ფრანც კაფკას წერილი დისადმი

საყვარელო ფალი, მაგიდა ბუხართან დგას, მე ბუხრისაკენ ზურგშექცევით ვზივარ და შესანიშნავად მითბობს ამ მუდამ ცივ ზურგს. 

ჩემი ნავთის ლამპაც არაჩვეულებრივად ანათებს. ეს ლამპა ხომ ნამდვილი შედევრია, როგორც ნაკეთობის, ასევე ყიდვის თვალსაზრისითაც. იგი ცალ-ცალკე შეგროვებული, სხვადასხვა ნაწილებისგანაა შეკოწიწებული. (რა თქმა უნდა, არა ჩემს მიერ; აბა, ამას მე როგორ გავაკეთებდი!) ერთი სიტყვით, ამ ლამპასთან ვზივარ და ვკითხულობ შენს უკვე ძველ, მაგრამ ძვირფას წერილს.

საათი წიკწიკებს. წარმოგიდგენია, ამასაც შევეჩვიე, მხოლოდ იშვიათად ვაქცევ ყურადღებას. (ადრეულ წერილებში კი აშკარად ჩანს, რომ კაფკას მეტისმეტად აღიზიანებდა საათის წიკწიკი, ყოველნაირად ცდილობდა საათი მისი ოთახიდან კარგა მოშორებით ყოფილიყო.)

ახლა საათს ჩემთან გარკვეულწილად კარგი დამოკიდებულება აქვს. არადა, სულ ახლახანს არ იყო, საათს და ამგვარ ნივთებს, ზურგი რომ ვაქციე? უფრო სწორად, მათ მაქციეს ზურგი, თუმცა კარგი გაგებით. ამის გადმოცა ძნელია, კალენდარიც კი განმიდგა თითქოს, სულ ჩაიკეტა თავის თავში და მხოლოდ მაშინღა მახსენებს თავს, როცა მისი რჩევა მესაჭიროება.

ყველაფერი რომ მოგწერო, რასაც აქ ვსაქმიანობ და რითიც ვარ დაკავებული, ვერასდროს დავასრულებ ამ წერილს. გეგონება და მართლაც აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ვიყო ჩაფლული, სინამდვილეში კი ჩემს გარშემო საოცარი სიმშვიდეა, სხვათა შორის, არასოდეს არ ყოფილა ასეთი სიმშვიდე.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში