ალბერ კამიუ - შეუღლება ტიპასაში

გაზაფხულობით ტიპასა1 ღმერთების საუფლოა და აქ ღმერთები აბზინდის, ვერცხლისფერ ჯავშანში ჩაჭედილი ზღვის, ლურჯი უღრუბლო ცის, ყვავილებში ჩაფლული ნანგრევებისა და ქვის გროვაზე აალებული მზის სხივის ენაზე ლაპარაკობენ. ირგვლივ ყველაფერი თვალისმომჭრელი მზითაა აგიზგიზებული. თვალი ამაოდ ცდილობს წამწამებზე და კიდებული სინათლისა და ფერების მოცახცახე წვეთის გარდა რაიმეს დაჭერას. პაპანაქებისგან გავარვარებულ ჰაერში ბალახების სურნელით გაჯერებული არომატი ყელში მიღიტინებს და სუნთქვა მიჭირს. ოდნავ თუ ვხედავ გორაკთა სამყოფელიდან ამოზრდილ ვეება, შავ შენუას, მტკიცე ნაბიჯებით რომ ეშვება ზღვისკენ.

ის სოფელი გავიარეთ, საიდანაც ზღვის უბე მოჩანს. ყვითელ-ცისფერ სამყაროში შევდივართ და პირდაპირ ცხვირში გვეტაკა მძაფრი, მწკლარტე სუნი, ზაფხულობით რომ ასდის ალჟირის მიწას. ვილების კედლებზე, ყველგან, სადაც კი თვალი მისწვდება, ბუგენვილები ჩანს, ბაღებში კი ის ფერმკრთალი ყვავილები გადაპენტილა, რომლებიც ძალიან მალე მეწამულად შეიფერებიან. კიდევ ათქვეფილი ნაღებივით აქაფებული ჩაის ვარდების ზღვაა, გარს კი ჩარჩოსავით ყელყელა, ნაზი, სოსანისფერი, გრძელფეხება ზამბახები არტყია. ყოველი ქვა სითბოს ასხივებს. კარგად გარეცხილი, ოქროს ღილივით ელვარე ავტობუსიდან გადმოვდივართ. ამ დროს, დილაობით, როგორც წესი, წითელმანქანიანი ყასბები სოფელს გარს უვლიან და მყიდველს საყვირებით უხმობენ.

ნავსადგურის მარცხნივ, კურდღლისცოცხას ბარდებსა და მასტიკის2 ხეებს შორის, ნანგრევებისკენ ცემენტით გაუმაგრებელი ქვის ფილებიანი კიბე ეშვება. გზა პატარა შუქურას გვერდით ჩაუვლის და მინდვრებში იკარგება. შუქურასთან იისფერ, ყვითელ და წითელყვავილიანი რომელიღაც დიდი მცენარეები იმ პირველ კლდეებამდე ეშვება, რომლის ძირსაც გაშმაგებით კოცნის ზღვა. მზეზე ვდგავართ, მსუბუქი ნიავი სახის მხოლოდ ცალ მხარეს გვიგრილებს და შევყურებთ, ლივლივა ზღვისკენ ციდან სინათლე როგორ ეშვება. ზღვა კი, ერთი ნაოჭიც რომ არ ემჩნევა, თავის მხრივ, ქათქათა კბილებით იღიმება. ვიდრე ნანგრევთა სამეფოში ფეხს შევდგამდეთ, გაუცნობიერებლად, უკანასკნელად ვუყურებთ პეიზაჟს.

რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ აბზინდის მძაფრი სურნელი ყელში გვეცა. ყველგან, სადაც კი თვალი მისწვდება, მისი ნაცრისფერი ბუსუსი მოსდებია ნანგრევებს.

ამ სიცხეში აბზინდის წვენი დუღს, ასე მგონია მიწიდან მზისკენ მიემართება მისი გამაბრუებელი სურნელი, რისგანაც ზეცა იჟღინთება, თვრება და ბარბაცებს. ჩვენ სიყვარულისა და გრძნობის შესახვედრად მივდივართ. არ ვეძებთ მძაფრი ფილოსოფიით გამსჭვალულ მაღალ იდეებს, რომლისგანაც, ჩვეულებრივ, რაღაც ამაღლებულს ელიან. ყველაფერი _ მზის, კოცნისა და ამ ველური სუნის გარდა, არარაობად გვეჩვენება. მე აქ მარტოობას არ ვესწრაფვი: იმათთან ერთად, ვინც მიყვარდა, აქეთ ხშირად ჩამოვდიოდი, მათ სახეებზე სუფთა, წმინდა სიყვარულით გაბრწყინებულ ნათელ ღიმილს ვხედავდი. როცა აქა ვარ, წესრიგსა და ზომიერებასთან საერთოს ვკარგავ. მთლიანად მიპყრობს ბუნების ფაფარაშლილი შლეგი თავნებობა და ზღვის გარყვნილება. ისევ უბრალო ქვებად იქცევა და ადამიანის მიერ გადაპრიალებული მათი ზედაპირი კვლავ ბუნებას ერთვის. ამ გზააბნეული შვილების დაბრუნების პატივსაცემად, ბუნებამ უხვად მოაბნია ყვავილები, ფორუმის ფილებს შორის ჰელიოტროპებს მრგვალი, თეთრი თავები ამოუყვიათ, ნემსიწვერებს კი სისხლისფრად შეუღებავთ ის, რასაც ოდესღაც სახლები, ტაძრები და ქალაქის მოედნები ერქვა. ისევე როგორც ზოგიერთ სწავლულს მეცნიერება ღმერთთან აბრუნებს, ამ ასწლეულებმაც ასე და აბრუნა ეს ნანგრევები დედასამყოფელში. ახლა, ბოლოს და ბოლოს, მათაც ტოვებს მათივე წარსული და აღარაფერი უშლის ხელს, დაემორჩილოს იმ მბრძანებლურ ძალას, რომელიც თან იტაცებს თავისუფლად ვარდნილ სხეულებს.

რამდენი საათი გავიდა, რაც აბზინდას ვთელავ, თბილ ქვებს ხელს ვუთათუნებ და ვცდილობ ჩემი სუნთქვა სამყაროს ბობოქარ სუნთქვას შევუწყო. ველური სურნელითა და მწერების ძილისმომგვრელი ზუზუნით გაბრუებული, მზერითა და გულით ვღებულობ გავარვარებული ზეცის აუტანელ დიდებულებას. არც ისე ადვილია თვითმყოფადი გახდე და დაკარგული შინაგანი ჰარმონია დაიბრუნო. მაგრამ...შენუას მასიური ქედის ყურებისას, კვლავ უცნაური სიმშვიდე მიპყრობს. ღრმად და თანაბრად ვსუნთქავ, შინაგანი მთლიანობისა და სიმსუბუქის გრძნობა მეუფლება. ხან ერთ კლდეზე ავდივარ, ხან მეორეზე, ყველგან რაღაც ჯილდო მელის. როგორც, მაგალითად, აი, ეს ტაძარი, რომლის სვეტებიც მზის სხივების სრბოლას გადაუწმენდია. მისი საფეხურებიდან მთელი სოფელი ჩანს - თეთრი, ვარდისფერი ცხაურებით და მწვანე ვერანდებით. ანდა ეს ბაზილიკა აღმოსავლეთ გორაზე: მისი კედლები ისევ დგას, ირგვლივ კი გადათხრილი სარკოფაგებია, უმრავლესობა ოდნავ მოჩანს მიწიდან. უწინ შიგ მიცვალებულები განისვენებდნენ, ახლა ზედ ყვითელი ლევკოინი და სალბი ბიბინებს. სენტ-სალსა ქრისტიანული ბაზილიკაა. შეიხედავთ თუ არა მის რომელიმე გამონგრეულ ალაგას, განდეგილის დათრგუნული გრძნობასავით, ჩვენამდე მაინც აღწევს სამყაროს სიმფონია. კლდეები ფიჭვებით და კვიპაროსებით არის მოფენილი, ოციოდე მეტრს იქით ქოჩორა ტალღები თეთრად აქათქათებს ზღვას. გორაკის თხემი, რომელზეც სენტსალსაა აღმართული, მობრტყელებულია, ამიტომაც ქარი თავისუფლად დანავარდობს ტაძრის კარიბჭეებში. დილის მზის სხივებზე ნეტარებით სუნთქავს სივრცე.

რა ღარიბია ის, ვისაც მითები სჭირდება. აქ ღმერთთა მსახურება იმ კალაპოტით მიედინება, რომელსაც დღეები ანდა მათი მდინარების აღმნიშვნელი ეტაპები მიჰყვება. პეიზაჟის აღწერისას ვამბობ:,,ეს წითელია, ეს ლურჯი, ეს მწვანე. ეს ზღვაა, მთები, ყვავილები”. რისთვის გავიხსენო დიონისე, იმიტომ რომ ვთქვა - მიყვარს-მეთქი, თითებით გავსრისო და ცხვირთან მივიტანო მასტიკის ხის კვირტები? ალბათ დემეტრეს ეძღვნება ის უძველესი ჰიმნი, თავისით რომ გამახსენდა მერე: ,,ბედნიერია დედამიწის ის მცხოვრები, რომელმაც ეს ნახა”. დაინახო ეს მიწიერი და როგორ შეიძლება დაივიწყო ეს ნათქვამი? ელევსინური3 მისტერიების მონაწილეთათვის საკმარისი იყო მხოლოდ ჭვრეტა. ვიცი, აქაც ბოლომდე ვერასოდეს მივუახლოვდები სამყაროს. უნდა გავშიშვლდე, ზღვაში გადავხტე და მას შევურიო მიწიერი სურნელი, რითაც გაჟღენთილი ვარ. სხეულით უნდა ჩავეკონო, ჩავეხუტო და შევერწყა ისე, როგორც ოდითგანვე ბაგე ბაგეს მიწებებული, ერთად ოხრავს, ნეტარებით კვნესის მიწა და ზღვა. როგორც ცივ ფისში, ისე შევდივარ ზღვაში, სუნთქვა მეკვრის; მერე ვყვინთავ, ყურები მიშხუის, წყალი ცხვირში შემდის, პირში მწარე გემოს ვგრძნობ და მივცურავ - თითქოს ლაქით დაფარული და მზით მოოქროვილი ხელები წყლიდან აფრინდებიან, ბრწყინავენ, იხრებიან და ეშვებიან, ყოველი კუნთის თამაშ-თამაშით; წყალი სხეულის გარშემო ლივლივებს, ფეხების მოძრაობით წყალს ვებრძვი, ვარღვევ ტალღებს და - ჩემ წინ ჰორიზონტი აღარ არსებობს. უკან ვბრუნდები და ნაპირზე, ქვიშაზე ვეცემი. კვლავ ძვლისა და ხორცის სიმძიმეს ვგრძნობ, ვწევარ ძალაგამოლეული და მზისგან გამოთაყვანებული. იშვიათად დავხედავ ხოლმე ჩემს მკლავებს და ვაკვირდები, როგორ ჩამოდის წყლის წვეთები, და იქ, სადაც კანი შრება, ოქროსფერი ღინღლი და მარილის ლაქები ჩნდება.

აქ ვხვდები, რას ნიშნავს იყო რჩეული: ეს სიყვარულის უსაზღვრო უფლება გახლავთ. ამ სამყაროში ერთი სიყვარულია. ჩაეხუტო ქალის სხეულს იგივეა, რომ შეიწოვო უცნაური სიხარული, რომელიც ზეციდან ზღვისკენ ეშვება. ახლა, მიწაზე დავეცემი, აბზინდაზე გავგორდები, მისი სუნით გაბრუებული ვიგრძნობ, რომ ბუნების ჭეშმარიტი კანონების თანახმად ვიქცევი, კანონებისა, რომლის ძალითაც მზე ანათებს და ოდესმე მეც მოვკვდები. გარკვეული აზრით, აქ საფრთხეში ვაგდებ საკუთარ სიცოცხლეს, იმ სითბოთი გამთბარ სიცოცხლეს, ეს ქვები რომ გამოსცემენ და ზღვის ოხვრითა და ჭრიჭინების ჭრიჭინითაა სავსე, რომლებიც სადაცაა წამოიწყებენ თავიანთ სიმღერას. სუფთა ჰაერი, ლურჯი ცა. თავდავიწყებამდე მიყვარს ეს ცხოვრება და მინდა მასზე გაუჩერებლად ვილაპარაკო. იგი საკუთარი ბედისადმი, ადამიანის ბედისადმი სიამაყეს მინერგავს. ოღონდ, არაერთხელ უთქვამთ, რომ ამაში საამაყო არაფერია, მაგრამ არა! არის, რითაც შეიძლება იამაყო - ამ მზით, ამ ზღვით, ჩემი გულით, რომელიც ახალგაზრდობით ფეთქავს, ჩემი მარილიანი სხეულით, უსაზღვრო სივრცით, სადაც პეიზაჟის ყვითელ და ცისფერ ტონებში ერთდება სინაზე და სიდიადე. ამის მოსაპოვებლად მთელი ჩემი ძალა და საშუალება უნდა გამოვიყენო. აქ უკვე აღარაფერი მიშლის ხელს, შევინარჩუნო თვითმყოფადობა, არც არაფერზე ვამბობ უარს და არც ნიღაბს ვიფარებ: ჩემთვის საკმარისია მოთმინებით ვისწავლო ცხოვრება. ეს რთული მეცნიერებაა, მაგრამ ცხოვრებისეული სიბრძნის ყველა ფორმულად ღირს.

სანამ შუადღე დადგებოდეს, ნანგრევებზე გავლით ვბრუნდებით და ნავსადგურთან ახლოს, პატარა კაფეში შევდივართ. რა სასიამოვნო თავშესაფარია ეს გრილი, დაჩრდილული დარბაზი, როცა მზე და ფერები თავს გიბრუებს. როგორ აცოცხლებს ადამიანს ერთი ჭიქა ყინულიანი პიტნის წყალი! ფანჯრის იქით ზღვაა და სიცხისა და მტვრისგან აპარპალებული გზა. მაგიდასთან ვზივარ, ვცდილობ თვალი გავუსწორო სიცხისგან სითეთრემდე გავარვარებულ ცას, თვალს ვახამხამებ, ვჭუტავ - დამაბრმავებელმა სინათლემ თვალი მომჭრა. ოფლიანი სახეები გვაქვს, მაგრამ ტილოს მსუბუქი სამოსი სხეულს სასიამოვნო სიგრილეს უნარჩუნებს და თითოეულ ჩვენგანს იმ ადამიანთა ბედნიერი დაღლილობა დაუფლებია, ზღვასთან ნაზიარებ შეუღლების ზეიმს რომ მოჰყვება.

ამ კაფეში ცუდი საჭმელებია, სამაგიეროდ, ბევრი ხილია - ძირითადად ატამი, ისეთი მწიფე ატამი, ჭამისას წვენი ნიკაპზე რომ ჩამოგდის. ატმის გემოთი ვტკბები და ვგრძნობ, როგორ ბობოქრობს ჩემში სისხლი, საფეთქლებზე მაწვება და თვალებგაფართოებული ვიყურები. ზღვაზე შუადღის ყოვლისმომცველი სიჩუმე ჩამოწვა. ყოველი მშვენიერი არსება, ცხადია, ამაყობს თავისი სილამაზით, და, დღეს, ეს სიამაყე ყველაფერში გამოკრთის. რატომ ვთქვა უარი სიცოცხლის სიხარულზე, თუ სიცოცხლის სიხარული არ გამორიცხავს ჩემთვის ყველაფერ დანარჩენს? იყო ბედნიერი, სირცხვილი არ არის. მაგრამ ახლა, - მეფე სულელია. სულელს იმას ვეძახი, ვისაც სიცოცხლით სიამოვნების ეშინია. სიამაყეზე ბევრს გველაპარაკებოდნენ: ხომ იცით, სატანური ცოდვაა. ფრთხილად იყავით, მოგვძახოდნენ - თავსაც იღუპავთ და სასიცოცხლო ძალებსაც ინადგურებთ!.. მერე გავიგე, რომ გარკვეული სახის სიამაყე ნამდვილად... მაგრამ ზოგჯერ სიცოცხლით სიამაყის ჩემს უფლებაზე უარს ვერ ვამბობ, რადგან მთელი სამყარო ჩემ წინააღმდეგ შეთქმულებაში ებმება, რათა ეს გრძნობა ჩამინერგოს. ტიპასაში, დანახვა და დაჯერება - ერთი და იგივეა. ვერ უარვყოფ იმას, რასაც შემიძლია ხელით ან ტუჩებით შევეხო. არც დანახულის ხელოვნების ნაწარმოებად შექმნის მოთხოვნილება გამაჩნია, მაგრამ მისი გადმოცემის სურვილი მაქვს - ეს კი სულ სხვა რამაა. ტიპასა ჩემთვის იმ პერსონაჟებსა ჰგავს, რომლებსაც იმიტომ ჰქმნიან, რომ გადაკვრით ათქმევინონ სამყაროზე თავიანთი შეხედულებები. ისინი ამ შეხედულებების სასარგებლოდ ლაპარაკობენ და მტკიცედაც, კაცურად იცავენ მას. ასეა ტიპასაც. დღეს ის ჩემი პერსონაჟია და ვიდრე სიყვარულით აღვწერ მას, მე, ალბათ, დავთვრები და დავთვრები. ყველაფერს თავისი ჟამი აქვს - ჟამი სიცოცხლისა და ჟამი სიცოცხლის ასახვისა. დადგება ქმნის ჟამიც, რაც არც ისე ბუნებრივია. ჩემთვის ვიცოცხლო სხეულის ყველა უჯრედით, და განვიმტკიცო სიცოცხლე გულის ყოველი ძარღვით. ვიცხოვრო ტიპასას ცხოვრებით და აღვბეჭდო ეს ცხოვრება. მერე ხელოვნებაც მოვა. აქ თავისუფლება მეფობს.

ერთ დღეზე მეტხანს არასოდეს დავრჩენილვარ ტიპასაში. ყოველთვის დგება დრო, როცა მეტისმეტი ყურადღებით აკვირდები პეიზაჟს. დიდი ხნის შემდეგ, ისეთს დაინახავ, როგორიც სინამდვილეშია. მთები, ცა, ზღვა თვალსმიჩვეულ სახეებს ჰგავს, რომლებიც უცბად გვაოცებს თავისი საცოდაობით ან მომხიბვლელობით, მანამდე კი, თურმე, უბრალოდ ვუყურებდით და დანახვით ვერ ვხედავდით. ყველანაირი სახე მეტყველი რომ გახდეს, გარკვეულწილად უნდა განახლდეს. ადამიანები წუწუნებენ, რომ ყველაფერი მალე ბეზრდებათ, მაშინ, როცა აღფრთოვანებულნი უნდა იყვნენ იმით, რომ სამყარო მხოლოდ იმიტომ გვეჩვენება სხვანაირი, რომ ჩვენ დავივიწყეთ, როგორი იყო.

საღამოს, გზის გასწვრივ უფრო მოვლილი, გაწმენდილი ბაღებით ვბრუნდები. უკან რჩება მზისა და სურნელის მძვინვარება, ჰაერში საღამოს სიგრილე ტრიალებს, გონება მშვიდდება, ხოლო დასვენებული სხეული შინაგანი სიმშვიდით ფეთქავს; იმ სიმშვიდით, რომელსაც სიყვარულით დაკმაყოფილება ბადებს. სკამზე ვჯდები, ყოველი მხრიდან დაძრულ ბინდს ვუყურებ და თავს სავსედ ვგრძნობ. ჩემს თავს ზემოთ ბროწეულის ხეს ისე გადმოეკიდა მუშტივით შეკრული ჯერ გაუშლელი კვირტები, თითქოს გაზაფხულის ყველა სიამოვნება შიგ მოუმწყვდევიაო. ჩემ უკან როზმარინი ამოზრდილა და მის გამაბრუებელ სუნს ვგრძნობ. იქით, ხეებს შორის, გორები მოჩანს, უფრო შორს - ზღვის ნაპირი, რომლის თავზეც უქარო იალქანივით, ენით უთქმელი სინაზით სავსე ცა განაბულა. გული უცნაური სიხარულით მქონდა სავსე, ისეთით, როგორსაც დამშვიდებული სინდისი გვიბოძებს ხოლმე. არსებობს მსახიობებისთვის დამახასიათებელი გრძნობა, რომელიც მაშინ ეწევევათ ხოლმე, როცა ხვდებიან, რომ თავისი როლი კ არგად ითამაშეს, ე.ი. მ ათი ქმედება ზუსტად დაემთხვა მათ მიერ ხორცშესხმულ იდეალურ პერსონაჟთა ქმედებას, ერთგვარად წინასწარშექმნილ სურათში ჩასახლდნენ და თავიანთი გულისცემით გააცოცხლეს. ზუსტად ასეთი შეგრძნება მქონდა: მეც კარგად ვითამაშე ჩემი როლი. ჩემზე მონდობილ ადამიანურ საქმეს ვაკეთებდი, და თუ მთელი დღის განმავლობაში ვტკბებოდი, გამონაკლის წარმატებად კი არ მეჩვენებოდა, არამედ ჩემი მოწოდების ამაღელვებელ განხორციელებად, რაც გარკვეულ მდგომარეობაში გვავალებს ბედნიერი ვიყოთ. ასეთ დროს, კვლავ მარტოობას ვპოვებთ, ოღონდ, ამჯერად სიამოვნებით გაჯერებულს.

ახლა ხეებზე ჩიტები დაფრინდნენ. სიბნელეში შებიჯების წინ მიწამ ღრმად ამოისუნთქა. მერე პირველი ვარსკვლავები გამოჩნდება და სამყაროს სცენაზე ღამე ჩამოწვება. ნათელმოსილი ღმერთები თავიანთი ყოველდღიური განსასვენებლის საფარველს დაუბრუნდებიან. მათ სხვა ღმერთები შეცვლიან, - უფრო მოღუშული, მოტეხილი სახეებით, რომლებიც დედამიწის წიაღში დაიბადებიან.

ჯერჯერობით კი ხეებს შორის დარჩენილი ფართო ზოლის გავლით, ყვავილთა ოქროსფერი მტვერი რომ ცეკვავდა, ჩემამდე აღწევდა ნაპირს მოხეთქებული ტალღების უწყვეტი ხმაური. ზღვა, მინდვრები, სიჩუმე, ამ მიწის სურნელი... ვისრუტავდი ცხოვრების სრულ ნექტარს, მშვენიერი სამყაროს მწიფე ნაყოფს გემოს ვუსინჯავდი და მღელვარებით ვიგრძენი, მისი ტკბილი, ბლანტი წვენი როგორ ჩამომდიოდა ტუჩებზე. არა, აქ ლაპარაკი არც ჩემზეა და არც სამყაროზე, არამედ მხოლოდ ჰარმონიასა და მდუმარებაზე, რომელიც ჩემსა და სიყვარულის სამყაროს შორის იბადებოდა. სიყვარული ისე არ განმიცდია, როგორც მხოლოდ ჩემი უპირობო პრივილეგია, არამედ სიამაყით ვგრძნობდი, რომ მას ვიზიარებდი მზისა და ზღვისგან დაბადებულ ტემპერამენტიან, სასიცოცხლო ძალით სავსე ტომებთან ერთად. ტომებთან, რომლებმაც სიდიადე თავიანთი უბრალოებით მოიპოვეს და ზღვის პირას მდგარნი, გამგებიანი ღიმილითვე პასუხობენ ზეცის ლაჟვარდოვან ღიმილს.

1. ტიპასა ძველი რომაული ქალაქის ნაშთებია ალჟირში.
2 . ზოგ მცენარეს სურნელოვანი ფისის გამო მასტიკის ხეს ეძახიან.
3. ელევსინის მისტერიები დემეტრესა და მისი ქალიშვილის პერსეფონესადმი მიძღვნილი რელიგიური დღესასწაულები ძველ საბერძნეთში. იმართებოდა ატიკის ქალაქ ელევსინში.

„ლიტერატურული გაზეთი“ N54. 15-28 ივლისი. 2011 წელი. 
თარგმნა ნატო ხევსურიშვილმა

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში