ფსალმუნთა წიგნი სარეკორდო ფასად - 14.2 მილიონ დოლარად გაიყიდა

ფსალმუნთა წიგნი, ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველად დაბეჭდილი წიგნის 11 გადარჩენილი ეგზემპლარიდან ერთ-ერთი, ნიუ-იორკში, სოთბის აუქციონზე, სარეკორდო ფასად - 14.2 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა.

წინასწარი ვარაუდით, ფსალმუნთა წიგნის ფასი 30 მილიონ დოლარს მიაღწევდა, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მასში გადახდილი თანხა სავარაუდო ფასის თითქმის ნახევარია, ფსალმუნთა წიგნმა 2010 წლის დეკემბერში, ჯონ ჯეიმს ოდუბონის „Birds of America“-ში გადახდილ 11.5 მილიონს გადააჭარბა.

ფსალმუნთა წიგნი ამერიკელმა ბიზნესმენმა და ფილანტროპმა - დევიდ რუბენშტეინმა შეიძინა.

სოთბის აუქციონის ორგანიზატორთა განცხადებით, იქამდე, სანამ რუბენშტეინი წიგნს დიდი ხნით შესანახად რომელიმე ბიბლიოთეკას გადასცემს, ფსალმუნთა წიგნი ამერიკის მასშტაბით  არსებულ სხვადასხვა ბიბლიოთეკებში განთავსდება.

„ამაღელვებელია ის ფაქტი, რომ, წიგნს, რომელიც ჩვენი ისტორიისა და კულტურისათვის ასე მნიშვნელოვანია, უამრავი ამერიკელი იხილავს. მათ  საშუალება ექნებათ მისი არაჩვეულებრივი მნიშვნელობა დააფასონ. ასევე, რა თქმა უნდა, გვიხარია, რომ ნაბეჭდ წიგნში გადახდილი თანხის კუთხით ახალ მსოფლიო რეკორდი დავამყარეთ. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ წიგნები ჩვენი კულტურის მნიშვნელოვან ნაწილად რჩება“, - განაცხადა დეივიდ რედენმა, სოთბის წიგნების დეპარტამენტის თავმჯდომარემ.

1640 წელს, კემბრიჯში, მასაჩუსეტსში დაბეჭდილი ფსალმუნთა წიგნი ერთ-ერთი უიშვიათესია მსოფლიოში. ასევე, ეს არის 1947 წლიდან გაყიდული პირველი წიგნი, რომელიც იმ დროისათვის სარეკორდო თანხად - 151 ათას დოლარად გასხვისდა.

აუქციონზე გატანამდე ფსალმუნთა წიგნი ბოსტონის „Old South Church“-ის კოლექციაში ინახებოდა, თუმცა ეკლესიის შესაკეთებლად და სხვა საჭირო ხარჯებისათვის მისი გაყიდვა გადაწყდა.

ფსალმუნთა წიგნის დარჩენილ ეგზემპლარებს საკუთრებაში ჰარვარდისა და იელის უნივერსიტეტები, ასევე,  სხვადასხვა ინსტიტუციები ფლობენ.

წყარო - theguardian

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში