ალექსანდრე დიუმა - თბილისი და ქართველები

ნაწყვეტი რომანიდან - "კავკასია"

თავი XL

სახელწოდება „თბილისი“ ანუ „თბილი ქალაქი“ წარმოსდგება თბილი წყლებისგან, რომელთა წყალობით ეს ქალაქი მოგზაურებს იმ სახელგანთქმულ სპარულ აბანოებს სთავაზობს, ჩვენ რომ ზემოთ გვქონდა საუბარი. საინტერესოა კეთილხმოვნობის ანალოგია ზოგიერთი ქალაქის სახელებს შორის, რომლებიც ცნონილი არიან თავიანთი თბილი წყაროებით. ძველ დროში ნუმიდიაში არსებობდა ქალაქი „ტობილისი“, დღესაც, გარდა ქართული თბილისისა, არსებობს ქალაქი „ტეპლიცი“ ბოჰემიაში, რომლის ფესვი სრულიად შესაძლებელია tepida იყოს.

იმ ეპოქაში, საიდანაც ქრისტიანული ერა იწყება, თბილისი მხოლოდ დაბა იყო, საქართველოს დედაქალაქად კი მცხეთა ითვლებოდა. მაგრამ 469 წელს მეფე ვახტანგ გორგასალმა დაარსა ქალაქი თბილის, დედა ახალი თბილისისა. ახლად დაარსებული ქალაქი ხაზარებმა დაანგრიეს, შემდეგ ის კვლავ აღადგინა ემირმა აგარიანმა და ეს ქალაქი მცხეთის დანგრევის შემდეგ ბაგრატიდთა, დღევანდელი ბაგრატიონების წინაპართა დინასტიის რეზიდენცია გახდა.

მტკვარი ქალაქს ორ ნაწილად ჰყოფს, ანდა უფრო სწორად ქალაქს გამოჰყოფს გარე უბნებისაგან, ესენია: ისანი, რიყე და გერმანელთა კოლონია. 1795 წელს ქალაქი ერთიანად დაანგრია აღა-მაჰმად-ჰანმა. კლაპროტის ცნობით, ამ დროს ეს ქალაქი ისეთი მჭიდრო ყოფილა, რომ ყველაზე განიერ ქუჩებზეც კი ძლივს დადიოდა ურემი. მაშინ თბილისში მოსახლეობა თხუთმეტიათას მცხოვრებს აღწევდა. როცა 1820 წელს ჩვენი კონსული კავალერი გამბა თბილისში ჩამოვიდა, ქალაქის ყველა ქუჩა ნანგრევებით იყო სავსე სპარსეთის უკანასკნელი შემოსევის შედეგად. ქუჩაში მოსიარულე უნდა ცდილიყო ისე მიეხწია თავის კარამდე, კისერი არ მოეტეხა. ადგილობრივი მოსახლეობა ცხოვრობდა თითქმის მიწურ სახლებში, რომელთაც ოთხი ფუტი სიმაღლის შესასვლელები ჰქონდათ. ეჭვგარეშეა ვინც თბილისს მხოლოდ კლაპროტისა და გამბას აღწერით იცნობს, ის დღეს ქალაქში, შესვლისას ვერ მიხვდება, თუ ეს ამ მოგზაურთა მიერ აღწერილი ქალაქია. ამჟამად თბილისში სამოციდან სამოცდათხუთმეტ ათასამდე მცხოვრებია. მას აქვს სამოცი ფუტის სიგანის ქუჩები, სასახლეები, მოედნები, ქარვასლები, ბაზრები, თეატრი და ეკლესია, რომლებიც თავადი გაგარინის წყალობით ხელოვნების შედევრებს წარმოადგენენ. უნდა ითქვას, მას შემდეგ, რაც თბილის რუსეთის მფარველობის ქვეშ მოხდა და დაცულია სპარსელებისა და თურქების შემოსევვებისაგან, სამმა პიროვნებამ განსაკუთრებით ბევრი გააკეთა მის საკეთილდღეოთ: გენერალმა ერმოლოვმა, გრაფმა ვორონცოვმა და თავადმა ბარიატინსკიმ.

დღეს გენერალ ერმოლოვს სრულიად თავისუფლად შეიძლება ეწოდოს რუსი გენერლების მამასახლისი. იგი ოთხმოცი წლისაა. ეს არის 1812 წლის ერთ-ერთი გმირი. ერმოლოვმა შემაძრწუნებელი შთაბეჭდილება მოახდინა მთიელებზე. მაღალი და თვალტანადი, ძლიერი, როგორც ჩრდილოეთის მცხოვრები, მარდი და ყოჩაღი, როგორც სამხრეთელი, ერმოლოვი ხშირად უნახავთ, რომ ხმლის ერთი მოქნევით ხარისთვის წაეცალოს თავი, ერთ წუთში გაეხედნოს ველური ცხენი და ტყვიით გაეხვრიტოს ჰაერში შესროლილი მანეთიანი. ეს ყველაფერი საკმარისი იყო, რათა პრიმიტიული ბუნების მთიელებზე ღრმა შთაბეჭდილება მოეხდინა. ერმოლოვი კავკასიაში ტერორის განსახიერებაა, მაგრამ ეს იმ დროს იყო, როცა ერთადერთი ხსნა კავკასიისთვის ტერორი იყო, რადგანაც წმინდა ომს ჯერ არ შეერთებინა მთიელი ტომები. ერმოლოვი ყველაზე ძლიერი პიროვნებაა მათ შორის, ვინც კავკასიელებს დარჩათ მეხსიერებაში. მაგრამ პორტასთან ომის დასაწყისში დაშვებულმა ერთმა შეცდომამ მას ადგილი დააკარგვინა: იმის მაგივრად, რომ თვითონ ჩადგომოდა სათავეში საზღვარზე მიმავალ რაზმს, მან მეთაურობა გენერალ პასკევიჩს მიანდო და ამგვარად, მისი ბედიერების პირველი ქვა ჩასდო. თვითონ თბილისში დარჩა გაურკვევლობასა და ყოყმანში, და გაუგებარია, რა სისუსტემ შეიპყრო ესოდენ დიდგულოვანი ადამიანი. ერმოლოვი ახლაც ცოცხალია. მისი პორტრეტი თავად ბარიატინსკისთან ვნახე. გრძელი, ხშირი, ჭაღარა თმა ბებერ ლომს ამსგავსებს. ის ოპოზიციას ქმნის, ებღაუჭება თავის პოპულარობას და ვერაფრით შერიგებია, რომ ესოდენ ბრწყინვალე კარიერის შუა გზაზე შეჩერდა. იმპერატორ ალექსანდრეს გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ავიდა იმპერატორი ნიკოლოზი და ყოველივე შეიცვალა. ნიკოლოზის ძლიერებისადმი წინააღმდეგობის გაწევა მის თვალში მუდამ მიუტევებელი დანაშაული იყო. ამიტომ ნიკოლოზის დროს მთიელები მტრები კი აღარ იყვენენ, ისინი უკვე მეამბოხენი გახდნენ. იმპერატორმა მთიელებთან მოლაპარაკება დაიწყო, რათა ისინი რუსეთს შეუზღუდავად დამორჩილებოდნენ. დაქვემდებარებას შედეგად მოჰყვა მთიელთა კეთილდღეობა იმ მომენტიდან, როგორც კი იმპერატორ ნიკოლოზის ქვეშევრდომნი გახდებოდნენ. ბევრი დაემორჩილა, მაგრამ კეთილდღეობა არ მოვიდა. პირიქით, უმეცარმა, გაუთლელმა, მექრთამე ჩინონვიკებმა მთიელებს რუსეთი შეაძულეს. ამის შედეგია ჰაჯი-მურატის, დანიელ-ბეგისა და ბევრს სხვათა განდგომა, დიდი და პატარა საჩეჩნიოს, ავარიისა და დაღისტნის ერთი ნაწილის აჯანყებები.

ერმოლოვი შეცვალა პასკევიჩმა, მაგრამ იგი დიდხანს არ დარჩა მართებლად, ისიც შეცვალა გენერალმა როზენმა. უკანასკნელი უეჭველად საუკეთესო ადმინისტრატორი იყო კავკასიაში. ჰოდა შესანიშნავი განზრახვები, მისი მზრუნველობის კვალი ჩანს ყველაფერში, რა ჭეშმარიტად ბრძნული საქმეც კი წამოიწყო ამ ქვეყნის დასამშვიდებლად. საჭიროა დაიწეროს კავკასიის მთელი ისტორია, ანუ უკეთ რომ ვთქვათ კავკასიის მთავარმართებელთა ისტორია დაწყებული თავად ციციანოვიდან თავად ბარიატინსკამდე, რათა ახსნილ იქნას ის გამანადგურებელი ომი, რომელსაც რუსეთი აგერ უკვე სამოცი წელია უშედეგოდ ეწევა. ამიერკავკასია დასახლებული იყო ცამეტი ქრისტიანული სარწმუნოების მიმდევარი ხალხებით, რაც მისი მოსახლეობის უმცირეს ნაწილს შეადგნეს. ქვეყნის დანარჩენი ნაწილი იყოფოდა თათართა სახანოებად: განჯა (ელიზავეტპოლი), შექი (ნუხა), ყარაბაღი, შემახია და ბაქო. თვით თბილისთან მდებარე თათრებით დასახლებული პატარა მიწები, როგორიცა ბორჩალო და შამხადილი, მომთაბარე ცხოვრებასთან ერთად ატარებდნენ ავაზაკურ ჩვევებს, რაც აუტანელი იყო მოწესრიგებული მმართველობისათვის. მთელი ამიერკავკასია წარმოადგენს ველებსა და მთებს. მტკვრის, არაქსისა და ალაზნის ვრცელი ველები საუკეთესო ნაყოფიერი მიწაა ვაზის, თუთისა და ენდროს მოსაშენებლად და ყოველგვარი ხორბლეულის მოსაყვანდ. აქ შესაძლებელი ხდება დიდი მეურნეობის გაშლა. ინდუსტრია კეთილდღეობასთან ერთად შემოიტანდა ცივილიზაციასაც, ხოლო ცივილიზაციის შედეგი იქნებოდა მშვიდობა. პროგრამა ადვილი შესადგენი იყო, მაგრამ იგი ძნელი შესასრულებელი გახდა. უფრო ადვილი იყო ხალხის ხოცვა, ვიდრე მისი აღზრდა. ხალხის გასაჟღლეტად საკმარისია მხოლოდ ტყვია და თოფის წამალი, მის გასანათლებლად კი ერთგვარი სოციალური ფილოსოფია, რომელიც ყველა მთავრობისთვის მისაწვდომი არ არის. ბარის დაპყრობა მოკლე დროში მოხდა, მაგრამ იგი არ შესულა კავშირში, უბრალოდ უღელი დაიდგა, მოჩვენებითად დამორჩილებული ბარი არსებითად მტრულ განწყობილებაში დარჩა. მას არ ჰქონდა განსაზღვრული უფლებები და ქონების პირობები. სიძულვილმა უძლურმა ბარში, მთებში ჰპოვა მიუწვდომელი თავშესაფარი. მთის წინააღმდეგობის საიდუმლოება ბარის შევიწროვებაშია, ომი მხოლოდ გამოძახილია ბარის ოხვრისა და დრტვინვისა. იპოვეთ საშუალება რათა მატერიალურ ინტერესებში გაერთიანდეს მუსლიმანური სამყარო და ქრისტიანული მთავრობა. ბედნიერება მიჰგვარეთ ბარს მისი დაკარგული სიმშვიდის დაბრუნებით და მთელი მთა თავისი ფეხით ჩამოვა და დაგმორჩილდებათ. აი, ამ სისტემის გატარება დაიწყო გენერალმა როზენმა. საუბედუროდ იმპარატორ ნიკოლზსა და გენერალ როზენს შორის უთანხმოება ჩამოვარდა, რის გამოც როზენმა თავისი ადგილი დაკარგა, მოსკოვში დაბრუნდა და იქ გულნაკლული და გაუგებელი გარდაიცვალა. მისმა წასვლამ დაამტკიცა, თუ რა დიდი იყო დანაკარგი.



გენერალი როზენი გენერალმა ნეიდჰარტმა შეცვალა. ეს იყო პედანტი, ჯიუტი, ფორმალისტი, ყოველგვარი სოციალური პოზიციის გარეშე მდგარი, უქონელი და უნდობელი გერმანელი. მისი მართებლობა მოკლევადიანი და დამღუპველი იყო. რუსეთის ჯარებმა მნიშვნელოვანი დანაკლისი განიცადეს: საჩეჩნო და ავარია ამბოხდნენ, მთელ ქვეყანას ემუქრებოდა საყოველთაო აჯანყება. მაშინ კიდევ მოაგონდა იმპერატორ ნიკოლოზს გრაფი ვორონცოვი, რომელსაც ჰქონდა ყველაფერი ის, რაც აკლდა გენერალ ნეიდჰარტს: სახელი, სიმდიდრე, გავლენა და არისტოკრატული თავდაჭერილობა.

მოგახსენებთ რამდენიმე სიტყვას ფერდმარშალ, კავკასიის მეფისნაცვალ, ნოვოროსიის და ბესარაბიის გენერალ-გუბერნატორ თავად მიხეილ ვორონცოვზე. ეს იყო ერთადერთი პიროვნება ბარიატინსკისტან ერთად, - თუმცა ამ უკანასკნელის დროს მდგომარეობა არ იყო ისეთი რთული, - და ერთადერთი რუსი სახლემწიფო მოღვაწე, რომელმაც მის მაღალ თანამდებობაზეც - კი შესძლო შეენარჩუნებინა ერთგავრი დამოუკიდებლობა. ეს დამოუკიდებლობა მას მოუტანა ერთმხრივ სიმდიდრემ და განათლებამ, მეორე მხრივ მისმა ხასიათმა. ის იყო შვილი რუსეთის ელჩის სიმონ ვორონცოვისა ინგლისში, ლონდონში აღიზარდა და მთელი სიცოცხლის განმავლობაში შეინარჩუნა ის წვრილმანი ჩვევები წესიერი და სწორი ცხოვრებისა, და ის მზრუნველობა პირად ღირსებაზე, რისგანაც ინგლისელები თავიანთ სიდიადეს იძენენ. დიდი საგვარეულო მამულის პატრონი გრაფი ვორონცოვი მემკვიდრე იყო აგრეთვე თავისი ბიძის, ცნობილი სახლემწიფო მოღვაწის ალექსანდრე ვორონცოვისა. ოცი წლის მიხეილ ვორონცოვი გვარდიის ლეიტენანტი და კამერფერი იყო. ეს ის მომენტია, როცა საქართველო რუსეთის იმპერიას შეუერთდა. ვორონცოვის ჩამოსვლის დროს საქართველოს მმართველი იყო თავადი ციციანოვი. ეს იყო გულფიცხი და ჭირვეული, მაგრამ ჭეშმარიტი სამხედრო და ადმინისტრატიული გენიით დაჯილდოვებული ადამიანი. თავადს არაფრად ეჭაშნიკა, როცა ახალგაზრდა კამერჰერი დაუნიშნეს, რომელსაც იგი სასტუმრო დარბაზების კავალერად და მოდაში შემოსულ გულთა დამყრობლად სთვლიდა. მის თავიდან მოსაშორებლად თავადმა ციციანოვმა შეადგინა წერილი, რომელიც შეაფერხებდა ვორონცოვის ჩამოსვლას, მაგრამ როგორც აგამემნონის წერილი შეხვდა გაზაზე კლიტემნესტრას, ისე შეხვდა თავადი ციციანოვის წერილიც გრაფ ვორონცოვს. ჩამოსული კაცის უკან დაბრუნება აღარ შეიძლებოდა: ეს მოხდა 1803 წ. ახალმა კაცმა თვისი სამხედრო საქმეები დაიწყო განჯის სახანოს დედაქალაქის, ახლანდელ ელიზავეტპოლის ალყაში მონაწილეობით და თავი გამოიჩინა იმით, რომ ბრძოლის ველიდან მამაცურად გამოიტანა ახალგზარდა კოტლიარევსკი, რომელიც შემდეგში კავკასიის გმირად იქნა აღიარებული.

თავადი ციციანოვი მიხვდა, ახალგაზრდა კამერჰერი ისეთი კაცი იყო, რომ იგი რუსეთისთვის უნდა დაზოგილიყო. მას შეეშინდა, განჯის ბრძოლაში არ დაიღუპოსო. ლეკეთის ხაზზე გაგზავნა და ჩააბარა მამაც გენერალ გულიაკოვს, რომელიც რაზმს მეთაურობდა. მაგრამ ახალგაზრდა კაცის იქ მისვლის რამდენიმე დღის შემდეგ ერთ ველზე ზაქათალასთან ლეკებთან შეტაკების დროს მარცხი მოხდა. გულიაკოვი მოკლეს და რუსი ჯარის გვარიანი ნაწილი უფსკრულში გადაჩეხეს. ზაქათალის ბრძოლის შემდეგ, რომელსაც მიხელ ვორონცოვი სასწაულით გადაურჩა, მონაწილეობა მიიღო ერევნის ექსპედიციაში ბრიგადის-მაიორის ჩინით. გარდა ამისა, ციციანოვმა, რომელმაც ბოლოს და ბოლოს ძალიან შეიყვარა ის, ერთი საჩოთირო დავალება მისცა იმერეთის მეფეს სოლომონთა, რომელიც ხან რუსეთის სასარგებლოდ ამბობდა უარს სამეფო ტახტზე, ხან კი აშკარად ილაშქრებდა რუსეთის წინააღმდეგ. თვადი ციციანოვი მოკლეს, ვორონცოვი კი რუსეთს დაბრუნდა. აქ კავკასია მათ ჰკარგავს მხედველობიდან. ბოროდინოს ბრძოლაში ის სარდლობდა დივიზიას, რომელიც განადგურდა, თვითონ კი დაიჭრა და განაპირდა ერთ-ერთ თავის სასახლეში, რომელიც საკუთარი სახსრებით დიდ ჰოსპიტლად გადააკეთა. აქ ვორონცოვს სხვა რუს დაჭრილებთან ერთად მკურნალობდნენ. 1815 წელს ის საფრანგეთში დარჩენილ არმიის კოპრპუსს მეთაურობდა. შემდეგ ცოლად შეირთო სახლგენთქმული პოტიომკინის ძმის შვილის, გრაფის მეუღლის ბრანიცკის ქალიშვილი, რის შედეგადაც რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი მებატონე გახდა. თუ მეხისრება არ მღლატობს, 1826 წელს ვორონცოვი ნოვოროსიისკის გენერალ-გუბერნატორად დაინიშნა და დასახლდა იდესაში, რომელიც სავაჭრო ქალაქად გადაიქცა და ისე აყვავდა, როგორც ჩვენ დღეს ვხედავთ. მან აქ შექმნა სამხრეთ-რუსეთის შესანიშნავი მეღვინეობა, განავითარა მევენახეობა და ქალაქი ერთ ვეებერთელა აგრაკებით სავსე ბაღნარად გადააქცია. უფროსების მიერ ადმინისტრაციულ საქმიანობას მოშორებულმა გრაფმა ვორონცოვმა თურქეთთან ომის დროს ვარნასტან დაჭრილი თავადი მენშიკოვის ადგილი დაიკავა, აიღიო ვარნა და თავის პოსტს დაუბრუნდა. ბოლოს, 1845 წელს კავკასიის მეფის ნაცვლა დაინიშნა. ამ ცნობას მთელი რუსეთი მიესალმა. ვორონცოვი გემიდან რედუდკალეში გადმოვიდა და აღფრთოვანებით იქნა მიღებული შავი ზღვის სანაპიროს მთელი ნაირფეროვანი მოსახლეობის მიერ. უპირველესი მისი დაპირება გზების მოწყობა იყო. ყოველი ახალი მეფისნაცვალივით ისიც ყველაფერს პირდებოდა ხალხს, მაგრამ საუბედუროდ ვერც ერთი ასრულებდა დანაპირებს. არის ორი გარემოება, რომლებიც აფერხენებ გზების გაყვვანას კავკასიაში. პირველია ნიადაგის თვისებები მეორე კი უფრო რეალური გახლავთ, ეს ის არის, რომ კავკასიაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სამხედრო საკითხს. უნდა ითქვას, რომ მდინარეთა სწრაფი ძალა კავკასიაში საშინელ უბედიურებას წარმოადგენს. ერთი გრანიტის ხიდი დარიალის ხეობაში, რომლის პირველი ქვა ზეიმით ჩადო დიდმა მემკვიდრემ, ახლანდელმა იმპერატორმა, სამი წლის განმავლობაში ააშენეს, ხუთი ათასი მანეთი დაჯდა და დიდის ამბით გახსნეს. მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს ნაფოტივით წაიღო წყალმა. კიდევ ორ ხიდს ეწია ასეთი ბედი გორის ახლოს მტკვარზე. ამ ხიდების აგება დავალებული ჰქონდა ერთ ინგლისელ მექანიკოსს, გვარად კეილს, რომელსაც სადურგლო საქმეები უფრო ეხერხებოდა. ჩვენ რომ გორში გავიარეთ, კვალიც არსად ჩანდა იმ ხიდებისა.

უნდა ითქვას, რომ მთავრობამ მიმოსვლის გზებისთვის ძალზე უმნიშვნელო თანხა გასცა სამოცი თუ ოთხმოცი ათასი მანეთის რაოდენობით. ბევრს მუშაობენ, მაგრამ უშედეგოდ. ამიტომაც ამბობენ თბილისში: თუ ის ფული შეაგროვეთ, რაც ორმოცდაათი წლის განმავლობაში თბილისისა და ვლადიკავკასიის გზაზე დაიხარჯა, ამ გზის მანეთებით მოკირწყვლა შეიძლებაო. მაგრამ ჩვენ მალე გავემგზავრებით ამ გზაზე და მკითხველები თვითონ განსჯიან, თუ რა მდგომარეობაში იმყოფება იგი. მანამდე კი უნდა მოგახსენოთ, ყოველ წელს სამგვარი ზვავი ატყდება ამ გზას: თოვლისა, ქვისა და წყლისა. ბარში ყოველთვის ერთნაირი წყალდიდობა არ იცის, ზოგი აფხვიერებს ნიადაგს და ზოგი მთელ პროვინციებს წალეკავს ხოლმე. სამეგრელოს ტალახებში ჩემი ცხენი ისე ჩაიძირა, რომ კინაღამ მეც შიგ არ დამტოვა. ასეთ ქვეყანაში რომ მიმოსვლის საშუალეები მოეწყოს, საჭიროა რომაული შრომა და ციკლოპური ნაგებობები, უზარმაზარი ფონდი, ჭეშმარიტად განათლებული ინჟინრები, ყველაზე მეტად კი უზადო კეთილსინდისიერება. დაპყრობა ყველას უნდოდა, მაგრამ ყველა შორდებოდა დაპყრობის ჭეშმარიტ, ერთადერთ საშუალებას. ომი რუსეთს ას მილიონზე მეტი უღირდა, მიმოსვლის გზებზე კი სამასი ათასი ფრანკი იყო ასიგნებული. ამიტომაც არ არსებობს გზები კავკასიაში.

გრაფი ვორონცოვი გზების გაყვანას პირველსაჭიროებად თვლიდა, ხელისუფლებამ კი ომი უფრო საჭიროდ ჩათვლა, ვიდრე გზები. მან ბრძანება მიიღო „ბუნტოვშიკების“ წინააღმდეგ უფრო დიდი აქტივობით და პეტერბურგში იმპერატორის თვალწინ შედგენილი გეგმის მიხედვით ეწარმოებინა ომი. საქმე ეხებოდა საბოლოო ექსპედიციას, რომელსაც მიზნად ჰქონდა შამილის გარემოცვა, მის რეზიდენციაში შეჭრა, აჯანყების ჩახშობა და დაღესტნის ყველა მთიელთა დამორჩილება. ქაღალდზე ეს იყო ჩინებული გეგმა, მაგრამ სათვალავში არ ჩააგდეს ბუნება. იმპერატორმა მოაწყო საბედისწერო ექსპედიცია, რომელიც ცნობილია დარღოს ექსპედიციის სახლწიოდებით. იგი მით უფრო განუსჯელი იყო, რომ გრაფი ვორონცოვი არასოდეს ყოფილა კავკასიის იმ მხარეში და ის ადგილები სადაც ბრძოლა უნდა ეწარმოებინა, სრულიად უცნობი იყო მისთვის. ეს ექსპედიცია ილიადა იყო და მას ეყოლებოდა თავისი ჰომეროსი, პუშკინი და ლერმონტოვი რომ ცოცხლები დარჩენილიყვნენ. გეორგიევსკისა და სალფის იერიშები, ავარიის ველური ტყეების გადალახვა, დარღოს-შამილის რეზიდენციის ხელში ცგდება, ორცხობილასთვის გაგზავნილი სამიათასი კაცისაგან შემდგარი პოლკის ერთიანად გაჟღლეტა, ბოლოს გადარჩენა ჯარისა სწორედ იმ მომენტში, როცა იგი უკანასკნელ ჯარისკაცამდე უნდა დაღუპულიყო, ეს ყველაფერი ტაზებიან ერთი ეპოპეისა, რომელიც ერთსა და იმავე დროს შემაძრწუნებელიცაა და აღტაცების მომგვრელიც. დარღოს ექსპედიციის შედეგი მხოლოდ ის იყო, რომ მან გამიჩინა და შეაფასა თავადი ვორონცოვის ხასიათი. ჯარისკაცები, რომლებიც ვორონცოვს პორტო-ფრანკოს ეძახდნენ მისი ლიბერალური და პროგრესული იდეებისათვის, ენთუზიაზმით იმსჭვალებოდენენ მისადმი, როცა ამ კეთილშობილ მხცოვანს მუდამ მშვიდს, თანაბარს, ალერსიანს, ყოველივე გაჭირვების გადამტანს, ხიფათში მუდამ აუღელვებელს დ მოცინარს ხედავდნენ. მთიელები მასა და მის ბადრაგს ერთი ტყის პირად დაესხნენ თავს და ის, ვინაც მოსკოვთან გაუმაგრდა ნაპოლეონ I-ს, იძულებული იყო ხელში ხმალი აეღო და ჩეჩენი ავაზაკები მოეგერიებინა. გრაფი ვორონცოვის სახელი კავკასიაში ყველას პირზე აკერია და ეს გასაგებიც არის.

უნდა გამოვტყდე, როცა თბილისში მოვდიოდი, მეგონა ვნახავდი ნახევრად ველურ ქალაქს, რაღაც ბაქოსა და ნუხის მსგავს, მაგრამ უფრო დიდს. თურმე ვცდებოდი. ფრანგული კოლონიის წყალობით, რომელიც უმთავრსედა პარიზელი მკერავებისა და მოდისტკებისაგან შედგება, ქართველ მანდილოსნევბს შეუძლიათ იტალიური თეატრისა და განდის ბულვარის მოდას მისდიონ, მხოლოდ ორი კვირის დაგვიანებით. იმ დროს, როცა მე საქართველოს დედაქალაქში ჩავედი, ქალები ძალზე გართული იყვნენ ერთი რამით: თავად გ-ს მეუღლეს ჩამოეტანა პლასტიკური კორსეტი და მის უამისოდაც მშვენიერ წელს იერი მოეგო ამ ახლია გამოგონების წყალობით, რომ ქ-ნ ბლოსთან ტევა აღარ იყო მოთხოვნილებისა. მასაც ქ-ნ ბონვალესთვის მიეწერა, რომ თბილისში ამ კორსეტების მთელი საპალნე გამოეგზავნა. მე, როგორც პარიზელს, მეკითხებოდნენ ამ საინტერესო გამოგონების შესახებ, რაიცა, მათი აზრით, შეუძლებელი იყო არ მცოდნოდა. ჩემო კარგო მკითხველო, ნუ მკითხავ, როგორ გავიცანი ბონვალეს კორსეტები, რადგანაც ამაზე პასუხს ვერ გაგცემ. მოხდა ისე, რომ იმ საქმიანობაში, რომელიც პარიზიდან წასვლის წინ შემთხვევამ გამიჩინა, პლასტიკური კორსეტებიც ერია. ერთხანს გავიფიქრე, ალბათ, საჯარო ლექციის წაკითხვა დამჭირდება მეთქი, მაგრამ ბოლოს ამ საქმეს გადავურჩი ერთი პატარა ცნობით, რომელიც ჟურნალ „ცისკარში“ მოვათავსე. ამ ცნობაში მე ვხსნიდი, რომ ოთხას-ხუთასი ქალის ნატურიდან ყალიბში ჩამოსხმის საშუალებით მიღწეული იქნა ქალის ტორსის რვა ტიპის მეთოდიკური კლასიფიკაციის შექმნა, რომელთა მიხედვით ყველა ქვეყნისა და ყველა რასის ქალებს შეუძლიათ შეარჩიონ კორსეტი ქანდაკების უმკაცრეს წესებთან შეფარდებით. ზემო ხსენებულ ჟურნალში დაბეჭდილმა ამ ცნობამ მნიშვნელოვანი შედეგი გამოიწვია: მთელი რედაქცია სრული შემადგენლობით მოვიდა და ქართულ სადილზე მიმიპატიჟა. მაგრამ, თუ თბილისში იცნობენ პარიზულ კორსეტებს, ვეჭვობ, რომ პარიზში იცოდნენ, რას წარმოადგენს სუფრა თბილისში... რასკვირველია ქართული სუფრა.

ქართულ სუფრაზ ჭამენ ყველაფერს, რაც კი მოხვდებათ საჭმელი. აქ ყველაზე უმნიშვნელო ნაწილია სადილისა, რომელიც შედგება განსაკუთრებით ახალი მწვანილისა და მისი ძირებისაგან. რა მწვანილი ან რა ძირებია ეს, წარმოდგენა არა მაქვს. სალათა უზეთოთ და უძმროდ, მწვანე ხახვი, გვერდელა, ტარხუნა და ბოლოკი. ხოლო რაც შეეხება სასმელს ეს უკვე სხვა საქმეა, ამის შესახებ შემიძლია უფრო დაწვრილებითი ცნობები მოგაწოდოთ. ქართულ სუფრაზე ჩვეულებრრივი მსმელები ხუთ-ექვს ბოთლ ღვინოს სვამენ, უფრო დიდი მსმელები კი თორმეტ-თხუთმეტ ბოთლს. გამოერვიან ისეთებიც, რომლებიც ბოთლებით კი არა ტიკობით სვავენ, ესენი ოც-ოცდახუთ ბოთლამდე ადიან. საქართველოში სასახელოა, თუკი შენ მეზობელზე მეტი დალიე, ასე რომ, ქართველი საშუალოდ თხუთმეტ ბოთლს სვამს. ღმერთმა, რომელიც ქალის სიმძაფრეს ახლად გაკრეჭილი კრავის ძალას უფარდებს, ქართველ მსმელებს კახური ღვინო მისცა, ესე იგი ის საუცხოო ღვინო რომელიც არ ათრობს, ანუ უფრო სწორად თავში არ უვარდება მსმელს. ამიტომ ქართველებმა თავის დამცირებად ჩათვალეს ის, რომ ათი-თორმეტი ბოთლის შემდეგ არ თვრებოდნენ. მათ გამოიგონეს სასმისი, რომელიც მათდა უნებურად ათრობს, ანუ უკეთ რომ ვთქვათ, უღვინოდაც ათრობს. ეს არის ერთგვარი ამფორა. რომელსაც კულას ეძახიან. კულა წარმოადგენს განიერ მუცლიან და გრძელ ყელიან ბოთლს, რომელიც ერთბაშად მოიცავს ცხვირსა და პირს, ისე, რომ სმის დროს არ იკარგება არცერთი წვეთი ღვინო და არც იოტისოდენა მისი გაზი. ამის შედეგად, სანამ ღვინო კუჭში ჩავა, გაზი ტვინში მიდის. კულის გარდა ქართველი მსმელები ხმარობენ კიდევ მრვალ ფანტსტიკური ფორმის სასმისებს: გოგრას გრძელი ღეროთი, წვენის ჩამჩამს, რომლის ფსკერზეც არ ვიცი, რატომ გაკეთებულია მოოქრული ირმის თავი მოძრავი რქებით, და ჰქვია ქვაბი, საწვენეების მაგვარ ფართო ჯამებს, როლანდის ბუკის მსგავს მოვარაყუილ რქებს, რომელთა შორის უმცირესში ერთი ბოთლი ღვინო ჩადის და აუცილებლად ერთი გადკვრით, სულისმოუთქმენლად უნდა დასცალო. გარდა ამისა, ქართველ თუ უცხოელ სტუმარს, რომელიც კი არ ჯდება, არამედ უნდა ჩაცუცქდეს ქართულ სუფრასთან, შეუძლია თავის ნებაზე ჭამოს, სმა კი, ნურას უკაცრავად, თავის ნებაზე არ შეუძლია. ის, ვინც სადღეგრძელოს დალევს, წინდაწინ ხვდება მისი კუჭის შესაძლებლობას. მიმღებმა სასმისი ბოლომდე უნდა დასცალოს. სადღეგრძელოს მთქმელი წარმოთქვამს იდუმალ სიტყვებს, „ალავერდი!“, მიმღები უპასუხებს, „იახშიოლ“! ამ გამოწვევის შემდეგ ან უნდა სვა, ან უნდა მოკვდე. ქართველს დიდ ღირსებად მიაჩნია, თუ იგი საუკეთესო მსმელად ითვლება. როცა იმპერატორი ნიკოლოზი კავკასიაში ჩამოვიდა, გრაფმა ვორონცოვმა მას თავადი ერისთავი წარუდგინა და უთხრა:

-მეფეო, პატივი მაქს წარმოგიდგინოთ საქართველოს უპირველესი მსმელი.

თავადმა მორიდებით, მაგრამ კმაყოფილი სახით დაუკრა თავი. ახლა წარმოიდგინეთ, რა წამებს მიქადდა ქართული სადილი მე, ვისაც წყლის მეტი არაფერი დაულევია თავის დღეში. მაინც ვაჟკაცურად მივიღე მოპატიჟება და დანიშნულ საათზე სადილად მივედი. ჩემს პატივსაცემად დაპატიჟებული იყო ორი თუ სამი ცნობილი მსმელი, რომელთა შორის იყვნენ თავადი ნიკოლოზ ჭავჭავაძე და პოლნელი ჟოზეფ პერენეპსკი. ამათ გარდა ჩვენ გვყავდა ერთი პოეტი და ერთი მემუსიკე. პოეტი იყო ევანგუ ევანგულოვი, მასპინძელი - ივანე კერესელიძე, ჟურნალ „ცისკრის“ რედაქტორი. პირველი, რაც დარბაზში შესვლისთანავე თვალში მეცა, ეს იყო ვეებერთელა კოკა, იმის მსგავსი, ალიბაბას და მის ორმოც ავაზკს რომ უდგიათ. ორმოცი თუ ასი ბოთლი ღვინო, რომელიც ამ კოკაში იდგა, ჩვენი გამოსაცლელი იყო. იატაკზე ეგდო დიდი ხალიჩა ზედ გაშლილი სუფრით, სუფრა, ჩვენთვის, ვინც ფუფუნებას ვიყავით შეჩვეული, გაწყობილი იყო თეფშებით, დანა-ჩანგლითა და კოვზებით. ადგილობრივ სტუმრებს კი ძველი პატრიარქალური ჩვეულების თანახმად, ხელით უნდა ეჭამათ. მე საპატიო ადგილას დამსვეს სუფრის თავში, ჩემს პირდაპირ მოთავსდა მასპინძელი, მარჯვნივ მომისვეს თავადი ნიკოლოზი, მარცხნივ ბ-ნი პენერეპსკი. მუსიკოსი და პოეტი სუფრის ბოლოში დასხდნენ და სადილიც დაიწყო.

მე ჩვეულებად მაქვს, რამდენადაც ძალა შემწევს, თავი ავარიდო ხიფათს, მაგრამ როცა მასთან პირისპირ აღმოვჩნდები, ძაღლივით ერთ ადგილზე ვჩერდები, ამ შემთხვევაშიც ასე დამემართა. რასაც მე ახლა ვიტყვი შესაძლებელია, თავდაპირველად პარადოქსად მოგვეჩვენოს, მაგრამ თუ დავუფიქრდით, ამას უსათუოდ ჭეშმარიტებად ვცნობთ. იმ კაცს, რომელიც არ სვამს, ბრძოლის მომენტში დიდი უპერატესობა აქვს მსმელ კაცთან შედარებით. უკანასკნელს ტვინის სიღრმეში უსათუოდ დარჩენილი აქვს წინანდელი სიმთვრალე, რომელსაც იმ დღევანდელი სმაც ემატება. ხოლო ის, ვინც წყლის მეტს არაფერს სვამს, მაგარი და საღი თავით მოდის და ამიტომ ჯერ საჭიროა ღვინომ მსმელების დონეზე დააყენოს. ამგვარად კახურ ღვინოს იოლად ვერ გადაურჩები, თუ ექვსი-შვიდი ბოთლი არ დალიე. მე არ ვიცი სათვალავი ჩემ მიერ დალეული ღვინისა მემუსიკის გამებსა დ პოეტის დუდღუნში, რომლებიც იმპროვიზაციათა შორის საჭმელს გემრიელად შეექცეოდნენ, მაგრამ ეტყობოდა, რაოდენობა საგრძნობი იყო, რადგანაც სადილის დასასრულს წარმოიშვა საკითხი, ჩემთვის მოეცათ მოწმობა, სადაც დადასტურებული იქნებოდა ჩემი არა გონებრივი, არამედ ფიზიკური გამძლეობა. წინანადება მიღებული იქნა. აიღეს ქაღალდის ნაჭერი და თვითეულმა მათგანმა თავისი ხელმოწერით დაამოწმა სახლის პატრონის მიერ დაწერილი ცნობა:
„ბ-ნი ალექსანდრე დიუმა ეწვია ჩვენს უბადრუკ რედაქციას, სადაც მისთვის გამართულ სადილზე ქართველებზე მეტი ღვინო დალია.
1858 წ. 28 ნოემბერი.
ქართული ჟურნალ „ცისკრის“ რედაქტორი
ივანე კერესელიძე“.

ამფიტრიონის ხელმოწერას მოსდევდა თავად ნიკოლოზის შემდეგი მონაწერი: „მე ვესწერებოდი სადილს და ვადასტურებ, რომ ბ-მა დიუმამ ნამდვილად ქართველებზე მეტი ღვინო დალია.
თ. ნიკოლოზ ჭავჭავაძე“.

პოეტმა კი ჩემთვის დაწერა არა ცნობა, არამედ შემდეგ მადრიგალი: „სათაყვანებელი პოეტი გვეწვია და ისე შემობრძანდა, როგორც ხელმწიფე, განმანათლებელი გონებისა, იგი სიხარულია საქართველოსი“.

ხოლო რაც შეეხება სხვა ცნობებს, მე მკითხველეს ვთავაზობ მათ ორგინალებს, რომელთაც ისე ვინახავ როგორც დაწერილი არიან: ქართულად, რუსულად და პოლონურად.

ჩვენ უკვე ვთვლით, რომ ქართველები იმ საუცხოოო ნაკლოვანებათა მხრივ, რომლებითაც ისინი ბუნებამ დააჯილდოვა, რჩეული არსებანი არიან. ჩვენ აგრეთვე მოგახსენეთ, რომ ქართველები დიდი მფლანგველები არიან. ამის საბუთი მათ ზედ აწერიათ: თითქმის მთელი ქართველობა გაღატაკებულია. ისიც უნდა ითქვას, რომ რუსეთის მთავრობა დიდად დაეხმარა ამ საქმეში. როგორც ვიცით, ქართველები დედამიწის ზურგზე პირველი ღვინის მსმელები არიან, ხოლო თავაზიანობა, რომლითაც მე ცნობა მომცეს, მათ სახელს ვნებას ვერ მიაყენებს. ასეთი მოწმობა, როგორც მრავალი სხვაც, ალბათ მათი შემწყნარებლობის შედეგია. ზემოთ ისიც ვთქვით, რომ ქართველები უმამაცესი ხალხია. ამაში უკვე აღარავის შესდის ეჭვი, თვით ყველაზე მამაც რუსებსაც კი. ისინი გვიამბობენ ქართველთა ვაჟკაცური სისადავის შესანიშნავ ფაქტებს.

ვორონცოვის მიერ მოწყობილ ერთ-ერთ ექსპედიციაში ჯარი წაადგა ტყეს, რომელზეც ამბობდნენ, მთიელები იცავენო.

-ტყეს ორი ფინდიხით დატენილი ზარბაზანი დაუმიზნეთ და ესროლეთ, - ბრძანა გრაფმა, - მაშინ ვნახოთ, როგორ იცავენ მას მთიელები.

-რაზე დავკარგოთ დრო და ფინდიხი, თქვენო უგანათლებულესობავ, - უპასუხა იქვე მყოფმა თავადმა ერისთავმა, - თვითონ წავალ და ვნახავ.

ერისთავმა ცხენი გააჭენა, ტყე მოათვალიერა, დაბრუნდა და ვორონცოვს ანტიკური სისადავით მოახსენა:

-არავინ არის, თქვენო უგანათლებულესობავ.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში