მიშელ უელბეკი - თავიდან ტანჯვა

„სამყარო კივის. ბეტონი ძალადობის კვალს
აღიბეჭდავს, როდესაც კედლის ნგრევისას ურტყამენ.
ბეტონი კივის. ცხოველის კბილქვეშ ბალახი კვნესის.
და ადამიანი? რას ვიტყვით ადამიანზე?“

სამყარო ყველა მიმართულებით გაშლილი ტანჯვის ველია. მის სათავეშიც ტანჯვის ბირთვია. მთელი ყოფიერება გაფართოება და დაწნეხაა. ყველაფერი იტანჯება, სანამ არსებობას დაიწყებს. არარა ტკივილისგან თრთის, ვიდრე რამედ იქცევა საზიზღარ პაროქსიზმში.

არსებები ვითარდებიან, იცვლებიან და რთულდებიან, მაგრამ პირველად ბუნებას მაინც ინარჩუნებენ. ცნობიერების გარკვეული დონის მიღწევისთანავე კივილი გაისმის. აქედან იწყება პოეზია; აგრეთვე - დანაწევრებული მეტყველებაც.

პირველი პოეტური მცდელობა საწყისთან, ანუ ტანჯვასთან დაბრუნებაა.

ტანჯვის სახეები მნიშვნელოვანია, მაგრამ - არაარსებითი. ყველანაირი ტანჯვა კარგია, ყველანაირი ტანჯვა სასარგებლოა, ყველანაირი ტანჯვა სამყაროა.

ანრი ერთი წლისაა, იატაკზე ჩასვრილი ზის და ღრიალებს. დედა ფილებზე ქუსლების კაკუნით აუვლის და ჩაუვლის, ლიფსა და ქვედაკაბას ეძებს. საღამოს შეხვედრაზე აგვიანდება. საკუთარ განავალში ამოსვრილი ეს პატარა არსება, ფილებზე რომ დაღოღავს, ქალს საშინლად აღიზიანებს. ისიც ღრიალს იწყებს. ანრი უფრო და უფრო მშვენივრად ღრიალებს. დედა მიდის.

ანრიმ პირველი ნაბიჯი გადადგა პოეტად ქცევის გზაზე.

მარკი ათი წლისაა. მამა კიბოთი უკვდება საავადმყოფოში. სხვადასხვა აპარატზე მიერთებული ეს თითქმის უსიცოცხლო არსება, ყელში რეზინის მილით, მამამისია. მას მხოლოდ მზერა აქვს ცოცხალი - ტანჯვისა და შიშის გამომხატველი. მარკიც იტანჯება. მასაც ეშინია. მამა უყვარს. ამავე დროს სურვილი უჩნდება, რომ ის სწრაფად მოკვდეს, რის გამოც თავს დამნაშავედ გრძნობს.

მარკს მუშაობა მოუწევს. მან უნდა გაიღრმავოს გამორჩეული, ნაყოფიერი ტანჯვა: დანაშაულის წმინდა გრძნობა.

მიშელი თხუთმეტი წლისაა. მისთვის ჯერ არც ერთ გოგოს არ უკოცნია. სილვიასთან ცეკვა სურს, მაგრამ სილვია პატრისთან ცეკვავს და ცხადია, რომ ეს სიამოვნებას ანიჭებს. ბიჭი გაშეშებულია. მუსიკა გულის სიღრმემდე სწვდება. მშვენიერი, ნელი მელოდიაა, უჩვეულო სილამაზე. ის ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ასეთი ტანჯვა არსებობდა. ამ წუთამდე მას ბედნიერი ბავშვობა ჰქონდა.

მიშელი ვერასდროს დაივიწყებს იმ კონტრასტს, რომელიც ტკივილისაგან გახევებულ გულსა და მუსიკის შთამბეჭდავ სილამაზეს შორის არსებობს. მისი პოეტური მგრძნობელობა სწორედ ახლა ყალიბდება.

სამყარო ტკივილისაგან იმიტომ შედგება, რომ ის თავისი არსით თავისუფალია. ტანჯვა სისტემის ნაწილებით თავისუფალი თამაშის გარდაუვალი შედეგია. ეს უნდა იცოდეთ და უნდა თქვათ კიდეც.

თქვენ ვერ შეძლებთ, ტანჯვა მიზნად დაისახოთ. ტანჯვა არსებობს, შესაბამისად, მიზანი ვერ გახდება.

ჭრილობების მიყენებისას ცხოვრება ერთმანეთს უნაცვლებს ვერაგულ და პირდაპირ, უხეშ დარტყმებს. ეს ორი რამ უნდა განასხვავოთ. ივარჯიშეთ. სრულყოფილი ცოდნა შეიძინეთ. გაარკვიეთ, რა ყოფს მათ და რა აერთიანებს. ასე ბევრი წინააღმდეგობა გადაიჭრება. ეს თქვენს სიტყვას მეტ ძალასა და წონას შესძენს.

თანამედროვე ეპოქის თავისებურებებიდან გამომდინარე, სიყვარული ვეღარსად ვლინდება; თუმცა სიყვარულის იდეალი ოდნავადაც არ შემცირებულა. ყველა იდეალის მსგავსად, ის დროის მიღმა არსებობს და მას არც შემცირება შეუძლია, არც გაქრობა.

აქედან მომდინარეობს იდეალისა და რეალობის მეტად მყვირალა შეუსაბამობა, რაც წარმოუდგენლად დიდი ტანჯვის წყაროა.

სიყმაწვილის წლები მნიშვნელოვანია. როგორც კი იდეალური, ამაღლებული და სრულყოფილი სიყვარულის კონცეფციას ჩამოაყალიბებთ, თქვენი საქმე წასულია. მას შემდეგ აღარაფერი დაგაკმაყოფილებთ, საკმარისად აღარაფერს ჩათვლით.

თუ ქალებში არ დადიხართ (მორცხვობის, შეუხედავობის ან რაიმე სხვა მიზეზით), ქალთა ჟურნალები იკითხეთ. თითქმის იმავენაირად დაიტანჯებით.

ბოლომდე შედით უსიყვარულობის წიაღში. საკუთარი თავის სიძულვილზე იმუშავეთ. სხვების ზიზღი, საკუთარი თავის სიძულვილი; სხვების სიძულვილი, საკუთარი თავის ზიზღი - ყველაფერი აურიეთ. შეაზავეთ. ცხოვრების ალიაქოთში თავი ყოველთვის წაგებულად ჩათვალეთ. სამყარო, როგორც დისკოთეკა. რაც შეიძლება, მეტი იმედგაცრუება დააგროვეთ. ისწავლო პოეტობა - ეს ნიშნავს, ცხოვრებას გადაეჩვიო.

გიყვარდეთ ან გძულდეთ საკუთარი წარსული, მაგრამ სულ თვალწინ გქონდეთ. საკუთარი თავის შესახებ სრულყოფილი ცოდნა უნდა მიიღოთ. ასე თქვენი ნამდვილი მე თანდათანობით განცალკევდება და მზის გულზე გადაინაცვლებს. სხეული ადგილზე დარჩება: გაბერილი, გასიებული, გაღიზიანებული - ახალი ტანჯვის მომლოდინე.

ცხოვრება ამტანობის შესამოწმებელი ტესტების რიგია. ჩააბარეთ პირველი ტესტები, ჩაიჭერით დანარჩენებში. გაიფუჭეთ ცხოვრება, მაგრამ ბოლომდე არა. და იტანჯეთ, ყოველთვის იტანჯეთ. ყველა უჯრედით ტკივილის შეგრძნება უნდა ისწავლოთ. სამყაროს თითოეული ნამსხვრევი პიროვნულ ჭრილობად აქციეთ. მიუხედავად ამისა, სიცოცხლე გააგრძელეთ - გარკვეული დროის განმავლობაში მაინც.

ნუ შეიზიზღებთ სიმორცხვეს. ოდესღაც მას შინაგანი სიმდიდრის ერთადერთ წყაროდ თვლიდნენ. არც ცდებოდნენ. მართლაც, სურვილისა და მოქმედების დაშორებისას საინტერესო ფსიქიკური მოვლენები შეინიშნება. ადამიანი, რომლისთვისაც ასეთი დაშორება უცნობია, ცხოველს უახლოვდება. პოეტისათვის სიმორცხვე შესანიშნავი ამოსავალი წერტილია.

ცხოვრების მიმართ წყენა გაიღრმავეთ. ეს განაწყენება აუცილებელია ნებისმიერი ჭეშმარიტი ხელოვნების ნაწარმოების შესაქმნელად.

ჰო, ზოგჯერ ცხოვრება ყოველგვარ აზრს მოკლებულად მოგეჩვენებათ. თუმცა გულისწყრომა ყოველთვის ახლოს უნდა დარჩეს, ხელის გაწვდენაზე, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მის გამოხატვას არ ისურვებთ.

და ყოველთვის დაუბრუნდით სათავეს, ანუ ტანჯვას.

როდესაც სხვებში შიშსა და ზიზღნარევ სიბრალულს გამოიწვევთ, იცოდეთ, რომ სწორ გზაზე დგახართ. შეგიძლიათ, წერა დაიწყოთ.

სიცოცხლის გაგრძელება და სხვა ტექსტები
ფრანგულიდან თარგმნა - ირმა ტაველიძემ

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში