მიგელ ანხელ ასტურიასი - გვატემალა

„გვატემალის ლეგენდები“
ოთხთვალა არ ჩქარობს და დღეში თუ საათის სავალს გადის - დიდია. გზისა და ქუჩის შესაყართან პირველი დუქანი დგას. მედუქნეები ბებრები არიან, კუზიანები, სულთამხილველნი და უებრო მეზღაპრენი და ბოშების გამოჩენისას კარებს რაზავენ: ისინი ბავშვებს იპარავენ, ცხენის ხორცს ჭამენ, მუსაიფს უბამენ ეშმაკს და ღმერთს გაურბიან.

ქუჩა გადატეხილი ხმალივით ერჭობა მოედნის მუშტში. მოედანი პატარაა და ძველ, კეთილშობილ პორტალთა ჩარჩოშია მომწყვდეული. ძალიან ძველ და ძალიან კეთილშობილ პორტალთა ჩარჩოში. მათ, ვინც მოედანზე და მოედნის მეზობლად ცხოვრობს, ეპისკოპოსსა და ალკალდთან მეგობრობა აქვთ, უბირთ კი მხოლოდ წმინდა იაკობის დღეს უყადრებენ თავს და ეპისკოპოსის სასახლში, როგორც ყველამ უწყის, ბატონის ქალიშვილები ფინჯანი შოკოლადით უმასპინძლდებიან.

ზაფხულში ფოთლები ყვითლდება, ხეებს სცვივა და ისე გამჭვირვალეა ყველაფერი, როგორც ძველი ღვინო. ზამთარში მდინარე დიდდება და ხიდი მიაქვს.

თქმულების მიხედვით, რომლის არც დედაბერთ სჯერათ ახლა და არც ბავშვებს, ქალაქი ნამარხ ქალაქებზე დგას. კედლები რძიანი კირის დუღაბით ამოუყვანიათ და, როგორც დიდგვაროვანთა მატიანე გადმოგვცემს, სამ ათეულამდე ფრთებით გატენილი ფუთა და სამ ათეულამდე ოქროს ქვიშით სავსე ლელქაშის ღერო სადღაც ბალახებში ჩაუმარხავთ. ზოგი ამბობს-დამპალი მორის ქვეშო, ზოგი-ფიჩხის გროვაშიო, ზოგიც- მთის ძირში რომ წყაროები მოსჩქეფენ, იქო.

იმასაც ამბობენ, რომ ხეები დამარხულ ქალაქთა სუნთქვით სუნთქავენ. ამიტომაა, რომ, როგორც ოდითვე მოსდგამთ, მათ ჩრდილში აკეთებენ არჩევანს მავანნი, სევდას ეძლევიან მიჯნურები, მუზებს უხმობენ პოეტები და გზას იგნებენ გზას აცდენილი მომლოცველნი.

ხეებს მონუსხული ჰყავთ ქალაქი. ძილის სიფრიფანა აბლაბუდა ძლივს უძლებს აჩრდილთა სიმძიმეს და თრთის. დაძრწის დილეგთა წიაღ ტეტუანა. პორტალთ დაურბენს სომბრერონი ხტუნვა-ხტუნვით და კოტრიალ-კოტრიალით, ვითარცა კაუჩუკის ეშმაკეული. დაეხეტება ბანჯგვლიანი-გრძელდალალა ლამაზმანთა გამტაცებელი, ცხენის ფაფართა მწვნელი - და ერთი წამწამი არ შეუტოკდება მძინარე ქალაქს, ერთი არ შეინძრევა საგანტა ნაზი სხეულები.

ხეთა სუნთქვას შორეთში გადააქვს მთები. გზა ბოლოს ჭავლად ისახება. ბნელდება. ფორთოხლები მოცურავს სიბნელიდან. ჩამი-ჩუმი არ ისმის. ხანდახან თუ ჩაიჟღურტულებს ჩიტი ან გაიფაჩუნებს ფოთოლი მიწაზე დავარდნისას. და იღვიძებს სიზმრის გუგული.

თვალწინ გვიდგება დიდი, გაჩახჩახებული ქალაქი, გულით რომ ვატარებთ ყველა. იგი ასჯერ აღემატება ჭრელა-ჭრულა ქოხმახთა გროვას, რომელსაც წმინდა ვლასის კრენდელივით ევლება მთა. ქალაქი ძველი ქალაქებითაა ამოშენებული, როგორც სახლი სართულებით, სართულ-სართულ. ქვის ყდიანი წიგნი, ესპანურ პერგამენტსა და რესპუბლიკის ქაღალდზე ნაბეჭდ გრავიურათა კრებული, ინდოეთის ოქროში ჩასმული. სკივრი-მკვდარი ოცნებით, ოქროს ქვიშითა და ვერცხლის რგოლებით (მთვარის კულულებით) სავსე! ქალაქმრავალი ქალაქი. უხმაუროდ, კვალის დაუჩენლად დადიან სიზმარეული ხატები კიბეებზე. კარიდან კარად ერთმანეთს ენაცვლება საუკუნეები. სარკმელთა შუქზე ციმციმებს აჩრდილები - მარადისობის სიტყვები. და წნის ზღაპრის მკედს სიზმრის გუგული.

ძველ პალენკეში, სამხრეთის ცის ფონზე, თეთრად ქათქათებს მზით გაბრწყინებული ტერასები - მკაფიო, მძიმე, სადა, ხოლო კედლების მკვეთრსა და არც თუ ღრმა ტვიფარში ფიწვების კონტურული მონახაზი ატანს. მეფის ორი ასული ჩიტის გალიასთან თამაშობს. ფაფუკწვეროსანი მოხუცი მისანი ვარსკვლავთ ჭვრეტს. მეფის ასულები თამაშობენ. კოლიბრები ფრენენ. მოხუცი წინასწარმეტყველებს. და, ვითარცა ეგების ზღაპრად, სამი დღე ცოცხლობენ მეფის ასულნი, სამე დღე - ჩიტები.

ვერცხლისფერი სამეფო ირმები ძველი კოპანეს სასახლის ბაღებში ძოვენ. მეფეს მხარს უმშვენებს ძვირფასი ქვებით მოოწილი ნახუალის ფრთა, მკერდს-მოჯადოებული ნიჟარათა მკედი, ხელს - მარმარილოს დარად სხივმთოვი ლელქაშის ბრასლეტები. შუბლის სამეფო ნიშანი უგვირგვინებს  - ყანჩის ფრთა. მეფე ბამბუკის ჩიბუხს აბოლებს სევდიან ბინდში. კაკაოს ხეებს ფოთლები ცვივა, მბრძანებლის გულთან კი - გულები, სადაგი ხარკი. მეფე შეყვარებულია, ძირმაგარები აწუხებს, მზიური სენი. მეუფებს სიძველე ჟამთა. და წნის ზღაპრის მკედს სიზმრის გუგული.
ძველი კარიგუა დიდებულ აღმოსავლურ ქალაქს ჰგავს. მხურვალე ჰაერში ნეტარ კოცნათა ფოთლები ცვივა. კეთილსურნელთაგან თავბრუ გესხმის. ნოტიო ხახებს ხვატის ოხშივარი ასდით. ხვლიკებს თბილ წყალში სძინავთ, პირველქმნილი წიაღის წიაღ. ეს ტროპიკები - ავხორცობა მიწისეული!

ძველ კირიგუაში, ტაძრის ბჭესთან, ქარვის საყურეებიანი ქალები დგანან. მთელი ტანი მოტატუირებული აქვთ, მკერდის გარდა. მამაკაცებიც მოხატულნი არიან - წითლად და ცხივრში ობისიდიანის საკიდეები აქვთ გაყრილი. ქალიშვილებს გამოუწვავი თიხა აქვთ წასმული, მაღალი ზნეობის ნიშნად.

აი ქურუმიც მოდის. ყველა გზას უთმობს. იგი კარს უკაკუნებს ოქროს ბეჭდით. ყველა მუხლს იყრის და მიწას ტლეკს მადლიერების ნიშნად. ქურუმს შვიდი ოქროს მტრედი მოყავს სამსხვერპლოდ. ქალიშვილთ მტანჯველად ურთიერთ წამწამები და სისხლიანი, სიცოცხლის ხესავით  მოღუნული ქვის დანა ალისფერ ანარეკლს ჰფენს გულგრილ ღმერთთ. რაღაც მოიწევს სარკოფაგში მძინარე დედოფლის მკვდარ ხელთაგან. ზირაკის სურნელი ასდის ქვის მაყლებს და ფლეიტის ჰანგებთან ერთად ფიქრები აღიძვრის ღმერთზე. კედელს მიღმა კი, ტყეთა სიმწვანისა და სიმწიფით გაყვითლებული სიმინდის თავზე, გაზაფხულის წვიმის ღვართ ივარცხნის მზე.

ტიკალში ცარიელია სახლები, სასახლეები, ტაძრები. ჯერ კიდევ გუშინ, ლაბირინტიშ შესასვლელთან, მოხუცები და სულელები ჰყვებოდნენ აქაურ თქმულებებს. სამასი მეომარი აიყარა აქედან დედაწულიანად და გზას გაუდგა. თან მღეროდნენ: ქალნი, წერწეტ დოქთა თიხით მძერწავნი; სოვდაგარნი, პუმის ტყავზე კაკაოს მარცვალტა მრიცხველნი; ლამაზმანნი, მთვარის ვერცხლისეულ ძაფზე მწვანე მძივთა ამცველნი (შეყვარებულთ რომ გამოუხარატეს მზის ჩასვლის ჟამს). დაიხშო მონუსხული განძი. ჩაქრა ტაძართა ცეცხლი.

ყველაფერი დგას, როგორც იდგა. ქუჩებში დაბორიალობენ აჩრდილები და მზერადაშრეტილი ლანდები.

ქალაქები, ღია ზღვასავით წკრიალა ქალაქები!

თქვენს ქვის ფეხებთან, თქმულებებით მოსარტყულ განიერ სამოსთა ჩრდილში, ჩვილი ხალხი თამაშობს პოლიტიკით, ვაჭრობითა და ომით. მშვიდობიანობის ჟამს კი, ქალაქად თუ სოფლად, გრზნეული მოგვები ქსოვის, ხვნა-თესვისა და ანგარიშის გაკვეთილებს უტარებენ მათ.

კონკისტადორთა ქალაქს კიბით ადგება ხსოვნა. ყოველ ხვეულსა თუ ვიწრო მოსახვევზე ჩანს სარკმელი ნახევრად მიხურული ჩრდილით. სქელ კედლებში გაჭრილი დარანი ისე ვიწროა, როგორც ქრისტიანულ ტაძარში ქორედისაკენ მიმავალი. მათ სიღრმეთა წიაღ სხვა ქალაქები კრთიან. ხსოვნა-თვალდავსებული ბებრუცუნა - საფეხურებს სინჯავს.  ...ქალაქი შიბალბა, ქალაქი ტულანი... თქმულებათა ქალაქები, წყვდიადით მოცულნი: იშიმჩე, რომლის ფარზეც ტყვე არწივს კაკჩიეკლ მბრძანებელთა ტახტი ჩაუბღუჯავს. უტატლანი, ძლევამოსილთა სავანე. ატიტლანი, სათვალთვალო კოშკი, ლურჯ ტბაზე გადმომდგარ ტინს აღმართული. სიმინდის ფერიც არ არის ისე მშვენიერი, როგორც მათი უკანასკნელი განთიადი! და წნის ზღაპრის მკედს სიზმრის გუგული.

პირველ ესპანურ ქალაქში, სანტიაგოს ორეულში, დიდგვაროვანმა მანდილოსანმა პატივი მიაგო ქმარს. უფრო შიშით, ვიდრე სიყვარულით. ქალს მწუხარე ღიმილი ეფინა, მაგრამ ქმარს დრო არ დაუკარგავს ტყუილუბრალოდ, ცოლს აკოცა და სანელებელთა კუნძულებისკენ გაემგზავრა. - როგორც ძველ ხალიჩაზე, ისე: სამი ხომალდი ლურჯ ყურეში, მთვარიანი ღამე. სიბოლის შვიდი ქალაქი ოქროს ქვეყნის ღრუბელთა წიაღ. გზად ჩაძინებული ორი ინდიელი კასიკი. - ცხენთა თქარა-თქურის გამოძახილი სასახლის კარს მიწვდა. მანდილოსანმა კი, სიზმარში იყო თუ ცხადში, მკაფიოდ დაინახა: ურჩხულმა მის მეუღლეს სიკვდილის შავეთში გადაუძახა, თვითონ ის კი წყვდიადით მოცული წყალუხვი მდინარის ტალღებში დაიხრჩო.

...დავდივარ ქალაქში, ესპანელთა კოლონიაში. დასილულ ქუჩებში ბერები ლოცვებს ბუტბუტებენ, დიდგვაროვანი მეომრები კამათობენ და მოწმედ მამაზეციერი მოჰყავთ. ლაბადამოხვეული დარაჯი თვლემს. ლანდები მოუსვენრად დაბორიალობენ, ციმციმებს ფარანი ნიშში, წკრიალებს კასტილიური დეზი, კივის გრძნეული ფრინველი და რეკის ძილგამფრთხალი საათი.

ანტიგუაში, მეორე ესპანურ ქალაქში, ნათელი ცის ქვეშ, სუფევს კოლონიური სული და ღვთისმოშიში სევდა. აქ ბევრი ტაძარია და ამიტომაც გული ცოდვის ჩასადენად მიგიწევს. იღება კარი, გამოდის ეპისკოპოსი ალკალდთან ერთად. ჩუმად ლაპარაკობენ, თავდახრილნი. მონასტრის ირგვლივ გაშლილ ქალაქებში ცხოვრებას ნახევრად დახუჭული თვალებით ჭვრეტენ. ქუჩებს მიუყვება ბაღები, თაღედები, მზით გაბრდღვიალებული ეზოები შადრევანთა ნათელი ჭავლებით, სპილენძის სიმძიმე ზართა. და დგას ქალაქი ჯვრის ჩრდილისა და ერთგულ ვულკანთა მფარველობის ქვეშ!

მეფის სასახლეში დიდებული ზეიმი გაუმართავთ. მეომრებს ვერცხლით მოგვირისტებული შავი სამოსი და გაწკეპილი ულვაშები ამკობთ, ისინი მდაბლად უხრიან თავს ბანოვანთ, რომელნიც მაღალსაზურგიან სავარძლებში სხედან. ერთს მკვირცხლი მიხვრა-მოხვრა და მინაბული მზერა აქვს, მეორეს - აბრეშუმით თმა, ის კი, დიდჩინოსანს რომ ესაუბრება, კეთილსურნელთაგან ლამის თავბრუ დაესხას.

ღამდება. ეპისკოპოსი დარბაზიდან გადის ამალის თანხლებით. ხაზინადარი, მონტეზის ორდენის რაინდი, დიდგვაროსნებზე ლაპარაკობს. სანთლები ძლივს ბჟუტავს მინის შანდლებში. მუსიკა ნაზი და მშფოთვარეა, ცეკვა კი - მწუხარე. ერთი-ორი-სამი, ერთი-ორი-სამი. შიგადაშიგ ხაზინადარის ხმა ისმის:

- გრაფ დე ლა გომესს, სამეფოს გენერალ-კაპიტანს უგანათლებულესობის ტიტული ებოძა.

საათი დიდი სიზუსტით მიითვლის დროს. ღამდება... და წვნის ზღაპრის მკედს სიზმრის გუგული.

ჩვენ წმინდა ფრანცისკის ტაძარში ვართ. რა მშვენიერია ყველაფერი: ლორეტის ღვთისმშობლის საკურთხევლის ცხაურა, გენუის ფილათა მოზაიკა, დამასკური სანთლები, გრანადის აბრეშუმი, ფარჩა, ვარდისფერი ხავერდი! ჩუ, ცოტა ხმადაბლა! აქ სამი ეპისკოპოსი მიიხრწნა და ვირთხები სამწუხარო აზრების ნაკუწებს დაათრევენ იატაკზე. მაღალ სარკმლებში მალულად იყურება მთვარის ოქრო. ნახევრად ბნელა. ციმციმებს სასანთლე და უწმინდესი ქალწულის თვალმილულული ხატი.

ხატის წინ ქალი ტირის. ტირილი ძაფივით ჭრის სიჩუმეს.

ძმა პედრო ბეტანკური ნაშუაღამევს ლოცულობს, როცა დააპურებს მშიერთ, დაუყვავებს ობოლთ და განკურნავს სნეულთ. იგი ჩუმად დადის, მტრედივით, ჩუმად მიდის მტირალ ქალთან და ეკითხება, რა უბედურებაა მის თავს. აჩრდილს რომ ეკითხება - ვერ ამჩნევს.

იმ ადამიანს ვტირი, - პასუხად იღებს, - რომელიც თავდავიწყებით მიყვარდა. ქმარი არ იყო, მაგრამ მიყვარდა. ვიცი, შევცოდე. შემინდე, მამაო.

ბერმა თვალი აღაპყრო, მზერა გაუსწორა ქალწულს და უცებ - სასწაული! - ძალაც მოემატება და სიმაღლეც. მხრებზე მოსასხამი იგრძნო, წელზე - დაშნა, ქუდზე - ფრთა, ფეხზე - დეზი. ყველაფერს მიხვდა: იგი წმინდანია - და ხმაამოუღებლივ დახარა თავი მტირალის წინ.

როდრიგო? როდრიგო!

მკვირცხლად წამოიჭრა ქალი, საკუთარი ჩრდილის მდევარი გიჟივით, შლეიფი აიკეცა და ბერს ჩაეკრა: როდრიგო! დონ როდრიგო!

ორი ბედნიერი ჩრდილი ტაძრიდან გამოვიდა - რაინდი და მისი მიჯნური - და ჯოჯოხეთის ბილიკებივით მიხვეულ-მოხვეული ქუჩების სიბნელეში დაინთქა.

დილით კი, თქმულება გვიამბობს, ძმა პედროს ტკბილად ეძინა ტაძარში, უწმინდესი ქალწულის თვალმილულულ ხატთან.

ფუთფუთებენ ობობას ქსელში გაბმული ბუზები. წყნარი კუთხიდან თაგვის ფხაჭა-ფხუჭივით ისმის რაღაც - მეფის მემატიანენი ახალი ქვეყნის მატიანეს სწერენ. ბაყაყებსა და ბერებს ქორედთ ფსალმუნნი გაუბამთ. ისმის გუგუნი ზართა, გულთა და გრდემლთა... და წნის ზღაპრის მკედს სიზმრის გუგული.

აი ძმა პაიო ენრიკეს დე რივერა. იგი ბინდბუნდში მოაბიჯებს, ანაფორიდან სინათლე მოუჩანს. ძმა პაიო დაბალ კარს უკაკუნებს და სახლში საბეჭდი დაზგა შეაქვს.
მიზანთან მივსულვარ: გვატემალა-დე-ლა-ასუნსიონი, მესამე ესპანური ქალაქი! მკაფიოდ ჩანს საშობაო ბაგასავით თეთრი, პატარა სახლები. ვამაყობ, რომ ქალაქის კედლებს, ხალხს, ბერებს და მეომრებს საუკუნენი ჰმოსავთ. მენანება, რომ დაკეტილია აივნები და თავი პატარა ბიჭი მგონია - ძველი, მამა-პაპისეული ზღურბლის წინ. ცხადად ვხედავ ქუჩებში ჟივილ-ხივილით მორბენალ ბიჭებს და მესმის დამალობანას მოთამაშე გოგონების ხმა:

- ...როცა გითხრა ი, მაშინ გა-მო-დი!
- როცა გითხრა ე, არ გა-მოხ-ვი-დე!

ჩემი ქალაქი! ჩემი ქალაქი! ვიმეორებ, იქნებ დავაჯერო თავი. მისი ნეტარი ვაკე. მისი დაბურული ტყე. მთები, წმინდა ვლასის კრენდელივით გარს მოვლებული. მისი ტბები. მისი ვულკანი - ფერდობები და კრატერი. მისი მფარველი - იაკობი, ჩემი სახლი და სხვა სახლები. მოედანი და ტაძარი. ხიდი. კარ-მიდამოები. გზაჯვარედინი. ბალახ-ბულახი მიხვეულ-მოხვეული და დასილული ქუჩის კიდეზე. მდინარე, რომელსაც თან მიაქვს მტირალ ტირიფთა კვნესა. ისოტეს მაღალი ყვავილები. ჩემი სოფელი, ჩემი ქალაქი!

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში