მიშელ უელბეკი - დარტყმა ყველაზე მტკივნეულ ადგილას

„ეცადე, ღირსეულად წარსდგე უფლის წინაშე,
პირნათელ მუშად, ჭეშმარიტების სიტყვის
სწორად გადამცემად“, - 2 ტიმოთეს მიმართ, 2, 15

არ ეძებოთ ცოდნა მხოლოდ ცოდნის გულისათვის. ყველაფერს, რაც უშუალოდ გრძნობიდან არ მომდინარეობს, პოეზიაში ჩალის ფასი აქვს.

(რა თქმა უნდა, სიტყვა „გრძნობა“ ფართო მნიშვნელობით უნდა გავიგოთ: ზოგიერთი გრძნობა არც სასიამოვნოა და არც უსიამოვნო. როგორც წესი, უცნაურობის შეგრძნებაა ასეთი).

გრძნობა მიზეზ-შედეგობრივ კავშირს აუქმებს. მხოლოდ მას შეუძლია საგნების არსში წვდომა. პოეზიის ამოცანა კი სწორედ ამ აღქმის გადმოცემაა.

პოეზიისა და ფილოსოფიის მიზნების ასეთი თანხვედრა მათი ფარული თანამზრახველობის დასაბამია. ეს აუცილებლად ფილოსოფიური ლექსების თხზვას არ გულისხმობს. პოეზიამ საკუთარი, წმინდა ინტუიტური გზებით უნდა აღმოაჩინოს რეალობა - სამყაროს ინტელექტუალური რეკონსტრუქციის ფილტრში გაუვლელად. მით უფრო გაუმართლებელია პოეტური ფორმით გადმოცემული ფილოსოფია, რომელიც ხშირად მხოლოდ ბრიყვული ნაცოდვილარია და მეტი არაფერი. თუმცა სწორედ პოეტები არიან თანამედროვე ფილოსოფიის ყველაზე სერიოზული, ყურადღებიანი და გონებაგახსნილი მკითხველები. ასევე, ზოგიერთ ფილოსოფოსს პოეზიის დაფარული ჭეშმარიტებების აღქმა, სინათლეზე გამოტანა და გამოყენება შეუძლია. პოეზიაში, თითქმის ისევე, როგორც უშუალო ჭვრეტისას და ბევრად მეტად, ვიდრე ძველ ფილოსოფიაში, ისინი რაღაც ისეთს პოულობენ, რაც სამყაროს შესახებ წარმოდგენის განახლებისთვის სჭირდებათ.

პატივი ეცით ფილოსოფოსებს, მაგრამ მათ ნუ მიჰბაძავთ. თქვენი გზა, სამწუხაროდ, სულ სხვაა. ის განუყოფელია ნევროზისაგან. პოეტური და ნევროტიკული გამოცდილებების ორი გზა ერთმანეთში იხლართება, ერთიმეორეს გადაკვეთს და საბოლოოდ ურთიერთს ერწყმის; პოეტური დინება ნევროზის სისხლიან ნაკადში განზავდება. თუმცა თქვენ არჩევანი არ გაქვთ. სხვა გზაც არ არსებობს.

საკუთარ აკვიატებულ იდეებზე მუდმივად მუშაობა, საბოლოოდ, პათეტიკურ, შიშებით გულგამოხრულ და აპათიით გამოცარიელებულ ჩვრად გაქცევთ. თუმცა, ვიმეორებ, თქვენ სხვა გზა არ გაქვთ. კრიტიკულ ზღვარს უნდა მიაღწიოთ. წრე უნდა გაარღვიოთ. რამდენიმე ლექსის შექმნაც უნდა მოასწროთ, სანამ მიწას დაასკდებით. წამით თვალწინ უკიდეგანო სივრცეები გადაგეშლებათ. ყველა დიდი ვნება უსასრულობისაკენ მიემართება.

საბოლოოდ, სიყვარული ყველა პრობლემას წყვეტს. ასევე, ყველა დიდი ვნება ბოლოს ჭეშმარიტების ველზე გაგიყვანთ - სულ სხვა სივრცეში, სადაც უკიდურესი ტკივილი გელით, მაგრამ მეტად მკაფიო და შორსმიმავალი ხედვა გექნებათ. საგნები პირველქმნილი სიწმინდით, გამჭვირვალე სიმართლით წარმოგიდგებათ.

გჯეროდეთ ჭეშმარიტების, მშვენიერებისა და სიკეთის იგივეობის.

საზოგადოება, რომელშიც ცხოვრობთ, მიზნად თქვენს განადგურებას ისახავს. რისხვა თქვენშიც ბობოქრობს. იარაღი, რომლის გამოყენებასაც ის აპირებს, გულგრილობაა. საკუთარ თავს მსგავსი დამოკიდებულების ქონის უფლებას ვერ მისცემთ. გადადით შეტევაზე!

ყველა საზოგადოებას სუსტი ადგილები, მოუშუშებელი ჭრილობები აქვს. იპოვეთ ეს ჭრილობები და ფეხი ზედ მაგრად დააჭირეთ.

იმ თემებს ჩაუღრმავდით, რომლების გაგონებაც არავის სურს. დეკორაციის შიდა მხარე აჩვენეთ. ავადმყოფობას, აგონიას, სიმახინჯეს ჩაეჭიდეთ. ილაპარაკეთ სიკვდილსა და დავიწყებაზე. ეჭვიანობაზე, გულგრილობაზე, იმედგაცრუებაზე, სიყვარულის არარსებობაზე. იყავით ამაზრზენი - თქვენ მართალი იქნებით.

არც ერთ ჯგუფს არ შეუერთდეთ. ან შეუერთდით და ის მაშინვე გაყიდეთ. არც ერთმა თეორიულმა საკითხმა დიდი ხნით არ უნდა გაგიტაცოთ. თანამოაზრეების მხარდამხარ ბრძოლა ადამიანს ბედნიერს ხდის, თქვენ კი ბედნიერი არ უნდა იყოთ. თქვენ უბედურების ნაწილი ხართ, ცხოვრების ბნელ მხარეს წარმოადგენთ.

თქვენი მისია არც რაიმეს შეთავაზებაა, არც რაღაცის აშენება. თუ რამის გაკეთება შეგიძლიათ, გააკეთეთ. თუ ბოლოს აუტანელ წინააღმდეგობებამდე მიხვალთ, ხმამაღლა თქვით. თქვენი მოწოდება ხომ სიმართლის ამოთხრაა. მესაფლავეც ხართ და მიცვალებულიც. თქვენ საზოგადოების სხეული ხართ და საზოგადოების სხეულზეც ხართ პასუხისმგებელი. ყველანი თანაბრად ხართ პასუხისმგებლები. მიწა ჭამეთ, წუნკლებო!

განსაზღვრეთ, რა არის უდანაშაულობა და რა არის ბრალეულობა. ჯერ საკუთარ თავში, საორიენტაციოდ გაარკვიეთ. თუმცა ეს სხვებთან მიმართებითაც უნდა გააკეთოთ. განიხილეთ მათი საქციელი და შემამსუბუქებელი გარემოებები, შემდეგ მიუკერძოებლად განსაჯეთ. არ დაინდოთ საკუთარი თავი, საერთოდ არავინ დაინდოთ.

თქვენ მდიდარი ხართ. იცით, რა არის სიკეთე და რა არის ბოროტება. უარს ნუ იტყვით მათ გამიჯვნაზე, ნუ ჩაგითრევთ შემწყნარებლობა, ხანდაზმულობის ეს საცოდავი ნიშანი. პოეზიას იმის ძალა შესწევს, რომ უცვლელი მორალური ჭეშმარიტებები დაადგინოს. სხვა თავისუფლება მთელი არსებით უნდა შეიძულოთ.

სიმართლე სკანდალურია. მის გარეშე შემართება არ არსებობს. სამყაროს კეთილსინდისიერად და გულუბრყვილოდ მოცემული სურათი უკვე შედევრია. ამ მოთხოვნასთან შედარებით, ორიგინალურობა ნაკლებად მნიშვნელოვანია. ნუ იზრუნებთ მასზე. ნებისმიერ შემთხვევაში, თქვენი ნაკლოვანებების შედეგად, ორიგინალურობა აუცილებლად გამომზეურდება. თქვენი მხრივ, უბრალოდ სიმართლე უნდა თქვათ, უბრალოდ სიმართლე - არც მეტი, არც ნაკლები.

არ შეიძლება, სიმართლეც გიყვარდეთ და სამყაროც. თუმცა თქვენ ხომ უკვე ამოირჩიეთ. ახლა საქმე ისაა, ამ არჩევანს ბოლომდე მიჰყვეთ. სიმამაცისკენ მოგიწოდებთ. იმიტომ კი არა, რომ რაღაცის იმედი უნდა გქონდეთ. პირიქით, იცოდეთ:

მარტოდმარტო იქნებით. ადამიანების უმრავლესობა ცხოვრების მოწყობას როგორღაც ახერხებს, ან კვდება. თქვენ ცოცხალი თვითმკვლელები ხართ.

რაც უფრო უახლოვდებით ჭეშმარიტებას, მით უფრო იზრდება თქვენი მარტოობა. დიდებული შენობაა, თუმცა უკაცრიელი. ცარიელ დარბაზებში დააბიჯებთ, ნაბიჯების ხმა ექოდ გიბრუნდებათ. ჰაერი გამჭვირვალეა და უძრავი; საგნები გაქვავებულებს ჰგვანან. დროდადრო ტირილს იწყებთ, იმდენად ულმობლად წმინდა და თვალისმომჭრელია ის, რასაც ხედავთ. უკან, არცოდნის ნისლში, დაბრუნება გსურთ, მაგრამ გულის სიღრმეში იცით, რომ უკვე გვიანია.

განაგრძეთ. ნუ შეგეშინდებათ. ყველაზე ცუდი უკან დაგრჩათ. რა თქმა უნდა, ცხოვრება კიდევ დაგანგრევთ, მაგრამ მასთან აღარაფერი გესაქმებათ. გახსოვდეთ: არსებითად, უკვე მკვდარი ხართ. თქვენ ახლა მარადისობის პირისპირ იმყოფებით.

სიცოცხლის გაგრძელება და სხვა ტექსტები
ფრანგულიდან თარგმნა - ირმა ტაველიძემ

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში