ერნესტო ჩე გევარა - შენიშვნები რვეულის არშიებზე

ნაწყვეტი რომანიდან - "მოტოციკლისტის დღიური"

ამ მთის პატარა სოფელში ვარსკვლავები აკაშკაშებდნენ ცას. წყვდიადი სიცივესა და სიჩუმეში იყო გაზავებული. ასე მეგონა (მიჭირს ჩემი შეგრძნებების გამოხატვა), ყველაფერი მყარი ლღვება ეთერში, რომელიც ინდივიდუალობისგან გვძარცვავდა და ჩვენს გახევებულ სულებს უსაზღვრო ბინდში იტაცებდა. ღრუბელიც კი არ ჩანდა ვარსკვლავებით მოჭედილ ცაზე, რომლის სივრცე თითქოს პერსპექტივას იყო მოკლებული. რამდენიმე ნაბიჯზე ნათურის მკრთალი შუქი ებრძოდა უკუნს.

მამაკაცის სახე ბუნდოვნად მოჩანდა ჩრდილში, მკაფიოდ მხოლოდ მისი თვალებისა და წინა კბილების ელვარებას ვხედავდი.

ჯერაც არ ვიცი, რამ მომამზადა აღმოჩენისთვის - ატმოსფერომ, თუ იმ ადამიანმა, მაგრამ ვიცი, რომ ბევრჯერ და მრავალი განსხვავებული ადამიანისგან გამიგია სწორედ ეს არგუმენტი, რომელსაც ჩემზე არასოდეს მოუხდენია შთაბეჭდილება. ჩვენი თანამოსაუბრე ძალზე საინტერესო ადამიანი იყო. მან დატოვა თავისი სამშობლო - ევროპის ერთ-ერთი ქვეყანა, გამოექცა იქაურ დოგმატიზმს, მისთვის ნაცნობი იყო შიშიც (განცდა, რომელიც განსაკუთრებულ ღირებულებას ანიჭებს ცხოვრებას). ერთი ქვეყნიდან მეორეში დახეტიალობდა და უამრავი თავგადასავლის შემდეგ ამ მიკარგულ მხარეში აღმოჩნდა, სადაც მოთმინებით ელოდა დიდ მოვლენას.

რამდენიმე გაცვეთილი ფრაზის წარმოთქმის შემდეგ, რომლებითაც თითოეული ჩვენგანი იცავდა თავის პიზიციას, დისკუსია ნელ-ნელა ჩაცხრა და ჩვენ-ჩვენი გზით წასვლა დავაპირეთ, როდესაც მან უსწორმასწორო კბილები გამოაჩინა და განსაკუთრებული ბავშვური სიცილით ჩაიცინა:

მომავალი ხალხს ეკუთვნის და თანდათანობით ან მყისიერად ის ხელში ჩაიგდებს ძალაუფლებას აქაც და მთელს მსოფლიოშიც. ადამიანები უმეცარნი არიან, განათლების მიღებას მხოლოდ მაშინ შეძლებენ, როდესაც ხელში ჩაიგდებენ ძალაუფლებას. მანამ მათ შეუძლიათ ისწავლონ მხოლოდ თავინათი შეცდომების, სერიოზული შეცდომების ხარჯზე, რაც მრავალი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლეს შეიწირავს. შესაძლოა, ისინი არც ისე უდანაშაულონი იყვნენ, რადგან ჩაიდინეს უდიდესი დანაშაული ბუნების წინაშე - ვერ შეძლეს ადაპტაცია. ისინი, ვინც შეგუება ვერ შეძლო, მაგალითად, თქვენ და მე - სიკვდილის წინ დაწყევლიან იმ ძალაუფლებას, რომელსაც ამდენი მსხვერპლი შესწირეს.

უპიროვნო რევოლუცია მათ სიცოცხლეს წაართმევს და გამოიყენებს მათ ხსოვნას, როგორც მაგალითს ან იარაღს მომავალი თაობების დასამორჩილებლად. ჩემი ცოდვა უფრო დიდია, რადგან მე, უფრო დახვეწილი და უფრო გამოცდილი, რაც გსურთ, ის მიწოდეთ, მოვკვდები ისე, რომ მეცოდინება: ჩემი მსხვერპლი გამოწვეულია მხოლოდ სიჯიუტით, რომელიც ჩვენს ძირმომპალ ცივილიზაციას განასახირებს. ისიც ვიცი, და ეს არ შეცვლის ისტორიის მსვლელობას ან თქვენს პირად თვალსაზრისს ჩემ შესახებ, რომ სიკვდილის დროს თქვენ, სიძულვილსა და ბრძოლის განსახიერებას, მომუშტული ხელები და მოკუმული ბაგეები გექნებათ, რადგან ნგრევადი საზოგადოების სიმბოლო (უსულო ეგზემპლარი) კი არა ხართ, არამედ - მისი ჭეშმარიტი ნაშიერი.  გუნდური, კოლექტიური ცნობიერება თქვენი პირით მეტყველებს და თქვენს ქცევას განაპირობებს. თქვენ ისევე სასარგებლო ხართ, როგორც მე, მაგრამ ვერ აფასებთ იმ საზოგადოებაში თქვენ მიერ შეტანილი წვლილის ღირებულებას, რომლის მსხვერპლსაც წარმოადგენთ.

ვხედავდი, ეშმაკური ღიმით როგორ ლაპარაკობდა მომავალი ისტორიული მოვლენების შესახებ. ვგრძნობდი მისი ხელის ჩამორთმევას და ჩურჩულივით მესმოდა ოფიციალური დამშვიდობების სიტყვები. ღამემ შეისრუტა მისი ხმა, კვლავ დამეუფლა, კვლავ მიმიღო თავის წიაღში. მისი სიტყვების მიუხედავად, ახლა ვიცი... ვიცი, რომ როდესაც სამყაროს წარმმართველი დიადი ძალა გახლეჩს კაცობრიობას ორ ურთიერთსაპირისპირო ბანაკად, მე, დოქტრინების ეკლექტური ინტერპრეტატორი და დოგმების ფსიქოანალიტიკოსი, შლეგივით ყიჟინას დავცემ, იერიშით ავიღებს ბარიკადებს ან ტრანშეებს, ხელს ვტაცებ ჩემს გასისხლიანებულ იარაღს და რისხვისგან გაშმაგებული, გავანადგურებ ნებისმიერ მტერს. ვხედავ, როგორ აცხრობს უმძიმესი დაღლილობა ამ აღგზნებას, ვხედავ, როგორი თავგანწირვით ვიბრძვი ჭეშმარიტი რევოლუციისთვის, როგორ ვთრგუნავ ადამიანთა ინდივიდუალურ ნებას და ბოლოს ვაცხადებ mea culpa-ს. ვგრძნობ, როგორ მებერება ნესტოები, როგორ ვტკბები დენთისა და სისხლის მძაფრი სუნით, მტრის მოსრვის ჟინით; გამოვაწრთობ ჩემს სხეულს, მოვემზადები შერკინებისათვის და საკუთარ თავს ვაქცევ სამსხვერპლოდ, რომელზეც გამარჯვებული პროლეტარიატის თავაწყვეტილი ყიჟინა ახალი ენერგიით და იმედით ახმიანდება.

მთარგმნელი - თამარ ლომიძე
გამომცემლობა „დიოგენე“, 2013 წელი

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში