როლან ბარტი - საარჩევნო ფოტოგენია

ნაწყვეტი წიგნიდან "მითოლოგიები"

ზოგიერთი დეპუტატობის კანდიდატი თავის საარჩევნო სარეკლამო ფურცლებს საკუთარი პორტრეტით რთავს. ეს გულისხმობს, რომ ფოტოგრაფია ფლობს გარდაქმნის უნარს და ამიტომ საჭიროა მისი გაანალიზება. 

კანდიდატის პორტრეტი პირველ რიგში ქმნის პიროვნულ კავშირს მასა და ამომრჩეველს შორის: კანდიდატი მათ განსასჯელად არა მარტო პროგრამას წარუდგენს, არამედ სთავაზობს განსაკუთრებულ სხეულებრივ ატმოსფეროს, თავისი ყოფითი არჩევნის ერთობლიობას, რომელიც გამოიხატება მისი სახის ნაკვთებში, ტანსაცმელში და პოზაში. ამით ფოტოგრაფია ცდილობს შექმნას არჩევნების პატერნალური საწყისი, მისი “წარმომადგენლობითი” ბუნება, რომელიც დარღვეულია პროპორციული არჩევითი სისტემის და პოლიტიკური პარტიების ბატონობის შედეგად (მემარჯვენეები ამ საშუალებით უფრო ხშირად სარგებლობენ, ვიდრე მემარცხენეები). რამდენადაც ფოტოგრაფიაში ელიფსურად ინიღბება ენა და შეგროვდება ყოველგვარი სოციალური “გამოუთქმელობა”, ამიტომ ის იარაღად ემსახურება ანტიინტელექტუალიზმს, ცდილობს თვალი აუხილოს “პოლიტიკას” (პრობლემების და მათი გადაწყვეტის რიგი) და მასთან ერთად გამოყოს გარკვეული “ყოფის სტილი”, სოციალურ-მორალური სტატუსი. როგორც ცნობილია, ასეთი ოპოზიცია იკავებს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადგილს პუჟადიზმის მითოლოგიაში (პუჟადი ტელევიზიით: შემომხედეთ, მე ისეთივე ვარ, როგორიც თქვენ!).

საარჩევნო ფოტოპორტრეტები, უპირველეს ყოვლისა, არის გარკვეული სიღრმის, გარკვეული ირაციონალური სფეროს აღიარება, რომელიც სცდება პოლიტიკის საზღვრებს. ფოტოგრაფიაში გამოხატულია არა კანდიდატის პროექტები, არამედ მისი განზრახვები - ოჯახური, ფსიქიკური, ეროტიკული გარემოებებიც კი, ცხოვრების ის სტილი, რომლის პროდუქტიც და შესანიშნავი მაგალითიც თვითონ არის. ჩვენი კანდიდატების უმრავლესობა ცდილობს თავისი პორტრეტით წარმოაჩინოს თავისი სოციალური მდგომარეობის სიმყარე, თავისი ხილული კომფორტული დაფუძნება ოჯახურ, იურიდიულ და რელიგიურ ნორმებში, ისეთი ბურჟუაზიული სიკეთეების ფლობა, როგორიცაა საკვირაო წირვა, ქსენოფობია, ბიფშტექსი კარტოფილით და ანეგდოტები რქებდადგმულ ქმარზე - ერთი სიტყვით, ყველაფერ იმით, რასაც ეწოდება იდეოლოგია. მაყურებელში, ცხადია, იგულისხმება გარკვეული თანამონაწილეობა: წინასაარჩევნო ფოტო მისი სარკეა, მასში ის ამოიკითხავს მისთვის ნაცნობს და ჩვეულს, მასში ამომრჩეველს ევლინება თავისი საკუთარი სახე, განათებული, გაიდეალებული, ტიპიურობამდე ამაღლებული. სწორედ ასეთი ხაზგასმულობით განისაზღვრება ფოტოგენია: ამომრჩეველი ერთდროულად გამოსახულიცაა და გმირად ქცეულიც, მას თითქოს საკუთარი თავისთვის სთავაზობენ ხმის მიცემას, აქცევენ რა დეპუტატის მანდატს ნამდვილი ფიზიკური გადატანის საშუალებად; თავის რჩეულს ის უმხელს თავის “გვარს”.

მისი ტიპები არ არის მრავალრიცხოვანი. ერთი მხრივ, არის სოციალური მდგრადობის ტიპი, რესპექტაბელური - სქელი და წითური სახით (“ეროვნული” სიები), ფერმკრთალი და თხელი (სახალხო-ეროვნული მოძრაობის სიები), მეორე ინტელექტუალური ტიპი (აქ, მოცემულია “აღნიშნული” ტიპები და არა ბუნებაში არსებული): ნაციონალურ გაერთიანებაში ეს ინტელექტუალიზმი პედანტურია, კომუნისტ კანდიდატებში კი “გამჭოლი”. ორივე შემთხვევაში იკონოგრაფია ცდილობს აღნიშნოს იშვიათი კავშირი აზრსა და ნებას, რეფლექსიასა და მოქმედებას შორის. ნახევრად დახუჭული ქუთუთოებიდან მოჩანს მკვეთრი მზერა, რომელიც თავის ძალას ამაღლებული სულიერი ოცნებით შეიძენს, მაგრამ მუდმივად უბრუნდება გარეგან დაბრკოლებებს, ე.ი. სანიმუშო კანდიდატი სამაგალითოდ აერთიანებს საკუთარ თავში სოციალისტურ იდეალიზმს და ბურჟუაზიულ ემპირიზმს. დაბოლოს, ბოლო ტიპი არის “ლამაზი ბიჭი”, რომელსაც საზოგადოება რეკომენდაციას თავისი ჯანმრთელობის და სიმამაცის გამო უწევს. ზოგიერთი კანდიდატი კარგად ირგებს ერთდროულად ორი ტიპს: ერთ მხარეს წარმოდგენილია ახლგაზრდა, ლამაზ გმირად (სამხედრო ფორმაში), მეორე მხარეს კი, მოზრდილ მამაკაცად, პატარა ოჯახის წინ. ცხადია, ყველაზე ხშირად, ესა თუ ის ფიზიკური ტიპი შემკობილია ძალზე ნათელი ატრიბუტებით: მამა შვილების გარემოცვაში (გამოწყობილი და მოვლილი, როგორც საფრანგეთში ფოტოზე აღბეჭდილი ყველა ბავშვი), ახალგაზრდა პარაშუტისტი აკეცილი სახელოებით, ოფიცერი ჯილდოებით. ფოტოგრაფია აშკარად გვაშანტაჟებს ისეთი მორალური ღირებულებებით, როგორიც არის: მამული, არმია, ოჯახი, პატივი, აურზაური.

გარდა ამისა, ფოტოგრაფიული პირობითობა სავსეა ნიშნებით. ფოტო ანფასში ხაზს უსვამს კანდიდატის რელურობას, განსაკუთრებით მაშინ, თუ ის დაჟინებით გვიცქერს სათვალიდან. ამ ყველაფერში გამოხატულია გამჭოლობა, სერიოზულობა, პირდაპირობა: მომავალი დეპუტატი სახეში უყურებს მტერს, წინააღმდეგობას, “პრობლემას”. უფრო გავრცელებული რაკურსი სამი-ოთხზე, გამოხატავს იდეალის ძალაუფლებას: მზერა მიმართულია მომავლისკენ, ის არაფერს აწყდება, მაგრამ ბატონობს სამყაროზე, მოისვრის რა შორეთში დასათესად ახალ მარცვლებს. თითქმის ყველა ფოტო (სამი-ოთხზე) ამაღლებულია, სახე აწეულია ზებუნებრივი შუქის შესახვედრად, რომელსაც ის გადაჰყავს მაღალი რანგის ადამიანებში, კანდიდატი აღწევს კეთილშობილ გრძნობათა ოლიმპს, სადაც ყველა პოლიტიკური წინააღმდეგობა დაძლეულია - ომი თუ მშვიდობა ალჟირში, სოციალური განვითარება თუ კაპიტალისტების მოგება, “თავისუფალი” განათლება თუ მეჭარხლეთა სუბსიდიები, მემარჯვენეები თუ მემარცხენეები (უცვლელია “მოძველებული” ოპოზიცია!), ეს ყველაფერი მშვიდობიანად თანაარსებობს კანდიდატის ჩაფიქრებულ მზერაში, რომელიც ღირსეულად განჭვრეტს წყობილების ფარულ მიზნებს.

როლან ბარტის "მითოლოგიები" გამოიცა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით.

წიგნი გამოიცა მერაბ მამარდაშვილის სახელობის საგამომცემლო დახმარების პროგრამის ფარგლებში საფრანგეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტროსა და წიგნის ეროვნული ცენტრის (CNL) წელშეწყობით

© გამომცემლობა "აგორა", თბილისი, 2011
© ნატალია მთივლიშვილი, თარგმანი, 2010
© Editions du Seuil, 1957

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში