ჰერმან ჰესე - ზღაპარი მოწნულ სკამზე

ყმაწვილი საკუთარ მანსარდაში განმარტოებულიყო. მხატვრად გახდომის სურვილი ჰკლავდა, თუმცა კარგად უწყოდა, რომ ეს გზა ეკლიანი იქნებოდა და არა ერთი სირთულის გადალახვაც მოუწევდა. ამასობაში ასაკიც ემატებოდა, ის კი სარკის წინ იჯდა და საკუთარ პორტრეტებს ხატავდა. ეს საქმიანობა უკვე ჩვევაში ჰქონდა გამჯდარი. ამგვარი ნახატებით მთელი რვეული გაევსო და ზოგიერთი მათგანი მეტად ხიბლავდა კიდეც.

“კაცისთვის, ვისაც განათლება ჯერ არ მიუღია, – უთხრა ერთხელ საკუთარ თავს, – ეს ნახატი მართლაც მშვენიერია. როგორი საგულისხმო ნაკეცია აი, იქ, ცხვირთან. აშკარაა, არის ჩემში რაღაც მოაზროვნის, დიახ, უდაოდ, რაღაც ამის მსგავსი... საკმარისია პირის კუთხე ოდნავ უკან დავწიოთ, რომ უმალ აი, ასეთი განსაკუთრებული გამომეტყველება გაჩნდეს, – თითქმის ტრაგიკული”.

მაგრამ გარკვეული ხნის შემდეგ, საკუთარი ნახატების თვალიერებისას, უკვე აღარ მოსწონდა ისინი. ეს, მართალია, უსიამოვნო შეგრძნება იყო, მაგრამ მიაჩნდა, რომ მაინც სულ უფრო შეუპოვრად მიიწევდა წინ და საკუთარი თავისადმიც უფრო მომთხოვნი ხდებოდა.

საკუთარ ოთახთან, და ყოველივე იქ მყოფთან, რაც იქ იდგა თუ ელაგა, ყმაწვილ კაცს მართალია გულგრილი დამოკიდებულება ჰქონდა, მაგრამ არც მთლად წყალწაღებული. თავისი უყურადღებობით, მათ უსამართლოდ ექცეოდა, მაგრამ ამ მხრივ ის ხომ არც პირველი იყო და არც უკანასკნელი. ისიც სხვა ადამიანებივით თითქმის ვერ ამჩნევდა და არც ბევრი რამ იცოდა ამ საგნების შესახებ.

მორიგი ავტოპორტრეტის ხატვისას, როცა ხელი მოეცარებოდა, წიგნებს მიაშურებდა ხოლმე, სადაც მასავით უცნობი ახალგაზრდების ცხოვრება იყო ასახული, რომლებიც ყველასგან შეუმჩნევლად, მოკრძალებით ცხოვრობდნენ, ხოლო შემდეგ საკუთარი შემოქმედებით სახელი გაითქვეს. ამგვარი წიგნების კითხვა სიამოვნებას ჰგვრიდა, რადგან მათში საკუთარ მომავალს ხედავდა.

აი, სწორედ ასე იჯდა იგი ერთხელაც, ოდნავ სევდიანი და დათრგუნული და კითხულობდა წიგნს ერთ ძალზე ცნობილ ჰოლანდიელ მხატვარზე. წიგნში ეწერა, რომ ამ მხატვარს ერთადერთი ნამდვილი მისწრაფება ჰქონდა, პირდაპირ შეპყრობილი იყო შეშლილი სურვილით და მისი არსება მთლად მოეცვა ერთადერთ აღტყინებას – კარგი მხატვარი გამხდარიყო. ყმაწვილ კაცს მიაჩნდა, რომ თავად ამ ჰოლანდიელთან უთუოდ რაღაც მსგავსება აკავშირებდა. თუმცა წიგნის შინაარსში ღრმად წვდომისას აღმოაჩინა არა ერთი ნაკლებად სარწმუნო რამ. ბევრ სხვა ამბავთან ერთად, ყმაწვილმა ამოიკითხა,რომ ჰოლანდიელი ცუდ ამინდში, მაშინ, როცა ღია ცის ქვეშ ხატვა ყოვლად შეუძლებელი იყო, მეტად შეუპოვრად და არანორმალური ვნებით ხატავდა ყველაფერს ერთმანეთის მიყოლებით: ნებისმიერ სრულიად უბადრუკ საგანსაც კი, რაც თვალში მოხვდებოდა. ასე დახატა მან ერთხელ ძველი ხის ფეხსაცმელები, მეორედ – გაქუცული, მოღრეცილი სკამი. უხეში, მძიმე, იაფფასიანი ხის სამზარეულოს გლეხური სკამი მოწნული დასაჯდომით, თითქმის მორღვეული ჩალით. და ეს სკამი, რომლისთვისაც სინამდვილეში არც ერთ ადამიანს მიუქცევია ყურადღება, მხატვარმა იმგვარი სიყვარულითა და ერთგულებით ასახა, იმგვარი ვნებითა და თავდავიწყებით, რომ ეს ნახატი ერთ-ერთ უმშვენიერეს ქმნილებად იქცა მის შემოქმედებაში. ბევრ კარგ, ჭეშმარიტად ამაღლებულ სიტყვას უძღვნიდა მწერალი ამ სკამს. აქ ყმაწვილმა კაცმა კითხვა შეწყვიტა და დაფიქრდა. „ეს ხომ ისეთი რამაა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ვცადო“, – გაიფიქრა მან. იგი მეტად გაბედული ჭაბუკი გახლდათ და საქმეს უმალ შეუდგა; დარწმუნებული იყო, დიდი ოსტატის მაგალითისთვის მიბაძვა დიდებისკენ გზას გაუხსნიდა.

მაშინ კი სხვენის ოთახს თვალი მოავლო და შენიშნა, რომ თურმე ხეირიანად არც კი შეუხედავს იმ ნივთებისათვის, რომელთა შორისაც რა ხანია ცხოვრობდა. გვერდმონგრეულ სკამს მოწნული ჩალის დასაჯდომით ვერსად მიაგნო, არც ჰოლანდიური ხის ფეხსაცმელები ჩანდა სადმე. ამიტომ წამსვე აიწურა მოღუშული. ახლაც ისეთივე იმედგაცრუება იგრძნო, რაც არაერთგზის დამართნია დიდ ადამიანებზე ამბის კითხვისას: ასეთ დროს ფიქრობდა, რომ ის ცხოვრებისეული წვრილმანი მინიშნებანი, რომლებიც ასე მნიშვნელოვანი იყო სხვათა ცხოვრებაში, მას რატომღაც გვერდს უვლიდნენ და ისიც, ამაოდ დამაშვრალი, მუდამ ხელმოცარული რჩებოდა. მაგრამ მალე ისევ გონს მოეგო, გაიაზრა, რომ ამჯერად მისი ამოცანა სწორედ შეუპოვრობაში მდგომარეობდა, და რადაც უნდა დასჯდომოდა, დიდებისაკენ მიმავალ მძიმე გზას უნდა დასდგომოდა. დაკვირვებით მოათვალიერა ოთახი და ბოლოს აღმოაჩინა მოწნული სკამი, რომელსაც მშვენივრად შეეძლო მხატვრისთვის მოდელის მაგივრობა გაეწია.

სკამს ფეხზე ხელი წაავლო, თავისკენ ახლოს მიიწია, ფანქარს წვერი წაუთალა, ესკიზების ბლოკნოტი მუხლებზე დაიდო და ხატვას შეუდგა. ოდნავ შესამჩნევი რამდენიმე შტრიხით ფორმა შემოხაზა (მისივე აზრით, არც თუ ურიგოდ). მოხაზულობას სწრაფად და დამაჯერებლად, უფრო მსუყე შტრიხებით აზუსტებდა, ბოლოს მის გამუქებას მიჰყო ხელი. კუთხეში სამკუთხედმა ჩრდილმა ყმაწვილის ყურადღება მიიპყრო და მანაც ენერგიულად დაიწყო სურათზე მისი დატანა; მანამ განაგრძობდა მუშაობას, ვიდრე არ იგრძნო, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო.

ერთხანს კიდევ განაგრძო მუშაობა, შემდეგ ფურცელი განზე გასწია და ნახატს გამომცდელი მზერა მიაპყრო. აღმოჩნდა, რომ მოწნული სკამი არასწორად იყო გამოსახული. განრისხებულმა კიდევ ერთი ხაზი გაავლო და სკამს აღშფოთებული მზერა სტყორცნა. ნახატი არაზუსტი იყო. ყმაწვილი გაცეცხლდა.

 – არა, შენ სკამი კი არა, გრძნეული ხარ, – გაბრაზებულს გულიდან აღმოხდა ეს სიტყვები,– ასეთი თავნება ურჩხული ჯერ არ შემხვედრია!

სკამმა ოდნავ გაიჭრიალა და მშვიდად განაცხადა:  – აბა, წესიერად შემომხედე! ნახე, როგორი ვარ! და არც ვაპირებ, შევიცვალო!

მხატვარმა ფეხი ჰკრა. სკამმა ადგილი მოინაცვლა და ახლა სრულიად სხვაგვარი გამოჩნდა.

– რა სულელურად ხარ მოწყობილი! – მიმართა ყმაწვილმა სკამს, – ყველაფერი ცერად გაქვს მოღრეცილი.

მოწნულმა სკამმა ოდნავ გაიღიმა და თავშეკავებით მიუგო: – ამას ხომ პერსპექტივა ჰქვია, ყმაწვილო.

– პერსპექტივა?! – შესძახა გაცოფებულმა, – ეს ერთი ციცქნაც რომ მე მასწავლის! პერსპექტივა რა შენი საქმეა, თავი დამანებე, თუ შეიძლება!

სკამმა პასუხი არ გასცა. მხატვარი ოთახში ბოლთის ცემას მოჰყვა, ვიდრე იატაკის ქვემოდან გაბრაზებული კაცის ხმა და ჯოხის კაკუნი არ გაისმა. ქვედა სართულზე მოხუცი მეცნიერი ცხოვრობდა, რომელიც ხმაურს ვერ იტანდა.

ყმაწვილი კაცი ჩამოჯდა და ხელთ ისევ თავისი ბოლო პორტრეტი აიღო. არ მოეწონა. მოეჩვენა, რომ სინამდვილეში გაცილებით მომხიბვლელი იყო და ამაში არც ცდებოდა.

ახლა იგი ისევ წიგნს მიუბრუნდა, მასში კი გაუთავებლად იმ ჩალით მოწნულ ჰოლანდიურ სკამზე იყო საუბარი. ახალგაზრდა კაცი გაბრაზდა. ბოლოს და ბოლოს რა გახდა ეს სკამი, მის ირგვლივ რამხელა აურზაური იყო ატეხილი და საერთოდაც, უკვე მობეზრდა ეს ყველაფერი...

ყმაწვილმა შავი ფართოფარფლებიანი ქუდი დაიხურა – ისეთი, მხატვრებს რომ უყვართ ხოლმე – და სასეირნოდ გარეთ გავიდა. უცებ გაახსენდა (რასაც ოდესღაც, დიდი ხნის წინ მიხვდა), რომ ფერწერაში არის რაღაც საზიანო. მას მხოლოდ იმედგაცრუება მოაქვს. ბოლოს და ბოლოს მსოფლიოში საუკეთესო მხატვარსაც ხომ საგნების ზედაპირის ასახვა მხოლოდ საშუალო დონეზე შეუძლია. და ეს იმ ადამიანისთვის, ვისაც ცხოვრებისეული სიღრმეები ხიბლავს, საბოლოოდ, ეს ხომ პროფესიაარც არის. და კვლავ იმ აზრს დაუბრუნდა (რაც ადრე ხშირად უფიქრია), ადრინდელ მიდრეკილებას გაჰყოლოდა და მწერალი გამხდარიყო. მოწნული სკამი მანსარდაში მარტო დარჩა. წუხდა, რომ ახალგაზრდა ბატონმა მიატოვა. თუმცა, იმედი ჰქონდა, რომ ბოლოს და ბოლოს ნამდვილ ურთიერთობას ააწყობდნენ. სკამი დროდადრო დიდი სიამოვნებით გადაუკრავდა სიტყვას ხელოვნებაზე, თუკი რაიმეს შეასმენდა ჯერ კიდევ ესოდენ გამოუცდელ ადამიანს, იქნებ რაიმე ფასეული ესწავლებინა კიდეც. მაგრამ, სამწუხაროდ, აქედან არაფერი გამოვიდა.

„ლიტერატურული გაზეთი“ N25. 30 აპრილი - 13 მაისი, 2010 წელი
თარგმნა რუსუდან ბეჟაშვილმა 

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში