ფრანც კაფკას წერილი მშობლებისადმი

წერილი დაწერილია 1924 წლის 2 ივნისს, ფრანცის გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე

უსაყვარლესო მშობლებო, ხშირად მწერთ, ჩამოვალთო, მაგრამ ვერ ახერხებთ, არადა, რამდენი ხანია ერთად აღარ ვყოფილვართ, პრაღაში ერთად ყოფნას არ ვთვლი, ეს მხოლოდ იმჟამინდელი სიტუაციიდან გამომდინარეობდა და ვეღარც კი ვიხსენებ, როდის იყო ეს. წერილებიდან ვხვდები, რომ მამას დღევანდელი ღვინისა ბევრი არა გაეგება რა, რაც შეეხება ლუდს, აქ კი მე მას სავსებით ვეთანხმები. მახსენდება ჩვენი ერთობლივი ლუდის სმა, როცა მამას ქალაქის საცურაო სკოლაში დავყავდი...

ძალზედ გამიხარდებოდა, თუ მესტუმრებოდით. ამას ალბათ ბევრი დაბრკოლება ეღობება წინ, უპირველეს ყოვლისა კი მამას პასპორტთან დაკავშირებული სიძნელეები.

რაც შეეხება ჩემს მდგომარეობას, ალბათ უკვე იცით, პირველი სირთულეების შესახებ აქაც და ვენაშიც. ამ ყველაფერმა, ცოტა არ იყოს, ძალღონე გამომაცალა. ამას ტემპერატურის სწრაფი დავარდნაც დაერთო, რამაც კიდევ უფრო ხელი შეუწყო ჩემს დასუსტებას.

დორასა და რობერტის წყალობით მხოლოდ ახლაღა გამოვდივარ ამ დაუძლურებული მდგომარეობიდან (ნეტავ რა მეშველებოდა მე მათ გარეშე). სიძნელეები, რა თქმა უნდა, ახლაცაა, მაგალითად, თუნდაც ახლახანს გადატანილი კრიზისი.

მიუხედავად ჩემი დიდი მცდელობისა, სუფთა ჰაერისა და კარგი კვებისა, ხეირიანად ჯერ მაინც ვერ მოვმჯობინდი. პრაღაში უკეთ ვიყავი. იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ მხოლოდ ჩურჩულით ლაპარაკის უფლება მაქვს და ისიც არცთუ ისე ხშირად, მაინც ყველაფერი საუცხოოდაა.

ამ ბოლო ხანებში პროფესორმა მითხრა, თქვენი საქმე უკეთესობისკენ მიდისო. ჩემთვის დიდი ნუგეშია ამ ძვირფასი და თავდადებული ადამიანის თუნდაც ერთი სიტყვა. იგი ყოველ კვირას ჩამოდის მანქანით, სამაგიეროსაც კი არაფერს ითხოვს. ერთი სიტყვით, თითქოს უკეთესობაა, მაგრამ ჩემი აზრით, არაფერი ამდაგვარი.

თუ გგონიათ, რომ აქ ჩამოსულთ უკეთ დაგხვდებით, სჯობია მაგის იმედი ნუ გექნებათ, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით მაინც.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში