ალფრედ რასელ უოლესი - სახესხვაობათა სწრაფვაზე, უსასრულოდ დაშორდეს საწყის ტიპს

ერთ- ერთი ყველაზე ძლიერი არგუმენტი, რომელიც ოდესმე გამოთქმულა სახეობათა შორის თავდაპირველი და მუდმივი განსხვავების შესახებ, არის ის, რომ ადამიანის მიერ გამოყვანილი სახესხვაობანი მეტნაკლებად ცვალებადია და ხშირად ისწრაფვიან იმისკენ, რომ დაუბრუნდნენ წინაპარი სახეობების ბუნებრივ ფორმას. მიჩნეულია, რომ ამგვარი არასტაბილურობა ყველა სახესხვაობის დამახასიათებელი თავისებურებაა, მათ შორის, ბუნებრივ პირობებში მყოფი ცხოველებისთვისაც, რაც თავდაპირველად წარმოშობილ განსხვავებულ სახეობათა უცვლელობას უზრუნველყოფს. 

ნატურალისტებისთვის ამ არგუმენტს დიდი მნიშვნელობა აქვს ველური ცხოველების სახესხვაობებზე ფაქტების უქონლობისა და დაკვირვებების ნაკლებობის გამო, რასაც სახეობათა მუდმივობის შესახებ არსებული ძალიან ზოგადი და რამდენადმე ცრუ წარმოდგენისკენ მივყავართ. ასევე ზოგადია მოსაზრება იმის შესახებ, რასაც „უცვლელი ან ჭეშმარიტი სახესხვაობები“ ჰქვია – კერძოდ, ცხოველთა რასებზე, რომლებიც გამუდმებით თავისსავე მსგავსს წარმოქმნიან. მაგრამ, ამავე დროს, ისინი ისე უმნიშვნელოდ (თუმცა ხანგრძლივად) განსხვავდებიან სხვა რასებისაგან, რომ შეიძლება მათ ნაირსახეობადაც ჩაითვალონ. რთულია ზუსტად განისაზღვროს, რომელი მათგანია საწყისი სახეობა და რომელი – ნაირსახეობა, თუმცა არსებობს იშვიათი გამონაკლისები, როცა ერთი რასა წარმოქმნის მისგან განსხვავებულ და სხვა რასის მსგავს თაობას. ეს შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს შეხედულებას „სახეობათა პერმანენტული უცვლელობის“ შესახებ. მაგრამ წინააღმდეგობა დაძლეულ იქნება, თუ ვაღიარებთ, რომ ასეთი სახესხვაობებისათვის არსებობს მკაცრი ზღვარი: მათ საწყისი ტიპისაგან მხოლოდ უმნიშვნელოდ დაცილების უნარი აქვთ და შეუძლიათ დაუბრუნდნენ საწყის ფორმას, რაც ძალზე შესაძლებელია, თუ ანალოგიას გავატარებთ მოშინაურებულ ცხოველებთან.

ჩანს, რომ ეს არგუმენტი მთლიანად ეყრდნობა მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ველურ ბუნებაში არსებული ნაირსახეობები შინაური ცხოველების თითქმის ანალოგიური, ზოგჯერ იდენტურებიც კი არიან და მათი მუდმივობისა და შემდგომი ცვლილებების პროცესი მსგავს კანონებს ექვემდებარება. წარმოდგენილი ნაშრომის მიზანია, დაადასტუროს ამ მოსაზრების უზუსტობა, ვინაიდან ბუნებაში მოქმედებს ზოგადი პრინციპი, რომელიც მრავალ ნაირსახეობას წინაპარ სახეობასთან შედარებით უფრო მეტხანს არსებობის საშუალებას აძლევს და იწვევს მომდევნო სახესხვაობის უფრო მეტად დაცილებას საწყისი ტიპისაგან. ანალოგიურად, მოშინაურებული ცხოველების სახესხვაობებიც ისწრაფვიან იმისკენ, რომ დაუბრუნდნენ საწყის ფორმებს.

ველურ ცხოველთა ცხოვრება არსებობისათვის ბრძოლაა. მათ უხდებათ მთელი უნარისა და ენერგიის მობილიზაცია საკუთარი სიცოცხლის შესანარჩუნებლად და უსუსური შთამომავლობის არსებობის დასაცავად. უნარი, მოიპოვონ საკვები არახელსაყრელ სეზონში და თავი დააღწიონ საშიშ მტერს, ცალკეული თუ მთელი სახეობის არსებობის უმთავრესი პირობაა. ეს პირობები ასევე მოქმედებს სახეობათა პოპულაციებზედაც. ყველა ამ გარემოების გულდასმით გათვალისწინებით შევძლებთ გავიგოთ და გარკვეულწილად ავხსნათ კიდეც ის, რაც ერთი შეხედვით გაუგებარია – ზოგიერთი სახეობის გადაჭარბებული სიმრავლე, მაშინ როცა მათთან მჭიდროდ დაკავშირებული სხვა სახეობები ძალიან ცოტაა.

ადვილი შესამჩნევია ის ზოგადი თანაფარდობა, რომელიც არსებობს ცხოველთა გარკვეულ ჯგუფებს შორის. დიდი ცხოველები რაოდენობრივად უფრო ცოტანი არიან, ვიდრე მცირე ზომისანი. ხორციჭამიები უფრო ნაკლები უნდა იყვნენ, ვიდრე ბალახიჭამიები. არწივები და ლომები არასოდეს იქნებიან ისე მრავლად, როგორც მტრედები და ანტილოპები. ტარტარის უდაბნოს ველური სახედარი ამერიკის მშვენიერი ტრამალებისა და პამპასების ცხენებს რაოდენობით ვერ გაუტოლდება. მიჩნეულია, რომ ცხოველის სიმრავლისა თუ სიმცირის მთავარი მიზეზი მისი დიდი ან მცირე ნაყოფიერებაა. მაგრამ ფაქტების აწონ- დაწონა გვიჩვენებს, რომ ამას ნამდვილად ძალიან ცოტა ან სულ არა აქვს საერთო დასმულ საკითხთან. იმ ცხოველთა რაოდენობაც კი, რომლებიც ძნელად მრავლდებიან, შეიძლება საოცრად სწრაფად გაიზარდოს, თუ მათი გამრავლება ხელოვნურად არ შეფერხდა. მაშინ აშკარაა, რომ დედამიწაზე არსებულ ცხოველთა პოპულაცია სავარაუდოდ ან უცვლელი უნდა იყოს, ან მცირდებოდეს ადამიანის ჩარევით. შეიძლება რიცხოვნობის მერყეობა აღინიშნებოდეს, მაგრამ მუდმივი ზრდა, შეზღუდული ადგილების გარდა, თითქმის შეუძლებელია. მაგალითად, საკუთარი დაკვირვება გვარწმუნებს, რომ ფრინველთა რაოდენობა ყოველწლიურად გეომეტრიული პროგრესიით არ იზრდება, რაც შეიძლება მომხდარიყო, რომ არა მათი რაოდენობის ბუნებრივი მატების მძლავრი შეზღუდვა. ძალიან ცოტაა ფრინველი, წელიწადში ერთ ან ორ ბარტყს რომ ჩეკდეს, სამაგიეროდ ბევრია ისეთი, რომელსაც ჰყავს ექვსი, რვა ან ათი ბარტყი. ალბათ ოთხი ბარტყი შეიძლება ჩაითვალოს საშუალო რაოდენობაზე ნაკლებად. და თუ ვივარაუდებთ, რომ თითოეული წყვილი ფრინველი თავისი სიცოცხლის განმავლობაში მხოლოდ ოთხჯერ ბუდობს და ამასთან ერთად დავუშვებთ, რომ ისინი არც მტრისგან ნადგურდებიან და არც შიმშილით იხოცებიან, ესეც საშუალო მაჩვენებელზე ნაკლები იქნებოდა; ასეთი ტემპით რამდენჯერ შეიძლება გაიზარდოს რაოდენობრივად ცალკეული წყვილი მშობლის მიერ მოცემული შთამომავლობა რამდენიმე წლის განმავლობაში? მარტივი გაანგარიშება გვიჩვენებს, რომ თხუთმეტ წელიწადში ფრინველების თითო წყვილის შთამომავლობა ათ მილიონამდე გაიზრდებოდა. მაგრამ არანაირი საფუძველი არა გვაქვს ვივარაუდოთ, რომ რომელიმე ქვეყანაში ფრინველთა რაოდენობა მატულობს ყოველ თხუთმეტ ან ყოველ ასორმოცდაათ წელიწადში. ასეთი ზრდით პოპულაცია ზღვარს მიაუხლოვდება და თითოეული სახეობის წარმოქმნიდან ძალიან ცოტა დროის გავლის შემდეგ ინდივიდთა რაოდენობა უცვლელი გახდება. ამიტომ აშკარაა, რომ ყოველ წელს ფრინველთა დიდი რაოდენობა, ფაქტობრივ, იმდენივე უნდა დაიხოცოს, რამდენიც იჩეკება. ძალიან მარტივი გამოანგარიშებაც კი გვიჩვენებს, რომ ყოველწლიურად შთამომავლობა თავის წინაპარზე ორჯერ მეტია; აქედან გამოდის, რომ, რამდენიც არ უნდა იყოს ინდივიდის საშუალო რაოდენობა ამა თუ იმ ქვეყანაში, ყოველწლიურად ორჯერ მეტი უნდა დაიღუპოს, – გასაკვირი შედეგია, მაგრამ სავსებით შესაძლებელი და, შეიძლება ითქვას, უტყუარიც. მაშასადამე, სახეობის უწყვეტობამ და ინდივიდთა საშუალო რაოდენობის შენარჩუნებამ შეიძლება შთამომავლობის სიჭარბე გამოიწვიოს. ჭარბი რაოდენობა კი, შევარდენისა თუ ვეშაპის, გარეული კატისა თუ სინდიოფალას საკვები ხდება, ან კიდევ ზამთრის დადგომისთანავე სიცივითა და შიმშილით იღუპება. ეს გარკვეული სახეობების მაგალითზეა დამტკიცებული, ვინაიდან ჩანს, რომ მათ სიმრავლეს არანაირი კავშირი არა აქვს მათ ნაყოფიერებასთან. ამის საუკეთესო მაგალითად შესაძლოა დასახელდეს ფრინველის ისეთი მრავალრიცხოვანი პოპულაცია, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატების მოხეტიალე მტრედი (passanger pigeon). იგი დებს მხოლოდ ერთ ან, უკეთეს შემთხვევაში, ორ კვერცხს და, ჩვეულებრივ, ერთი ბარტყი ჰყავს. მაშ რატომ არის ეს სახეობა ასე უჩვეულოდ მრავალრიცხოვანი, როცა სხვა ფრინველები, რომლებიც ორჯერ ან სამჯერ მეტ თაობას იძლევიან, სიმრავლით არ გამოირჩევიან? ამის ახსნა რთული არ არის. ამ სახეობის შესაფერისი საკვები დიდი რაოდენობით მოიპოვება ფართო არეალებზე, სადაც განსხვავებული კლიმატი და ნიადაგია და საკვების მარაგიც ულევია. ამ ფრინველს სწრაფი და შორ მანძილზე ფრენის უნარი აქვს. მას შეუძლია შეუსვენებლად იფრინოს დიდ მანძილებზე. ხოლო, როგორც კი საკვების მარაგი შეუმცირდება, საკვების მოსაპოვებლად ადვილად პოულობს ახალ გარემოს. ეს მაგალითი ცხადყოფს, რომ ნოყიერი საკვების მუდმივი მარაგი არის ამ სახეობის სიმრავლის ერთადერთი პირობა, ვინაიდან არც შეზღუდული ნაყოფიერება და არც ადამიანის ან მტაცებელი ფრინველების მხრიდან ხშირი თავდასხმები არ არის საკმარისი მისი რიცხოვნობის შესამცირებლად. არც ერთ სხვა ფრინველში არ აღინიშნება ეს თავისებურებანი ასე ცხადად თავმოყრილი. მათ ან სარჩო არ ჰყოფნით, ან ძლიერი ფრთები არა აქვთ (რათა საკვების მოსაპოვებლად შორ მანძილზე იფრინონ), ან წელიწადის ზოგიერთ სეზონზე საკვები იშვიათდება და საჭირო ხდება მისი შემცვლელის პოვნა, რომელიც ნაკლებად ყუათიანი აღმოჩნდება ხოლმე. ასე რომ, მიუხედავად მაღალი ნაყოფიერებისა, მათი რაოდენობა ვერ მატულობს საკვების ნაკლებობის გამო. როდესაც სარჩო მცირდება, ბევრი ფრინველი მიფრინავს შედარებით განსხვავებული და თბილი კლიმატის მქონე რეგიონში. ისინი მიგრაციის წყალობით არსებობენ, თუმცა სიმრავლით არ გამოირჩევიან; აშკარაა, რომ იმ ქვეყნებშიც, სადაც ისინი მიფრინავენ, მათთვის შესაბამისი ყუათიანი საკვები დიდი რაოდენობით ასევე მუდმივად არ არსებობს. ხოლო, ის ფრინველები, რომლებიც ვერ ახერხებენ სხვა ტერიტორიაზე გადაფრენას, საკვების სიმცირის გამო ვერასოდეს ქმნიან მრავალრიცხოვან პოპულაციას. სწორედ ეს არის ალბათ იმის მიზეზი, რომ ასე იშვიათია ჩვენში კოდალა, მაშინ, როცა ტროპიკებში ის მრავლადაა. ასევე, სახლის ბეღურა რაოდენობრივად გულწითელაზე მეტია, რადგან მისი საკვები მუდმივად უხვად არის – ბალახის თესლი ინახება ზამთრის განმავლობაში ჩვენი ფერმები და სათესი მინდვრები კი საკვების ამოუწურავ მარაგს სთავაზობს მათ. რატომ არიან ეკვატორული და განსაკუთრებით, ზღვის ფრინველები, როგორც წესი, მრავალრიცხოვანნი? იმიტომ კი არა, რომ ისინი სხვებზე მეტად ნაყოფიერნი არიან, არამედ იმის გამო, რომ მათი საკვები არასოდეს ილევა. ზღვის სანაპიროებსა და მდინარის ნაპირებს ყოველდღიურად აწყდებიან პატარა მოლუსკები და კიბოსნაირები. იგივე კანონები ვრცელდება ძუძუმწოვრებზეც. გარეული კატები ნაყოფიერნი არიან და ცოტა მტერი ჰყავთ; მაშ რატომ არიან ისინი რიცხობრივად კურდღლებზე ნაკლები? ერთადერთი სწორი პასუხი ის არის, რომ მათთვის საჭირო საკვები არასაკმარისია. მაშასადამე, აშკარაა, რომ, სანამ ქვეყნის ფიზიკური პირობები უცვლელია, იქ მობინადრე ცხოველების პოპულაციათა რიცხვი არსებითად არ იზრდება. თუ ერთი სახეობა მრავლდება, სხვა სახეობა, რომელიც იმავე საკვებით იკვებება, პროპორციულად მცირდება. წლის განმავლობაში დახოცილთა რაოდენობა ალბათ ძალიან დიდია. და ვინაიდან თითოეული ცხოველის არსებობა თავად მასზეა დამოკიდებული, სავარაუდოდ, იხოცებიან ყველაზე სუსტები – ძალიან პატარები, ასაკოვნები და დაავადებულები, ხოლო, გადარჩება ის, ვინც ყველაზე ჯანმრთელი და ძლიერია, ვინც მოახერხებს საკვების რეგულარულად მოპოვებას და თავს დააღწევს უამრავ მტერს. ამას ეწოდება „ბრძოლა არსებობისათვის“, რომლის დროსაც ყველაზე სუსტი და არაორგანიზებული ყოველთვის იღუპება.

ახლა გასაგებია, რომ რაც ხდება სახეობათა ინდივიდებს შორის, იგივე უნდა ხდებოდეს მრავალი მონათესავე სახეობის ჯგუფებს შორისაც, ე.ი. იმ პოპულაციებმა უნდა მოიპოვონ და შეინარჩუნონ უპირატესობა, რომლებიც ყველაზე უკეთ არიან შეგუებულნი საკვების მუდმივ მოპოვებას, ადვილად იცავენ თავს მტრისაგან და უძლებენ სეზონურ ცვლილებებს; ხოლო ის სახეობები, რომელთაც ძალის ნაკლებობისა და ორგანიზებულობის დეფექტის გამო, ყველაზე ნაკლებად შესწევთ უნარი წინააღმდეგობა გაუწიონ საკვების მარაგის ცვლილებებს და ა.შ. უნდა შემცირდნენ რიცხობრივად, ექსტრემალურ პირობებში კი საერთოდ უნდა გადაშენდნენ. ამ უკიდურესობებს შორის სახეობები სიცოცხლის შენარჩუნების აშკარა თვისებებს გამოავლენენ და სწორედ ამას ვუკავშირებთ ჩვენ სახეობების სიმრავლესა თუ სიმცირეს. ჩვენი უცოდინარობა ვერ მოგვცემს იმის საშუალებას, რომ უფრო კარგად დავაკვირდეთ ამ მიზეზების გავლენას. მაგრამ იქნებ შევძლოთ სრულყოფილად გავეცნოთ ცხოველთა სხვადასხვა სახეობის ორგანიზაციასა და თვისებებს და განვსაზღვროთ თითოეული მათგანის უნარი, რამდენად განსხვავებულად მოქმედებენ ისინი თავიანთი უსაფრთხოებისა და არსებობის შესანარჩუნებლად მათ გარშემო არსებულ ცვალებად პირობებსა და გარემოში. შესაძლოა, ინდივიდების პროპორციული სიმრავლეც განვსაზღვროთ, რაც ამ ყველაფრის აუცილებელი შედეგია.


ახლა, თუკი მოვახერხეთ ამ ორი საკითხის დასაბუთება – პირველი, რომ ამა თუ იმ ქვეყნის ცხოველთა პოპულაცია საკვების სიმცირისა თუ სხვა სირთულეების გამო უცვლელია და მეორე – სხვადასხვა სახეობების ინდივიდების შედარებითი სიმრავლე თუ სიმცირე მთლიანად განპირობებულია მათი ორგანიზაციითა და ამის შედეგად გამომუშავებული ჩვევებით – ამ უკანასკნელთა გამო, ზოგიერთ შემთხვევაში მათთვის რთულდება საკვები მარაგის რეგულარული მოპოვება და საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფა. კონკრეტულ არეალში ეს თვისებები შეიძლება გაწონასწორდეს პოპულაციაში არსებული განსხვავებებით. ამგვარად, შეგვიძლია გავაგრძელოთ მსჯელობა სახესხვაობებზე, რისთვისაც ზემოთ მოყვანილი შენიშვნები მეტად საგულისხმოა და გასათვალისწინებელი.

სახეობის ტიპობრივი ფორმისგან წარმოქმნილ უმეტეს ან თითქმის ყველა სახესხვაობას უნდა ჰქონდეს თუნდაც სუსტი, გარკვეული დონით განსხვავებული უნარ- ჩვევები. შეფერილობის ცვლილებასაც კი, რითაც ისინი მეტ- ნაკლებად შეუმჩნეველი ხდებიან, შეუძლია იმოქმედოს მათ უსაფრთხოებაზე. ბეწვის უფრო მეტად ან ნაკლებად განვითარებამ შეიძლება მათი ჩვევები შეცვალოს. უფრო მნიშვნელოვან ცვლილებებს, როგორიცაა კიდურების ან სხეულის სხვა გარეგანი ორგანოების ძალისა და მოცულობის ზრდა, შეუძლია მეტად ან ნაკლებად იმოქმედოს საკვების მოპოვების ხერხზე ან იმ ტერიტორიის საზღვრებზე, სადაც ისინი ბინადრობენ. ისიც აშკარაა, რომ ცვლილებების უმეტესობა დადებით ან უარყოფით გავლენას ახდენს მის უნარზე, გაიხანგრძლივოს არსებობა. შედარებით მოკლე და სუსტკიდურებიანი ანტილოპა აუცილებლად უფრო მეტად დაზარალდება კატისებრთა ხორციჭამიების თავდასხმისაგან. მოხეტიალე მტრედის შედარებით სუსტი ფრთები ადრე თუ გვიან იმოქმედებს საკვების მუდმივად მოპოვების პროცესზე. ორსავე შემთხვევაში საბოლოო შედეგი აუცილებლად სახეცვლილ სახეობათა პოპულაციის შემცირება იქნება. ასეთივე შედეგები შეიძლება გამოიწვიოს, რა თქმა უნდა, ხანდაზმულმა ასაკმა, მტრისადმი მოურიდებლობამ ან საკვების ნაკლებობამ, რაც ზრდის სიკვდილიანობას. მეორე მხრივ, თუკი სახეობები წარმოქმნიან სახესხვაობებს, რომელთაც არსებობის შესანარჩუნებლად ოდნავ მომატებული ძალა ექნებათ, ის სახესხვაობები დროთა განმავლობაში უეჭველად შეიძენენ რიცხობრივ უპირატესობას. ორსავე შემთხვევაში შეიძლება იყოს მრავალი ინდივიდუალური გამონაკლისი, მაგრამ, საშუალოდ, წესი მუდმივად სასარგებლოდ იმოქმედებს. მაშასადამე, ყველა სახესხვაობა ორ კლასად დაიყოფა: ისინი, რომლებიც, რაკი არსებობენ ერთსა და იმავე პირობებში, ვერასოდეს დაემსგავსებიან წინაპარი სახეობების პოპულაციას და ისინი, რომლებიც დროთა განმავლობაში შეიძენენ და შეინარჩუნებენ რაოდენობრივ უპირატესობას. ახლა დავუშვათ, რომ მხარეში აღინიშნა ფიზიკური პირობების ცვლილება – ხანგრძლივი გვალვა, მცენარეულობის განადგურება კალიების მიერ, „ახალი საძოვრის“ მძებნელი ზოგიერთი ახალი მტაცებლის შემოჭრა – ყოველი ცვლილება ფაქტობრივ მიისწრაფვის იმისკენ, რომ სახეობის არსებობა უფრო გაართულოს, ხოლო სახეობა თავისი ძალების მობილიზებით ცდილობს თავიდან აიცილოს სრული ამოწყვეტა. ცხადია, რომ სახეობაში შემავალი ყველა ინდივიდიდან, პირველ რიგში, დაზარალდებიან ისინი, რომლებიც ყველაზე მცირერიცხოვან და ყველაზე სუსტად ორგანიზებულ სახესხვაობებს ქმნიან, მკაცრ პირობებში კი საერთოდ გადაშენდებიან. იმავე პირობების გაგრძელების შემთხვევაში, შემდეგ ზარალდებიან წინაპარი სახეობები: მათი რაოდენობა თანდათანობით მცირდება და, მსგავსი არახელსაყრელი პირობების განმეორების შემთხვევაში, შესაძლებელია გადაშენდნენ კიდეც. უპირატესობის მქონე სახესხვაობა შეიძლება შემდეგ მარტო დარჩეს და ხელსაყრელი პირობების დაბრუნების შემთხვევაში, სწრაფად მოიმატოს რაოდენობრივად და დაიკავოს გადაშენებული სახეობებისა და სახესხვაობების ადგილი.

შემდეგ სახეობა შეიცვლება სახესხვაობით და ის უფრო განვითარებული და მაღალორგანიზებული ფორმა იქნება. ის ყოველმხრივ უკეთ შეგუებული აღმოჩნდება, უკეთ შეძლებს საკუთარი უსაფრთხოების დაცვას და გაიხანგრძლივებს თავის და რასის არსებობას. ასეთი ნაირსახეობა ვეღარ დაუბრუნდება საწყის ფორმას, რადგან ის ფორმა ქვედა საფეხურზე დგას და მეტოქეობას ვერასოდეს გაუწევს არსებობისათვის ბრძოლაში. სახეობის საწყისი ტიპის წარმოქმნის შემთხვევაშიც კი, სახესხვაობა სახეობაზე მრავალრიცხოვანი იქნება და არახელსაყრელ პირობებში მხოლოდ ის გადარჩება. თუმცა, ამ გაუმჯობესებულმა და მრავალრიცხოვანმა რასამ დროთა განმავლობაში, თავის მხრივ, შეიძლება ხელი შეუწყოს ახალი სახესხვაობის ჩამოყალიბებას, რომელშიც თავს იჩენს ამ ფორმისაგან მადივერგენცირებელი ცვლილებები. ამ სახესხვაობებიდან ზოგიერთს არსებობის შენარჩუნების უნარი გაზრდილი ექნება და, იმავე ზოგადი წესის თანახმად, გაბატონდება. იმ ზოგადი წესებიდან გამომდინარე, რომლებიც აწესრიგებს ცხოველთა არსებობას ბუნებაში, და ასევე იმ უდავო ფაქტიდან, რომ სახესხვაობები მუდმივად ჩნდება, აღინიშნება პროგრესი და უწყვეტი დივერგენცია, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ეს შედეგი უცვლელია; გარემოში ფიზიკური პირობების შეცვლამ, ზოგჯერ შესაძლოა, ისინი არსებითად შეცვალოს და რასა, რომელიც უწინდელ პირობებში ყველაზე წარმატებით ახერხებდა არსებობის შენარჩუნებას, შესუსტდეს. შეიძლება მოხდეს უფრო ახალი და ზოგჯერ მაღალ საფეხურზე მდგომი რასის გაქრობაც მაშინ, როცა ძველი ან მშობელი სახეობა და მისი პირველი, უფრო დაბალ საფეხურზე მდგომი სახესხვაობები აგრძელებენ გაძლიერებას. შეიძლება ნაკლებმნიშვნელოვან ნაწილებშიც მოხდეს ცვლილებები, რომელთაც სასიცოცხლო ძალებზე საგრძნობი გავლენა არ ექნებათ. და ამ ცვლილებებით აღჭურვილ სახესხვაობებს შეუძლიათ წინაპარი სახეობის პარალელურად გაიარონ გზა და შემდგომში ან ახალი სახესხვაობები წარმოქმნან ან კიდევ საწყის ტიპს დაუბრუნდნენ. ჩვენ იმის დამტკიცება გვსურს, რომ ზოგიერთი სახესხვაობა ისწრაფვის იმისაკენ, რომ საწყის სახეობაზე უფრო ხანგრძლივად შეინარჩუნოს არსებობა, და ეს სწრაფვა შესამჩნევია. შემთხვევითობის ან გასაშუალოების დოქტრინა არასდროს გამოიყენება მცირე მასშტაბისათვის, მაგრამ, თუ მას მივუსადაგებთ დიდ რაოდენობას, შედეგები მიუახლოვდება თეორიულ მაჩვენებლებს, ხოლო უსასრულოდ დიდი რიცხოვნობისას მკაცრად ზუსტი გახდება. ამჟამად მასშტაბი, რომლითაც ბუნება მოქმედებს, უზარმაზარია. ინდივიდთა რიცხვი და დროის პერიოდი, რომელთანაც მას აქვს საქმე, ისე უახლოვდება უსასრულობას, რომ ნებისმიერმა ფაქტორმა, როგორი უმნიშვნელოც, შენიღბული და წინააღმდეგობაგაწეულიც არ უნდა იყოს არახელსაყრელი პირობებისაგან, საბოლოოდ უნდა მოგვცეს მისი სრულიად კანონიერი შედეგები.

ახლა ნება გვიბოძეთ მივუბრუნდეთ მოშინაურებულ ცხოველებს და გამოვიკვლიოთ, რა გავლენას ახდენს აქ ფორმულირებული პრინციპები მათ შორის წარმოქმნილ სახესხვაობებზე. ძირითადი განსხვავება გარეულ და შინაურ ცხოველთა საარსებო პირობებს შორის არის ის, რომ პირველებში მათი კეთილდღეობა და, გარკვეულწილად, არსებობაც დამოკიდებულია მათი ყველა შეგრძნებისა და ფიზიკური ძალების სრულ ვარჯიშსა და ჯანსაღ მდგომარეობაზე, მაშინ როცა მომდევნოებში ეს თვისებები მხოლოდ ნაწილობრივ ვარჯიშდება და, ზოგ შემთხვევაში, საერთოდ არ გამოიყენება. გარეულმა ცხოველმა საკვების ყოველი ლუკმა უნდა მოიძიოს, მისთვის ხშირად უნდა გაისარჯოს – მხედველობა, სმენა და ყნოსვა უნდა ავარჯიშოს საკვების მოსაპოვებლად, ხიფათის თავიდან ასაცილებლად, თავშესაფრის საშოვნელად, მკაცრი სეზონური პირობებისაგან თავდასაცავად, ასევე შთამომავლობის საარსებო პირობებისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. არ არსებობს მის სხეულში ისეთი კუნთი, ყოველ საათს ან და ყოველ დღე რომ არ მუშაობდეს, მისი შეგრძნებები და უნარები ძლიერდება მუდმივი ვარჯიშებით. შინაურ ცხოველს, მეორე მხრივ, საჭმლით ამარაგებენ, უზრუნველყოფენ თავშესაფრით და ხშირად ამწყვდევენ კიდეც, რათა დაცული იყოს მკაცრი ბუნებრივი პირობებისაგან. ის გულმოდგინედ არის დაცული ბუნებრივი მტრების თავდასხმისაგან და თავის ნაშიერსაც კი იშვიათად უვლის ადამიანის დახმარების გარეშე. მისი შეგრძნებებისა და უნარების ერთი ნახევარი სრულიად გამოუსადეგარია, მეორე ნახევარი კი მხოლოდ დროდადრო გამოიყენება სუსტად, მაშინ როცა მისი კუნთოვანი სისტემა მხოლოდ პერიოდულად მუშაობს.


ახლა, როდესაც ასეთი ცხოველის სახესხვაობა წარმოიქმნება, ნებისმიერი ორგანოს ან შეგრძნების ძალისა და უნარის გაზრდა სრულიად გამოუსადეგარია, არასოდეს გამოიყენება და შეიძლება ისე იარსებოს მასში, რომ ცხოველმა ვერც კი იგრძნოს. ველურ ცხოველში კი, პირიქით, მისი ყველა ძალა და უნარი სრულად ამოქმედდება არსებობის საჭიროებისამებრ, ყოველი გაუმჯობესება დაუყოვნებლივ გამოსადეგი ხდება, ძლიერდება ვარჯიშის შედეგად და ზოგჯერ საკვების, ჩვევებისა და მთლიანად რასის მთელი მეურნეობის ოდნავ შეცვლასაც კი იწვევს. იგი წარმოქმნის უკეთესი უნარების მქონე ახალ ცხოველს, რომლის რიცხოვნობა უსათუოდ გაიზრდება და მასზე უფრო დაბალ საფეხურზე მდგომ ინდივიდებზე უფრო დიდხანს იცოცხლებს.

და კვლავ, მოშინაურებულ ცხოველებში ყველა სახესხვაობას უწყვეტად არსებობის ერთნაირი შანსი აქვს. ისინი, რომლებიც იქცნენ აშკარად გარეულ (ველურ) ცხოველებად, რომელთაც მათ მეგობრებთან მეტოქეობის უნარი არ შესწევთ და განაგრძობენ არსებობას, სავსებით არ არიან წაგებული შინაურ პირობებში. ჩვენი გოჭები სწრაფად სუქდებიან, მოკლეფეხება ცხვრები, ჩიჩახვიანი მტრედები და ფუმფულა ძაღლები კი ვერასოდეს იარსებებენ ბუნების წიაღში, რადგან ასეთი დაბალი ფორმებისაკენ გადადგმულმა პირველივე ნაბიჯმა შეიძლება გამოიწვიოს ჯიშის სწრაფი ამოწყვეტა (გადაშენება). მათ ნაკლებად შეუძლიათ იარსებონ მათივე ველურ წინაპრებთან კონკურენციაში. დოღის ცხენის დიდი სისწრაფე, მაგრამ სუსტი ამტანობა, გუთნისდედის ხელთუპყრობელი ღონე უსარგებლო გახდება ბუნების წიაღში ცხოვრებისას. თუკი ცხოველები პამპასებში გაველურდნენ, ისინი, შესაძლოა, სწრაფად ამოწყდნენ, ან ხელსაყრელ პირობებში თითოეულმა მათგანმა დაკარგოს ის ექსტრემალური თვისებები, რომლებსაც არასოდეს გამოიყენებს და რამდენიმე თაობის შემდეგ დაუბრუნდება ბუნებრივ ტიპს, რომელშიც ნაირგვარი ძალა და უნარი პროპორციულად იქნება ჩამოყალიბებული, რათა საუკეთესოდ იყოს შეგუებული საკვების მოპოვებასა და საიმედო თავდაცვასთან და რომელშიც ორგანიზაციის ყოველი ნაწილის სრული ვარჯიშის გამო, ცხოველი დამოუკიდებლად ცხოვრებას შეძლებს. გაგარეულებული შინაური ნაირსახეობები ან უნდა დაუბრუნდნენ საწყის ველურ ხაზთან ახლო მდებარე ტიპს, ან უნდა ამოწყდნენ.

ვხედავთ, რომ შინაურ ცხოველებზე დაკვირვებით ვერავითარ დასკვნას ვერ გავაკეთებთ იმ ფორმებზე, რომლებიც ველურ ბუნებაში გვხვდება, რადგან ეს ორი ფორმა საარსებო პირობებით ისე განსხვავდება ერთმანეთისაგან, რომ, რაც დამახასიათებელია ერთისათვის, საერთოდ უცხოა მეორისათვის. შინაური ცხოველები არიან უჩვეულო, ინდივიდუალური და ხელოვნური. ისინი ის სახესხვაობებია, რომლებსაც არასოდეს უარსებიათ და ვერც ვერასოდეს იარსებებენ ბუნებრივ პირობებში: მათი არსებობა დამოკიდებულია ადამიანის მზრუნველობაზე. მათი უმეტესობა დაშორებულია უნართა ზუსტ პროპორციას, ორგანიზაციის ნამდვილ (ჭეშმარიტ) ბალანსს, რომლის მეშვეობითაც მარტო საკუთარი შესაძლებლობების ამარა დარჩენილ ცხოველს შეუძლია არსებობის შენარჩუნება და საკუთარი ჯიშის გაგრძელება.

ლამარკის ჰიპოთეზა – რომ სახეობებში პროგრესული ცვლილებები წარმოიქმნება ცხოველთა მისწრაფებით, განავითარონ საკუთარი ორგანოები და ასე შეცვალონ საკუთარი სტრუქტურა და ჩვევები – რამდენიმეჯერ მარტივად გააბათილა ყველა იმ ავტორმა, რომლებიც წერდნენ სახესხვაობებსა და სახეობებზე და, როგორც ჩანს, მიჩნეულია, რომ, როცა ეს გაკეთდა, საკითხი საბოლოოდ სრულად მოგვარდა. მაგრამ აქ განვითარებული შეხედულება სრულიად უსარგებლოს ხდის ასეთ ჰიპოთეზას იმის ჩვენებით, რომ ბუნებაში მუდმივად მოქმედი პრინციპების ზეგავლენით ერთნაირი შედეგები უნდა იქნეს მიღებული. შევარდნისა და კატისებრთა ძლიერი ბრჭყალები ამ ცხოველების სურვილით, ნებით კი არ წარმოიქმნა ან გაიზარდა, არამედ იმიტომ, რომ ამ ჯგუფების ადრეულ და ნაკლებორგანიზებულ ფორმებს შორის არსებულ განსხვავებულ სახესხვაობებს შორის ყოველთვის ყველაზე ხანგრძლივად გადარჩებოდა ის, რომელსაც თავისი მსხვერპლის ხელში ჩასაგდებად ყველაზე მეტი უნარ- ჩვევა ჰქონდა. არც ჟირაფს განვითარებია ასეთი გრძელი კისერი, იმისათვის, რომ უფრო მაღალი მცენარეების ფოთლებს მისწვდომოდა ამ მიზნით მას მუდამ წაგრძელებული ჰქონდა კისერი არამედ იმიტომ, რომ, ჩვეულებრივზე უფრო გრძელკისრიანმა თითოეულმა სახესხვაობამ, რომელიც არსებობდა მის ანტიტიპებს შორის, მოკლეკისრიანებისაგან განსხვავებით, დაუყოვნებლივ იშოვა საძოვრის ახალი საზღვრები იმავე ადგილის, მიწის ფარგლებში, ოღონდ უფრო ზევით და საკვების შემცირების პირველსავე შემთხვევაში გრძელკისრიან ინდივიდებს მოკლეკისრიანებზე უფრო დიდხანს ცხოვრების შესაძლებლობა აღმოაჩნდათ. ასევე, მრავალი ცხოველის, განსაკუთრებით, მწერების თავისებური შეფერილობა, რომელიც ძალიან წააგავს მიწას, ფოთოლს ან ხეს, რომლებზედაც ისინი, ჩვეულებრივ, ცხოვრობენ, იმავე პრინციპით აიხსნება, თუმცა, მრავალნაირი ელფერის მქონე სახესხვაობები შეიძლება დროთა განმავლობაში არსებობდნენ; მაგრამ ის რასები, რომელთა შეფერილობაც ყველაზე უფრო იყო შეგუებული მტრისაგან თავდაცვას, უეჭველად უფრო მეტად გადარჩებოდა. ჩვენ ვხედავთ, რომ ბუნებაში ხშირად შეინიშნება ბალანსი – რომელიმე ორგანოთა სისტემის ნაკლი ყოველთვის კომპენსირდება სხვათა განვითარებით, – მაგალითად, ძლიერი ფრთების თანმხლებია სუსტი კიდურები; მაღალი სიჩქარე კომპენსირდება თავდაცვის საშუალებათა უქონლობით; ნაჩვენებია, რომ ვერც ერთი სახესხვაობა, რომლებშიც დაუბალანსებელი ნაკლია, დიდხანს ვერ იარსებებს. ამ პრინციპის მოქმედება ზუსტად წააგავს ორთქლის ძრავის ციბრუტის მმართველს, რომელიც ამოწმებს და ასწორებს ნებისმიერ უწესრიგობას თითქმის მანამდე, სანამ გამოაშკარავდებოდეს. მსგავსი წესის თანახმად, ცხოველთა სამეფოში ვერც ერთი დაუბალანსებელი ნაკლი ვერ გახდება შესამჩნევი, რადგან იგი თავს გამოავლენს პირველ საფეხურზე, გაართულებს ცხოველის არსებობას და იგი უსათუოდ გადაშენდება. იმდაგვარი შეხედულება სახესხვაობათა წარმოშობაზე, როგორსაც აქ ვიხილავთ, ასევე ემთხვევა ორგანიზებულ არსებათა ფორმებისა და სტრუქტურების ცვლილებათა თავისებურ ხასიათს. ცენტრალური ტიპისგან დაშორებული მრავალი ხაზის არსებობა, მონათესავე სახეობათა რიგში განსაკუთრებული ორგანოს მომატებული ეფექტურობა და ძალა და არსებითი თვისებით საგრძნობლად განსხვავებულ სახეობათა რიგებში საოცარი ამტანობა ისეთი უმნიშვნელო ნაწილებისა, როგორიცაა ბუმბულისა და ბალნის (ბეწვის) ფერი და სტრუქტურა, რქებისა და ბიბილოების ფორმა გვაფიქრებინებს, რომ „უფრო სპეციალიზებული სტრუქტურა“, რომელიც პროფესორ ოუენის მტკიცებით, გადაშენებულებთან შედარებით უფრო დამახასიათებელია თანამედროვე ფორმებისათვის და რომელსაც ცხოველი სპეციალური მიზნით იყენებს, ნებისმიერი ორგანოს პროგრესული მოდიფიკაციის აშკარა შედეგია.

ვიმედოვნებთ, შევძელით გვეჩვენებინა, რომ ბუნებაში ნაირსახეობათა გარკვეულ კლასებს ახასიათებს მეტი სწრაფვა საწყისი ტიპისაგან დაშორებული უწყვეტი განვითარებისაკენ, რომლისთვისაც განსაზღვრული შეზღუდვების დაწესების არანაირი მიზეზი არ არსებობს. იმავე პრინციპით, რომელიც ამ შედეგს იძლევა ბუნების წიაღში, შესაძლებელია აიხსნას, რატომ ისწრაფვიან საწყისი ტიპისაკენ დასაბრუნებლად შინაურ ცხოველთა სახესხვაობები. საგულისხმოა, რომ ამ პროგრესს, რომელიც დროდადრო სხვადასხვა მიმართულებით წარიმართება, თანაც, ყოველთვის მოწმდება და ბალანსდება იმ აუცილებელი პირობებით, რომელთა მეშვეობითაც ეულად არსებობის დაცვაა შესაძლებელი, განაპირობებს ორგანიზებულ არსებაში წარმოდგენილი ყველა ფენომენი, მათი ამოწყვეტა და მონაცვლეობა წარსულში, მათ მიერ გამოვლენილი ფორმის, ინსტიქტისა და ჩვევების ყველა უჩვეულო ცვლილება.

წყარო - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ელექტრონული ბიბლიოთეკა

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში