ნიკოლაი ბერდიაევი - რევოლუცია ცოდვების გამოსყიდვაა

რუსულიდან თარგმნა - კონსტანტინე ვეკუამ

რუსი ფილოსოფოსის, ნ. ბერდიაევის (1874-1948 წ.წ.) მოცემული წერილი აღმოჩენილ იქნა ბრიტანეთის მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილებაში. ადრესატს კი რუსეთის საზოგადოებრივი მოძრაობის ნობილი მოღვაწე ა. ტირკოვა წარმოადგენდა. იგი შედიოდა კადეტური პარტიის ხელმძღვანელობის შემადგენლობაში. 1917 წლის ოქტომბრის შემდეგ აქტიურად მოღვაწეობდა ანტიბოლშევიკური წინააღმდეგობის ორგანიზებაში. იზგოევთან ერთად გამოსცემდა არალეგალურ გაზეთს ბრძოლა , მუშაობდა დობროვოლსკის არმიის პროპაგანდულ ორგანოებში. ქმართან ერთად გადავიდა რა ლონდონში, დიდი როლი ითამაშა რუსეთის გამათავისუფლებელი კომიტეტის  დაარსებასა და თეთრების მოძრაობის პროპაგანდაში, შემდგომ კი რუსი ლტოლვილების დასავლეთში მოწყობაში. ბევრი გააკეთა იმისათვის, რათა მათთვის საერთაშორისო ორგანიზაციების, მთავრობებისა და საზოგადოების ყურადღება მიექცია. დახმარების ხელს უწვდიდა უცხოეთში მყოფ რუსული კულტურის მოღვაწეებს.

ძვირფასო არიადნა ვლადიმიროვნა!

თქვენმა წერილმა არცთუ იოლი ამოცანის წინაშე დამაყენა. უპირველეს ყოვლისა, მინდა გითხრათ, რომ საზღვარგარეთ მყოფი, ჩემს მოვალეობად ვთვლი შეძლებისდაგვარად გადავიტანო რუსთა ყურადღება პოლიტიკითა და სხვა და სხვა პოლიტიკურ დაჯგუფებათა ურთიერთშორის წვრილმანი ბრძოლებით უკიდურესი გატაცებისაგან და მივაქციო სულიერი ცხოვრებისა და სულიერი ინტერესებისაკენ. რუსეთსიც და მსოფლიოშიც უნდა დაიწყოს მოძრაობა იზმირის სიღრმეებისაკენ. უდიდეს კატასტროფებს, ომებსა და რევოლუციებს უნდა მოჰყვეს სულიერი აღორძინება და უძრაობა. ვფიქრობ, არა მარტო რუსეთი, არამედ ევროპაც და მთელი მსოფლიოა შეპყრობილი მძიმე სულიერი მდგომარეობით, სისხლიანი განხეთქილებისა და ურთიერთის სიძულვილის სენით. მეტად ღრმად შეტოპეს ცხოვრების ჭეშმარიტი საფუძვლებისაგან დაშორებით და ანტიქრისტიანული საწყისების გამარჯვებით. მე მწამს ევროპის სიჯანსაღისა და გამძლეობის და ევროპის ერებისაგან არ მოველი ჩვენს რუსეთისადმი ტკივილებისაგან განკურნებას.


თქვენი შეკითხვა საბჭოთა ხელისუფლების აღიარების საჭიროების შესახებ არაა რთული. მე არ შემიძლია პირდაპირი და უბრალო პასუხის მოცემა. ჩვენ არა გვმართებს, უცხოელ სახელმწიფოებს ვურჩიოთ, აღიარებენ თუ არა ბოლშევიკების ხელისუფლებას. ეს მათი საქმეა და იგი განისაზღვრება მათი ინტერესების შესაბამისად. არ მჯერა, რომ საზღვარგარეთის დიდ სახელმწიფოებს შორის მოიძებნებიან რუსეთის უანგარო მეგობრები. და თქვენი წერილის საპასუხოდ მინდა მხოლოდ მოგახსენოთ ჩემი მოსაზრება საქმის ნამდვილი არსის შესახებ. შესაძლებელია, რომ აქედან უკვე თქვენ თვითონ გამოიტანთ იმ დასკვნებს, რომელნიც საინტერესოდ მოგეჩვენებათ.

უპირველეს ყოვლისა, სასურველია ბოლშევიზმსა და ბოლშევიკურ რევოლუციაზე პრინციპული თვალსაზრისის ჩამოყალიბება. ბოლშევიკური რევოლუცია სწორედ, რომ ნამდვილი რუსული რევოლუციაა, არავითარი სხვა რევოლუცია ჩვენთან არაა და არც შეიძლება იყოს. თავისი ბუნებით, იგი ისეთივე უსახური და ბოროტეულია, როგორც ნებისმიერი რევოლუცია. მშვენიერი და კეთილი რევოლუციები არასოდეს არსებულან და არც იქნება. საფრანგეთის რევოლუცია, რომელმაც იაკობინელობაში ჰპოვა სრული გამოხატულება, ამდენადვე უსახური და ბოროტეულია.

ბოლშევიზმი ასევე არის ერთადერთი სოციალიზმი, და ბოლშევიკები სრულიად მართალნი არიან თავიანთი უკმაყოფილო დამოკიდებულებით მემარჯვენე სოციალისტებთან, მენშევიკებთან და სოციალ-რევოლუციონერებთა მიმართებაში. რუსმა ხალმა საკუთარი თავი მსვერპლად გაიღო, რათა მთელი მსოფლიოსათვის წარმოედგინა, თუ როგორ მიდის სოციალიზმი უსახური კარიკატურობისაკენ, წკვარამისა და არარსობისაკენ. ბოლშევიზმს არ შეიძლება, მიუდგე გარეგნულად და მექანიკურად და ამიტომაც, არ შეიძლება, იწამო მისი გაძევების გარეგანი და მექანიკური მეთოდი. ბოლშევიზმი სულიერი მოვლენაა და სულიერი სენია. ეს ავადმყოფობა ცხენოსანთა დივიზიით არ განიკურნება. იგი არაა შეთხვევითი, რუსთა და რუსეთისათვის გარეგნული მოვლენა, რომლისგანაც რუსი ხალხი და რუსეთი უნდა გათავისუფლდეს, როგორც ავაზაკთა რაზმისაგან. ბოლშევიზმი რუსების შინაგანი წერაა, მისი ისტორიული გზის საბედისწერო ეტაპი. და ის, რომ ებრაელები ასეთ საბედისწერო როლს თამაშობენ ბოლშევიკთა მწყობრში, არის რუსი ხალხის შინაგანი ბედი, მისი სულიერი დამონების აღმოსაფხვრელად.

ჩვენ ყველანი დამნაშავენი ვართ რუსეთის უბედურ ხვედრში, ჩვენ ყველანი პასუხისმგებელნი ვართ მომხდარი კატასტროფისათვის. მუდამ შეუცვლელად ვფიქრობდი, რომ უნდა დავრჩენილიყავი რუსეთში და გამეზიარებინა ჩემი ხალხის ბედი, რომ ბოლომდე გადამეტანა ყველა განსაცდელი, ვყოფილიყავი ჩემი იდეისა და რწმენის ერთგული. რევოლუცია ცოდვების გამოსყიდვაა, იგი შედეგია და არა მიზეზი, იგი არის ჩვენი შინაგანი სისუსტისა და ცოდვიანობის გამოხატულება. ბოლშევიზმის ძალა მდგომარეობს რუსი ხალხის შინაგან ხრწნაში და მას ხელს უწყობს ევროპის ერთა დაცემა და განხეთქილება. უღირსობაა, თავისუფალმა სულმა თავისი ბედი განიხილოს მასზე მოძალადე ბნელი ძალის დაქვემდებარებაში. საქებარია, ეს ბნელი ძალა განიხილოს, როგორც ჩემი სისუსტისა და ცოდვის განსახიერება. არ იყო საკადრისი, როდესაც რუსული ინტელიგენცია თვითმპყრობელობას  მიიჩნევდა ყველაფერში დამნაშავედ და მხოლოდ მისი ტახტიდან ჩამოგდებით მოელოდა უკეთეს ცხოვრებას. ასევე, უკადრისია, ყველაფერში დამნაშავედ ბოლშევიზმი  მივიჩნიოთ და მხოლოდ მისი დამხობით მოველოდეთ ცხოვრების გაუმჯობესებას. ეს სულის მონობაა.

 თვითმპყრობელობაც  და ბოლშევიზმიც -ეს მხოლოდ სუსტი და სნეული სულის კოშმარია. რევოლუციურ, ანუ ცხოვრებისადმი ზედაპირულ მიდგომას უნდა დავუპირისპიროთ რელიგიური, ანუ შინაგანი (სიღრმისეული) თვალთახედვა. მაგრამ ისინი, რომელნიც ფიქრობენ, რომ ბოლშევიზმის პრობლემა შეიძლება გადაწყვეტილ იქნეს გარეგნულ-მექანიკური სახით, დგანან რევოლუციურ ე.ი. ანტირელიგიურ თვალსაზრისზე. აი, თუ რატომ ვარ გადაჭრით წინააღმდეგი ყველანაირი ინტერვენციისა და დიდი ხანია, რაც არა მწამს საბჭოთა ხელისუფლების გარეგანი ფაქტორით გამოწვეული სამხედრო ძალით დამხობის; თუნდაც, ეს რუსებმა რომ განახორციელონ. შემთხვევითი არაა, რომ მოძრაობამ წარუმატებლობა განიცადა.

რუსეთის ხსნა თვით რუსეთის შიგნიდან უნდა მოვიდეს, თვით რუსი ხალხის წიაღიდან და ამას წინ უნდა უძღოდეს რუსთა სულიერი გარდაქმნა და განახლება, სარწმუნოებრივი აღორძინება. მე მწამს, რომ რუსეთში ჯერ კიდევ წარმოებს მოლეკულარული პროცესი, რომელმაც უნდა მიიყვანოს იგი სიკვდილიდან სიცოცხლეში. რუსეთში ამჟამად არ არსებობს არანაირი ორგანიზებადი საზოგადოებრივი ძალა, რომელსაც ექნებოდა ხელისუფლების მოპოვების ნება და შესძლებდა, მიეღო ძალაუფლება. ქვეყანაში არსებული კომუნისტების ხელისუფლება, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს ზოგადსამეურნეო კომუნიზმთან, არც ხალხის სულიერ წყობასთან, წარმოადგენს რუსეთში არსებულ ერთადერთ სახელმწიფოებრივ ხელისუფლებას. და ეს ერთადერთი ხელისუფლება, თავისი იდეებითა და პრაქტიკით ანტისახელმწიფოებრივი ხასიათისა, განგების ნებით იძულებულია ატაროს მთელი რიგი სახელმწიფოებრივი ფუნქციებისა. ქვეყნის არსებობა არ შეიძლება იყოს წყვეტილი, მას არ შეუძლია შეწყვიტოს თავისი არსებობა ოთხი წლით, ან კიდევ უფრო დიდი ხნით.

ერთი რამ ჩემთვის უეჭველია: ყოველი რუსი მტკიცედ უნდა იდგეს იმ აზრზე, რომ რუსეთის ბედი მხოლოდ რუსეთის საშინაო საქმეა, რომ ჩვენი ცოდვა და ჩვენი უბედურება, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი შინაური საქმეა.

ზნეობრივად და რელიგიურად არასოდეს შევურიგდები კომუნიზმს, მთელს მსოფლიოშიც რომ გაიმარჯვოს. დარწმუნებული ვარ, კომუნიზმში იწყება ანტიქრისტეს მეფობა. მაგრამ ეს დგას ინტერესთა და ბატონობისათვის ბრძოლაზე მაღლა. კომუნიზმი უღმერთო ბურჟუაზული მსოფლიოს კანონიერი ნაშიერია და მასთან ერთად საერთო ნიადაგზე დგას, იგი თვითონაა ბურჟუაზული, ამ სიტყვის ღრმა გაგებით. ნორმალურს ვუწოდებ საბჭოთა ხელისუფლებისადმი იმ რუსი ადამიანის მიმართებას, რომელმაც ყველა ეს საშინელი წელი რუსეთში გაატარა, დაიცვა თავისი სულიერი თავისუფლება და იდეური დამოუკიდებლობა. აუცილებელია, საკუთარ თავს გრძნობდე რუსეთის შიგნით და არა მის გარეთ. და არ შეიძლება ჩაითვალოს, რომ რუსეთი მხოლოდ მის ფარგლებს გარეთ იმყოფება. სრულიადაც არა ვარ ოპტიმისტი, საკმაოდ პესიმისტურად ვუყურებ იმას, რაც რუსეთში მოხდება, როცა უკვე არც კომუნისტები იქნებიან და არც მათი ხელისუფლება. ჩვენ გვრჩება საშინელი დემორალიზაცია და ეროვნულ დონეზე სულიერი კულტურის არქონა. იქნება საკმაოდ დატალი, ტექნიკური ცივილიზაციის მოთხოვნილება. ტონის მომცემნი იქნებიან რევოლუციაზე გამდიდრებული უსირცხვილო და თავხედი ბურჟუები . ეს იმის მაჩვენებელია, რომ საქმე არა პოლიტიკურ ფორმებსა და უმრავლესობაშია, ვიწრო გაგებით, არამედ სულიერი კულტურის ძალა უმცირესობაში შენარჩუნდება. იქნება რელიგიური აღორძინება და მაშინ დადგება ნამდვილი რუსეთი! ჩვენ არ დაგვიკარგავს ცულტურა, გამოცოცხლდნენ სულიერი ურთიერთობები ევროპის ხალხებთან, მაგრამ ვისურვებდი მათი პოლიტიკური ზემოქმედებისაგან თავისუფლებას. დაე, ბოლომდე აღსრულდეს ჩვენი ბედისწერა.

7 ნოემბერი, 1922 წელი

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში