდნისა და ჭეშმარიტების სახება რჯულში.
21. როგორაა, სხვებს რომ ასწავლი და საკუთარ თავს კი არ ასწავლი!
22. ჰქადაგებ: არ მოიპაროო, და იპარავ! ამბობ: არ იმრუშოო, და მრუშობ! კერპები გეზიზღება და მაინც მკრეხელობ!
23. რჯულით იკვეხნი და რჯულის დარღვევით ღმერთს შეურაცხყოფ.
24. რადგან თქვენი გულისათვის, როგორც წერია, ღვთის სახელი იგმობა წარმართებში.
25. ვინაიდან წინადაცვეთა სასარგებლოა, თუ რჯულს აღასრულებ; ხოლო თუ რჯულის დამრღვევი ხარ, შენი წინადაცვეთა წინადაუცვეთლობად იქცა.
26. მაშ, თუ წინადაუცვეთელი იცავს რჯულის წესებს, განა მისი წინადაუცვეთლობა წინადაცვეთად არ ჩაითვლება?
27. ბუნებით წინადაუცვეთელი, მაგრამ რჯულის დამცველი, განგიკითხავს შენ, შენი წერილითა და წინადაცვეთით რჯულის დამრღვევს.
28. ვინაიდან იუდეველი ის კი არ არის, ვინც გარეგნულადაა ასე, და არც წინადაცვეთილობაა ის, რაც გარეგნულადაა ხორცზე.
29. არამედ იუდეველია ის, ვინც დაფარულად არის, და წინადაცვეთილობაა ის, რაც გულით არის, სულში და არა ასოში. ვისი ქებაც კაცთაგან კი არა, ღვთისგანაა.

თავი 3 

იუდეველთა უპირატესობა 

1. აბა, რა არის იუდეველის უპირატესობა ან წინადაცვეთილობის სარგებლობა?
2. დიდია უპირატესობა ყოველნაირად, პირველ ყოვლისა: მათ აქვთ მინდობილი ღვთის სიტყვები.
3. თორემ რაა? თუ ზოგიერთებს არ სწამდა, განა მათი ურწმუნოება გააბათილებს ღვთის სარწმუნოებას?
4. არამც და არამც! ღმერთია ჭეშმარიტი და ყოველი ადამიანი – ცრუ, როგორც სწერია: „რათა გამართლდე შენს სიტყვებში, გაიმარჯვო შენი განკითხვისას“.
5. ხოლო თუ ჩვენი უსამართლობა გამოაჩენს ღვთის სიმართლეს, რაღა გვეთქმის? განა უსამართლოა ღმერთი, რომელიც მოავლენს რისხვას? ვლაპარაკობ ადამიანურად.
6. არამც და არამც! სხვაგვარად, როგორღა განიკითხოს ღმერთმა წუთისოფელი?
7. ვინაიდან, თუ ჩემი სიცრუით გამრავლდა მის სადიდებლად ღვთის ჭეშმარიტება, რაღად განვიკითხო როგორც ცოდვილი?
8. მაშ, ხომ არ ვაკეთოთ ბოროტი, რათა კეთილი გამოვიდეს? როგორც ზოგიერთები ავსიტყვაობენ ჩვენზე და ამბობენ, თითქოს ასე ვასწავლიდეთ? სამართლიანია განკითხვა ასეთებზე.
9. მაშ, რა? გვაქვს განა უპირატესობა? არავითარი, რადგან უკვე განვსაჯეთ, რომ იუდეველებიც და ბერძნებიც ცოდვის ქვეშ არიან.
არავინაა მართალი
10. როგორც წერია: „არავინ არის მართალი.
11. არავინ არის გონიერი, არავინ ეძებს ღმერთს.
12. ყველანი გზას ასცდნენ, აღარავინ გამოდგება. არ არის სიკეთის მქნელი, არ არის არავინ.
13. მათი ხორხი ღია სამარეა. ენებით ცრუობენ. მათ ბაგეებზე ასპიტის გესლია.
14. მათი პირი წყევლით და გესლით არის სავსე.
15. მათი ფეხები სწრაფია სისხლის დასაღვრელად.
16. ნგრევა და უბედურებაა მათ გზებზე
17. და მშვიდობის გზა არ იციან.
18. ღვთის შიში არ არის მათ თვალწინ“.
19. ხოლო ჩვენ ვიცით, რომ, რასაც რჯული ამბობს, რჯულის ქვეშ მყოფთათვის ამბობს, რათა დაიხშოს ყოველი ბაგე და მთელი წუთისოფელი ბრალდებული გახდეს ღვთის წინაშე.
20. იმიტომ, რომ რჯულის საქმეებით ვერავითარი ხორციელი ვერ გამართლდება მის წინაშე, ვინაიდან რჯულით შეიცნობა ცოდვა.



იუდეველთა და წარმართთა გამართლება 

21. ხოლო ახლა, რჯულისგან დამოუკიდებლად გამოჩნდა ღვთის სიმართლე, რომელსაც მოწმობენ რჯული და წინასწარმეტყველნი.
22. ღვთის სიმართლე კი – იესო ქრისტეს რწმენით ყველა მორწმუნესადმი, ყველამ შესცოდა და მოკლებულნი არიან ღვთის დიდებას.
23. ვინაიდან ყველამ შესცოდა და მოკლებულნი არიან ღვთის დიდებას.
24. და უსასყიდლოდ მართლდებიან მისი მადლით, ქრისტე იესოში გამოსყიდვით,
25. რომელიც წინდაწინ დააყენა ღმერთმა შენდობის მსხვერპლად რწმენის მეშვეობით, მისსავე სისხლში, რათა უწინ ჩადენილ ცოდვათა მიტევების მეოხებით გამოჩენილიყო მისი სიმართლე, ღვთის სულგრძელობაში.
26. რომ ამჟამად გამომზეურებულიყო მისი სიმართლე, რათა იგი იყოს მართალი და იესოს მორწმუნეთა გამმართლებელი.
27. სადღაა დასაკვეხნი? აღარ არსებობს. რომელი რჯულით? საქმეთა რჯულით? არა. არამედ რწმენის რჯულით.
28. რადგან მიგვაჩნია, რომ რწმენით მართლდება კაცი, რჯულის საქმეთაგან დამოუკიდებლად.
29. განა ღმერთი მარტო იუდეველთა ღმერთია, განა წარმართებისაც არა? დიახ, წარმართებისაც არის.
30. ვინაიდან ერთია ღმერთი, რომელიც ამართლებს წინადაცვეთილებს რწმენის გამო და წინადაუცვეთელებს – რწმენით.
31. მაშ, ჩვენ რწმენით ვაბათილებთ რჯულს? არამც და არამც. არამედ განვამტკიცებთ რჯულს.

თავი 4 

აბრაამს რწმენა ჩაეთვალა სიმართლედ 

1. რა ვთქვათ, აბრაამმა, ჩვენმა წინაპარმა ხორციელად მოიპოვა რაიმე?
2. თუ საქმეებით გამართლდა აბრაამი, დიდება მას, ოღონდ არა ღვთის წინაშე.
3. ვინაიდან, რას ამბობს წერილი? „ერწმუნა აბრაამი ღმერთს და ეს სიმართლედ ჩაეთვალა მას“.
4. გამკეთებელს საზღაური ჩაეთვლება არა მადლის, არამედ მოვალეობის მიხედვით. 5. ოღონდ არა გამკეთებელს, არამედ რომელსაც სწამს იგი, ვინც ამართლებს უკეთურს, თავისი რწმენა ჩაეთვლება სიმართლედ.
6. ასევე დავითიც ნეტარს უწოდებს ადამიანს, რომელსაც ღმერთი სიმართლეს უთვლის საქმეთაგან დამოუკიდებლად:
7. „ნეტარ არიან, ვისი ურჯულოებანიც მიტევებულია და ცოდვები დაფარული.
8. ნეტარ არს კაცი, რომელსაც უფალი არ ჩაუთვლის ცოდვას“.
9. მაშ, ეს ნეტარება წინადაცვეთაზეა თუ წინადაუცვეთლობაზეც? ჩვენ ხომ ვამბობთ, რომ აბრაამს რწმენა ჩაეთვალა სიმართლედ.
10. როდის ჩაეთვალა? წინადაცვეთილს თუ წინადაუცვეთელს? არა წინადაცვეთილს, არამედ წინადაუცვეთელს.
11. ხოლო წინადაცვეთის ნიშანი მიიღო როგორც ბეჭედი რწმენით გამართლებისა, რომელიც წინადაუცვეთლობისას ჰქონდა, რომ გამხდარიყო ყველა წინადაუცვეთელი მორწმუნის მამა, რათა მათაც ჩათვლოდათ სიმართლედ.
12. ასევე წინადაცვეთილთა მამა, ოღონდ არა მარტო წინადაცვეთილთა, არამედ მათიც, ვინც მიჰყვება ჩვენი მამის აბრაამის რწმენის კვალს, რაც ჯერ კიდევ წინადაუცვეთელობისას ჰქონდა.
13. ვინაიდან აბრაამს და მის თესლს არა რჯულით, არამედ რწმენის სიმართლით მიეცა აღთქმა ყოფილიყო წუთისოფლის მემკვიდრე.
14. თუ რჯულისაგანნი არიან მემკვიდრენი, რწმენა ამაოა და აღთქმა – უსარგებლო.
15. ვინაიდან რჯული წარმოქმნის რისხვას, რადგან სადაც რჯული არ არის, იქ არც დანაშაულია.
16. მაშ, რწმენით, რომ ყოფილიყო მადლით, – რათა აღთქმა მტკიცე იყოს მთელი თესლისათვის: არა მარტო რჯულით თესლისთვის, არამედ რწმენით აბრაამის თესლისათვისაც, ვინც ყველა ჩვენგანის მამაა.
17. როგორც წერია: „მე დაგაყენე მრავალი ერის მამად“ ღვთის წინაშე, რომელსაც იგი ერწმუნა, ღმერთს, რომელიც მკვდრებს აცოცხლებს და არყოფილს ყოფად მოუწოდებს.
18. რომელიც უიმედობაში ერწმუნა იმედით, რათა გამხდარიყო იგი მრავალი ხალხის მამა, როგორც ნათქვამია: „ასე იქნება შენი თესლი“.
19. არ შესუსტებულა რწმენაში, როცა ხედავდა, რომ მისი სხეული, თითქმის ასი წლისა, უკვე ჩაკვდა, ხოლო სარას საშო მკვდარი იყო.
20. მაგრამ იგი არ დაეჭვებულა ღვთის აღთქმაში ურწმუნობით, არამედ განმტკიცდა რწმენით და დიდება უძღვნა ღმერთს.
21. და გულდაჯერებული იყო, რომ ის, ვინც აღუთქვა, შესრულებასაც შეძლებდა.
22. ამიტომაც ჩაეთვალა მას სიმართლედ.
23. და არა მარტო მისი გულისათვის არის დაწერილი, რომ ჩაეთვალა მას,
24. არამედ ჩვენი გულისთვისაც: ჩაგვეთვლება ჩვენც, იმის მორწმუნეებს, ვინც მკვდრეთით აღადგინა ჩვენი უფალი იესო,
25. რომელიც მიეცა ჩვენი ცოდვებისათვის და აღდგა ჩვენდა გამართლებად.

თავი 5 

მშვიდობა ღმერთთან რწმენით, ქრისტეს მეშვეობით 

1. და რაკი რწმენით გავმართლდით, მშვიდობა გვაქვს ღმერთთან ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ,
2. რომლის მეშვეობითაც რწმენით მოვიპოვეთ მისადგომი ამ მადლთან, რომელშიც ვდგავართ და ვიქადით ღვთის დიდების იმედით.
3. და არა მარტო ამით, არამედ ჭირითაც ვიქადით, რადგან ვიცით, რომ ჭირი შეიქმს მოთმინებას,
4. მოთმინება – სიმტკიცეს, სიმტკიცე – იმედს,
5. ხოლო იმედი არ არის შემარცხვენელი, ვინაიდან ღვთის სიყვარული ჩაგვესახა გულებში, სულიწმიდის მეშვეობით, რომელიც მოგვეცა ჩვენ.
6. ვინაიდან ქრისტე, როცა ჯერ კიდევ უძლურნი ვიყავით, დროულად მოკვდა უკეთურთათვის.
7. ძნელად თუ ვინმე მოკვდება მართლისათვის, ხოლო კეთილთათვის, შესაძლოა, ვინმემ კიდევ გაბედოს სიკვდილი.
8. მაგრამ ღმერთი თავის სიყვარულს ჩვენდამი ამტკიცებს იმით, რომ ქრისტე მოკვდა ჩვენთვის, როცა ჯერ კიდევ ცოდვილნი ვიყავით.
9. ახლა კი, როცა მისი სისხლით გავმართლდით, მით უფრო გადავურჩებით რისხვას მისი წყალობით.
10. ვინაიდან, თუ მისი ძის სიკვდილით შევურიგდით ღმერთს, როცა მტრები ვიყავით, მით უმეტეს, შერიგებულნი გადავრჩებით მისი სიცოცხლით.
11. უფრო მეტიც, ვიქადით ღმერთით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მეშვეობით, რომლის წყალობითაც მივიღეთ ახლა შერიგება.

ადამიანით სიკვდილი, ქრისტეთი სიცოცხლე 

12. ამიტომ, როგორც ერთი ადამიანის მიერ ცოდვა შემოვიდა წუთისოფელში, ხოლო ცოდვის მიერ – სიკვდილი, ასევე სიკვდილი გადავიდა ყველა ადამიანში, რადგან ყველამ შესცოდა.
13. ვინაიდან რჯულამდეც იყო ცოდვა წუთისოფელში, მაგრამ, თუ რჯული არ არის, ცოდვა არ ითვლება.
14. მაგრამ სიკვდილი სუფევდა ადამიდან მოსემდე მათზეც, რომელთაც არ შეუცოდავთ, როგორც შესცოდა ადამმა, რომელიც მომავლის სახეა.
15. მაგრამ მადლი არაა დანაშაულივით, რადგან თუ ერთის დანაშაულით მრავალი გაწყდა, მით უმეტეს, ბევრად ჭარბობს მრავალთა მიმართ ღვთის მადლი და ნიჭი ერთი კაცის, იესო ქრისტეს მადლით.
16. ხოლო ნიჭიც იგივე არ არის, რაც შედეგი ერთი შემცოდებლისაგან, ვინაიდან მსჯავრი ერთისაგან გამოდის განსაკითხავად, ნიჭი მადლისა კი მრავალი დანაშაულის გასამართლებლად.
17. ვინაიდან, თუ ერთის დანაშაულით სიკვდილი სუფევდა ერთის მიერ, მით უმეტეს ისინი, რომლებიც უხვად მიიღებენ მადლს და სიმართლის ნიჭს, იმეფებენ ცხოვრებაში ერთის, იესო ქრისტეს მეშვეობით.
18. ამრიგად, თუ ერთის დანაშაულით ყველა ადამიანს დაედო მსჯავრი, ასევე ერთის სიმართლით ყველა ადამიანი გამართლდება სასიცოცხლოდ.
19. ვინაიდან, როგორც ერთი კაცის ურჩობით ბევრი გახდა ცოდვილი, ასევე ერთის მორჩილებით ბევრი გახდება მართალი.
20. რჯული კი შემდეგ შემოვიდა, რათა გამრავლებულიყო დანაშაული. ხოლო სადაც ცოდვა გამრავლდა, უფრო გაუხვდა მადლი.
21. რათა, როგორც ცოდვა მეფობდა სიკვდილით, ასევე მადლს ემეფა სიმართლის მეოხებით მარადიული სიცოცხლისათვის ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მიერ.

თავი 6 

ქრისტეში მონათლულები ცოდვებს მოვუკვდით 

1. რაღა ვთქვათ? დავრჩეთ ცოდვაში, რათა მადლი გამრავლდეს? არამც და არამც.
2. ჩვენ, რომელნიც მოვუკვდით ცოდვას, როგორღა ვიცხოვროთ მასში?
3. ნუთუ არ იცით, რომ ყველანი, ვინც მოვინათლეთ ქრისტე იესოში, მის სიკვდილში მოვინათლეთ?
4. ამიტომ დავიმარხეთ მასთან სიკვდილში ნათლისღებით, რათა, როგორც მამის დიდებით მკვდრეთით აღდგა ქრისტე, ჩვენც ვიაროთ სიცოცხლის განახლებით.
5. ვინაიდან, თუ დავენერგეთ მას სიკვდილის მსგავსებაში, ასევე ვიქნებით მისი აღდგომისას.
6. რადგან ვიცით, რომ მასთან ერთად ჯვარს ეცვა ჩვენი ძველი კაცი, რათა გაუქმდეს ცოდვის სხეული და აღარ ვიყოთ ცოდვის მონები.
7. ვინაიდან, ვინც მოკვდა, ცოდვისაგან თავისუფალია.
8. და თუ ჩვენ ქრისტესთან დავიხოცენით, გვწამს, რომ მასთან ვიცოცხლებთ კიდეც, 9. რადგან ვიცით, რომ მკვდრეთით აღმდგარი ქრისტე აღარ კვდება და სიკვდილი აღარ უფლობს მასზე.
10. ვინაიდან, ის რომ მოკვდა, ცოდვისათვის მოკვდა ერთხელ, ხოლო რომ ცოცხლობს, ღვთისათვის ცოცხლობს.
11. თქვენც ასევე ჩათვალეთ თქვენი თავი ცოდვისათვის მკვდრებად და ღვთისათვის ცოცხლებად ქრისტე იესოში.

არა ცოდვის, არამედ სიმართლის მონები 

12. მაშ, ნუ იმეფებს ცოდვა თქვენს მოკვდავ სხეულში მის გულისთქმათა მორჩილებად.
13. ნურც მისცემთ თქვენს ასოებს ცოდვას უსამართლობის იარაღად, არამედ მიართვით ღმერთს თქვენი თავი, როგორც მკვდრეთით გაცოცხლებულნი და თქვენი ასოები სიმართლის იარაღად ღმერთს.
14. ვინაიდან ცოდვა ვეღარ იმეფებს თქვენზე, რადგან თქვენ რჯულის ქვეშ კი არა, მადლის ქვეშ ხართ.
15. მაშ, ახლა რა? ხომ არ ვცოდოთ, რაკი რჯულის ქვეშ კი არა, მადლის ქვეშ ვართ? არამც და არამც.
16. ნუთუ არ იცით, რომ ვისაც თქვენს თავს მისცემთ მონებად მორჩილებისათვის, მისი მონები ხართ, ვისაც დაემორჩილებით: ან ცოდვისა სასიკვდილოდ, ან მორჩილებისა სიმართლისათვის.
17. ხოლო მადლობა ღმერთს, რომ თქვენ, ადრე ცოდვის მონები, შემდგომ გულით დაემორჩილეთ იმ სახის მოძღვრებას, რომელსაც თქვენი თავი გადაეცით.
18. გათავისუფლდით რა ცოდვისაგან, სიმართლის მონები გახდით.
19. ადამიანურად ვამბობ თქვენი ხორცის უძლურების გამო: როგორც გადასცემდით თქვენს ასოებს მონებად უწმიდურებას და ურჯულოებას ურჯულოებისთვის, ასევე ახლა გადაეცით თქვენი ასოები მონებად სიმართლეს – განსაწმედელად.
20. რადგან, როცა ცოდვის მონები იყავით, მაშინ თავისუფალნი იყავით სიმართლისაგან.
21. აბა, რა ნაყოფი გქონდათ მაშინ? საქმეები, რომელთა გამო ახლა გრცხვენიათ, ვინაიდან მათი ბოლო სიკვდილია.
22. ახლა კი, როცა თავისუფლები ხართ ცოდვისაგან და ღვთის მონები გახდით, თქვენი ნაყოფი სიწმიდეა, ხოლო ბოლო – მარადიული სიცოცხლე.
23. ვინაიდან ცოდვის საზღაური სიკვდილია, ხოლო ღვთის მადლი – მარადიული სიცოცხლე ჩვენს უფალში, ქრისტე იესოში.

თავი 7 

რჯულს მოვუკვდით 

1. ანდა, განა არ იცით, ძმებო, – რადგან რჯულის მცოდნეებს ველაპარაკები, – რომ რჯული მეფობს ადამიანზე, ვიდრე ის ცოცხალია?
2. რადგან ქმრიანი დედაკაცი რჯულით დაკავშირებულია ცოცხალ ქმართან, ხოლო თუ ქმარი მოკვდება, თავისუფალია ქმრის რჯულისაგან.
3. ამიტომ, თუ ქმრის სიცოცხლეში სხვა ქმრისა გახდება, მრუში ეწოდება. ხოლო თუ ქმარი მოკვდება, რჯულისაგან თავისუფალია და სხვა კაცისად გახდომა მრუშობად არ ჩაეთვლება.
4. ამრიგად, ჩემო ძმებო, თქვენც რჯულისათვის დაიხოცენით ქრისტეს სხეულით, რომ ეკუთვნოდეთ სხვას, მკვდრეთით აღმდგარს, რათა ნაყოფი მოვუტანოთ ღმერთს. 5. ვინაიდან, როცა ხორცში ვიყავით, რჯულის მიერ ცოდვის ვნებანი მოქმედებდნენ ჩვენს ასოებში, რომ სიკვდილის ნაყოფი გამოგვეღო.
6. ახლა კი, რჯულისათვის მკვდრები, გავთავისუფლდით მისგან, რითაც შეპყრობილნი ვიყავით, რათა ვემსახუროთ ღმერთს განახლებული სულით და არა დაძველებული ასოთი.
7. მაშ, რაღას ვიტყვით? ნუთუ რჯული ცოდვაა? არამც და არამც; ოღონდ სხვანაირად არ შემიცვნია ცოდვა, თუ არა რჯულის მეოხებით, ვინაიდან ვერც გულისთქმას შევიცნობდი, რჯულს რომ არ ეთქვა: „არ ისურვო“.
8. ხოლო ცოდვამ მცნებიდან აიღო საბაბი და ჩემში წარმოქმნა ყოველგვარი სურვილი. ვინაიდან ცოდვა რჯულის გარეშე მკვდარია.
9. ხოლო მე ოდესღაც ვცხოვრობდი რჯულის გარეშე და, როცა მცნება მოვიდა, ცოდვა გაცოცხლდა.
10. მე კი მოვკვდი. ხოლო მცნება, რომელიც მოცემული იყო სასიცოცხლოდ, სასიკვდილო გამოდგა ჩემთვის,
11. რადგან ცოდვამ მცნებისგან აიღო საბაბი, მაცდუნა და მომკლა მისი მეშვეობით. 12. ამრიგად, რჯული წმიდაა, მცნებაც წმიდაა, მართალი და კეთილი.
13. ნუთუ სიკეთე სიკვდილად მექცა? არამც და არამც. მაგრამ ცოდვა იმიტომ აღმოჩნდა ცოდვად, რომ კეთილის მეშვეობით მოაქვს ჩემთვის სიკვდილი, რათა ცოდვა მეტისმეტად ცოდვილი იყოს მცნების მეშვეობით.
14. რადგან ვიცით, რომ რჯული სულიერია, მე კი – ხორციელი, ცოდვისადმი მიყიდული.
15. ვინაიდან რას ვაკეთებ, არ ვიცი: იმიტომ, რომ იმას არ ვაკეთებ, რაც მსურს, არამედ, რაც მძულს, იმას ვაკეთებ.
16. ხოლო თუ იმას ვაკეთებ, რაც არ მსურს, ვეთანხმები რჯულს, რომ ის კეთილია.
17. მაშასადამე, მე კი აღარ ვაკეთებ ამას, არამედ ცოდვა, რომელიც ჩემში იმყოფება.
18. ვინაიდან ვიცი, რომ ჩემში, ესე იგი, ჩემს სხეულში, არ იმყოფება კეთილი; ასე რომ, სურვილი არის ჩემში, მაგრამ კეთილის კეთება – არა.
19. ვინაიდან არ ვაკეთებ კეთილს, რომელიც მსურს, არამედ ვაკეთებ ბოროტს, რომელიც არ მსურს.
20. ხოლო თუ იმას ვაკეთებ, რაც არა მსურს, მე კი აღარ ვაკეთებ, არამედ ცოდვა, რომელიც ჩემშია დამკვიდრებული.
21. ამრიგად, ვპოულობ ამ რჯულს: კეთილის გაკეთება მსურს და ბოროტი გვერდით მიწევს.
22. ვინაიდან შინაგანი ადამიანის მიხედვით მეამება ღვთის რჯული.
23. მაგრამ ჩემს ასოებში მე ვხედავ სხვა რჯულს, რომელიც წინააღმდეგობას უწევს ჩემი გონების რჯულს და მხდის ჩემს ასოებში მყოფი ცოდვის რჯულის ტყვედ.
24. უბადრუკი ადამიანი ვარ! ვინ დამიხსნის ამ სიკვდილის სხეულისაგან?
25. ვმადლობ ღმერთს ჩვენი უფლის ქრისტე იესოს მიერ. აჰა, მე თავად ჩემი გონებით ღვთის რჯულს ვემონები, ხოლო სხეულით – ცოდვის რჯულს.

თავი 8

ცხოვრება არა ხორციელად, არამედ სულიერად 

1. ამიტომ ახლა არავითარი მსჯავრი არ არის მათზე, რომლებიც ქრისტე იესოში ცხოვრობენ არა ხორციელად, არამედ სულიერად.
2. რადგან სიცოცხლის სულის რჯულმა იესოში გამათავისუფლა მე ცოდვისა და სიკვდილის რჯულისგან.
3. ვინაიდან, რაკი ვერა შეძლო ხორცის მიერ დაუძლურებულმა რჯულმა, ღმერთმა მოავლინა თავისი ძე ცოდვილი ხორცის მსგავსებაში და ცოდვის გამო მსჯავრი დასდო ცოდვას ხორცში,
4. რათა აღსრულდეს რჯულის სიმართლე ჩვენში, რომლებიც ვცხოვრობთ არა ხორციელად, არამედ სულიერად.
5. ვინაიდან ისინი, რომლებიც ხორციელად არიან, ხორციელზე ფიქრობენ, ხოლო რომლებიც სულიერად არიან – სულიერზე.
6. რადგან ხორციელი ფიქრები სიკვდილია, ხოლო სულიერი ფიქრები – სიცოცხლე და მშვიდობა.
7. იმიტომ, რომ ხორციელი ფიქრები ღვთის მტრობაა, ვინაიდან არ ემორჩილება ღვთის რჯულს და არც შეუძლია.
8. ამიტომ, მათ რომელნიც ხორციელად ცხოვრობენ, არ ძალუძთ აამონ ღმერთს.
9. თქვენ კი ცხოვრობთ არა ხორციელად, არამედ სულიერად, თუკი ღვთის სული ცხოვრობს თქვენში. ხოლო ვისაც ქრისტეს სული არა აქვს, ის მისი არ არის.
10. და თუ ქრისტე თქვენშია, სხეული მკვდარია ცოდვისათვის, ხოლო სული ცოცხალია სიმართლისათვის.
11. ხოლო თუ თქვენში იმყოფება მისი სული, ვინც მკვდრეთით აღადგინა იესო, მაშინ ის, ვინც ქრისტე იესო აღადგინა მკვდრეთით, თქვენს მოკვდავ სხეულებსაც გააცოცხლებს თავისი სულით, რომელიც თქვენშია დამკვიდრებული.

ღვთის სულით მავალნი ღვთის შვილები არიან 

12. ამიტომ, ძმებო, ჩვენ ხორცის მოვალენი არა ვართ, რომ ხორციელად ვიცხოვროთ. 13. ვინაიდან, თუ ხორციელად ცხოვრობთ, სიკვდილი არ აგცდებათ, ხოლო თუ სულით აკვდინებთ ხორციელ საქმეებს, იცოცხლებთ.
14. რადგან ისინი, ვინც ღვთის სულით წარიმართებიან, ღვთის შვილები არიან.
15. ვინაიდან არ მიგიღიათ მონობის სული, რათა კვლავ შიშით იყოთ, არამედ მიღებული გაქვთ შვილობის სული, რომლითაც ვღაღადებთ: „აბბა, მამაო!“
16. სწორედ ეს სული ემოწმება ჩვენს სულს, რომ ღვთის შვილები ვართ.
17. ხოლო თუ შვილები – მემკვიდრენიც, ღვთის მემკვიდრენი და ქრისტეს თანამემკვიდრენი, თუ სინამდვილეში მასთან ერთად ვიტანჯებით, რათა მასთან ერთად ვიდიდოთ კიდეც.
18. ვინაიდან ვფიქრობ, რომ ახლანდელი ტანჯვანი არაფერია იმ დიდებასთნ შედარებით, რომელიც გამოვლინდება ჩვენს მიმართ.
19. ვინაიდან ქმნილება იმედით მოელის ღვთის შვილთა გამოცხადებას.
20. რადგან ქმნილება თავისი ნებით კი არ დაემორჩილა ამაოებას, არამედ მისი დამმორჩილებლის მიერ სასოებით.
21. რომ თვით ქმნილებაც გათავისუფლდება ხრწნილების მონობისაგან ღვთის შვილთა დიდების თავისუფლებისათვის.
22. ვინაიდან ვიცით, რომ მთელი ქმნილება ერთად კვნესის და იტანჯება აქამდე
23. და არა მარტო ის, არამედ ჩვენც, რომელთაც სულის პირველი ნაყოფები გვაქვს, ჩვენ თვითონაც ვკვნესით ჩვენს თავში, მოველით რა შვილებას და ჩვენი სხეულის გამოსყიდვას.
24. ვინაიდან სასოებით ვიქენით დახსნილნი, ხოლო ხილული სასოება არ არის სასოება, ვინაიდან, თუკი ხედავს კაცი, რაღას ესავს?
25. ხოლო თუ იმის სასოება გვაქვს, რასაც ვერ ვხედავთ, მოთმინებით მოველით მას.

ჩამოშორება ღვთის სიყვარულისგან შეუძლებელია 

26. ასევე სულიც გვეხმარება ჩვენს უძლურებაში. ვინაიდან არ ვიცით, რისთვის ვილოცოთ, როგორ შეეფერება, არამედ თვით სული შუამდგომლობს ჩვენთვის გამოუთქმელი ოხვრით.
27. ხოლო გულთამხილავმა იცის, რა არის სულის ზრახვა, იმიტომ, რომ იგი ღვთის ნებით შუამდგომლობს წმიდათათვის.
28. ჩვენ კი ვიცით, რომ ღვთის მოყვარულებს, მისი განზრახვით მოწოდებულებს, ყოველივე ეწევა სასიკეთოდ.
29. ვინაიდან, რომელნიც წინასწარ იცნო, მათ წინასწარვე განუსაზღვრა თავისი ძის ხატების მსგავსად ყოფნა, რათა იყოს იგი პირმშო მრავალ ძმას შორის.
30. ხოლო ვისაც განუსაზღვრა, მათ მოუწოდა კიდეც და, ვისაც მოუწოდა, ისინი გაამართლა კიდეც. და ვინც გაამართლა, ისინი განადიდა კიდეც.
31. ამაზე რაღა ვთქვათ? თუ ღმერთი ჩვენთვის არის, ვინ გამოვა ჩვენს წინააღმდეგ? 32. ის, ვინც თავისი საკუთარი ძე არ დაინდო, არამედ გასწირა ჩვენთვის, განა მასთან ერთად ყოველივეს არ გვაჩუქებს?
33. ვინ გაამტყუნებს ღვთის რჩეულებს? ღმერთია გამმართლებელი.
34. ვინ დასდებს მსჯავრს? ქრისტე იესო, რომელიც მოკვდა და, მეტიც, რომელიც აღდგა მკვდრეთით, ღვთის მარჯვნივ არის და ის შუამდგომლობს ჩვენთვის.
35. ვინ ჩამოგვაშორებს ქრისტეს სიყვარულს: ჭირი თუ შევიწროება, დევნა თუ შიმშილი, სიშიშვლე თუ საფრთხე, ანდა მახვილი?
36. როგორც წერია: „რადგან შენს გამო გვხოცავენ ყოველდღე, დასაკლავ ცხვრებად ვართ შერაცხილნი“.
37. მაგრამ ყოველივე ამას ვძლევთ ჩვენი მოყვარულის მეშვეობით.
38. და მწამს, რომ ვერც სიკვდილი და ვერც სიცოცხლე, ვერც ანგელოზები და ვერც მთავრობანი, ვერც ძალნი, ვერც აწმყო და ვერც მყოფადი,
39. ვერც სიმაღლე და ვერც სიღრმე, ვერც ვერავითარი სხვა ქმნილება ვერ შეძლებს ჩვენს ჩამოშორებას ღვთის სიყვარულისაგან ჩვენს უფალ ქრისტე იესოში.

თავი 9 

პავლეს მწუხარება ისრაელიანებზე 

1. ჭეშმარიტებას ვლაპარაკობ ქრისტეში, არა ვცრუობ, ჩემი სინდისი მიმოწმებს სულიწმიდაში,
2. რომ დიდია ჩემდა მწუხარება და განუწყვეტელია ჩემი გულის ტანჯვა.
3. ნეტავ მე თვითონ ვყოფილიყავი ქრისტესაგან განდგომილი ჩემი ძმების – ხორციელი ნათესავებისათვის,
4. რომელნიც ისრაელიანები არიან და ეკუთვნით შვილება და დიდება, აღთქმანი და რჯულმდებლობა, მსახურებანი და დაპირებანი.
5. მათნი არიან მამანი და მათგანაა ხორციელად ქრისტე, რომელიც არის ღმერთი ყოველთა ზედა, უკუნისამდე კურთხეული, ამინ.

აღთქმის შვილები ითვლებიან ღვთის შვილებად 

6. მაგრამ არა ისე, რომ ღვთის სიტყვა დაეცა, ვინაიდან ვინც ისრაელისაგან არის, ყველა ისრაელიანი როდია.
7. და ყველა, ვინც აბრაამის თესლია, როდია მისი შვილი, ვინაიდან ნათქვამია: „ისაკში იქნება წოდებული შენი თესლი“.
8. ესე იგი, არა ეს ხორციელი შვილები არიან ღვთის შვილები, არამედ აღთქმის შვილები ითვლებიან თესლად.
9. რადგან ასეთია აღთქმის სიტყვა, როგორც ნათქვამია: „ამ დროს მოვალ და სარას ეყოლება ძე“.
10. არა მხოლოდ ეს, არამედ რებაკასაც ერთისაგან, ჩვენი მამის, ისაკისაგან ჩაესახა.
11. ვინაიდან ჯერ კიდევ დაბადებულნი არ იყვნენ მისი შვილები და ჯერ კიდევ არაფერი ჰქონდათ გაკეთებული კარგი ან ცუდი, რომ ღვთის განზრახვა მისი არჩევნის თანახმად მომხდარიყო;
12. არა საქმეთაგან, არამედ მომწოდებლისაგან ეთქვა მას: „უფროსი დაემონება უმცროსს“.
13. როგორც წერია: „შევიყვარე მე იაკობი, ხოლო ესავი შევიძულე“.

ღვთის მადლით არიან მოწოდებულნი, იუდეველიც და წარმართიც 

14. თუ ასეა, რაღა ვთქვათ? ნუთუ უსამართლობაა ღმერთთან? არამც და არამც.
15. რადგან მოსეს ეუბნება: „ვინც მსურს შევიწყალო, შევიწყალებ, და ვინც მსურს შევიწყნარო, შევიწყნარებ“.
16. ამრიგად, ეს დამოკიდებულია არა მსურველზე და არა მცდელზე, არამედ შემწყალე ღმერთზე.
17. ვინაიდან წერილი ეუბნება ფარაონს: „სწორედ ამისათვის დაგაყენე შენ, რომ შენზე ვაჩვენო ჩემი ძალა, რათა განითქვას ჩემი სახელი მთელ დედამიწაზე“.
18. ამრიგად, ვინც სურს, შეიწყალებს, და ვინც სურს, გააჯიუტებს.
19. შენ მეტყვი: „აბა, რაღას გვდებს ბრალს? მის ნებას ვინ აღუდგება წინ?“
20. ვინ ხარ შენ, ადამიანო, რომ ეკამათები ღმერთს? განა ქმნილება ეტყვის შემოქმედს: რატომ შემქმენიო ასე?
21. ნუთუ მეკეცეს უფლება არა აქვს თიხაზე, რომ თავისი მოზელილი თიხიდან ზოგი საპატიო ჭურჭელი გააკეთოს, ზოგიც უპატიო?
22. მაშ რა, თუ ღმერთი, რომელსაც სურს თავისი რისხვის ჩვენება და ძლიერების უწყება, მრავალი სულგრძელობით ითმენს დასაღუპავად გამზადებულ რისხვის ჭურჭლებს,
23. რათა გამოაჩინოს თავისი დიდების სიუხვე წყალობის ჭურჭლებზე, რომლებიც წინასწარ გაამზადა სადიდებლად,
24. ჩვენზე, რომელთაც მოგვიწოდა არა მარტო იუდეველთაგან, არამედ წარმართთაგანაც?
25. როგორც ოსიასთანაც ამბობს: „არა ჩემს ერს ვიტყვი ჩემს ერად და არა საყვარელს – საყვარლად“.
26. და იმ ადგილზე, სადაც მათ ეთქვათ: „თქვენ ჩემი ერი არა ხართ, – იქ ეწოდებათ ცოცხალი ღვთის ძენი“.
27. ხოლო ესაია ღაღადებს ისრაელზე: „ისრაელიანთა რიცხვი ზღვის ქვიშასაც რომ ედრებოდეს, ნაწილი გადარჩება“.
28. რადგან თავის სიტყვას ბოლომდე და დაუყოვნებლივ შეასრულებს უფალი დედამიწაზე.
29. და როგორც ესაიამ წინასწარ: „უფალ ცაბაოთს რომ არ დაეტოვებინა ჩვენი თესლი, ვიქნებოდით სოდომელებივით და დავემსგავსებოდით გომორელებს“.

წარმართებმა რწმენით, იუდეველებმა საქმეებით ვერ მიაღწიეს 

30. მაშ, რაღა ვთქვათ? წარმართებმა, რომლებიც სიმართლეს არ მისდევდნენ, მიიღეს სიმართლე – სიმართლე რწმენისაგან.
31. ხოლო ისრაელმა, რომელიც სიმართლის რჯულს ეძებდა, ვერ მიაღწია სიმართლის რჯულს.
32. რატომ? იმიტომ, რომ რწმენაში კი არ ეძებდა, არამედ რჯულის საქმეებში; ვინაიდან შებრკოლდნენ შებრკოლების ლოდზე,
33. როგორც წერია: „აჰა, დავდებ სიონში შებრკოლების ლოდს და საცდურის კლდეს; და ყოველი, ვისაც სწამს იგი, არ შერცხვება“.

თავი 10 

სამართალი და ხსნა მხოლოდ რწმენით 

1. ძმებო! ჩემი გულის სურვილი და ჩემი ვედრება ღვთისადმი ისრაელისათვის არის, რათა გადარჩნენ.
2. ვინაიდან ვუმოწმებ მათ, რომ აქვთ გულმოდგინება ღვთისადმი, ოღონდ არა შეგნებულად.
3. რადგან ღვთის სიმართლე ვერ შეიცნეს და ცდილობდნენ საკუთარი სიმართლის დადგენას და ღვთის სიმართლეს არ დაემორჩილნენ.
4. ვინაიდან ქრისტეა რჯულის დასასრული ყოველი მორწმუნის გასამართლებლად. 5. მოსე რჯულის სამართლიანობაზე წერს, რომ მისი შემსრულებელი კაცი მისით იცოცხლებს.
6. ხოლო რწმენისმიერი სამართლიანობა ასე ამბობს: „ნუ იტყვი შენს გულში: ვინ ავა ზეცაში?“ ესე იგი, ქრისტეს ჩამოსაყვანად.
7. ანდა: „ვინ ჩავა უფსკრულში?“ ესე იგი, ქრისტეს მკვდრეთით ამოსაყვანად.
8. მაგრამ რას ამბობს იგი? „ახლოა შენთან სიტყვა, შენს ბაგეში და შენს გულში“, ესე იგი, რწმენის სიტყვა, რომელსაც ვქადაგებთ.
9. იმიტომ რომ, თუ შენი ბაგით აღიარებ, რომ იესო უფალია, და შენი გულით ირწმუნებ, რომ ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით, გადარჩები.
10. ვინაიდან გულით სწამთ სიმართლე, ხოლო ბაგით აღიარებენ გადასარჩენად.
11. რადგან წერილი ამბობს: „ყოველი მისი მორწმუნე არ შერცხვება“.
12. ამაში არ არის განსხვავება იუდეველსა და წარმართს შორის, ვინაიდან ერთი უფალი არის ყველაზე. ის უხვია ყველასათვის, ვინც მას მოუხმობს.
13. რადგან ყოველი, ვინც უფლის სახელს მოუხმობს, გადარჩება.
14. სახარება ეხარებოდა ისრაელიანებსაც, მაგრამ ისინი არ იყვნენ მორჩილნი
15. მაგრამ როგორ მოუხმონ მას, ვინც არ იწამეს? როგორ ირწმუნონ, ვის შესახებაც არ სმენიათ? როგორ მოისმინონ მქადაგებლის გარეშე?
16. და როგორ იქადაგონ, თუ წარგზავნილები არ არიან? როგორც წერია: „რა მშვენიერია სიკეთის მახარებელთა ფერხნი!“
17. მაგრამ ყველამ როდი ისმინა სახარება. რადგან ესაია ამბობს: „უფალო, ვინ ირწმუნა ჩვენგან მოსმენილი?“
18. ამრიგად, რწმენა – მოსმენისაგან, ხოლო მოსმენა – ქრისტეს სიტყვისაგან.
19. მაგრამ ვამბობ: ნუთუ არ მოუსმენიათ? პირიქით, მთელ დედამიწას მოედო მათი ხმა და ქვეყნის კიდეებს – მათი სიტყვები.
20. მაგრამ ვამბობ: ნუთუ ისრაელმა არ იცოდა? პირველად მოსე ამბობს: „მე გავაღვივებ თქვენში შურს არაერით, გაგარისხებთ უგუნური ერით“.
21. ხოლო ესაია გაბედულად ამბობს: „მიპოვეს მათ, ვინც არ მეძებდა. გამოვეცხადე მათ, ვინც არ მკითხულობდა“.
22. ხოლო ისრაელს ეუბნება: „მთელ დღეს ვიწვდიდი ჩემს ხელებს ურჩი და გაუგონარი ხალხისაკენ“.

თავი 11 

მადლის არჩევით ინახება ნაშთი 

1. მაშ, ვამბობ: ნუთუ ღმერთმა უარყო თავისი ხალხი? არამც და არამც. რადგან მეც ისრაელი ვარ, აბრაამის თესლისაგან, ბენიამინის ტომისაგან.
2. არ უარუყვია ღმერთს თავისი ხალხი, რომელიც წინასწარ იცნო. განა არ იცით, რას ამბობს წერილი ელიას შესახებ, როგორ ჩივის ისრაელზე ღვთის წინაშე და ამბობს:
3. „უფალო! შენი წინასწარმეტყველნი ამოხოცეს და შენი სამსხვერპლოები დაანგრიეს. დავრჩი მარტო მე, და ჩემს მოკვლას ცდილობენ“.
4. მაგრამ რას ეუბნება მას ღვთის პასუხი? „დავიტოვე მე ჩემთვის შვიდი ათასი კაცი, რომელთაც მუხლი არ მოიდრიკეს ბაალის წინაშე“.
5. ასევე ახლანდელ დროშიც მადლისმიერი ამორჩევით დარჩა ნატამალი.
6. ხოლო თუ მადლით, უკვე არა საქმეებით, თორემ მადლი აღარ იქნება მადლი. ხოლო თუ საქმეებით იყო, ეს უკვე მადლი აღარ არის. თორემ საქმე აღარ არის საქმე. 7. მაშ რა? რასაც ეძებდა ისრაელი, ვერ მიაღწია. მხოლოდ რჩეულებმა მიაღწიეს, დანარჩენები კი გაგულქვავდნენ.
8. როგორც წერია: „მისცა მათ ღმერთმა უგრძნობლობის სული, თვალები, რათა არ ხედავდნენ, და ყურები, რათა არ ესმოდეთ დღევანდელ დღემდე“.
9. ხოლო დავითი ამბობს: „მათი სუფრა იყოს მახე, ბადე და საცდური და მათდა მისაგებელი,
10. დაიბინდოს მათი თვალები, რათა ვერ ხედავდნენ, ხოლო მათი ხერხემალი სამუდამოდ მრუდი იყოს“.

ისრაელიანთა დაცემით წარმართების ხსნა 

11. მაშ, ვამბობ: იმდენად უნდა წაბორძიკდნენ, რომ დაეცნენ? არამც და არამც. მაგრამ მათი დაცემით ხსნა ეღირსათ წარმართებს, რათა აღძრულიყო მათში შური.
12. და თუ მათი დაცემა წუთისოფლის სიმდიდრეა და მათი დამცრობა – წარმართთა სიმდიდრე, მით უმეტეს მათი სავსება.
13. ხოლო თქვენ გეუბნებით, წარმართნო: რამდენადაც წარმართთა მოციქული ვარ, ჩემს მსახურებას ვადიდებ.
14. ნეტა შემძლებოდა შურის გაღვივება ჩემს ახლობლებში და ზოგიერთი მათგანის ხსნა.
15. ვინაიდან, თუ მათი განდევნა ღმერთთან წუთისოფლის შერიგებაა, აბა, რაღა იქნება მათი მიღება, თუ არა სიცოცხლე მკვდართაგან?
16. თუ პირველი ნაყოფი წმიდაა, მაშ, ცომიც; და თუ ფესვი წმიდაა, მაშ, რტოც.
17. ხოლო თუ ზოგი რტო გადატყდა და შენ, გარეულო ზეთისხილო, დაემყენ მათ ადგილას და გახდი ზეთისხილის ფესვისა და წვენის თანაზიარი,
18. ნუ იამპარტავნებ რტოთა წინაშე. ხოლო თუ იამპარტავნებ, იცოდე, შენ კი არ გიკავია ფესვი, არამედ ფესვს უკავიხარ შენ.
19. შენ იტყვი: რტოები გადატყდნენ, რათა მე დავემყნაო!
20. კეთილი. ისინი გადატყდნენ, ვინაიდან არ სწამდათ, შენ კი დგახარ რწმენით; ნუ გაამაყდები, არამედ გეშინოდეს.
21. ვინაიდან, თუ ღმერთმა არ დაინდო ბუნებრივი რტოები, შენც არ დაგინდობს.
22. ამრიგად, ხედავ ღვთის სახიერებას და სიმკაცრეს: სიმკაცრეს დაცემულებზე და სახიერებას შენზე, თუ იდგები მის სახიერებაში, თორემ შენც მოიკვეთები.
23. და ისინიც, თუ ურწმუნოებაში არ იდგებიან, დაემყნობიან, რადგან ღმერთს ძალუძს მათი კვლავ მყნობა.
24. ხოლო თუ შენ მოკვეთილი ხარ ბუნებით ველური ზეთისხილისგან და არაბუნებრივად დაემყნე კარგ ზეთისხილს, მით უმეტეს ესენი, ბუნებრივები, დაემყნობიან თავიანთ ზეთისხილს.

ყველა ისრაელიანი გადარჩება 

25. რადგან არ მინდა, ძმებო, არ იცოდეთ ეს საიდუმლო, რათა არ ეყრდნობოდეთ თქვენს სიბრძნეს: მანამდე ახლავს სიბრმავე ისრაელის ნაწილს, ვიდრე მთელი წარმართობა არ მივა ღმერთთან.
26. ასე მთელი ისრაელი გადარჩება, როგორც წერია: „მოვა სიონიდან მხსნელი და უღმერთობას ააცდენს იაკობს.
27. ეს არის ჩემი აღთქმა მათთვის, როცა წარვხოცავ მათ ცოდვებს“.
28. დიახ, სახარების მიხედვით ისინი მტრები არიან თქვენი გულისათვის, ხოლო ამორჩევის მიხედვით საყვარელნი – მამების გულისათვის.
29. ვინაიდან უცვალებელია ღვთის ნიჭი და მოწოდება.
30. ისევე, როგორც თქვენც ოდესღაც ეურჩებოდით ღმერთს, ახლა კი შეწყალებული ხართ მათი ურჩობის გამო,
31. ისე ახლა ისინიც ურჩობენ იმისათვის, რათა ისინიც შეწყალებულნი იქნენ იმ წყალობით, რომელიც თქვენ გეძლევათ.
32. ვინაიდან ყველანი ურჩობაში ჩაკეტა ღმერთმა, რათა ყველანი შეიწყალოს.
33. ო! ღვთის სიმდიდრეთა და სიბრძნისა და შემეცნების სიღრმე! როგორი ჩაუწვდომელნი არიან მისი სამართალნი და მიუკვლეველნი მისი გზები!
34. რადგან ვინ შეიცნო უფლის გონება? ვინ იყო მისი მრჩეველი?
35. ან ვინ მისცა მას წინასწარ, რომ მიუზღოს? 36. რადგან ყოველივე მისგან, მის მიერ და მის მიმართ არის. მას დიდება უკუნისამდე. ამინ.

თავი 12 

უძღვენით თქვენი სხეული ცოცხალ მსხვერპლად 

1. ამრიგად, შეგაგონებთ, ძმებო, ღვთის წყალობებით, რომ შესწიროთ თქვენი სხეული ცოცხალ, წმიდა, ღვთის სასურველ მსხვერპლად – თქვენი სულიერი მსახურება.
2. და ნუ დაემსგავსებით ამ წუთისოფელს, არამედ შეიცვალენით თქვენი გონების განახლებით, რათა შეიცნოთ, რა არის ღვთის ნება – კეთილი, სასურველი და სრულყოფილი.

სხეული ერთია, ასოები ბევრი 

3. ჩემთვის მოცემული მადლით ვეუბნები ყოველ თქვენგანს: თქვენს თავზე იმაზე მეტად ნუ იფიქრებთ, ვიდრე უნდა ფიქრობდეთ, არამედ იფიქრეთ თავმდაბლურად, რწმენის საზომით, ღმერთმა რომ გიწილადათ თითოეულს.
4. ვინაიდან ჩვენ ერთ სხეულში მრავალი ასო გვაქვს, მაგრამ ყველა ასოს როდი აქვს ერთი და იგივე საქმე.
5. ასევე, ჩვენ, მრავალნი ერთ სხეულად ვართ ქრისტეში, ხოლო ერთიმეორისათვის – ასონი
6. და გვაქვს მადლით სხვადასხვა ნიჭი, ჩვენთვის მოცემული, თუ ქადაგებაა – რწმენის მიხედვით.
7. თუ მსახურებაა – მსახურებაში, თუ დამოძღვრაა – დამოძღვრაში,
8. თუ შემგონებელია – შეგონებით, გამჩუქებელია – უბრალოებით, უფროსია – სიბეჯითით და ქველმოქმედია – გულითადობით.

გიყვარდეთ, აკურთხეთ, იხარეთ 

9. სიყვარული იყოს უთვალთმაქცო, განერიდეთ ბოროტებას და მიეკარით კეთილს. 10. ძმათმოყვარეობაში – ერთმანეთისადმი გულთბილი სიყვარულით, პატივისცემაში ერთმანეთს დაასწარით.
11. იბეჯითეთ და ნუ დაიღლებით. სულით აღიგზენით. ემსახურეთ უფალს.
12. იხარეთ იმედში, მომთმენნი იყავით გასაჭირში, ლოცვაში – მდგრადნი.
13. მონაწილეობა მიიღეთ წმიდათა საჭიროებაში, ესწრაფეთ სტუმართმოყვარეობას. 14. ლოცეთ თქვენი მდევნელები, ლოცეთ და ნუ წყევლით.
15. მოხარულებთან იხარეთ და მოტირალებთან იტირეთ.
16. ერთსულოვნება გქონდეთ ერთმანეთში. ქედმაღლობას ნუ გამოედევნებით, არამედ მიჰყევით მორჩილთ, ბრძენი ნუ გეგონებათ საკუთარი თავი.
17. ნურვის მიაგებთ ბოროტის წილ ბოროტს. ცდილობდეთ კეთილს ყველა ადამიანის წინაშე.
18. თუ თქვენის მხრივ შესაძლებელია, ყველა ადამიანთან მშვიდობიანად იყავით.
19. შურს ნუ იძიებთ თქვენთვის, საყვარელნო, არამედ ადგილი მიეცით უფლის რისხვას, ვინაიდან წერია: „ჩემია შურისგება და მე მივაგებ, – ამბობს უფალი“.
20. ამიტომ, თუ შენი მტერი მშიერია, დააპურე იგი. თუ სწყურია, დაალევინე, ვინაიდან ამის გაკეთებით ნაკვერჩხლებს აგროვებ მის თავზე.
21. არ დაგძლიოს ბოროტმა, არამედ სძლიე ბოროტს კეთილით.

თავი 13 

ხელმწიფებანი ღვთის მსახურნი არიან 

1. ყოველი სული დაემორჩილოს უმაღლეს ხელმწიფებას. ვინაიდან არ არსებობს ხელმწიფება, თუ არა ღვთისაგან, ხოლო არსებულნი ღვთის მიერ არიან დადგენილნი.
2. ამიტომ ხელმწიფების მოწინააღმდეგე ეწინააღმდეგება ღვთის დადგენილებას, ხოლო მოწინააღმდეგენი მსჯავრს დაიტეხენ თავზე.

სიყვარული არის რჯულის აღსრულება

3. რადგან მთავარნი საშიშნი არიან არა კეთილი საქმეებისათვის, არამედ ბოროტთათვის. თუ გსურს, რომ ხელმწიფებისა არ გეშინოდეს, კეთილი აკეთე და ქებას მიიღებ მისგან.
4. ვინაიდან იგი ღვთის მსახურია შენდა სასიკეთოდ. მაგრამ თუ ბოროტებას იქმ, გეშინოდეს, რადგან ტყუილად როდი ატარებს მახვილს. ის ღვთის მსახურია და რისხვით შურისმაძიებელი ბოროტმოქმედზე.
5. ამიტომ ჩვენ უნდა დავემორჩილოთ არა მარტო რისხვის გამო, არამედ სინდისის გამოც.
6. სწორედ ამისათვის იხდით ხარკებს, ვინაიდან ისინი ღვთის მსახურები არიან და დღენიადაგ ამას აკეთებენ.
7. ამრიგად, მიეცით ყველას, რაც ეკუთვნის: ვისაც ხარკი – ხარკი, ვისაც ბაჟი – ბაჟი, ვისაც შიში – შიში, ვისაც პატივი – პატივი.
8. არავისი არაფერი დაგედოთ ვალად, გარდა ერთიმეორის სიყვარულისა, ვინაიდან სხვისი მოყვარული ასრულებს რჯულს.
9. რადგან: „არ იმრუშო, არ მოკლა, არ მოიპარო, არ იყო ცრუ მოწმე, არ ინდომო“ და სხვა რამ მცნება შედის ამ სიტყვაში: „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“. 10. სიყვარული ბოროტს არ უზამს მოყვასს. ამიტომ სიყვარული რჯულის აღვსებაა.

შეიმოსეთ ნათლის საჭურველი 

11. მაშ ასე, იმოქმედეთ, რადგან იცით დრო, რომ დადგა ძილისაგან თქვენი გამოღვიძების ჟამი. ვინაიდან ახლა უფრო ახლოა ჩვენი ხსნა, ვიდრე მაშინ, როცა ვირწმუნეთ.
12. ღამე წავიდა და დღე მოახლოვდა. ამიტომ მოვიშოროთ სიბნელის საქმეები და შევიმოსოთ ნათლის საჭურველი.
13. მოვიქცეთ თავდაჭერილად, როგორც დღისით: არა მსუნაგობით და ლოთობით, არა ავხორცობითა და თავაშვებულობით, არა ჩხუბით და შურით,
14. არამედ შეიმოსეთ უფალი ქრისტე და ხორცზე ზრუნვას გულისთქმად ნუ გაიხდით.

თავი 14 

რატომ განიკითხავ ან ამცირებ შენს ძმას 

1. რწმენაში უმტკიცები მიიღეთ, ოღონდ არა საკამათოდ აზრთა გამო.
2. ზოგს სჯერა, რომ ყველაფრის ჭამა შეიძლება, უძლური კი მხოლოდ მწვანილეულს ჭამს.
3. ვინც ჭამს, ნუ დაამცირებს იმას, ვინც არა ჭამს. და ვინც არა ჭამს, ნუ განიკითხავს იმას, ვინც ჭამს. იმიტომ რომ ღმერთმა მიიღო იგი.
4. ვინ ხარ შენ, სხვისი მონის განმკითხველო? თავისი უფლის წინაშე იგი დგას ან ეცემა, მაგრამ წამოყენებული იქნება, ვინაიდან ღმერთს ძალუძს მისი წამოყენება.
5. ზოგი დღეს დღისგან განარჩევს, ზოგი კი ყველა დღეს ერთნაირად განიკითხავს. ყველა თავის რწმენაში იყოს მტკიცე.
6. ვინც იცავს დღეს, უფლისათვის იცავს, და ვინც ჭამს, უფლისათვის ჭამს, რადგან მადლობას სწირავს ღმერთს. ხოლო ვინც არ ჭამს, უფლისათვის არ ჭამს და მადლობას სწირავს ღმერთს.
7. ვინაიდან არც ერთი ჩვენგანი არ ცოცხლობს საკუთარი თავისათვის და არავინ კვდება საკუთარი თავისათვის.
8. ვინაიდან, თუ ვცოცხლობთ, უფლისათვის ვცოცხლობთ და, თუ ვკვდებით, უფლისათვის ვკვდებით. და ამიტომ, ვცოცხლობთ თუ ვკვდებით, უფლისანი ვართ.
9. რადგან იმისათვის მოკვდა ქრისტე და გაცოცხლდა, რომ იუფლოს მკვდრებზეც და ცოცხლებზეც.
10. მაშ, შენ რატომ განიკითხავ შენს ძმას? ანდა რატომ ამცირებ შენს ძმას? ჩვენ ხომ ყველანი წარვდგებით ღვთის სამსჯავროს წინაშე.
11. რადგან წერია: „მე ცოცხალი ვარ, – ამბობს უფალი. ჩემს წინაშე მოიდრიკება ყოველი მუხლი და ყოველი ენა აღიარებს ღმერთს“.
12. ამრიგად, ყოველი ჩვენგანი საკუთარი თავისათვის ანგარიშს ჩააბარებს ღმერთს.

ისეთ რაიმეს ნუ გააკეთებ, რაც შენს ძმას აცდუნებს 

13. ამიტომ ნუღარ განვიკითხავთ ერთმანეთს, არამედ იმსჯელეთ იმაზე, რომ ძმამ ძმა არ დააბრკოლოს და არ აცდუნოს.
14. მე ვიცი და მწამს უფალ იესოში, რომ არაფერია უწმიდური თავისთავად; მხოლოდ მისთვის არის უწმიდური, ვინც არაწმიდად ჩათვლის რამეს.
15. თუ საჭმლის გამო შეწუხდება შენი ძმა, შენ უკვე აღარ იქცევი სიყვარულით. შენი საჭმლით ნუ დაღუპავ მას, ვისთვისაც მოკვდა ქრისტე.
16. დასაგმობი ნუ გახდება თქვენი სიკეთე.
17. ვინაიდან ღვთის სასუფეველი საჭმელ-სასმელი კი არ არის, არამედ სიმართლე, მშვიდობა და სიხარული სულიწმიდაში.
18. ხოლო ვინც ამით ემსახურება ქრისტეს, იგი სასურველია ღვთისათვის და მოსაწონი – ადამიანთათვის.
19. მაშ, ვესწრაფოდეთ იმას, რაც მშვიდობასა და ერთმანეთის აღშენებას ემსახურება. 20. საჭმლისათვის ნუ დაარღვევ ღვთის საქმეებს. ყოველივე წმიდაა, მაგრამ ბოროტია იმისათვის, ვინც შებრკოლებით ჭამს.
21. უმჯობესია არა ჭამო ხორცი, არ დალიო ღვინო და არც სხვა რამ, რითაც შენი ძმა შებრკოლდება.
22. გაქვს რწმენა? გქონდეს შენთვის ღვთის წინაშე. ნეტარია ის, ვინც თავის თავს არ სდებს მსჯავრს იმის გამო, რასაც ირჩევს.
23. ვინც ეჭვობს ჭამისას, დამნაშავეა, ვინაიდან რწმენით არ იქცევა. ხოლო ყოველივე, რაც რწმენით არაა, ცოდვაა.
24. ხოლო მას, ვისაც ძალუძს თქვენი განმტკიცება, ჩემი სახარების და იესო ქრისტეს ქადაგების მიხედვით, იმ საიდუმლოს გამოცხადებით, რომელიც უკუნითიდან მიდუმებული იყო,
25. ხოლო ახლა გაცხადებულია წინასწარმეტყველური წერილებით, მარადიული ღვთის ბრძანებით ეუწყა ყველა ერს, რომ დაემორჩილონ რწმენას.
26. ერთადერთ ბრძენ ღმერთს, იესო ქრისტეს მეშვეობით, დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

თავი 15 

მიიღეთ ერთმანეთი, როგორც ქრისტემ მიგიღოთ 

1. ხოლო ჩვენ, ძლიერთ, გვმართებს ვზიდოთ უსუსურთა უძლურება და არ ვეძებოთ საკუთარი თავის სიამე.
2. ყოველი ჩვენგანი უნდა აამებდეს მოყვასს სასიკეთო აღშენებისათვის.
3. ვინაიდან ქრისტეც არ ეძებდა სიამეს თავისთვის, არამედ როგორც წერია: „შენი მლანძღველების ლანძღვა დამატყდა მე“.
4. რადგან ყოველივე, რაც წინათ დაიწერა, ჩვენს სასწავლებლად დაიწერა, რათა მოთმინებით და წერილთა ნუგეშით გვქონდეს იმედი.
5. ხოლო მოთმინებისა და ნუგეშის ღმერთმა მოგცეთ თქვენ ერთმანეთში ერთსულოვნება ქრისტე იესოს მიერ.
6. რათა ერთსულოვნად, ერთი პირით ადიდოთ ღმერთი, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მამა.
7. ამიტომ მიიღეთ ერთმანეთი ისევე, როგორც ქრისტემ მიგიღოთ თქვენ ღვთის სადიდებლად.

ქრისტე მსახურად წინადაცვეთილებისთვის 

8. ხოლო მე ვამბობ, რომ ქრისტე გახდა წინადაცვეთილთა მსახური ღვთის ჭეშმარიტებისათვის, რათა შესრულებულიყო მამებისთვის აღთქმული,
9. და რათა წარმართებს განედიდებინათ ღმერთი შეწყალებისათვის, როგორც წერია: „ამისათვის გაღიარებ წარმართებს შორის და ვუგალობებ შენს სახელს“.
10. და კვლავ ამბობს: „იხარებდეთ წარმართნო, მის ხალხთან ერთად“.
11. და კვლავ: „წარმართებო, აქებდეთ უფალს და, ხალხებო, ადიდებდეთ მას“.
12. და კვლავ, ესაია ამბობს: „იყოს იესეს ფესვი, რომელიც აღდგება წარმართებზე საუფლოდ, მისი იმედი ექნებათ წარმართებს“.
13. ხოლო იმედის ღმერთმა აგავსოთ ყოველგვარი სიხარულით და მშვიდობით რწმენაში, რათა სულიწმიდის ძალით იუხვოთ იმედში.

პავლე ქრისტეს მსახური წარმართებში 

14. და თვითონ მეც, ძმანო, დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ თვითონაც სავსე ხართ სათნოებით, სავსე ხართ ყოველგვარი შემეცნებით და ძალგიძთ ერთმანეთის დარიგება.
15. მაგრამ ცოტა გავკადნიერდი, როცა გწერდით აქა-იქ, როგორც თქვენდამი შეხსენებას ღვთის მიერ ჩემთვის მოცემული მადლით –
16. ვიყო იესო ქრისტეს მსახური წარმართებთან და ღვთის სახარების მღვდელმსახური, რათა წარმართთა შესაწირავი იყოს სასურველი და სულიწმიდის მიერ წმიდა.
17. ამიტომ ძალმიძს ვიქო ქრისტე იესოში ღვთის წინაშე.
18. რადგან ვერ გავკადნიერდები ვილაპარაკო ისეთი რამ, რაც არ გაუკეთებია ქრისტეს ჩემი მეშვეობით წარმართთა დასამორჩილებლად სიტყვით და საქმით,
19. ნიშნებისა და სასწაულების ძალით, ღვთის სულის ძალით, ისე, რომ იერუსალიმიდან და მისი შემოგარენიდან ილურიკიამდე გავავრცელე ქრისტეს სახარება.
20. თანაც, ვცდილობდი მეხარებინა არა იქ, სადაც უკვე ცნობილი იყო ქრისტეს სახელი, რათა არ მეშენებინა სხვის საძირკველზე,
21. არამედ როგორც წერია: „ვისთვისაც არ გამოუცხადებიათ, დაინახავენ, და ვისაც არ მოუსმენია, მიხვდებიან“.

ესპანეთში მგზავრობის განზრახვა 

22. ამის გამოც იყო, რომ მრავალგზის შემიფერხდა თქვენთან მოსვლა.
23. ხოლო ახლა, როცა ჯერ კიდევ არა მაქვს ადგილი ამ მხარეებში, ხოლო მრავალი წელია მსურს თქვენთან მოსვლა,
24. როგორც კი დავაპირებ ესპანეთში გამგზავრებას, გამოგივლით, ვინაიდან ვიმედოვნებ, რომ გნახავთ გავლისას, და თქვენ გამაცილებთ იქ, და ერთხანს მაინც დავტკბები თქვენთან ყოფნით.
25. ხოლო ახლა იერუსალიმში მივდივარ წმიდათა სამსახურად.
26. რადგან მაკედონიამ და აქაიამ ინებეს მოწყალების მიცემა ღარიბი წმიდებისათვის, რომლებიც იერუსალიმში არიან.
27. ინებეს და მოვალენიც არიან მათ წინაშე. ვინაიდან, თუ წარმართები ეზიარნენ მათ სულიერში, ხორციელადაც უნდა მოემსახურონ მათ.
28. ამრიგად, როცა დავამთავრებ ამას და ბეჭედს დავასვამ მათ ნაყოფს, თქვენთან გამოვლით წავალ ესპანეთისკენ.
29. ხოლო ვიცი, რომ თქვენთან მოსვლისას მოვალ ქრისტეს სახარების სრული კურთხევით.
30. შეგაგონებთ თქვენ, ძმანო, ჩვენი უფლით, იესო ქრისტეთი, და სულის სიყვარულით, ჩემთან ერთად იბეჯითოთ ჩემთვის ღვთისადმი ლოცვებში.
31. რათა გადავურჩე ურწმუნოებს იუდეაში და წმიდათათვის სასიამოვნო იყოს ჩემი სამსახური იერუსალიმისთვის.
32. რათა სიხარულით მოვიდე თქვენთან ღვთის ნებით და დავისვენო თქვენთან.
33. მშვიდობის ღმერთი იყოს ყველა თქვენთაგან. ამინ.

თავი 16 

ფიბეს შექება, მოკითხვა ცალკეულ პირებს 

1. აჰა, წარმოგიდგენთ ჩვენს დას ფიბეს, რომელიც არის კენქრელთა ეკლესიის მსახური,
2. რათა მიიღოთ იგი უფალში, როგორც წმიდებს შეეფერება, და დაეხმაროთ ყველაფერში, რაც დასჭირდება თქვენთან, ვინაიდან ისიც ბევრის შემწე იყო და პირადად ჩემიც.
3. მოიკითხეთ პრისკილა და აკვილა, ჩემი თანამშრომელნი ქრისტე იესოში,
4. რომელნიც თავს სწირავდნენ ჩემი სიცოცხლისათვის და, რომელთაც არა მარტო მე ვემადლიერები, არამედ წარმართთა ეკლესიებიც და მათი საშინაო ეკლესიაც.
5. მოიკითხეთ ჩემი საყვარელი ეპენეტოსი, რომელიც აზიაში პირველი ნაყოფია ქრისტესათვის.
6. მოიკითხეთ მარიამი, რომელმაც ბევრი იშრომა თქვენთვის.
7. მოიკითხეთ ანდრონიკე და იუნია, ჩემი ნათესავები და ჩემი თანატყვეები, რომელნიც განთქმული არიან მოციქულებს შორის და ჩემზე უწინაც ირწმუნეს ქრისტე.
8. მოიკითხეთ ამპლიასივ ჩემი საყვარელი უფალში.
9. მოიკითხეთ ურბანოსი, ჩვენი თანამშრომელი ქრისტეში, და ჩემი საყვარელი სტაქისი.
10. მოიკითხეთ ქრისტეში გამოცდილი აპელესი. მოიკითხეთ არისტობულეს შინაურნი.
11. მოიკითხეთ ჩემი ნათესავი იროდიონი. მოიკითხეთ ნარკისუსის შინაურნი, უფალში მყოფნი.
12. მოიკითხეთ უფალში მშრომელები, ტრიფენა და ტრიფოსასი. მოიკითხეთ საყვარელი პერსისი, რომელმაც ბევრი იშრომა უფალში.
13. მოიკითხეთ უფალში რჩეული რუფუსი და დედა მისი და ჩემი.
14. მოიკითხეთ ასვინკრიტესი, ფლეგონი, ერმესი, პატრობასი, ჰერმასი, და მათთან მყოფი ძმები.
15. მოიკითხეთ ფილოლოგოსი და იულია, ნირეასი და მისი და, ოლიმპასი და მათთან მყოფი ყველა წმიდა.
16. მოიკითხეთ ერთმანეთი წმიდა ამბორით. მოკითხვას გითვლით ქრისტეს ყველა ეკლესია.

გაფრთხილება განხეთქილების წინააღმდეგ 

17. შეგაგონებთ, ძმანო, მოერიდეთ მათ, ვინც განხეთქილებასა და საცდურს ქმნის წინააღმდეგ იმ მოძღვრებისა, რომელიც თქვენ ისწავლეთ, და ზურგი აქციეთ მათ.
18. ვინაიდან ასეთი ადამიანები ემსახურებიან არა ჩვენს უფალს იესო ქრისტეს, არამედ თავიანთ მუცელს და ლამაზი სიტყვებით და მოფერებით აცდენენ უმანკოთა გულებს.
19. რადგან თქვენი მორჩილება ყველასათვის ცნობილია. ამიტომ მოხარული ვარ თქვენს გამო, მაგრამ მინდა, რომ ბრძენნი იყოთ სიკეთისათვის და უბრალონი ბოროტისათვის.
20. ხოლო მშვიდობის ღმერთი მალე თქვენს ფერხთით შემუსრავს სატანას. ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი თქვენთანაა. ამინ.

მოკითხვა პავლეს თანაშეემწებიდან და კურთხევა 

21. მოკითხვას გითვლიან ჩემი თანამშრომელი ტიმოთე და ჩემი ნათესავები ლუკიოსი, იასონი, და სოსიპატროსი.
22. მოკითხვას გითვლიან უფალში ტერტოსი, რომელმაც დავწერე ეს წერილი.
23. მოკითხვას გითვლიან ჩემი მასპინძელი გაიოზი და მთელი ეკლესია. მოკითხვას გითვლიან ქალაქის ხაზინადარი ერასტოსი და ძმა კვარტოსი.
24. ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი ყოველ თქვენგანთან. ამინ.

წყარო - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ელექტრონული ბიბლიოთეკა

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში