ერნესტო ჩე გევარა - 1952 წლის 4 ივნისს მამისადმი მიწერილი წერილი

იკიტოსი
1952 წლის 4 ივნისი

ძვირფასო მამა! დიადი მდინარის ნაპირებზე უამრავი დასახლებული პუნქტია. ველური ტომების საპოვნელად უნდა აჰყვე შენაკადებს, ჩვენ კი (ყოველ შემთხვევაში, ახლა) ეს მიზანი არა გვაქვს. ინფექციური დაავადებები აქ აღარ გვხვდება, მაგრამ მაინც გაგვიკეთეს ვაქცინები მუცლის ტიფისა და ყვითელი ცხელების წინააღმდეგ, მოგვამარაგეს ატებრინითა და ქინაქინათი.

არსებობს ბევრი დაავადება, რომლებიც ნივთიერებათა ცვლის დარღვევას იწვევს: მართალია, საკვები ჯუნგლებში საკმარისად ნოყიერი არაა, მაგრამ სერიოზული დაავადების რისკი ადამიანს ემუქრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ერთ კვირაზე მეტი ხნის მანძილზე სრულფასოვნად არ იკვებება. ჩვენი მოგზაურობა მდინარით ერთ კვირაზე მეტ ხანს არ გაგრძელდება. ჯერ კიდევ არ ვიცით, რას გადავწყვეტთ. შესაძლოა, გადავფრინდეთ ბოგოტაში ან ლეგისამოში, სადაც კარგი გზებია. მდინარით მოგზაურობა არ გვაშინებს, ამგვარად დავზოგავთ ფულს, რომელიც შეიძლება შემდგომში გამოგვადგეს.

სამეცნიერო ცენტრებიდან მოშორებით ვიმყოფებით და ამიტომ ჩვენი მოგზაურობა მნიშვნელოვანი მოვლენაა ლეპროლოგიური საავადმყოფოების პერსონალისთვის. ისეთი პატივისცემით გვხვდებიან, როგორიც შეეფერება ორ სტუმრად მისულ მეცნიერს. ლეპროლოგიით მართლაც დავინტერესდი, მაგრამ არ ვიცი, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს გატაცება. ლიმას საავადმყოფოს პაციენტები იმდენად გულთბილად დაგვემშვიდობნენ, რომ იქ დარჩენაც კი მოგვინდა. გვაჩუქეს ღუმელი და შეგვიგროვეს 100 სოლი, რაც, ამ საცოდავ ადამიანთა მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, დიდი თანხაა. რამდენიმე მათგანი დამშვიდობებისას ტიროდა. ასე იმიტომ შევუყვარდით, რომ არასოდეს ვიცვამდით ხალათს ან ხელთათმანებს, ხელს ვართმევდით, ათას რამეზე ვესაუბრებოდით, ფეხბურთსაც ვეთამაშებოდით. შეიძლება, ჩემი ნათქვამი ტრაბახად მიიჩნიო, მაგრამ უსაზღვროა ფსიქოლოგიური აღმაფრენა, რომელსაც მათთან ურთიერთობისას გრძნობ (როდესაც მათ ჩვეულებრივ ადამიანებად მიიჩნევ და არა ცხოველებად), ხოლო რისკი - ძალზედ უმნიშვნელო. დღემდე სამედიცინო პერსონალის დაავადების მხოლოდ ერთი შემთხვევაა ცნობილი ინდოჩინეთში - ამ ადამიანების დიდი გულშემატკივარი ერთი ბერი, რომელიც პაციენტებთან ერთად ცხოვრობდა.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში