მაქს ბროდი - ფრანც კაფკას ცხოვრების უკანასკნელი წლები

„აქ, ჩემს ირგვლივ, არავინაა ისეთი, რომ ჩემი ესმოდეს. გყავდეს ერთი ადამიანი, ვისაც ესმის შენი, თუნდაც ცოლი, ეს უკვე ნიშნავს, რომ ყველი მხრიდან საყრდენი გაქვს. თვით ღმერთიც შენთანაა“ - წერდა კაფკა 1915 წელს თავის დღიურში. ამგვარი ბედნიერება მან ცხოვრების უკანასკნელ წლებში თითქოს იგემა კიდეც, ყოველ შემთხვევაში, ნაწილობრივ მაინც, მისი ცხოვრების დასასრული უფრო პოზიტიური და სიცოცხლით აღსავსე იყო, ვიდრე მთელი მისი ცხოვრება მანამდე.

1923 წლის ზაფხულში ფრანცი თავის დასთან და დისშვილებთან ერთად იმყოფებოდა ბალტიის ზღვისპირა ქალაქ მიურიცში. აქ მან აღმოაჩინა საზაფხულო ბანაკი, ბელრინელ ებრაელთა სახალხო თავშესაფარი, რომელცი დოქტორმა ლეემანმა დააარსა. სწორედ ამ სახლის სამზარეულოში შეამჩნია მან გოგონა, რომელიც თევზს ასუფთავებდა. „ასეთი ნაზი ხელები და ამგვარი სისხლიანი საქმე?!“ - გაიკვირვა კაფკამ. გოგონას ისე შერცხვა, რომ დაბნეულობისგან არ იცოდა რა ეღონა.

ამგვარი გახლდათ კაფკას პირველი შეხვედრა დორა დიმანტთან, თავისი ცხოვრების მომავალ თანამგზავრთან.

დორა დიმანტი მაშინ ცხრამეტი თუ ოცი წლისა იქნებოდა. წარმოშობით წარჩინებულ, ხასიდ ებრაელთა ოჯახიდან გახლდათ. მამისადმი უდიდესი სიყვარულისა და პატივისცემის მიუხედავად, დორამ ვერ აიტანა ოჯახის მკაცრი ტრადიციები და იძულებული გახდა გაქცეულიყო ჯერ ბრიუსელში, მერე ბერლინში, ბოლოს კი მიურიცში, სადაც ეს შესანიშნავი, გამორჩეული ებრაელი ქალი სახალხო სახლის წარმომადგენელი გახდა. ამ დროისათვის კაფკა განსაკუთრებული მონდომებით ეწადებოდა ებრაული ენის შესწავლას. მის ხელნაწერებში ებრაული ენის სავარჯიშოებით ავსებული არაერთი ფურცელი მოინახა. დორასა და კაფკას შორის პირველი დიალოგიც იმით დამთავრდა, რომ დორამ კაფკას ესაიადან ერთი თავი ძველ ებრაულ ენაზე წაუკითხა. ფრანცს არ გამოპარვია ქალის მსახიობური ნიჭი. სწორედ მისი რჩევით შეისწავლა დორამ ეს ხელოვნება.

აქ გატარებულმა ზაფხულის მშვენიერმა დღეებმა კაფკას უდიდესი ძალა და გამბედაობა დაუბრუნა; გადაწყვიტა ბერლინში დაბრუნებულიყო და დორასთან ერთად ეცხოვრა. ამჯერად ისე მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ უცილობლად შეასრულებდა კიდეც. 1923 წლის ივლისის ბოლოს კაფკამ დატოვა პრაღა. ოჯახურ უსიამოვნებებსაც გაართვა თავი. ბერლინიდან მოწერილი პირველივე წერილიდან ვიგრძენი, რა ბედნიერად გრძნობდა თავს: „ღამითაც კი მშვენივრად მძინავს“, - მწერდა იგი. თავიდან შტეგლიტცის გარეუბანში ცხოვრობდნენ. სწორედ აქ შექმნა კაფკამ შედარებით მხიარული მოთხრობა „ერთი პატარა ქალი“, რომლის მთავარი პერსონაჟი სახლის მეპატრონე გახლდათ. ეს ქალი რატომღაც არ სწყალობდა ფრანცსა და დორას; მათ გამუდმებული კონფლიქტი ჰქონდათ. ექვსი კვირის შემდეგ ისინი გრიუნენვალდის ქუჩის 13 ნომერში, ქალბატონ რეტჰბერგის ვილაში გადავიდნენ, ამ სახლის სილამაზით ფრანცი აღფრთოვანებული იყო, მიუხედავად იმისა, რომ ისინი მხოლოდ ორ ძალზედ მოკრძალებულ ოთახში ცხოვრობდნენ. აქ მე იგი რამდენჯერმე, ალბათ სამჯერ მაინც მოვინახულე და, წარმოიდგინეთ, საოცარი იდილია აღმოვაჩინე: როგორც იქნა, ჩემი მეგობარი კარგ გუნებაზე ვიხილე. თუმცა მისი ჯანმრთელობა უკვე გაუარესებული ჰქონდა. ფრანცი რაღაც დემონებზე ლაპარაკობდა, რომელთაგანაც, როგორც იქნა, განთავისუფლდა: „ხელიდან დავუსხლტი. ახლა იქნებ ისინი მეძებენ კიდეც, მაგრამ ვერ მპოულობენ, ყოველ შემთხვევაში, ჯერ-ჯერობით მაინც“.

როგორც იქნა, კაფკამ შექმნა დამოუკიდებელი კერა, იდილია. იგი ახლა უკვე ოჯახის შვილი კი არა, ასე ვთქვათ, ოჯახის მამა გახლდათ, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ კაფკა რაღაც პარადოქსისაკენ, პრინციპულად განუხორციელებლისაკენ კი არ მიისწრაფვოდა, როგორც კირკეგორი თავისი „კრიზისის თეოლოგიაში“, არამედ, და ესაა სწორედ მნიშვნელოვანი, ფრანცს ჭეშმარიტი აზრით აღსავსე ცხოვრება სურდა. იგი დაახლოებით მარტინ ბუბერის აზრს იზიარებდა. კირკეგორის საპირისპიროდ სიმარტოვესა და ცოლ-ქმრულ კავშირზე ამბობდა: „ქორწინება განსაკუთრებული კავშირია, და სწორედ ეს კავშირი გვაახლოებს ერთმანეთთან ისე, როგორც სხვა არაფერი. მხოლოდ და მხოლოდ ამ კავშირს შეუძლია გვაზიაროს ჭეშმარიტ ღვთიურ თავისუფლებას“. ამ მხრივ კაფკა მისი ცხოვრების უკანასკნელ წლებში, მიუხედავად საშინელი ავადმყოფობისა, რომელიც ცხოვრებას დღითიდღე უმოკლებდა, ჭეშმარიტ გზაზე იდგა და თავისი ცხოვრების ერთადერთ თანამგზავრთან ბედნიერად გრძნობდა თავს. თითქოს უფრო მეტი ხალისითაც მუშაობდა. სწორედ ამ ძირეულმა ცვლილებამ, მისმა ცხოვრებისაკენ შემობრუნებამ გამაბედინა და მომცა ძალა დამერღვია პირობა, უარი მეთქვა ფრანცის მიერ ჩემდამი დიდი ხნის წინ გამოგზავნილ წერილობით თხოვნაზე, რომლის თანახმადაც მისი წერილების გამოქვეყნების უფლება არ მქონდა.

მაშინ მხოლოდ მე არ მომჩვენებია ფრანცი შეცვლილი და ახალ ადამიანად გარდაქმნილი. მისი ბოლო წერილებიდანაც აშკარად ჩანს შესანიშნავი გუნება-განწყობილება, სილაღე, ბოლოს და ბოლოს მოპოვებული სიმტკიცე. ეს გარდაქმნა დისადმი მიწერილი წერილის ამ ნაწყვეტიდანაც იგრძნობა: „საყვარელო ფალი, მაგიდა ბუხართან დგას, მე ბუხრისაკენ ზურგშექცევით ვზივარ და შესანიშნავად მითბობს ამ მუდამ ცივ ზურგს. ჩემი ნავთის ლამპაც არაჩვეულებრივად ანათებს. ეს ლამპა ხომ ნამდვილი შედევრია, როგორც ნაკეთობის, ასევე ყიდვის თვალსაზრისითაც. იგი ცალ-ცალკე შეგროვებული, სხვადასხვა ნაწილებისგანაა შეკოწიწებული. (რა თქმა უნდა, არა ჩემს მიერ; აბა, ამას მე როგორ გავაკეთებდი!) ერთი სიტყვით, ამ ლამპასთან ვზივარ და ვკითხულობ შენს უკვე ძველ, მაგრამ ძვირფას წერილს.

საათი წიკწიკებს. წარმოგიდგენია, ამასაც შევეჩვიე, მხოლოდ იშვიათად ვაქცევ ყურადღებას. (ადრეულ წერილებში კი აშკარად ჩანს, რომ კაფკას მეტისმეტად აღიზიანებდა საათის წიკწიკი, ყოველნაირად ცდილობდა საათი მისი ოთახიდან კარგა მოშორებით ყოფილიყო.) ახლა საათს ჩემთან გარკვეულწილად კარგი დამოკიდებულება აქვს. არადა, სულ ახლახანს არ იყო, საათს და ამგვარ ნივთებს, ზურგი რომ ვაქციე? უფრო სწორად, მათ მაქციეს ზურგი, თუმცა კარგი გაგებით. ამის გადმოცა ძნელია, კალენდარიც კი განმიდგა თითქოს, სულ ჩაიკეტა თავის თავში და მხოლოდ მაშინღა მახსენებს თავს, როცა მისი რჩევა მესაჭიროება. ყველაფერი რომ მოგწერო, რასაც აქ ვსაქმიანობ და რითიც ვარ დაკავებული, ვერასდროს დავასრულებ ამ წერილს. გეგონება და მართლაც აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ვიყო ჩაფლული, სინამდვილეში კი ჩემს გარშემო საოცარი სიმშვიდეა, სხვათა შორის, არასოდეს არ ყოფილა ასეთი სიმშვიდე“.

ფრანცი მეტისმეტად განიცდიდა იმდროინდელ ამბებს. „1923 წლის ზამთარში დაწყებული ინფლაცია ბოლოს მოუღებს ფრანცს, ეს მასზე მომაკვდინებლად იმოქმედებს. როცა ამ მშვიდი გარეუბნიდან გასვლა უწევს, თითქოს ხელჩართული ბრძოლა გადაეტანოს, მუდამ განადგურებული, მთლად ფერმკრთალი ბრუნდება, რადგან ღარიბთა გაიჭრვება გულთან მიაქვს. მაგრამ მთავარი მხოლოდ ეს თანაგრძნობა როდია, თავადაც ძალიან უჭირს. ჯიუტად ცდილობს თავისი პატარა პენსიით გავიდეს იოლად, მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, ისიც საოცრად დათრგუნული იღებს თავისი ოჯახისგან ფულს, ან რაიმე სხვა დახმარებას. ამ ბოლო ხანს რაღაც მცირეოდენი ფული იშოვა და ფიქრობს ოჯახს ვალი გაუსტუმროს, ან დაბადების დღისათვის თავისიანებს ძვირფასი საჩუქრები გაუკეთოს. სინამდვილის დამალვას ყველანაირად ცდილობს“ - მწერდა დორა.

თუ ვინმე ფრანცის სანახავად მოდიოდა, თავის საზრუნავზე იშვიათად, ისიც ხუმრობით თუ დასცდებოდა რაიმე. ერთხელ ასევე ხუმრობით თქვა: „მე და დორაერთ ძველ შენობას ვიქირავებთ, დორა მზარეულად იმუშავებს (დორა შესანიშნავი მზარეული იყო) მე კი ოფიციანტად და ასე გავალთ იოლადო“.
დორამ გამიმხილა, ბერლინში ცხოვრებისას ფრანცმა თავისი ხელნაწერები დამაწვევინაო. უბრძანა და მანაც ხელებაკანკალებულმა აღასრულა ეს ბრძანება. მოგვიანებით კი ნანობდა, იტანჯებოდა, თუმცა იმასაც ამბობდა, იგივე სიტუაციაში ალბათ დღესაც დავემორჩილებოდი კაფკას თხოვნასო. დორასთან დარჩენილი ხელნაწერების კონფისკაცია კი გესტაპომ მოახდინა 1933 წელს და საჯაროდ გაანადგურა. მე ვთხოვე პოეტ კამილ ჰოფმანს, რომელიც დამოუკიდებელი ჩეხოსლოვაკიის რესპუბლიკის საელჩოს ატაშედ იყო გამოგზავნილი ბერლინში, ჩარეულიყო ამ საქმეში და გერმანიის მთავრობისთვის გამოეთხოვა ეს ხელნაწერები, მაგრამ ამაოდ გაისარჯა, არაფერი გამოუვიდა. მოგვიანებით კი თავად გახდა ნაციზმის მსხვერპლი.

მიუხედავად სულიერი გაწონასწორებულობისა, რომელსაც ბოლომდე ინარჩუნებდა, ფრანცის ჯანმრთელობა სულ უფრო და უფრო უარესდებოდა. მე განგაში ავტეხე და 1924 წლის 14 მარტს ბერლინში ჩავედი, 17-ში კი ფრანცი პრაღაში ჩამოვიყვანე. დორამ და დოქტორმა კლოპსტოკმა სადგურამდე გამოაცილეს. რამდენიმე დღის შემდეგ დორაც ჩამოვიდა.



იმჟამად ფრანცი კვლავ მშობლებთან ცხოვრობდა; დიდად ზრუნავდნენ მასზე, მაგრამ ფრანცის აზრით, ეს იყო კრახი მისი დამოუკიდებლობისა. მას სურდა ყოველდღე მომენახულებინა, თუმცა გადაჭრით არასოდეს მოუთხოვია, გინდა თუ არა მნახეო. დიდი გაგებით ეკიდებოდა ჩემს მოუცლელობას. ყოველი შეხვედრისას ისე მელაპარაკებოდა, თითქოს გრძნობდა, მალე ვეღარასოდეს ვნახავდით ერთმანეთს. წამოსვლისას ხშირად მეუბნებოდა ხოლმე, მკაცრადაც კი: „ხვალ ამ დროს მოდი“. დღითიდღე სუსტდებოდა, გადაწყდა, სანატორიუმში უნდა გადაგვეყვანა.

„იმ ამბავმა, რაც ათ აპრილს მოხდა, ყველა საშინელებას გადააჭარბა“ - წერია ჩემს დღიურში. „კაფკა სანატორიუმიდან უკან გამოაგზავნეს. სანატორიუმს ავადმყოფთა გადასაყვანად ღია მანქანები ემსახურებოდა. საუბედუროდ, იმ დღეს წვიმდა და ქარიც ქროდა. მთელი ამ მგზავრობის განმავლობაში დორა ყველანაირად ცდილობდა მთელი ტანით გადაფარებოდა კაფკას“.

რობერტ კლოპშტოკმაც კვლავაც დიდი სიყვარული და ერთგულება გამოიჩინა კაფკასადმი. ბერლინში შეწყვიტა კვლევითი სამუშაოები (ამ გამოკვლევებმა მოგვიანებით მნიშვნელოვანი შედეგები გამოიღო ფილტვების თერაპიის სფეროში) და სიკვდილამდე ფრანცს გვერდიდან არ მოშორებია. ეს ორი ადამიანი, დორა და დოქტორი კლოპშოტი თავიანთ თავს ხუმრობით ფრანცის „პატარა ოჯახს“ უწოდებდნენ. ეს იყო საოცარი გულითადი ცხოვრება სიკვდილის გვერდით. ფრანცმა თავადაც კარგად იცოდა თავისი მძიმე ავადმყოფობის შესახებ, მაგრამ, ვამჩნევდით, იმედს მაინც არ კარგავდა, თითქოს საფრთხეს არ აცნობიერებდა. ვენის კლინიკაში პროფესორი ჰაიეკი მას კარგად არ ეპყრობოდა. ამაო იყო ყველა ძალისხმევა, თხოვნითაც მივმართეთ, კაფკასათვის ერთსაწოლიანი ოთახი გამოეყო, რადგან ფრანცს ერთი-ორჯერ მომაკვდავის გვერდით მოუწია წოლა; ერთხელ საოცრად აღელვებულმა მომიყვა მღვდლის უდიდეს მოთმინებაზე, რომელიც მომაკვდავს სულის ამოსვლამდე თანაგრძნობითა და სათნოებით შესცქეროდა, მაშინ როცა ექიმებს კარგახნის მიტოვებული ჰყავდათ. ვენის გავლენიან პირებს წერილობით მივმართე. ვერფელი თავგამოდებით გამოექომაგა ფრანცს, მაგრამ უგულო და უხეშმა პროფესორმა ასევე თავგამოდებით აგვიხსნა: კაფკაც ისეთივე პაციენტია, როგორც ამ სანატორიუმში მყოფი ყველა სხვა პაციენტი და განსაკუთრებულს მის პიროვნებაში ვერაფერს ვხედავო. შემდეგ კი თავის ეს მოსაზრება შემდეგნაირად დააგვირგვინა: „ვიღაც ვერფელი მწერს, რომ ვინმე კაფკასთვის რაღაც ვიღონო. ვინ არის კაფკა ვიცი, ეს არის პაციენტი პალატა #12-დან, მაგრამ ვერფელი ვინღაა, აი ეს არ ვიცი“.

დორამ და კლოპშტოკმა როგორც იქნა, მიაღწიეს იმას, რომ აპრილის ბოლოს კაფკა უფრო კარგ გარემოში, კლოსტერნოიბურგთან, კიირლინგის სანატორიუმში გადაეყვანათ. ჩემდამი მოწერილ ერთ-ერთ წერილში ვერფელი მწერდა: „პროფესორ ჰაიეკის აზრით, კაფკას ერთადერთი და საუკეთესო გამოსავალი საავადმყოფოს პირობებში ყოფნაა, სადაც ხელთაა ყველა საჭირო სამკურნალო საშუალება“. ამას რომ გვეუბნებოდა, თითქოს გვაფრთხილებდა.

კირლინგში კაფკას ერთი ლამაზი, ყვავილებით მორთული ოთახი გამოუყვეს. სწორედ ამ ოთახში გაატარა თავისი უკანასკნელი დღეები ორ უერთგულეს ადამიანთან ერთად მშვიდად და ბედნიერად, რამდენადაც ამის საშუალებას მისი ტკივილები იძლეოდა.

პროფესორი ნოიმანი და დოცენტი ოსკარ ბეკი კიირლინგში კაფკას სანახავად რამენჯერმე ჩავიდნენ. ახლაც მაკანკალებს დოქტორ ფელიქს ველშტის 3 მაისის წერილს როცა ვკითხულობ: „გუშინ ქალბატონმა დორამ დამირეკა კიირლინგიდან. ბატონ კაფკას ხორხში ისეთი საშინელი ტკივილები აქვს, რომ ყლაპვა თითქმის შეუძლებელი ხდება. მაშასადამე, ხორხში ხრწნადი ტუბერკულოზული პროცესი მიმდინარეობს, დაავადებამ ეტყობა საყლაპავი მილიც ჩაითრია. ამგვარ შემთხვევაში ოპერატიულ სამედიცინო ჩარევაზე ფიქრიც კი ზედმეტია. ამიტომ ძირითადად გამაყუჩებელი ნემსები უკეთდება. მაგრამ ქალბატონმა დიმანტმა დღესაც დამირეკა და მამცნო, რომ გამაყუჩებელი მხოლოდ ხანმოკლე შედეგს იძლევა, მერე კი ტკივილები კვლავ უძლიერდებაო. ქალბატონ დიმანტს ვურჩიე ბატონი კაფკა სასწრაფოდ გადაეყვანათ პრაღაში და ნათესავებისთვისაც შეეტყობინებინათ მისი მდგომარეობა, რადგან პროფესორ ნოიმანს აზრითაც ფრანცს მხოლოდ სამი თვის სიცოცხლეღა დარჩა. ქალბატონმა დიმანტმა უარყო ეს წინადადება, ვაითუ ფრანცი ყველაფერს მიხვდესო. ჩემთვის გასაგებია, დორა მეტისმეტად განიცდიდა კაფკას მდგომარეობას, დაჟინებით ითხოვდა კიირლინგში კიდევ ერთხელ მოეწვიათ კონსილიუმი. ამაოდ ვეცადე ამეხსნა, რომ ბატონ კაფკას ფილტვებშიც და ხორხშიც ერთნაირად მძიმე მდგომარეობა ჰქონდა და ვერც ერთი სპეციალისტი ვეღარ უშველიდა, ტკვილის მხოლოდ მორფიუმის საშუალებით თუ შეუმსუბუქებდნენ“.

ბოლო რამდენიმე კვირა ფრანცი ცოტას ლაპარაკობდა, წერილებით გვაგებინებდა თავის აზრებს. ერთი-ორი წერილი დღესაც მაქვს შემონახული.

„მოთხრობას ახალი სათაური ექნება - „ჟოზეფინა მომღერალი, ანუ ხალხი თაგვების ქვეყანაში“. შეიძლება ეს არც თუ ისე კარგად ჟღერდეს, მაგრამ მთავარი ისაა, რომ მასში განსაკუთრებული აზრი დევს. თუმცა ეს ალბათ, მსჯელობის საკითხია“.

ეტყობა, კაფკა ძალიან ბევრს ფიქრობდა მამაზე, ხშირად იხსენებდა, ბავშვობაში როგორ დადიოდა მასთან ერთად ცურვაზე. ერთხელ დორას უამბო: „როცა პატარა ბიჭი ვიყავი და ჯერ ცურვა არ ვიცოდი, მამას, რომელმაც ასევე არ იცოდა ცურვა, საცურაო აუზზე დავყავდი. მახსოვს, ვისხედით შიშვლები, მივირთმევდით ძეხვს, პურს და ზედ მამას საყვარელ ლუდს ვაყოლებდით. საუზმე მამას ყოველთვის თან მოჰქონდა, რადგან საცურაო სკოლის სასაუზმეში ყველაფერი ძვირი ღირდა. შეგიძლია წარმოიდგინო ეს მკაცრი კაცი პატარა მშიშარა ბიჭუნასთან ერთად? ან ის, როგორ ვიცმევდით პატარა ბნელ ოთახში? ან თუნდაც ის, ძალზე დამორცხვებულს როგორ მექაჩებოდა მამა, გასახდელიდან გარეთ რომ გამოვეყვანე? შეგიძლია წარმოიდგინო, როგორ უნდოდა მამას, რომ მე, ამ ეგრეთ წოდებულ ცურვაზე ვეტარებინე, კიდევ ეს ლუდის სმაც?! რა უცნაური იყო?!“.

თავად ფრანცი ალკოჰოლს არ ეტანებოდა, მაგრამ ცოდნით იცოდა, რა იყო ლუდით, ღვინით, ხორცით ტკბობა. ზოგჯერ დაყნოსავდა სასმელებს და ხოტბას ასხამდა მათ საოცარ სურნელს, თუმცა არავინ იცოდა, ამას გულწრფელად ამბობდა თუ ირონიულად. რამდენჯერმე მოსვა კიდეც ლუდი და ღვინო, მერე კი აღფრთოვანებულმა ფურცელზე დამიწერა: „ისეთი შეგრძნება არ გეუფლება, თითქოს ლეონარდს წერისას წინ ერთი ჭიქა ღვინო ედგაო?“ – (მწერდა ჩემთვის უცნობ ვინმე ლეონარდზე).

ამგვარად, ფურცლებით გასაუბრებისას ფრანცმა ერთხელ თავისი ბიძაშვილის ამბავიც მიამბო: „ჩემი ბიძაშვილი რობერტი საოცარი ადამიანი იყო, ორმოციოდე წლის იქნებოდა, როცა დაიღუპა. იგი ადვოკატი იყო, მთელი დღე საქმიანობდა, არც გართობას იკლებდა. მახსოვს ერთხელ, ხუთი საათი იქნებოდა, სოფიის საცურაო აუზზე მოვიდა, ტანსაცმელი გაიხადა, წყალში ჩახტა და ისე ლაღად და ლამაზად გაცურა, რომელიღაც ველურ მხეცს მოგაგონებდა. სიცოცხლით აღსავსე თვალები ჰქონდა; წყალმა ისე გაახალისა, ძალზე შორს გასცურა. საოცრები იყო პირდაპირ. ამ ამბიდან ნახევარი წლის შემდეგ დაიღუპა. ელენთა აწუხებდა. ექიმები ამ ავადმყოფობას რაღაც ინექციით ებრძოდნენ, მაგრამ ამაოდ“.

ფრანცი ასევე ბევრს მწერდა თავის იმჟამინდელ პრობლემებზე, მდგომარეობაზე. შიგადაშიგ ასეთი წინადადებებიც ერია:

„მეფეთა შვილები“, „უსასრულობაში უსასრულო ნავსაყუდელი“. საოცრად დაღლილი ჩანდა, დაღლილი და თან მოუთმენლობით აღსავსე.

11 მაისს ვენაში გამგზავრება გადავწყვიტე, რათა კიდევ ერთხელ მომენახულებინა ფრანცი. საოცრად უცნაური რამ მოხდა. დამიძახეს, ჩქარა, ტელეფონთან ვიღაც ქალი გიხმობთო, ვენიდან გირეკავენო. პალტოიანად შევვარდი ოთახში. დორა იყო: „შენ დარეკე?“. „არა, ეს-ეს არის შემოვედი“. „ვიღაცამ დარეკა პრაღის ყოველდღიური გაზეთიდან და შენ მეგონე“, - თქვა მან. ჩემი მცდელობის მიუხედავად, ეს ამბავი ამოუხსნელი დარჩა. პრაღის ყოველდღიური გაზეთი ყოველდღე რეკავდა ვენაში, მაგრამ კიირლინგში არასოდეს დაურეკავს... ამგვარად, ვიდრე კიირლინგამდე ჩავაღწევდი, ველოდი, რომ ვინმეს სიკვდილს გავიგებდი. სახლიდან გამოსვლისთანავე შევიტყვე, ქვემო სართულზე კაცი კვდებოდა თურმე. სადგურზეც ერთი შვებში ჩაცმული ქალი გამომელაპარაკა, როგორც მერე გავიგე, მინისტრ ტუზარის ქვრივი ყოფილა. თავისი მეუღლის სიკვდილზე მელაპარაკებოდა. სადგურიდან პირდაპირ სასტუმროსკენ გავემართე და დილით პირველივე მატარებლით კლოსტერნოიბურგში გავემგზავრე, იქიდან კი კიირლინგში ჩავედი და იქ საღამომდე დავრჩი.

იმ დღეს ფრანცი საოცრად გამოცოცხლებული მეჩვენა. ექიმებისგან განსხვავებით, მისი მდგომარეობა უიმედოდ არ ჩამითვლია. ვისაუბრეთ, შემდგომ ერთობლივ მგზავრობაზე გეგმაც კი დავსახეთ. პირველი, რაც დორამ მომიყვა (რადგან თავად ფრანცს ბევრი ლაპარაკის უფლება არ ჰქონდა) და ფრანცმაც დამიდასტურა, საოცრად უცნაური ამბავი იყო. დორამ მითხრა, ფრანცს სურს ჩემზე იქორწინოსო. თანხმობის მისაღებად წერილიც კი გაუგზავნია დორას ღვთისმოსავი მამისათვის: „მართალია, ერთი ურწმუნო ებრალი კაცი ვარ, მაგრამ უკვე „მონანიე“, „მობრუნებული“. აქედან გამომდინარე, იმედს არ ვკარგავ, რომ პატივს დამდებთ და თქვენ ოჯახში მიმიღებთო“. ეს წერილი დორას მამასთან იმ პიროვნებას გაატანეს, ვისაც იგი განსაკუთრებულ პატივს სცემდა და ენდობოდა. მაგრამ წერილის წაკითხვისთანავე მან მხოლოდ ერთი სიტყვა - „არა“ წარმოთქვა და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ბარათი უკან დააბრუნა.

ეს გულქვა, მოკლე პასუხი, ჩემი ჩასვლის შემდეგ მალე მოვიდა. ფრანცი მოუთმენლად სწვდა წერილს. მერე კი მთელი დღე „ეს პატარა ოჯახი“ მხოლოდ ამ თემაზე საუბრობდა. მართალია, კაფკა იცინოდა, მაგრამ ემჩნეოდა, რომ იტანჯებოდა. ჩვენ ყველანი ვცდილობდით მისი ფიქრი სხვა რამეზე გადაგვეტანა, მაგრამ ამაოდ; ცოტა ხნის შემდეგ დორამ განზე გამიყვანა და ჩამჩურჩულა: „ყოველ ღამით ფრანცის ფანჯარასთან ბუ მოდის, ეს სიკვდილის ფრინველია“.

ფრანცს კი სიცოცხლე სწყუროდა. საოცარი სიზუსტით ასრულებდა ექიმის ყოველგვარ მითითებას, რაც წინათ არასოდეს სჩვეოდა. დორა რომ ადრე გაეცნო, ალბათ სიცოცხლისადმი სწრაფვა ადრევე და დროულად გაუძლიერდებოდა. ეს ორი ადამიანი საოცრად უხდებოდა ერთმანეთს. აღმოსავლელი ებრეალი რელიგიური ტრადიციების ის მდიდარი საგანძური, რომელსაც დორა ფლობდა, ფრანცში მუდამ აღტაცებას იწვევდა. ამ ახალგაზრდა ქალსაც, რომელმაც ჯერ არაფერი უწყოდა დასავლეთის დიდი კულტურის შესახებ, არანაკლებ იზიდავდა თავისი მასწავლებელი და თითქოს საკუთარი ოცნების ამ უიშვიათეს პიროვნებას, ანცად, ბავშვური ხალისით შესტრფოდა. ხშირად მართლაც ბავშვებივით ეპყრობოდნენ ერთმანეთს.

მახსენდება, როგორ იბანდა დორა ხელებს ფრანცის ნაბან წყალში. ამას ისინი „ოჯახურ ბანაობას“ უწოდებდნენ. სულისშემძვრელი, გულისამაჩუყებელი იყო დორას მზრუნველობა, მისი უძილო ღმეები, დაუშრეტელი ენერგია. დორამ მიამბო, როგორ ატირდა ფრანცი სიხარულისაგან, როცა ერთმა ცნობილმა ექიმმა (უკვე უკანასკნელ სტადიაში მყოფს) უთხრა, ყელში უკეთესი მდგომარეობა გაქვსო; დორას გულში იკრავდა და ეუბნებოდა, არასოდეს მდომებია სიცოცხლე და ჯანმრთელობა ისე, როგორც ახლაო. ამ სიტყვებმა ჩვენი ერთი მოგზაურობისას მისი ნათქვამი გამახსენა. ეს იყო 1919 წლის ნოემბერში, ერთად ვმოგზაურობდით შელეზენში. ამ მოგზაურობიდან ორი მოგონება ამომიტივტივდა. ჰამსუნზე საუბრისას კაფკამ მითხრა, ამ ავტორის სურვილის მიუხედავად, ყოველგვარი ბოროტება უმეტესად ქალებისგან მოდისო. ბოლოს კი, როცა მატარებელი გაჩერდა, მრავალმნიშვნელოვნად ჩაილაპარაკა: „რა უამრავი სადგურია გასავლელი სიკვდილამდე, და რა ძალზე ნელა მიიზლაზნება ეს გზა“. ახლა უკვე მძიმედ დაავადებულმა, როცა შეიგრძნო ცხოვრების სიტკბო, სიამოვნებით იცოცხლებდა კიდევ, მაგრამ...

3 ივნისს, სამშაბათ დღეს გარდაიცვალა ფრანც კაფკა. დახურული კუბოთი პრაღაში გადაასვენეს და 11 ივნისს, 10 საათზე ებრაელთა სასაფლაოზე, დიდი ჭიშკრის ახლოს დაკრძალეს. როცა ჩვენ, ექვსს რომ თხუთმეტი წუთი აკლდა, ძველ ქალაქში მდებარე ფრანცის ბინისაკენ ვბრუნდებოდით, შევამჩნიეთ, რომ რატუშის საათი გაჩერებულიყო და ოთხს აჩვენებდა.

მოგვიანებით, ფრანცის მშობლებმაც ამ სასაფლაოზე ჰპოვეს საბოლოო ნავსაყუდელი.

ფრანცის უკანასკნელი საათების შესახებ, ძირითადად, დორასა და რობერტ კლოპშტოკის გადმოცემიდან ვიცი:

ორშაბათ საღამოს ფრანცი ძალიან კარგად გრძნობდა თავს, მხიარულობდა, ოხუნჯობდა. თურმე ყველაფერს, რაც კლოპშტოკს ქალაქიდან ჩამოუტანია, გემო გაუსინჯა: მარწყვს, ალუბალს... ყველაფერს ხანგრძლივად ყნოსავდა და საერთოდ, ბოლო დღეებში გაორმაგებული სიამით ტკბებოდა. ითხოვდა, რომ მის თვალწინ ესვათ წყალი ან ლუდი, თანაც ნელ-ნელა, სვენებ-სვენებით. სხვების ტკბობით, თავად ტკბებოდა. ბოლო დღეებში ხილსა და სასმელებზე ძალზე ბევრს ლაპარაკობდა.

ორშაბათ დღეს მშობლებს წერილი მისწერა - ესაა ნიმუში თავდაჭერილობისა და ბავშვური სიყვარულის (დაახლოებით მსგავსი იმ წერილებისა, რომლებიც ჰაინემ თავისი ავადმყოფობის ჟამს მისწერა დედას). წერილს მღელვარების არანაირი კვალი არ ემჩნეოდა.

„უსაყვარლესო მშობლებო, ხშირად მწერთ, ჩამოვალთო, მაგრამ ვერ ახერხებთ, არადა, რამდენი ხანია ერთად აღარ ვყოფილვართ, პრაღაში ერთად ყოფნას არ ვთვლი, ეს მხოლოდ იმჟამინდელი სიტუაციიდან გამომდინარეობდა და ვეღარც კი ვიხსენებ, როდის იყო ეს. წერილებიდან ვხვდები, რომ მამას დღევანდელი ღვინისა ბევრი არა გაეგება რა, რაც შეეხება ლუდს, აქ კი მე მას სავსებით ვეთანხმები. მახსენდება ჩვენი ერთობლივი ლუდის სმა, როცა მამას ქალაქის საცურაო სკოლაში დავყავდი...

ძალზედ გამიხარდებოდა, თუ მესტუმრებოდით. ამას ალბათ ბევრი დაბრკოლება ეღობება წინ, უპირველეს ყოვლისა კი მამას პასპორტთან დაკავშირებული სიძნელეები.

რაც შეეხება ჩემს მდგომარეობას, ალბათ უკვე იცით, პირველი სირთულეების შესახებ აქაც და ვენაშიც. ამ ყველაფერმა, ცოტა არ იყოს, ძალღონე გამომაცალა. ამას ტემპერატურის სწრაფი დავარდნაც დაერთო, რამაც კიდევ უფრო ხელი შეუწყო ჩემს დასუსტებას.

დორასა და რობერტის წყალობით მხოლოდ ახლაღა გამოვდივარ ამ დაუძლურებული მდგომარეობიდან (ნეტავ რა მეშველებოდა მე მათ გარეშე). სიძნელეები, რა თქმა უნდა, ახლაცაა, მაგალითად, თუნდაც ახლახანს გადატანილი კრიზისი. მიუხედავად ჩემი დიდი მცდელობისა, სუფთა ჰაერისა და კარგი კვებისა, ხეირიანად ჯერ მაინც ვერ მოვმჯობინდი. პრაღაში უკეთ ვიყავი. იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ მხოლოდ ჩურჩულით ლაპარაკის უფლება მაქვს და ისიც არცთუ ისე ხშირად, მაინც ყველაფერი საუცხოოდაა. ამ ბოლო ხანებში პროფესორმა მითხრა, თქვენი საქმე უკეთესობისკენ მიდისო. ჩემთვის დიდი ნუგეშია ამ ძვირფასი და თავდადებული ადამიანის თუნდაც ერთი სიტყვა. იგი ყოველ კვირას ჩამოდის მანქანით, სამაგიეროსაც კი არაფერს ითხოვს. ერთი სიტყვით, თითქოს უკეთესობაა, მაგრამ ჩემი აზრით, არაფერი ამდაგვარი. თუ გგონიათ, რომ აქ ჩამოსულთ უკეთ დაგხვდებით, სჯობია მაგის იმედი ნუ გექნებათ, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით მაინც“.

კვირას (და როგორც ამბობენ, სამშაბათსაც, რასაც მე ვერ ვიჯერებ) ფრანცი კიდევ მუშაობდა თავისი ბოლო წიგნის „შიმშილის ოსტატის“ კორექტურაზე და გამომცემლობის მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამდა: „ჩემს შენიშვნებს საკმაო გულისყურით არ მოეკიდნენო“. ერთხელ დორამ სამართლიანად შენიშნა: „ფრანცი ყველასაგან დიდ ყურადღებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში მეტისმეტად განიცდის და იტანჯება“.

ღამის 12 საათზე ფრანცს ეძინა. ოთხ საათზე დორამ კლოპშტოკი გააღვიძა, ფრანცი ცუდად სუნთქავსო. კლოპშტოკმა საშიშროება იგრძნო, ექიმი გააღვიძა; გამაყუჩებელი გაუკეთეს. ტკივილისაგან გამწარებულმა ფრანცმა კლოპშტოკს უთხრა: „თქვენ ყოველთვის მაიმედებდით, მაგრამ მთელი ოთხი წელიწადი მტანჯავთ, მე თქვენ აღარ გელაპარაკებით“. ორი ნემსი გაუკეთეს. მეორე ნემსს რომ უკეთებდნენ, ფრანცს უთქვამს: „ნუ მატყუებთ, თქვენ მხოლოდ ტკივილისგან მათავისუფლებთ, მომკალით, თორემ ჩემი ცოდვა თქვენ მოგეკითხებათ“. მერე პანტოპინი გაუკეთეს და მანაც გაიხარა: „ოჰ, ეს კარგია, კარგი, მაგრამ კიდევ გამიკეთეთ, ეს არ მყოფნის“, მერე ჩაეძინა. მისი უკანასკნელი სიტყვები თავისი დისადმი - ელისადმი იყო მიმართული. კლოპშტოკს ფრანცის თავი ეჭირა. ფრანცს ყოველთვის ეშინოდა, ვინმე არ დავასნეულოო. ახლაც გაიძახოდა (ექიმს თავისი დის სახელს ეძახდა) „წადი, ელი, წადი, ასე ახლოს ნუ დგახარ“. როცა კლოპშტოკმა თავი წამოუწია, მან კმაყოფილმა ჩაილაპარაკა: „ჰო, ასე, ასე კარგია“.

ბოლო წუთებში ის საოცრად უხეში გახდა. კლოპშტოკმა მითხრა, სანიტარს არ იკარებდა და ხელებს იქნევდაო. ექიმსაც აუკრა ხელი: „ნუღა მაწვალებთ. რისთვისღა მიხანგრძლივებთ ტანჯვას?“ მაგრამ როცა კლოპშტოკი საწოლს მოშორდა ნემსი რომ გამოეცვალა, ფრანცმა მაშინვე დაადევნა: „ნუ მიდიხართ შორს“. მეგობრის პასუხზე  - „არა, შორს არ მივდივარ“ - ფრანცი მისუსტებული ხმით გამოეპასუხა: „სამაგიეროდ მე მივდივარ შორს“.

4 ივნისს კლოპშტოკი კიირლინგიდან მწერდა: „საბრალო დორა, თუმცა ახლა ყველანი შესაბრალისები ვართ. მაგრამ მაინც, მასავით საცოდავი ამქვეყნად დღეს არავინაა. თითქმის სულ არ სძინავს და თუ ჩაიძინა, ძილშიც კი დაუსრულებლად ჩურჩულებს: „ჩემო საყვარელო, ჩემო ძვირფასო, ჩემო კარგო“... შევპირდი, რომ თუ დაწვებოდა და დაიძინებდა, ნაშუადღევს ფრანცის ოთახში შევიყვანდი. იქ ფრანცი სრულიად მარტო იყო, მისთვის აღარაფრის გაკეთება აღარ შეგვეძლო. ჩვენ აქ ვიყავით, ის კი იქ სიბნელეში იწვა, მიუსაფარი და გაყინული. ვერც კი აგიწერ, რა ხდება აქ. ამის გადმოცემა შეუძლებელია... დორას ვინც იცნობს, მხოლოდ ის მიხვდება, როგორ იტანჯება და რა ძლიერ ჰყვარებია ფრანცი. თქვენ ალბათ გესმით დორასი. ჩვენ ჯერ კიდევ ვერ გავრკვეულვართ, რა დაგვატყდა თავს, ჯერ კიდევ ვერ გაგვიაზრებია, რომ კაფკა ჩვენთან აღარაა. ბოლოს რომ ვნახეთ, გაყინული, მკაცრი და მიუკარებელი სახე ჰქონდა, მისი სული კი განწმენდილი, მარადისობაში გადასახლებულიყო. უკეთილშობილეს და უძველესი წარმოშობის მეფეს მოგაგონებდათ. ის მშვენიერ მარმარილოს ბიუსტს ჰგავდა“.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში