ხულიო კორტასარი - გაუქმებული კარი

სასტუმრო “სერვანტესი” მას ჭკუაში სწორედ იმით დაუჯდა, რითაც ბევრს არ მოეწონებოდა – იგი სანახევროდ ბნელი, მდუმარე და უკაცრიელი იყო. გემზე ერთმა თანამგზავრმა უქო ეს სასტუმრო, უთხრა შიგ ქალაქის ცენტრშიაო... და აი, უკვე მონტევიდეოში ჩამოსულმა პეტრონემ მეორე სართულზე აიღო აბაზანიანი ნომერი, რომელიც პირდაპირ ჰოლში გამოდიოდა. თვალი მოავლო გასაღებებიან დაფას და მიხვდა, სასტუმრო თითქმის ცარიელი იყო. ყოველი გასაღებისათვის ვეება სპილენძის ნომერი მოებათ, მდგმურებს ჯიბეში რომ არ ჩაედოთ.

ლიფტი ჰოლში გაჩერდა, ჟურნალების კიოსკისა და ტელეფონების სიის ახლოს, მისი კარიდან რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით ონკანში ცხელი, ლამის მდუღარე წყალი მოდიოდა, რაც ცოტათი მაინც აბათილებდა დახუთულობასა და სიბნელეს. პატარა ფანჯარა მეზობელი კინოთეატრის სახურავზე გადიოდა, რომელზეც დროდადრო მტრედები დასეირნობდნენ. სააბაზანოს მოზრდილი სარკმელი ჰქონდა, იქ უფრო გრილოდა, მაგრამ იქიდანაც მზერა ზედ კედელს ებჯინებოდა, ზევით კი ცის ნაგლეჯი რაღაც შეუსაბამობად მიაჩნდა. ავეჯი მოეწონა – უჯრები, თაროები და, რაც განსაკუთრებით იშვიათია, ტანსაცმლის საკიდები, მრავლად იყო.

აწოწილი, გამხდარი და მელოტი მმართველი, ოქროსჩარჩოიანი სათვალე რომ ეკეთა, როგორც ყველა ურუგვაელი, ხმამაღლა და მკვეთრად ლაპარაკობდა, – მეორე სართულზე სიწყნარეა, ერთი მეზობელი ნომერია მხოლოდ დაკავებული და მისი ბინადარი ქალი სამსახურიდან ყოველთვის გვიან ბრუნდებაო, – თქვა მან. მეორე დღეს პეტრონე იმ ქალს ლიფტში შეხვდა. ქალი მან ნომრით იცნო, ხელში ვეება მონეტასავით რომ ეჭირა. მეკარემ ნომრები ორივეს ჩამოართვა, დაფაზე ჩამოკიდა და ქალს წერილებზე გაუბა საუბარი. პეტრონემ მოასწრო შეთვალიერება – ქალს ჯერ კიდევ ახალგაზრდა ეთქმოდა, ეცვა ყველა აქაური ქალივით უგემოვნოდ და დაუდევრად.

პეტრონეს ვარაუდით, კონტრაქტი მოზაიკის მიმწოდებლებთან ერთ კვირას მაინც გაჭინაურდებოდა. საღამო ხანს ბარგი გახსნა, ქაღალდები მიაწყ-მოაწყო, დაიბანა და სასეირნოდ წავიდა. მერე კანტორაში შეიარა. კაფეში მსუბუქი სმითა და კერძო სახლში ვახშმით შელამაზებული მოლაპარაკება გვიან ღამემდე გაუგრძელდათ. სასტუმროში ღამის ორ საათზე მიაცილეს. დაღლილს მაშინვე დაეძინა. ცხრა საათზე გაეღვიძა. ჯერ კიდევ ძილბურანში მყოფს მოეჩვენა თითქოს შუაღამისას ბავშვის ტირილმა ააფორიაქა.

სასტუმროდან გასვლამდე პეტრონემ საუბარი გაუბა მეკარეს (იგი გერმანული აქცენტით ლაპარაკობდა), ავტობუსების მარშრუტები და ქუჩების სახელები გამოჰკითხა, თან დაბნეული ჰოლს ათვალიერებდა, მეზობლისა და მისი ოთახის კარებს შუა იაქთაღში კვარცხლებეკზე ვენერა მილოსელის საცოდავი ასლი იდგა, გვერდით მცირე სადარბაზო ოთახი, როგორც ყველგან, სავარძლებითა და ჟურნალების მაგიდებით იყო მოწყობილი. საუბარი რომ მიწყდა, ისეთი სიჩუმე ჩამოდგა ფაჩი-ფუჩის ხმასაც გაიგონებდით. ლიფტი საშინლად ხრიგინებდა. ხმაურივით ისმოდა გაზეთის შარიშური და ასანთის ჩხაკუნი.

თათბირი საღამოსათვის დასრულდა. პეტრონემ 18 ივლისის ქუჩაზე გაისეირნა, მერე დამოუკიდებლობის მოედანზე კაფეში ივახშმა. საქმე მშვენივრად აეწყო და შეიძლება არგენტინაში უფრო ადრეც დაბრუნებულიყო, ვიდრე ვარაუდობდა. იყიდა არგენტინული გაზეთი, ერთი შეკვრა შავი, წვრილი სიგარა და შინ დაბრუნდა. სასტუმროს მეზობლად კინოში ორ ნაცნობ სურათს უჩვენებდნენ, გულიც არ მიუწევდა სადმე წასასვლელად. მმართველი მიესალმა და ჰკითხა, თეთრეულის გამოცვლას ხომ არ ინებებთო. მერე ერთხანს წაისაუბრეს, სიგარა გააბოლეს და ერთმანეთს დაემშვიდობნენ.

დაწოლამდე პეტრონემ თან წამოღებული ქაღალდები მიალაგ-მოალაგა და გაზეთი უწადინრად გადაშალა. სასტუმროში აუტანელი სიჩუმე იდგა; სორიანოს ქუჩაზე იშვიათად ჩავლილი ტრამვაი წამიერად გაკვეთდა ხოლმე ამ სიჩუმეს, მაგრამ შემდეგ უფრო შენივთებული ხდეობდა იგი. მშვიდად, მაგრამ მაინც სულსწრაფად ისროლა გაზეთი კალათაში და გახდა დაიწყო, თან დაბნეული სარკეს მიშტერებოდა. საკმაოდ მოძველებული სარკიანი კარადა მეზობელ ნომერში გამავალ შუა კარზე იყო მიდგმული. კარის დანახვა პეტრონეს გაუკვირდა, ადრე არ შეემჩნია. მიხვდა, შენობა სასტუმროდ არ იყო აშენებული: უბრალო სასტუმროებს ხშირად ათავსებენ ყოფილ კანტორებსა და საცხორებელ ბინებში, და დღემდე სადაც კი გაჩერებულა (ის ბევრს მოგზაურობდა), ყველგან აღმოუჩენია ასეთი გაუქმებლი კარი, რომელიც ზოგან არაფრით არა ყოფილა დაფარული, თითქოს ქალი ხელებით შიშველ მკერდს ან მუცელს იფარავსო, მაგრამ გინდ დაგიფარია და გინდ არა, შუა კარი მაინც არსებობდა, და კარადის მაღლა ჩანდა კიდეც. ოდესღაც აქ შედიოდნენ, ხურავდნენ მას, აჯახუნებდნენ, ანიჭებდნენ სიცოცხლეს, რომელიც ჯერაც არ გამქრალიყო ამ კარებიდან, კედელს რომ არაფრით არა ჰგავდა. პეტრონემ წარმოიდგინა, რომ კარს იქითაც კარადა იდგა და მეზობელი ქალიც ამ კარზე ფიქრობდა.

იგი დაღლილი არ ყოფილა, მაგრამ მკვდარივით დაეძინა, სამი საათის შემდეგ უცნაურმა გრძნობამ გამოაღვიძა, თითქოს ცუდი, უსიამოვნო რაღაც მომხდარიყოს, ლამპა აანთო, ისევ ჩააქრო. სწორედ იმ წამს მეზობელ ნომერში ბავშვი ატირდა.

თავიდან ყველაფერს ვერ მიხვდა. ის კი არა, გაუხარდა კიდეც – წუხელაც ალბათ ბავშვის ტირილმა შემაშფოთაო. ყველაფერი ნათელი იყო, არ შემცდარა, შეეძლო ხელახლა დაეძინა, მაგრამ უეცრად სხვა აზრმა გაუელვა; პეტრონე ნელა წამოჯდა და სინათლის აუნთებლად მიაყურადა. ტირილი ნამდვილად კარს იქიდან ისმოდა, დიახ, ტირილის ხმა შუა კარიდან გამოდიოდა. როგორ? ბავშვს აქ რა უნდა? აკი მმართველმა გადაჭრით უთხრა, ქალი მარტოა და თითქმის მთელი დღე სამსახურშიაო. იქნებ ერთი ღამე ნათესავისაგან ან მეგობრისაგან მოიყვანა... გუშინ რაღა იყო? ახლა კი მიხვდა, ეს ტირილი ესმოდა მაშინაც, ეს ხმა სხვაში არ აგერეოდათ: რაღაც აბნეული, მისუსტებული, საცოდავი, ხან სლუკუკით, ხან კვნესით შეწყვეტილი, ეტყობა, ბავშვს სტკიოდა რაღაც. ალბათ რამდენიმე თვის იქნება, ახალშობილები უფრო ხმამაღლა ჩხავიან ხოლმე, აჭყივლდებიან და ბჟირდებიან. პეტრონემ რატომღაც წარმოიდგინა, რომ ბავშვი უეჭველად ბიჭი უნდა ყოფილიყო, უძლური, ავადმყოფი, საცოდავი, დაღმეჭილი, სისუსტისაგან ძლივს რომ ფართხალებს. სწორედ ეს ტირის ღამღამობით, ყურადღებას ვერაფრით იქცევს და მორიდებულად ჩივის და კრუსუნებს, შუა კარი რომ არა, ბავშვის არსებობაც არავის ეცოდენიბეოდა – კედელს ეგეთი საცოდავი ხმა ვერ გამოაღწევდა.

საუზმის შემდეგ სიგარის წევისას პეტრონეს ისევ ბავშვზე ფიქრი აეკვიატა. გატეხილი ღამე ადამიანს ხელს უშლის დღის საქმეების მოგვარებაში, ის კი ტირილმა ორჯერ მაინც გამოაღვიძა. მეორედ მთლად უარესი მოხდა: ქალის ძალზე ჩუმი და საოცრად მკაფიო ხმა უფრო მეტად ეხამუშა. ბავშვი წამით დუმდებოდა, მერე ჩუმ კვნესას მწარე კრუსუნი ცვლიდა ხოლმე. ახლა ისევ ქალი ბუტბუტებდა რაღაც გაურკვეველ სიტყვებს, დედობრივი მზრუნველობით ესათუთებოდა ფიზიკური თუ სულიერი ტკივილით, სიცოცხლითა თუ სიკვდილის შიშით გაწაებულ თავის პირმშოს.
“ყევლაფერი ეს კარგია, მაგრამ მმართველმა გვარიანად გამაცურა”, გაიფიქრა პეტრონემ ნომრიდან გამოსვლისას. ტყუილმა იგი გააბრაზა და არც უცდია ამის დაფარვა. მმართველი განცვიფრდა.

– ბავშვი? რაღაც გეშლებათ. ჩვენთან ძუძუთა ბავშვები არ არიან. აკი მოგახსენეთ, თქვენს გვერდით მარტოხელა ქალია-მეთქი.

პეტრონემ პასუხის გაცემა დააყოვნა. ორიდან ერთი უნდა ყოფილიყო. ან მმართველი სულელურად ტყუოდა, ანდა აქაურმა აკუსტიკამ სასაცილო ოინი დამართა. მოსაუბრე ისეთი სახით უყურებდა, თითქოს ამ ამბავს თვითონაც დიდად აეღელვებინოს. “ალბათ ფიქრობს, მოკრძალების გამო ვერ გამიბედავს მოვთხოვო სხვა ნომერში გადაყვანა”, – გაიფიქრა პეტრონემ. ძნელია, ამასთან, უაზრო რაიმე დაიჟინო, როცა ყველა გადაჭრით უარყოფს. პეტრონემ მხრები აიჩეჩა და გაზეთები მოიკითხა.

– ალბათ დამესიზმრა, – ჩაილაპარაკა მან. არ ესიამოვნა არც ამის თქმა და არც მომხდარი ამბის გამხელა.

კაბარეში აუტანელი მოწყენილობა იყო. ორივე თანამეინახე უხალისოდ მასპინძლობდა, პეტრონემაც ადვილად მოიმიზეზა დაღლილობა და სასტუმროში დაბრუნდა. კონტრაქტზე ხელმოწერა მეორე დღისთვის გადადეს; საქმე, არსებითად, უკვე მოაგვარა.

ვესტიბიულში ისეთი სიწყნარე იდგა, თავისდაუნებურად ფეხის წვერებზე დაიწყო სიარული. საწოლიდან საღამოს გაზეთი და შინიდან მოსული წერილი ეწყო. ცოლის ხელი იცნო.

დაწოლამდე კარგად ხანს მისჩერებოდა კარადასა და მის  უკან აღმართულ შუა კარს. კარადის თავზე ორი ჩემოდანი ერთმანეთზე რომ დაეწყოთ, აღარც კარი გამოჩნდებოდა და ხმაც დაიხშობოდა. ამ დროს, ისევე როგორც წინა ღამეებში, სიწყნარე იდგა, სასტუმრო ძილს მისცემოდა; ეძინათ ნივთებსაც და ადამიანებსაც, მაგრამ აფორიაქებულ პეტრონეს ეჩვენებოდა, რომ საქმე მთლად ასე არ იყო, რომ ყველაფერს არ ეძინა, რაღაცას ელოდნენ სიჩუმის გულისგულში. მისი გამოუთქმელი შიში, უეჭველია, გადაედებოდა სახლსაც და ადამიანებსაც და ისინიც უთუოდ თავთავიანთ ნომრებში სულგანაბულნი ფხიზლობდნენ. თუმცა სისულელეა ყოველივე ეს!

სამ საათზე ბავშვი რომ ატირდა, პეტრონეს თითქმის აღარ გაკვირვებია. საწოლზე წამომჯდარმა გუნებაში გაიფიქრა, კარგი იქნება დარაჯს დავუძახო – დაე, მოწმემაც დამიდასტუროს, რომ აქ დაძინება არ შეიძლებაო. ბავშვი ტიროდა ჩუმად, ძლივს გასაგონად. ზოგჯერ ცოტა ხანს მიწყნარდებოდა, მაგრამ პეტრონემ იცოდა, ტირილი უსათოუდ გამეორდებოდა. უსაშველოდ გაიწელა ის ათი-თორმეტი წამი. უეცრად კრუტუნი შემოესმა, მერე კი ჩუმი ტირილი გულისგამგმირავმა ტირილმა შეცვალა.

პეტრონემ სიგარას მოუკიდა და გაიფიქრა, ვითომ რა იქნება, კედელზე მორიდებით მივაკაკუნო, ეგების ქალმა ბავშვი დააწყნაროსო. და უცებ მიხვდა – აღარ სჯეროდა აღარც ქალის და აღარც ბავშვისა – რა საოცრებაც არ უდნა იყოს, აღარ სჯეროდა, რომ მმართველმა მოატყუა. ქალის ხმამ წყნარად და გაბმულად რომ  უგურგურებდა ბავშვს ჩაახშო ჩვილს ტირილი. ქალი მას ეფერებოდა, ამშვიდებდა. და პეტრონემ წარმოიდგინა, როგორ ეჯდა ქალი საწოლთან თავის პატარას, როგორ არწევდა, ან როგორ ჰყავდ აატატებული, მაგრამ ბიჭის წარმოდგენა ვერანაირად ვერ მოახერხა, თითქოსდა მმართველის დაბეჯითებული მტკიცება სჯაბნიდა მის შეგრძნებათა თვითმხილველობას. დრო გადიოდა, ტორილი ხან თავისთავად მიწყნარდებოდა, ხან კი ქალის ჩურჩული ახშობდა მას, და პეტრონეს უკვე ეჩვენებოდა, რომ ყოველივე ეს – ფარსი, გაბაიბურება და საზარელი, სულელური თამაში იყო. მას გაახსენდა უშვილძირო ქალების ამბები, მალულად რომ უვლიან თოჯინებს, გაახსენდა ყურმოკვრით გაგონილი მათი მოჩვენებითი დედობის ამბები, გაცილებით უარეს გაწამაწიას რომ მოითხოვს, ვიდრე ძმისშვილები ან ცხოველები. ეტყობა, ქალი თვითონ ღნავის, რადგან თვალთმაქცობა არა სჭირდება – მწუხარება თან ახლავს მუდამ ცარიელ ოთახში, უწყალო განთიადის ჟამს.

პეტრონემ ლამპა აანთო – დაძინება აღარ შეეძლო, ფიქრობდა, რა ვქნაო. საბოლოოდ წაუხდა გუნება, ანდა, როგორ არ წაუხდებოდა ასეთი სიცრუისა თუ თამაშის გადამკიდეს. ახლა ყველაფერი სიყალბედ ეჩვენებოდა – სიჩუმეც, გურგურიცა და ტირილიც. ამასთან, მარტოოდენ ეს არსებობდა ამ გარიჟრაჟსას, მხოლოდ ეს იყო სინამდვილეცა და წარმოუდგენელი სიცრუეც. კედელზე მიკაკუნება ცოტაა კიდევ. პეტრონე ჯერ ხეირიანად არ იყო გამოფხიზლებული, თუმც წესიერად არც სძინებია, რომ უეცრად შეამჩნია, კარადა მოძრაობდა, ნელ-ნელა ჩნდებოდა დამტვერილი კარი.

ფეხშიშველა, პიჟამას ამარა პეტრონე კარს მთელი ტანით ყურბელასავით აეკრა – ტუჩები ფიჭვის ჭუჭყიან კარს მიაწება და იმ უჩინარი თოთო ბავშვივით მოჰყვა ტირილსა და ღნავილს. ხმას თანდათან მაღლა უწევდა, ტირილისაგან სული ლამის ეგუბებოდა, ხმა უწყდებოდა. კარს იქით გაჩუმდნენ – ალბათ, კარგა ხნით. მანამდე კი, წამით ადრე, ფლოსტების წკაპუნი და ქალის შეკივლება გაიგონა – თითქოსდა ქარიშხლის მაუწყებელი, მაგრამ დაჭირმული სიმივით იქვე გაწყვეტილი.

თერთმეტი საათი იქნებოდა მეკარეს რომ ჩაუარა. ადრე, დაახლოებით ცხრა საათზე მისი ხმა და კიდევ ვიღაცა ქალის ხმა ჩაესმა ძილში. კედლის იქით ბარგს ალაგებდნენ. ახლა ლიფტთან ბაული და ორი ვეება ჩემოდანი შეამჩნია. მმართველი აშკარად დაბნეული ჩანდა.

– როგორ გეძინათ? – მოვალეობის მოსახდელად უფრო ჰკითხა მან, თან გულგრილობას ძლივსა ფარავდა.

პეტრონემ მხრები აიჩეჩა. რაღა აზრი ჰქონდა დაზუსტებას, სულერთია, მეორე დღეს მაინც მიდიოდა.

– დღეს უფრო მეტი სიწყნარე იქნება, – უთხრა მმართველმა და ბარგზე მიანიშნა, – თქვენი მეზობელი ერთ საათში მიემგზავრება.

მმართველი პასუხს ელოდა. პეტრონემ გამამხნევებლად შეავლო თვალი.

– ერთხანს იცხოვრა, იცხოვრა ჩვენთან, ახლა კი მიდის, ქალებს ვერაფერს გაუგებ.

– ჰო, მაგათ ძნელად გაუგებ რამეს, – მიუგო პეტრონემ.

პეტრონე ქუჩაში ბარბაცებდა, თუმცა სავსებით  ჯანმრთელი იყო. მწარე ყავას რომ სვამდა მაინც იმ ქალზე ფიქრობდა, საქმეებიც დავიწყებოდა და დღის სინათლესაც ვეღარ ამჩნევდა, მისი მიზეზით, პეტრონეს გამო, წავიდა ქალი, გაჯავრებულ გულზე თუ შიშ და სირცხვილმოძალებული. “ერთხანს იცხოვრა, იცხოვრა ჩვენთან...” ავადმყოფია ალბათ, მაგრამ უწყინარი. ის კი არა, პეტრონე უნდა წასულიყო. იქნებ მოელაპარაკოს, ბოდიში მოუხადოს, დარჩენა სთხოვოს, შეპირდეს, კრინტს აღარ დავძრავო. უკან დაბრუნდა, მაგრამ შეჩერდა. არა, სისულელეს სჩადის. ქალი მის სიტყვებს სხვაგვარად გაიგებს, კაცმა რომ თქვას, დროა წავიდეს საქმიან პაემანზე, უხერხულია, ხალხს აცდევინოს. იმ ქალს კი ღმერთმა ხელი მოუმართოს, როგორც გაუხარდება, თავი ისე გაისულელოს. ისტერიკიანი იქნება ვიღაცა, ახლა სხვა სასტუმროს მონახავს ალბათ და იქ დაუწყებს ფერებას თავის გამოგონილ შვილს.

ღამე კვლავ მოუსვენრობამ შეიპყრო, სიჩუმე უფრო აუტანელი მოეჩვენა. სასტუმროში დაბრუნებისას გულმა არ მოუთმინა და დაფას მაინც შეავლო თვალი – მეზობელი ქალის ოთახის გასაღები იქ აღარ ეკიდა. ერთხანს მეკარეს გაესაუბრა, ბარიერს შიგნით რომ ამთქნარებდა, მერე თავის ნომერში ავიდა, თუმცა არ ჰქონდა იმედი, რომ დაიძინებდა. მაგიდაზე საღამოს გაზეთები და ახალი დეტექტივი დააწყო, ჩემოდანი ჩაალაგა, ქაღალდები წესრიგში მოიყვანა. ძალზე ცხელოდა და ფანჯარა ყურთამდე გამოაღო, ფაფუკი ლოგინი მოუხერხებელი ეჩვენა. ბოლოს და ბოლოს ნანატრი სიჩუმე დამდგარიყო, შეეძლო ახლა მკვდარივით დაეძინა – მაგრამ ძილი არ ეკარებოდა. ლოგინში შამფურივით ტრიალებდა. სიჩუმე ლოდივით დასწოლოდა – სწორედ ის სიჩუმე, ასე ეშმაკურად რომ მოიპოვა, და ასე შურისმგებლურად დაუბრუნეს. მწარე, დამცინავი აზრი კარნახობდა, ბავშვი თუ არ ტირის, ვერც დაიძინებ და ვერც გაიღვიძებო. იგი ტირილს მოისაკლისებდა, და როცა ცოტა მოგვიანებით აჭედილ კარს იქით სუსტი, ნაცნობი ხმა გაიგონა, – შიშითა და გაქცევის სურვილით ატანილი მიხვდა, რომ ქალი არ ტყუოდა, მართალი იყო – ბავშვს რომ უგურგურებდა, რათა როგორმე დაეჩუმებინა და თვითონაც დაეძინათ.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში