ფიოდორ დოსტოევსკი - დანაშაული და სასჯელი

საყურადღებოა, რისი უფრო მეტად ეშინია ხალხს? ყველაზე მეტად ახალი ნაბიჯისა და ახალი საკუთარი სიტყვისა... მაგრამ, ბევრს ვყბედობ მეტად. კიდეც იმიტომ აღარას ვაკეთებ, რომ ვყბედობ. მაგრამ შეიძლება იმიტომაც ვყბედობდე, რომ არას ვაკეთებ.

უბრალო რამ წვრილმანსა და სისულელეს შეუძლია მთელი განზრახვა ჩაგიშალოს!

სადმე მაინც ხომ უნდა იყოს ისეთი კუთხე, სადაც ადამიანს იბრალებდნენ!

რა საზიზღარია ადამიანი, ყველაფერს ადვილად ეჩვევა!

თუ შემთხვევა მოგვეცა, სინდისის გრძნობასაც გავქელავთ; თავისუფლებას, სიმშვიდეს, თვით სინდისსაც კი, ყველაფერს გასაყიდად გავიტანთ.

მაქვს კი უფლება ვისმე შველისა?

როცა უქეიფოდ ხარ, სიზმრები ხშირად საოცრად მკაფიოა, ნამდვილს საშინლად ჰგავს. ზოგჯერ საზარელი რამ სურათი წარმოუდგება სიზმრად ადამიანს, მაგრამ გარემოება და მთელი პროცესი ნანახისა იქამდის შესაძლებელია და ამ სურათის ყველა წვრილმანი ურთიერთში ისე მხატვრულად შეთანხმებული, რომ ცხადლივ მათ გამოგონებას ვერასგზით ვერ მოახერხებდა სიზმრის მნახველი, თუნდაც პუშკინისა და ტურგენების დარი ხელოვანიც ყოფილიყო. ასეთი ავადმყოფური სიზმრები დიდხანს აღარ ავიწყდება მნახველს და ადამიანის მოშლილ, აგზნებულ ორგანიზმზე დიდ შთაბეჭდილებას იქონიებს ხოლმე.

იცი, რა არის აქ საწყენი? ის კი არა, რომ სტყუიან; ტყუილი მუდამ ეპატიება ადამიანს; კარგიც კი არის, იმიტომ, რომ სიმართლეს აჩენს ბოლოს. ის არის საწყენი, რომ სტყუიან და თავიანთ სიცრუეს თავადვე სცემენ თაყვანს.

საქმე ძალაა, ძალა: უიმისოდ ვერას გახდები. ძალა კი ძალითვე შეიძინება.

სიცრუე ადამიანის ერთადერთი უპირატესობაა სხვა ცხოველებისგან განსხვავებით, იცრუებ - მართალს მიაგნებ! იმიტომაც ვარ ადამიანი, რომ ვცრუობ. არც ერთი ჭეშმარიტებისათვის ისე არავის მიუგნია, ერთი თოთხმეტჯერ მაინც არ ეცრუა; თოთხმეტჯერ კი არა, იქნება ას თოთხმეტჯერაც იცრუა, ვინ იცის; ეს კი საპატიო რამ არის. მაგრამ უბედურებაც ის არის, რომ ჩვენდა თავად, ჩვენი ჭკუით ცრუობაც არ შეგვიძლია! იცრუე, რამდენიც გინდა, მაგრამ იცრუე შენებურად, აი მაშინ შემიყვარდები და გაკოცებ. თავისებურად ცრუობა სხვისი მართლის გამეორებას მაინც სჯობია. იმიტომ, რომ პირველ შემთხვევაში ადამიანი ხარ, მეორეში კი მხოლოდ თუთიყუში! სიმართლე არსად გაგვექცევა, ცხოვრება კი გაგვიმწარდებალ თორემ მაგალითები ბევრი ყოფილა. აბა ახლა რანი ვართ ჩვენ ყველანი განურჩევლად! მეცნიერების, განვითარების, აზროვნების, გამოგონება-აღმოჩენის, იდეალების, სურვილების, ლიბერალობის, გონიერების, გამოცდილებისა და მრავალ სხვა განმანათლებელ ცოდნათა მხრივ მხოლოდ მოსამზადებელი კლასის გიმნაზიელებს ვგავართ! მოგვეწონა სხვისი ჭკუით ჩანჩალი და ლამის არის მთლად ზედ შეველიოთ, - ძვალსა და რბილში გაგვიჯდა! ასეა თუ არა? - ყვიროდა რაზუმიხინი და თან ქალებს ხელს უჭერდა, - ასეა თუ არა?

გონივრულად რომ მოიქცეს კაცი, ამისათვის მარტო ჭკუა როდია საკმარისი.

ბედნიერია ხომ ის ხალხი, ვისაც დასაკეტი არა აქვს რა?

ტანჯვა და ტკივილი დიდი შეგნებისა და ღრმა ბუნების პატრონისათვის მუდამ სავალდებულოა. ჭეშმარიტად დიდი ადამიანები, ჩემი აზრით, უთუოდ უნდა გრძნობდნენ დიდ ნაღველსაც ამ ქვეყნად.

რაც უფრო ეშმაკია კაცი, მით უფრო ნაკლები ეჭვი აქვს, რომ უბრალოზე გამოიჭერენ. ამიტომაც ცდილობენ ხოლმე ეშმაკი ადამიანის უბრალოდ გამოტეხვას.

ბებრუხანა მხოლოდ აკვიატება იყო, სენი იყო, რომელიც მინდოდა საჩქაროდ გადამელახა... პრინციპი მოვკალი და არა ადამიანი! პრინციპი მოვკალი, მაგრამ არ გადამილახავს კია, გამოღმა დავრჩი... მარტო მოკვლა მოვახერხე! მაგრამ ესეც თურმე ვერ მოვახერხე...

ეჰ, ესთეტიკური ტილი ვარ და სხვა არაფერი.

სამშობლოში სჯობია: აქ მაინც ყველაფერში სხვებს ამტყუნებ, თვითონ შენ კი მართალი ხარ.

გავიგე კიდევ ბოლოს, რომ არასოდეს ეს არ მოხდებოდა: რომ ხალხი არ გამოიცვლებოდა, არც გადაკეთდებოდა, ცდა ამაო იქნებოდა! დიახ! ასეა სწორედ!.. კანონია მათთვის ასეთი... კანონი, სონია! ასეა, დიახ!.. ახლა კი ვიცი, რომ ის არის მათი მბრძანებელი და ბატონი, ვინც სულითა და ჭკუით ძლიერია! ვინც მეტს გაბედავს, სიმართლეც იმისკენ არის. ვინც მეტად აიგდებს ყველაფერს აბუჩად, კანონმდებელიც ის არის; ვისაც მეტის გაბედვა შეუძლია, ყველაზე მართალიც ის არის! ასე ყოფილა აქამდის, ასე იქნება ამას იქითაც! მარტო უსინათლო თუ ვერ გაარჩევს და ვერ დაინახავს ამას!

მერე განა ბებრუხანა მოვკალი? ჩემივე თავი მოვიკალ და არა ბებრუხანა! ასე დავღუპე ერთბაშად ჩემი თავი, სამუდამოდ!.. ბებრუხანა კი ეშმაკმა მოკა და არა მე...

ადამიანი რომ დავარწმუნოთ, სატირალი არა გაქვს რაო, მართლაც გაჩუმდება, შეწყვეტს ტირილს.

მოდი და ამ სულელურ, რაღაც მზის ჩასვლაზე დამოკიდებულ ფიზიკურ სისუსტეს გაუმაგრდი და სიტუტუცეს ნუ ჩაიდენ!

რაო? მღვდელიო?.. არ არის საჭირო... სადა გაქვთ ფული, რომ მისცეთ?.. მე ცოდვა არა მაქვს რა!.. ისედაც უნდა მაპატიოს ღმერთმა... იცის, როგორც ვიტანჯებოდი!.. არ მაპატიებს და, არც არის საჭირო!..

დროს ხომ არა აქვს აქ აზრი, თქვენა გაქვთ, თქვენ თვითონ.

ვაი, რომ გონიერება და ეჭვიანობა ერთმანეთთან ვერ თავსდებიან!

ახალგაზრდა ქალს კი თუ შეებრალა ვინმე, მშვიდობით, ყველაზე საშიში ეს არის მისთვის. მაშინვე უთუოდ „ხსნას“, მორჯულებას მოისურვებს და პატიოსანი ცხოვრებისა და მოღვაწეობის გზაზე დაყენებას ეცდება, - ვინ იცის, კიდევ რას არ იოცნებებს ამგვარად.

თუ პირდაპირობაში იოტის ტოლა სიყალბე მაინც შეეპარა ადამიანს, მაშინვე ყველაფერი ირღვევა და იღუპება, აურზაური მოსდევს; მლიქვნელობაში კი თუნდ ყველაფერი ყალბი იყოს, მაინც საამო მოსასმენია იგი. რაგინდ უხამსი და მოურიდებელი იყოს მლიქვნელობა, ნახევარი მაინც სიმარტლედ ეჩვენება ადამიანს. ასე ყველა წრისა და წოდების ხალხისათვის მლიქვნელობით შეიძლება შეცდენა თვით ზეციური უმანკოებისა.

ნურასოდეს ცოლ-ქმრისა და საყვარლებს შუა მომხდარ ამბებს თავდებობას ნუ გაუწევთ. არის მათ შორის ყველასათვის უცნობი რაღაც, რომლის საიდუმლოც მხოლოდ იმ ორმა უწყის.

ყველა თავისთვის თვითონ ზრუნავს და ყველაზე მხიარულადაც ის ცხოვრობს, ვინც უკეთ ატყუებს თავის თავს.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში