სერვანტესი - ადამიანები რომელთაც შეცვალეს მსოფლიო

1560 წლის შემოდგომის მზიანი დღე იყო. ესპანეთის პატარა ქალაქ ალკალას ერთ-ერთ ქუჩაზე მიდიოდა თორმეტიოდე წლის ბიჭუნა. ეცვა შინნაქსოვი ქურთუკი, ძველი წინდები და უშნო ქოშები. მხარზე ჩანთა ეკიდა, ალბათ, სკოლიდან ბრუნდებოდა.

უცბად ბავშვმა მტვერში ხელნაწერით აჭრელებული ქაღალდის ფარატინი შენიშნა. სწრაფად დაიხარა და ხელი დასტაცა. ეს იყო ნაწყვეტი ძველი რომანსისა ესპანეთის სახალხო გმირ როდრიგო სიდზე. ჯერ კიდევ ყრმა სიდი გამოესარჩლა მოხუც მამას და დაამარცხა მისი თავხედი შეურაცხმყოფელი გრაფი ლოზანო, ყველაზე საშიში და მრისხანე რაინდი მთელ სამეფოში.

... გასწი აქედან, შორს, როდრიგო, გასწი აქედან,
არ დამენახო, გულგოროზო კასტილიელო...

კითხულობდა ბავშვი და თვალები უციმციმებდა, როცა აგონდებოდა ნაცნობი რომანსები საყვარელ გმირზე.

ოქროს აბჯარში იჯდა იგი და მოსასხამი
სუდარასავით თეთრ-სპეტაკი ებურა, ხმალიც
გაშიშვლებული ხელში ეპყრა - ზარადშებურვილს.
მიაგელვებდა მედიდურად მერანს, მდუმარე...

განაგრძობდა კითხვას და მთელი მომხიბვლელობით წარმოუდგა სიდის სახე...

ასე მიუახლოვდა ქუჩას, სადაც იდგა მამამისის, ღარიბი იდალგოს, როდრიგო დე სერვანტეს საავედრას სახლი. ბავშვის ოცნება უმალვე გაფანტა ღატაკური ქოხის დანახვამ. იგი გაუბედავად შედგა. მიმოიხედა. აი კასტილიის ჯადოსნური ლურჯი ცა, ირგვლივ ალკალის მშვენიერი სახლები, საუცხოო ბაღჩებით, ვაზნარითა და ხეხილით დაბურული ეზოები. მდინარე ენარესის გაღმა კი გადაჭიმულა აყვავებული ჭალა... ბავშვმა მძიმედ ამოიოხრა, უფრო მაგრად მიიკრა გულზე ძვირფასი ხელნაწერი და უკანვე გაბრუნდა. არა, ახლა ვერ მივა შინ, თუმცა მოშიებულია. იგი ქალაქგარეთ წავა, სუფთა ჰაერზე და დატკბება საყვარელი ენარესის წარმტაცი ბუნებით...

ბიჭუნა მდინარის პირას წამოწვა და შეხაროდა მის კამკამა ზვირთებს, სადაც სხმარტალებდნენ ვერცხლისფერი ლიფსიტები, ხარბად ისმენდა ფოთოლთა ჩურჩულს და ფრინველთა უნაზეს ჭიკჭიკს.

ბავშვის გონება წაკითხული წიგნების შინაარსს დაეპყრო. გახსნა ჩანთა და ამოარჩია ერთ-ერთი. წიგნს არც თავი ჰქონდა და არც ბოლო. ეს იყო სასულიერო საგალობელთა ძველი კრებული. ამხანაგმა აჩუქა პატარა მიგელს და ისიც ხელიდან არ უშვებდა წიგნს. ბედი არ ანებივრებდა ბავშვს. მამამისს, ღატაკ აზნაურს, ბიბლიოთეკაც ღარიბული ჰქონდა.

მაგრამ ცარიელი კუჭი თავისას მოითხოვდა. ბავშვმა დაკეცა წიგნი, ისევ გადაიკიდა ჩანთა, ტანისამოსი დაიბერტყა და ნელა გაუდგა გზას შინისაკენ. მზე ჩადიოდა, როცა ქოხის კარაპინს გადააბიჯა. ცეცხლი უკვე ჩამქრალიყო კერაზე, სადაც მზადდებოდა ღარიბული სადილი. ამ უბადრუკი ბინის დანახვამ ტლანქი სინამდვილე მოაგონა ბავშვს, თუმცა ისევ ხმადაბლა ღიღინებდა ლექსს სახელოვან გმირზე:

...ოქროს აბჯარში იჯდა იგი და მოსასხამი
სუდარასავით თეთრ-სპეტაკი ებურა...

- და მოსასხამი სუდარასავით თეთრ-სპეტაკი ებურა! - გამოაჯავრა მამაკაცის ბოხმა ხმამ. - ყველაფერი ეს ძლიერ კარგია, მიგელ, მაგრამ ერთი მითხარი, სად იყავი სადილობისას? დედაშენი დიდხანს გელოდა, ცეცხლი არ ჩაუქრია, შენ კი, ვინ იცის, სად და ვისთან დაეხეტებოდი. ეს სრულიად არ შეჰფერის კეთილშობილ იდალგოს.

მიგელმა ამაყად ასწია თავი.

- არა, მამაჩემო, - მიუგო მან, - არაფერი ისეთი არ ჩამიდენია, რაც სახელს გამიტეხს. ენარესის ნაპირას ვიყავი და...
- და სულელურ წიგნებს კითხულობდი, არა? - გაისმა ბავშვის ხმა. - არ გადაფიცო, მიგელ!
- მე არასოდეს გადამიფიცავს, არც არასოდეს ვცრუობ, რუი, - მიუგო გაჯავრებულმა მიგელმა, - ეს კარგად იცი. დიახ, მართალია, წიგნებს ვკითხულობდი. შენ რა გესაქმება, ან ამით რა გიშავდება?

მაგრამ მისი ძმა, როდრიგო, არ ცხრებოდა.

მივარდა მიგელის ჩანთას, ამოაძრო იქიდან სიდის რომანსის ნაწყვეტი და გამომწვევად აკისკისდა.

- ნახე, მამაჩემო! - შესძახა მან და თან ხელში ატრიალებდა დაჭმუჭნილ ქაღალდს. - განა ესაა მეცადინეობა? მიგელი მეძველმანე ებრაელივით აგროვებს ქუჩებში ძველისძველ ჭუჭყიან ქაღალდებს!

იმ შორეულ, უმეცარ დროში ებრაელები განკიცხულ და საძულველ ხალხად მიაჩნდათ ესპანეთში. ებრაელები სძულდათ მათი სარწმუნოების გამო; სძაგდათ, რადგან მათ ქრისტესმდევნელთა შთამომავლებად თვლიდნენ, აბუჩად იგდებდნენ და სდევნიდნენ. მიგელი ძლიერ გააბრაზა ძმის სიტყვებმა, მუშტები მოკუმშა და დაეტაკა მას.

- გრცხვენოდეს, რუი! - გაისმა ქალის ნაზი ხმა, - ყოველთვის პირველი რატომ იწყებ ჩხუბს? ნუთუ ძმებმა ასე უნდა იცხოვროთ? რა იქნება შემდეგ, თუ პატარაობიდანვე ერთმანეთს არ გაიტანთ?

კარაპინზე იდგა სერვანტესის ცოლი - დონა ლეონორა.

- როგორ მოგშიებია, ჩემო მიგელ! სად იყავი ამდენ ხანს? აი შენი ოლაც გაცივდა, - ალერსიანად უთხრა მან.
მოშიებული ბავშვი ორივე ხელით იტენიდა პირში მჭლე ცხვრის ხორცის ოლას და თხის გამხმარ ყველს.

მიგელის უფროსი დები - ანდრეა და ლუიზა მდუმარედ ისხდნენ კუთხეში და ქარგავდნენ ღვთისმშობლის ხატის საბურველს. იმ დროში ასეთი „ღვთისსათნო“ საქმიანობა როდი ითვლებოდა აზნაურის ქალთა ღირსების დამამცირებლად.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში