ერნესტო ჩე გევარა - გარემოს ღვიძლი შვილი

სტუდენტ-მედიკოსთა წინაშე წარმოთქმული სიტყვა

თითქმის ყველამ იცის, რომ ჩემი მოღვაწეობის დასაწყისში, მრავალი წლის წინ, ექიმი გახლდით. როდესაც მედიცინას ვსწავლობდი, ჯერ კიდევ გათავისებული არ მქონდა ჩემი დღევანდელი რევოლუციური იდეების უმრავლესობა.

მეც მინდოდა წარმატებები. ვოცნებობდი, გავმხდარიყავი გამოჩენილი მკვლევარი, დაუღალავად მემუშავა, რომ ჩემი მონაპოვარი, ჩემი პირადი მიღწევა, კაცობრიობას გამოდგომოდა. როგორც ყველა ადამიანი, მეც საკუთარი გარემოს შვილი ვიყავი. საგანგებო ვითარების და, შესაძლოა, ჩემი ხასიათის ზეგავლენითაც, ხარისხის მოპოვების სემდეგ დავიწყე მოგზაურობა სამხრეთ ამერიკაში და კარგად გავეცანი ამ მხარეს. თუ არ ჩავთვლით ჰაიტისა და დომინიკის რესპუბლიკებს, ვიმოგზაურე სამხრეთ ამერიკის ყველა ქვეყანაში. თავდაპირველად ვმოგზაურობდი როგორც სტუდენტი, შემდეგ კი - როგორც ექიმი და კარგად მივხვდი, რა არის სიღატაკე, შიმშილი, ავადმყოფობა, ბავშვის მკურნალობის შეუძლებლობა უსახსრობის გამო, გრძნობების დაჩლუნგება, რასაც იწვევს შიმშილი და უხეში მოქცევა იმ ზომამდე, რომ ბავშვის გარდაცვალებაც კი უმნიშვნელო მოვლენად მიიჩნევა, რაც ესოდენ ხშირად გვხვდება სამხრეთ ამერიკის დაბალ ფენებში. დავინახე ყოველივე და, გამოჩენილ მკვლევრად გახდომასა და მედიცინის განვითარებაში არსებითი წვლილის შეტანასთან ერთად, ამ ადამიანების დახმარება გადავწყვიტე.

მინდოდა საკუთარი ძალისხმევით დავხმარებოდა ამ ხალხს. მაშინ უკვე გამოცდილი მოგზაური გვატემალაში ვიმყოფებოდი, (დემოკრატიულად არჩეული ხაკობო) არბენცის გვატემალაში და დავიწყე წერა შენიშვნებისა, რომლებიც ექიმ-რევოლუციონერს მეგზურად უნდა გამოდგომოდა. ვფიქრობდი იმაზე, თუ როგორი უნდა ყოფილიყო რევოლუციონერი ექიმი.

მაგრამ მოხდა 1954 წლის გადატრიალება, რომელიც განახორციელეს United Fruit Company-მ, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა (ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორმა), ფოსტერ დალესმა და მარიონეტმა (რომელმაც შეცვალა არბენცი) კასტილო არმასამ. აგრესიული პოლიტიკა წარმატებული იმის გამო აღმოჩნდა, რომ ხალხი არ იყო მომწიფებული იმ დონემდე, რომელსაც ამჟამად მიაღწია კუბელმა ხალხმა. ერთ მშვენიერ დღეს მე, მრავალი სხვა ადამიანის მსგავსად, ქვეყნიდან წასვლა ვარჩიე და შევუერთდი გვატემალიდან დევნილებს, რადგან ეს ქვეყანა არ იყო ჩემი სამშობლო.

მაშინ ერთ მნიშვნელოვან რამეს მივხვდი: იმისთვის, რომ იყო ექიმი-რევოლუციონერი, ან რევოლუციონერი, თავდაპირველად უნდა მოხდეს რევოლუცია. ცალკეული, ინდივიდუალური ძალისხმევა, იდეალების სიწმინდე, უკეთილშობილესი ფასეულობებისთვის მსხვერპლად შეწირვის სურვილი უსარგებლოა, თუკი ბრძოლა მტრული მთავრობებისა და სოციალური პირობების წინააღმდეგ ცალკეული ადამიანის მისწრაფებაა ან ხორციელდება სამხრეთ ამერიკის ცალკეულ ნაწილში. კუბაში მობილიზებულმა ხალხმა ისწავლა იარაღის გამოყენება და ერთობლივად ბრძოლა, გაიაზრა იარაღის და ხალხის ერთიანობის მნიშვნელობა. ახლა განვიხილოთ იმ პრობლემის არსი, რომელიც დღეს წამოიჭრა ჩვენ წინაშე. ჩვენ უკვე გვაქვს უფლება და მოვალეებიც კი ვარტ, უწინარეს ყოვლისა, ვიყოთ რევოლუციონერი ექიმები, ესე იგი, პიროვნებები, რომლებიც თავიანთ ტექნიკურ პროფესიულ ცოდნას აყენებენ რევოლუციისა და ხალხის სამსახურში. დავუბრუნდეთ უფრო ადრეულ შეკითხვებს: რა უნდა გაკეთდეს, რომ ბრძოლა სოციალური კეთილდღეობისთვის ეფექტიანად წარიმართოს, როგორ უნდა შევურწყათ ინდივიდუალური ძალისხმევა საზოგადოების საჭიროებებს?

აქ კვლავ უნდა გავიხსენოთ, რევოლუციამდე როგორ ვცხოვრობდით, რას აკეთებდა და ფიქრობდა თითოეული ჩვენგანი, როგორც ექიმი ან საზოგადოებრივი ჯანდაცვის ნებისმიერი მუშაკი. ამისთვის საჭიროა ღრმად კრიტიკული ენთუზიაზმი. მაშინ ჩვენ დავასკვნით, რომ უნდა გავთავისუფლდეთ თითქმის ყველაფრისგან, რასაც ვფიქრობდით და ვგრძნობდით წარსულ ეპოქაში, რომ უნდა შეიქმნას ადამიანის ახალი ტიპი. თუ არც ერთი ჩვენგანი არ დაიშურებს ძალისხმევას, ეს პროცესი ახალ კუბაში გაცილებით იოლად წარიმართება.

თქვენთვის, ჰავანის დღევანდელ მცხოვრებთათვის, სასარგებლო იქნება იმ იდეის გათავისება, რომ ადამიანის ახალ ტიპს მხოლოდ დედაქალაქში კი არა, ქვეყნის ნებისმიერ კუთხეში ნახავტ. დამსწრე საზოგადოების იმ წარმომადგენლებმა, რომლებიც 26 ივლისს სიერა-მაესტრაში წავიდნენ, იხილეს ძალზე მნიშვნელოვანი რამ... იხილეს ბავშვები, გარეგნულად რვა-ცხრა წლის, სინამდვილეში ცამეტი-თოთხმეტი წლისა. ისინი სიერა-მაესტრას ნამდვილი შვილები არიან, შიმშილისა და სიღატაკის ნამდვილი შვილები. მათი სავალალო მდგომარეობა არასრულფასოვანი კვებითაა გამოწვეული.

პატარა კუბაში, სადაც არის ოთხი თუ ხუთი სატელევიზიო არხი, ასეულობით რადიოსადგური და დანერგილია თანამედროვე მეცნიერების ყველა მიღწევა, ერთ ღამეს ეს ბავშვები სკოლაში მივიდნენ და პირველად დაინახეს ელექტროგანათება. ისინი იძახდნენ, მიწაზე ვარსკვლავები ჩამოცვივდაო. ახლა ეს ბავშვები სწავლობენ საჯარო სკოლებში ყველაფერს, დაწყებული ანბანით და დამთავრებული ვაჭრობით. ისინი აგრეთვე ეუფლებიან ძალზე რთულ - რევოლუციონერის პროფესიას.

ისინი არიან კუნძულის ცალკეულ ადგილებში, შორეულ სიერა-მაესტრაში და აგრეთვე კოოპერატივებსა და საწარმოებში ჩამოყალიბებულ ადამიანთა ახალი ტიპის წარმომადგენლები.

ყოველივე ეს უკავშირდება ჩვენი დღევანდელი საუბრის თემას: ექიმისა თუ მედიცინისსფეროს სხვა მუშაკის ინტეგრაციას რევოლუციურ მოძრაობაში. რადგან რევოლუციური მოძრაობის ამოცანაა ბავშვების აღზრდა და კვება, არმიის განსწავლა, ძველი მემამულეების მიწების დარიგება იმათთვის, ვინც ყოველდღე ოფლს ღვრიდა ამავე მიწაზე ისე, რომ მოსავალი მისთვის მიუწვდომელი იყო. ეს არის სოციალური მედიცინის უმთავრესი მიზანი, რომელიც უნდა განხორციელდეს კუბაში.

ბრძოლა დაავადებების წინააღმდეგ უნდა ემყარებოდეს ჯანსაღი სხეულის პრინციპს, არა დასუსტებული ორგანიზმის მკურნალობას გაწაფული ექიმის მიერ, არამედ ცხოვრების ჯანსაღ წესს მთელი სოციალური კოლექტივის ძალისხმევის წყალობით.

მედიცინა უნდა იქცეს მეცნიერებად, რომელიც ემსახურება დაავადებათა პროფილაქტიკას, მთელი საზოგადოების ორიენტირებას მათ სამედიცინო მოვალეობებზე და მას უნდა მივმართოთ მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობისას, როდესაც უნდა ჩატარდეს ქირურგიული ოპერაცია ან ვაწყდებით უჩვეულო შემთხვევას... ამგვარად, ფუნდამენტური საორგანიზაციო, ისევე, როგორც რევოლუციური ამოცანა, არსებითად, მიემართება პიროვნებას. რევოლუცია არაა (თუმცა, ზოგიერთი ასე ფიქრობს) კოლექტიური ნების, კოლექტიური ინიციატივის სტანდარტიზება. პირიქით, ის ადამიანის ინდივიდუალური შესაძლებლობების განვითარებას უწყობს ხელს.

ამასთან, რევოლუცია წარმართავს ამ შესაძლებლობებს. ამჟამად ჩვენი ამოცანაა ყველა მედიკოს-პროფესიონალის შემოქმედებითი ნიჭის ორიენტირება სოციალური მედიცინის პრობლემებზე.



ჩვენ შევესწარით ეპოქის დასასრულს არა მხოლოდ კუბაში. საპირისპირო თვალსაზრისებისა და ზოგიერთი ადამიანის იმედების მიუხედავად, კაპიტალიზმის ის ფორმა, რომელსაც ვიცნობთ, რომელშიც გავიზარდეთ და ვიტანჯებოდით, ამჟამად მარცხს განიცდის მთელს მსოფლიოში. მონოპოლიები მარცხდება. კოლექტიური მეცნირება ყოველდღე ადასტურებს ახალი და მნიშვნელოვანი გამარჯვებების შესაძლებლობას. ჩვენ კი გვაქვს პატივი, ვიყოთ სამხრეთ ამერიკის განმათავისუფლებელი მოძრაობის ავანგარდში, რომლის მსგავსი პროცესები დაწყებულია აფრიკისა და აზიის კონტინენტებზე. ეს ღრმა სოციალური ცვლილებები ხალხის მენტალიტეტის არსებითად შეცვლას მოითხოვს.

ინდივიდუალიზმმა, როგორც ასეთმა, როგორც სოციალური გარემოსგან იზოლირებულმა ცალკეული პიროვნების ქმედებამ, კუბაში აღარ უნდა იარსებოს. მომავალში ინდივიდუალიზმი უნდა გავიაზროთ, როგორც პიროვნების სწორი ჩართულობა საზოგადოების კეთილდღეობის საქმეში. მაგრამ თუ ყოველივე, რასაც დღეს ვამბობ, გასაგებია და თუ ყოველი ჩვენგანი მზადაა დაქირდეს აწმყოზე, წარსულსა და მომავალზე, აზროვნების წესის ცვლილება გამოიწვევს ღრმა შინაგან ცვლილებებს და ხელს შეუწყობს მნიშვნელოვანი გარეგნული, პირველ რიგში, სოციალური ცვლილებების მიღწევას.

ეს გარეგნული ცვლილებები კუბაში ყოველდღე ხდება. ჩვენი რევოლუციის გაცნობისა და ადამიანების შინაგანი უნარების გამოღვიძების შესწავლის საშუალებას წარმოადგენს კუბაში ჩამოსვლა, კოოპერატივებისა და ყველა ახლადშექმნილი საწარმოს ნახვა. ხოლო სამედიცინო პრობლემის არსის წვდომის ერთ-ერთი გზა არის არა მხოლოდ ამ საწარმოების ნახვა, არამედ - იმ ადამიანების გაცნობაც, რომლებიც იქ მუშაობენ. მიდით და გაარკვიეთ, რა დაავადებები აქვთ მათ, წლების განმავლობაში როგორ უკიდურეს სიღატაკეს განიცდიდნენ, რეპრესიისა და ჩაგვრის საუკუნისგან რა ერგოთ მემკვიდრეობით. მედიცინის მუშაკი უნდა ჩაწვდეს თავისი ახალი ამოცანის არსს, მან უნდა შეისწავლოს ადამიანი, როგორც საზოგადოების ნაწილი.

რაც არ უნდა მოხდეს სამყაროში, ექიმის უმნიშვნელოვანესი მოვალეობაა პაციენტის დაახლეობა, მისი ფსიქიკური მონაცემების ღრმად გააზრება, თანაგრძნობა და დახმარება. ეს მოვალეობაც დიდად საპასუხისმგებლოა სოციალურ ცხოვრებაში.

რამდენიმე თვის წინ აქ, ჰავანაში, ახლადგამომცხვარმა ექიმებმა უარი თქვეს სოფლად მუშაობაზე და დამატებითი ანაზღაურება მოითხოვეს საამისოდ. წარსულის გადმოსახედიდან, ეს ძალზე ლოგიკურია და ასეც უნდა მოხდარიყო, ყოველ შემთხვევაში, ასე მგონია და მესმის მათი. მახსოვს, მეც ასე ვფიქრობდი რამდენიმე წლის წინ. ამგვარი ადამიანი კიდევ ერთი ამბოხებული გლადიატორი, მარტოხელა მებრძოლია, რომელსაც სურს, შექმნას უკეთესი მომავალი, უკეთესი პირობები. მაგრამ რა მოხდებოდა, რომ ამ ადამიანთა ადგილას ყოფილიყო 200 ან 300 გლეხი, რომლებმაც რაღაც სასწაულის წყალობით დაამთავრეს უნივერსიტეტი?

ეს გლეხები დაუყოვნებლივ, დიდი ენთუზიაზმით წავიდოდნენ საკუთარ ძმებთან და დებთან. ისინი იმუშავებდნენ ყველაზე საპასუხისმგებლო და შრომატევად ადგილებზე და დაამტკიცებდნენ, რომ წლების განმავლობაში სწავლას ამაოდ არ ჩაუვლია. ეს მოხდება ექვსი ან შვიდი წლის შემდეგ, როდესაც მუშათა კლასიდან ან გლეხების წრიდან გამოსული ახალი სტუდენტები მიიღებენ სხვადასხვა სპეციალობის დიპლომებს.

მომავალს ფატალურად არ უნდა ვუყუროთ და არ უნდა გავყოთ ადამიანები, ერთი მხრივ, მუშათა კლასიდან ან გლეხობიდან და, მეორე მხრივ, კონტრრევოლუციონერთა წრიდან გამოსულ სტუდენტებად. ეს გამარტივებაა, ეს არაა სწორი და ვერაფერი აღზრდის ღირსეულ პიროვნებას უკეთ, ვიდრე ცხოვრება რევოლუციის პირობებში.

იმ პირველი ჯგუფიდან, რომელიც კუბაში ჩავიდა „გრანმათი“ (ძრავიანი იახტა, რომლითაც 1956 წელს კუბის ნაპირებზე შემოვიდა 82 რევოლუციონერი ფიდელ კასტროსა და ერნესტო გევარას მეთაურობით) თავი მოიყარა სიერა-მაესტრაში და ისწავლა გლეხისა და მუშის პატივისცემა, ერთს არ უცხოვრია მათ გარემოცვაში, ერთი მათგანიც არ ყოფილა წარსულში მუშა ან გლეხი. ბუნებრივია, იყვნენ ისინი, ვინც მუშაობდა და ჰქონდა გარკვეული მოთხოვნილებები ბავშვობისას. მაგრამ შიმშილი, ნამდვილი შიმშილი არც ერთ ჩვენგანს არ განუცდია, ხოლო სიერა-მაესტრაში ყოფნის დროს, ორი ხანგრძლივი წლის განმავლობაში, ამ გრძნობას განვიცდიდით. ბევრი რამ ჩვენთვის ნათელი გახდა... ჩვენ, ვინც არ ვიყავით მუშათა და გლეხთა კლასის წარმომადგენლები, გავიაზრეთ, რომ ცალკეული ადამიანის სიცოცხლე მილიონჯერ მეტი ღირს, ვიდრე ყველაზე მდიდარი ადამიანის ქონება. მაშ, რატომ გაჰყვირიან ყველგან, რომ ჩვენ პრივილეგირებული ადამიანები ვართ და კუბელი ხალხის დანარჩენ ნაწილს არ შეუძლია სწავლა? მათ ეს შეუძლიათ. ფაქტობრივად, რევოლუცია დღეს მოითხოვს, ისწავლონ, კარგად გაიგონ, რომ მოყვასის დახმარება გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კარგი შემოსავალი; ადამიანების მადლიერება გაცილებით მუდმივია, გაცილებით მყარია, ვიდრე მთელი ის ოქრო, რომელიც მათ შეუძლიათ დააგროვონ. ყოველ ექიმს თავისი საქმიანობით შეუძლია დააგროვოს ეს საუნჯე - ადამიანთა მადლიერება.

უნდა გავანადგუროთ ძველი ცნებები და უფრო ახლოს და უფრო კრიტიკულად მივიდეთ ხალხთან. ოღონდ არა ისე, როგორც წარსულში, რადგან ყოველ თქვენგანს შეუძლია თქვას: „ხალხის მეგობარი ვარ. მიყვარს საუბარი მუშებსა და გლეხებთან და თავისუფალ დროს მივდივარ ამა და ამ ადგილას ამის და ამის სანახავად“. ასე ყველა იქცეოდა. მაგრამ ასე იქცეოდნენ ქველმოქმედების დროს, ხოლო ჩვენი დღევანდელი მიზანი არის სოლიდარობა. ჩვენ არ უნდა მივიდეთ ხალხთან იმის სათქმელად: „აი, მოვედით, რომ გქონდეთ ჩვენთან ურთიერთობის პატივი, გაჩვენოთ, რომ ბევრ რამეში ვცდებით, რომ გაკლიათ დახვეწილობა და არა გაქვთ ელემენტარული ცოდნა“, ჩვენ უნდა მივიდეთ მკვლევარების გულმოდგინებით და თავმდაბლური სულისკვეთებით, რომ დავეწაფოთ სიბრზნის დიად წყაროს, რომელსაც წარმოადგენს ხალხი. ხშირად ვხვდებით, რომ ძველი, ნაცნობი წარმოდგენები მცდარია; ისინი ჩვენს ნაწილად იქცნენ და ჩვენს ცნობიერებაში გაიდგეს ფესვები. დროდადრო უნდა შევცვალოთ ყველა ეს ცნება და წარმოდგენა არა მარტო ზოგადი, სოციალური ან ფილოსოფიური, არამედ ზოგჯერ სამედიცინო ცნებებიც და მაშინ დავინახავთ, რომ დაავადებების მკურნალობა ყოველთვის არ ხდება ისე, როგორც დიდი ქალაქების საავადმყოფოებში.

შევიგნებთ, რომ ექიმი უნდა იყოს ფერმერიც, რომ მან უნდა ისწავლოს ახალი საკვებისა და მისი მოხმარების სურვილის კულტივირება, საკვების გამრავალფეროვნება ასე პატარა და ასე ღარიბ სასოფლო-სამეურნეო ქვეყანაში, რომელიც პოტენციურად უმდიდრესია დედამიწაზე. მაშინ დავინახავთ, რომ ამგვარ პირობებში დაგვჭირდება პედაგოგიური უნარები და რომ პოლიტიკოსებიც უნდა ვიყოთ და, უპირველს ყოვლისა, ხალხს ჩვენი სიბრძნე კი არ უნდა შევთავაზოთ, არამედ მზად ვიყოთ, თვითონ ვისწავლოთ ხალხისგან, ხორცი შევასხათ დიად და მშვენიერი საერთო მიზანს - ახალი კუბის აშენებას.

საამისოდ უკვე მრავალი ნაბიჯი გადავდგით და მანძილი 1959 წლის პირველი იანვრიდან დღემდე ვერ გაიზომება ტრადიციული წესით. ხალხმა გაიგო, რომ დაემხო არა მარტო დიქტატორი, არამედ, მასთან ერთად, სისტემაც. ახლა ხალხმა უნდა ირწმუნოს, რომ დამხობილი სისტემის ნანგრევებზე ადამიანს შეუძლია ააშენოს ახალი, რომელიც მას ბედნიერებას მოუტანს.

...საბოლოოდ დავრწმუნდით, რომ არსებობს საერთო მტერი. ყოველი ჩვენგანი ფრთხილობს, არ მოუსმინონ, დავუშვათ რომელიმე საელჩოდან, როდესაც ის მკაფიოდ აყალიბებს თავის თვალსაზრისს მონოპოლიების შესახებ და გარკვევით ამბობს: „ჩვენი და მთელი სამხრეთ ამერიკის მტერი ამერიკის შეერთებული შტატების მონოპოლისტური მთავრობაა“.

თუ ყველამ უკვე იცის, ვინაა მტერი და თუ ისიც გაცნობიერებული გვაქვს, რომ ამ მტერთან მებრძოლი ნებისმიერი ადამიანი ჩვენი მოძმეა, მაშინ უნდა დავაზუსტოთ: რა არის ჩვენი მიზანი კუბაში: გვსურს თუ არა ხალხის ბედნიერება? უნდა ვიბრძოლოთ თუ არა კუბის თავისუფლებისთვის თავისუფალ ქვეყნებს შორის ისე, რომ ის არ შეუერთდეს სამხედრო ბლოკს ან ნებისმიერი საშინაო თუ საგარო საკითხის გადაწყვეტისას რჩევისთვის არ მიმართოს რომელიმე დიდი სახელმწიფოს საელჩოს? ვფიქრობ თუ არა შემოქმედებითი შრომის შესახებ, რომელიც ჩვენი ბედნიერების მძლავრი ყოველდღიური წყაროა? თუ ასეა, გვქონია კიდეც მიზნები, რომელთა შესახებაც უკვე ვისაუბრეთ... დიდი საშიშროების, დაძაბულობისა და შემოქმედების დროს უნდა გვახსოვდეს, რომ გვყავს მძლავრი მტერი და გვაქვს დიადი მიზნები. თუკი მიზანზე შევთანხმდით, მუშაობის დაწყების დროა.

რევოლუციონერობისთვის საჭიროა რევოლუცია. ჩვენ ის უკვე მოვახდინეთ. რევოლუციონერი უნდა იცნობდეს ადამიანებს, რომლებთან ერთადაც მუშაობს. ვფიქრობ, ერთმანეთს ჯერ კარგად არ ვიცნობთ. ჩემი აზრით, ერთად გრძელი გზა უნდა გავიაროთ... მაგრამ თუ ვიცით, ვინაა ჩვენი მტერი, თუ ვიცით ჩვენი მიზნები და მიმართულება, ერთადერთი, რაც დაგვრჩენია, არის გზის ყოველდღიურად გასავლელი მონაკვეთის დადგენა და მისი გავლა. ეს მონაკვეთი ნებისმიერმა ადამიანმა თვითონ უნდა განსაზღვროს. სწორედ ასე მოიქცევა ყოველი ჩვენგანი ყოველდღე საკუთარი ინდივიდუალური გამოცდილებით პროფესიული საქმიანობის პროცესში და ეს ხალხის კეთილდღეობას მიეძღვნება.

თუ უკვე ვიცით, რომელი გზით უნდა გავემართოთ მომავლისკენ, შეგახსენებტ ხოსე მარტის ფრაზას, რომელსაც ამ წუთას არ ვასრულებ, მაგრამ ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ: „საუბრის საუკეთესო ფორმაა ქმედება“.

20 აგვისტო, 1960 წელი


მთარგმნელი - თამარ ლომიძე
გამომცემლობა „დიოგენე“, 2013 წელი

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში