კარავაჯოს - შობა: ნადირობა მოპარულ შედევრზე

Detail from Caravaggio's Nativity with San Lorenzo and San Francesco 
XX საუკუნის დანაშაული - რას ფიქრობენ ექსპერტები 44 წლის წინ მოპარული იტალიელი მხატვრის შედევრზე?

1608 წლის შემოდგომაზე, მიქელანჯელო მერიზი და კარავაჯო XVII საუკუნის ყველაზე ორიგინალური მხატვარი გაქცეული იყო.

ფიცხი და ამპარტავანი კარავაჯო - მედიდური გამომეტყველებითა და ქამარზე შებმული ხმლით მუდმივად შარში ეხვეოდა. ერთხელ არტიშოკებით უკმაყოფილომ ოფიცანტს თეფში ესროლა, ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ კერძი კარაქზე იყო მომზადებული და არა ზეთზე.

ფეთქებადი ხასიათის გამო, ორი წლით ადრე კარავაჯო საზღვრებს გასცდა - აზარტული თამაშის ვალის გამო ჩოგბურთის მატჩისას ატეხილი ჩხუბის დროს ადამიანი მოკლა. მკვლელობისთვის გასამართლებამდე რომში გაიქცა და ხანმოკლე ცხოვრების დარჩენილი ნაწილი დევნილობაში გაატარა.

იმ შემოდგომას, 1608 წელს, მას შემდეგ, რაც მოიარა ნეაპოლი და მალტა, კარავაჯო სიცილიაში ჩავიდა. მხატვარმა კუნძულზე თითქმის მთელი წელი იცხოვრა და ხანჯალმომარჯვებულს ეძინა. კარავაჯომ აქ რამდენიმე ტილო შექმნა, მათ შორის „შობაც“.
Caravaggio's Nativity with San Lorenzo and San Francesco 
სამ საუკუნენახევრის განმავლობაში ტილო თავდაპირველად პალერმოში, სან ლორენცოს სამლოცველოში ეკიდა - 1969 წლის ოქტომბრის ქარიშხლიან ღამემდე, როცა ქურდებმა ტილო ჩარჩოდან ამოჭრეს. ნახატი, რომელიც 20 მილიონ აშშ დოლარადაა შეფასებული, ამერიკის ფედერალური ბიუროს ტოპ 10 გაუხსნელი არტ-დანაშაულის სიის სათავეშია. დღეისთვის, სან ლორენცოს სამლოცველოში ტილოს ადგილს რეპროდუქცია - „დაკარგული შედევრის სნეული აჩრდილი“ იკავებს.

ხელოვნების ისტორიკოსის დანიელე კარაბინოს ცნობით, რომელიც კარავაჯოს მიერ სიცილიაში გატარებულ პერიოდზე წიგნს წერს, „შობის“ გაუჩინარებამ დასავლურ ხელოვნებას უდიდესი ზიანი მიაყენა - „კარავაჯო 1610 წელს სულ რაღაც 39 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამიტომაც, მან იმდენად ცოტა ნამუშევრის შექმნა მოასწრო (დაახლოებით - 70 ტილო) რომ თუნდაც ერთი მათგანის დაკარგვა, აუნაზღაურებელი დანაკარგია“.

„შობის“ ფოტოები ცხადყოფს, რომ კარავაჯომ, რომელიც ცნობილი იყო, როგორც მხატვარი, რომელიც მოდელებად რიგით ადამიანებს იყენებდა, ტრადიციული ქრისტიანული თემა აშკარად არატრადიციული მანერით შეასრულა.

 „ნახატი ძალიან დრამატულია. ქრისტე დაქანცულ ახალშობილს ჰგავს. ღვთისმშობელი მოუწესრიგებელია, როგორც ჩანს შობამ გამოფიტა. ეს ტილო მხოლოდ მაცხოვრის დაბადებას კი არა, იმ მშობელსაც ასახავს, რომელმაც ესესაა ჩვილი მოუვლინა სამყაროს. ამ სცენის ჩვენს ცხოვრებასთან დაკავშირებით, კარავაჯო უფრო დიდი აუდიტორიის ყურადღებას იპყრობს. მხატვარმა შეძლო, ჩვენთვისაც მოეცა  თავისუფლება, ჩავებით თაყვანისცემის წრეში და ამ მოვლენის მონაწილეებად გვეგრძნო თავი“, - ამბობს დანიელე კარაბინო.
***
ცოტა ხნის წინ, მოპარული ხელოვნების ნიმუშებზე „BBC“-ის დოკუმენტური ფილმის გადაღებისას პალერმოში გავემგზავრე - კარავაჯოს „შობის“ შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვება მსურდა. 44 წლის წინ, ტილოს მოპარვის დღიდან, ნახატის ბედის შესახებ უამრავი ჭორი გაჩნდა.

ბევრი ადამიანი აღნიშნავდა, რომ ტილოს მოპარვამდე ცოტა ხნით ადრე, კარავაჯოს ნახატს იტალიის ხელოვნების ფარული საგანძურის შესახებ მომზადებულ სატელევიზიო გადაცემაში მოჰკრა თვალი. ზოგიერთი თვლის, რომ სწორედ ამ გადაცემამ მიანიშნა ქურდებს შედევრის მნიშვნელობაზე და კრიმინალებს შორის ხელოვნების მოყვარულებიც იყვნენ.

ასეა თუ ისე, თითქმის ყველა მონათხრობში ფიგურირებს მაფია. ნახატის გაქრობის შემდეგ სწორედ მაფიოზებზე მიიტანეს პირველი ეჭვი.

„მაფია ხელოვნების მოპარული შედევრებით უკანონოდ ვაჭრობს. მოპარული ტილოებით ნარკოტიკებისა და იარაღის საფასურის „გადახდა“ ხდება. ნარკოვაჭრობის შემდეგ შედევრებით ვაჭრობა მეორე ადგილზეა“, - აღნიშნავს ლუდოვიკო ჯიპეტო, „Extroart”-ის - ხელოვნების მოპარული ნამუშევრების მაძიებელთა ჯგუფის დამფუძნებელი.

წლების განმავლობაში, კარავაჯოს „შობის“ შესახებ მაფიის არა ერთმა ყოფილმა ინფორმატორმა ისაუბრა. ერთ-ერთის ცნობით, ქურდებმა, რომლებმაც ტილო ჩარჩოდან ამოჭრეს, იმდენად დააზიანეს ის, რომ როდესაც ნახატი დამკვეთს უჩვენეს, მან ცრემლები ვერ შეიკავა. სხვა ექსინფორმატორის განცხადებით, „შობა“ ერთ-ერთ ფერმაში იყო დამალული, სადაც მას ვირთხები და ღორები ღრღნიდნენ, შემდეგ კი დაიწვა.

„ან რკინის ქეისით, დოლარებთან და ჰეროინთან ერთად მიწაში ჩაფლეს, ან ბრილიანტების სანაცვლოდ სამხრეთ აფრიკაში გაყიდეს, ასეთი ვერსიებიც არსებობს“, - აღნიშნავს ხელოვნების ისტორიკოსი დანიელე კარაბინო.
 Portrait of Caravaggio by Ottavio Leoni 
 „კარავაჯოს ნახატის ქურდობის შესახებ უამრავი თეორია არსებობს. მათი დიდი ნაწილი უსაფუძვლო ჭორებსა და პოლიციის მიერ გაჟღერებულ მინიშნებებს ეფუძნება“, - განმარტავს ჯოვანი პასტორე, რომელიც 2011 წლამდე იტალიის სამხედრო პოლიციის ხელოვნების განყოფილებაში მუშაობდა.

არსებობს, რაიმე უტყუარი ფაქტი?

„ფაქტია, რომ ტილო ჩარჩოდან დანით, ან სამართებლით ამოჭრეს. შემიძლია ასევე გითხრათ, რომ ნახატს იტალიის საზღვრები არ დაუტოვებია, რადგან საერთაშორისო დონეზე ჭორები არ გავრცელებულა. რაც შეეხება მის განადგურებას, ან იმას, რომ ნახატი ჯერ კიდევ არსებობს - ამის არავითარი მტკიცებულება არ გვაქვს“, - ამბობს პასტორე, რომელსაც უტყუარი ფაქტის აღმოჩენამდე სჯერა, რომ „შობა“ არ განადგურებულა.

ხელოვნების ისტორიკოსის დანიელე კარაბინოს არ სურს იმის დაჯერება, რომ ტილო განადგურებულია - „როცა კარავაჯოს ნამუშევრების წინ დგახარ გაურკვეველი გრძნობა გეუფლება, სამწუხაროა, რომ არ მომეცა იმავე განცდის საშუალება ამ ტილოსთან მიმართებაში. ჩემთვის „შობა“ გამოცანის დაკარგული ნაწილია“.

ნახატის პოვნის შანსი კი წლიდან წლამდე  მცირდება. კარავაჯოსთვის კრიმინალი უცხო არ ყოფილა, თუმცა ფეთქებადი ხასიათის გენიოსი სიცილიის მიწისქვეშეთის წყვდიადმა შთანთქა.

ავტორი - ალასტერ სუკი
წყარო - bbc.com

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში