მიშელ უელბეკი - გადარჩენა

„ლიტერატურა ერთადერთი სფეროა, სადაც
შეგიძლიათ, გროშიც ვერ იშოვოთ და
არავინ დაგცინოთ ამისათვის“, - ჟიულ რენარი

მკვდარი პოეტი ვერაფერს წერს. ამიტომ არის აუცილებელი, რომ იცოცხლოთ.

მარტივი დასკვნაა; თუმცა ამ პირობის შესრულება ზოგჯერ მაინც გაგიჭირდებათ, განსაკუთრებით, შემოქმედებითი სტერილურობის გაწელილ პერიოდებში. სიცოცხლის გაგრძელება, ასეთ შემთხვევებში, მტანჯველ უაზრობად მოგეჩვენებათ - სულერთია, მაინც ვეღარ წერთ.

მხოლოდ ერთი პასუხი არსებობს: სინამდვილეში, არაფერი იცით. თუ საკუთარ თავს წესიერად შეამოწმებთ, ბოლოს იძულებული გახდებით, აღიაროთ, რომ ასეა. რამდენ უცნაურ ამბავს შევსწრებივართ.

თუ აღარ წერთ, ეს ალბათ ფორმის შეცვლის წინაპირობაა; ან თემის შეცვლის; ან ორივესი. სავსებით შესაძლებელია, ეს შემოქმედებითი სიკვდილის წინაპირობა იყოს. თუმცა თქვენ არაფერი იცით. ბოლომდე ვერასდროს შეიცნობთ საკუთარი თავის იმ ნაწილს, რომელიც წერისკენ გიბიძგებთ. მას მხოლოდ მიახლოებით თუ წარმოიდგენთ, თანაც ურთიერთსაწინააღმდეგო ფორმებით. ეგოიზმი თუ თავგანწირვა? სისასტიკე თუ თანაგრძნობა? შეიძლება ეს ყველაფერი ერთად იყოს, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ არაფერი იცით; ჰოდა, ისე ნუ მოიქცევით, თითქოს ყველაფერი იცოდეთ. თქვენი უმეცრების წინაშე, თქვენი არსების ამ იდუმალი ნაწილის წინაშე იყავით პირნათელი და მორჩილი.

მთავარი მხოლოდ ის კი არ არის, რომ ხანდაზმული პოეტები გაცილებით მეტის დაწერას ასწრებენ, მოხუცებულობის დროს განსაკუთრებული ფიზიკური და ფსიქიკური პროცესები ვითარდება და სამწუხარო იქნება, თუ ამას არ გამოსცდით.

როგორც ხედავთ, გადარჩენა უკიდურესად ძნელია. შეგიძლიათ პესოას სტრატეგიის ათვისებაზეც იფიქროთ: იშოვოთ პატარა სამუშაო, არაფერი გამოაქვეყნოთ, სიკვდილს მშვიდად დაელოდოთ.

ამის განხორციელებისას მნიშვნელოვან სირთულეებს წააწყდებით: განცდას, თითქოს დროს კარგავთ, იქ არ ხართ, სადაც უნდა იყოთ, სათანადოდ არ გაფასებენ... ძალიან მალე ეს ყველაფერი აუტანელი გახდება. გაგიჭირდებათ, ალკოჰოლს თავი აარიდოთ. საბოლოოდ, თქვენს გულში მწარე ნაღველი დაისადგურებს, რასაც აპათია და სრული შემოქმედებითი სტერილურობა მოჰყვება.

ამ გამოსავალს თავისი უხერხულობები ახლავს, მაგრამ, როგორც ჩანს, ის მაინც ერთადერთია. ნურც იმ ფსიქიატრებს დაივიწყებთ, რომლებსაც ავადმყოფობის ცნობის გაცემის უფლება აქვთ. მეორე მხრივ, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში დიდხანს ყოფნაც არ უნდა დაუშვათ - მეტად მავნეა. მას მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ, როგორც ხიდქვეშ ცხოვრების ალტერნატივას.

სოციალური თანადგომის მექანიზმები (უმუშევრებისთვის განკუთვნილი ფულადი დახმარება და ა.შ.) მთლიანად უნდა გამოიყენოთ, ისევე როგორც შეძლებული მეგობრების ფინანსური მხარდაჭერა. ამის გამო სინდისის ქენჯნა მომეტებულად ნუ შეგაწუხებთ. პოეტი წმინდა პარაზიტია.

პოეტი წმინდა პარაზიტია; მდიდარი და ხრწნადი საზოგადოების სხეულზე ძველეგვიპტური ხოჭოსავით ნებივრობს. თუმცა მას თავისი ადგილი ძლიერ და მკაცრ საზოგადოებაშიც აქვს.

არ უნდა იბრძოლოთ. მოკრივეები იბრძვიან, პოეტები - არა. თუმცა ხანდახან მცირეოდენი რამ მაინც უნდა გამოაქვეყნოთ. ეს აუცილებელი პირობაა იმისათვის, რომ სიკვდილისშემდგომი აღიარება მოიპოვოთ. თუ ტექსტების მინიმალურ რაოდენობასაც არ გამოაქვეყნებთ (თუნდაც მხოლოდ რამდენიმეს მეორეხარისხოვან ჟურნალში), მომავალი თაობები, ისევე როგორც თანამედროვეები, ვერ შეგნიშნავენ. სრულყოფილი გენიოსიც რომ იყოთ, შესამჩნევი კვალი მაინც უნდა დატოვოთ; დანარჩენი ლიტერატურის არქეოლოგებს მიანდეთ - ისინი ყველაფერს ამოთხრიან.

იქნებ ყველაფერი წყალშიც ჩაგეყაროთ, როგორც ხშირად ხდება ხოლმე. სულ ცოტა, დღეში ერთხელ მაინც უნდა გაიმეოროთ, რომ მთავარია, საკუთარი შესაძლებლობები ბოლომდე ამოწუროთ.

საყვარელი პოეტების ბიოგრაფიების შესწავლა დიდად დაგეხმარებათ; ეს საშუალებას მოგცემთ, ზოგიერთი შეცდომა თავიდან აიცილოთ.

გაითავისეთ საერთო წესი, რომ მატერიალური გაჭირვებიდან კარგი გამოსავალი არ არსებობს, ძალიან ცუდი - რამდენიც გნებავთ.

ზოგადად, საცხოვრებელ ადგილზე ბევრი ფიქრი არ ღირს. იქ იცხოვრეთ, სადაც მოგიხერხდებათ. უბრალოდ, ძალიან ხმაურიან მეზობლებს ერიდეთ - მხოლოდ მათ შეუძლიათ სრულ ინტელექტუალურ სიკვდილამდე მიგიყვანონ.

პროფესიულ საქმიანობაში მცირე ხნით ჩართვა საზოგადოების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ გარკვეულ ცოდნას მოგცემთ, რომელსაც, საჭიროების შემთხვევაში, ლიტერატურულ ნაწარმოებში გამოიყენებთ. თუმცა ხიდქვეშ მარგინალურად ცხოვრებას სხვა სახის ცოდნის მოცემა შეუძლია. იდეალური იქნება, თუ მათ ერთმანეთს შეუნაცვლებთ.

სხვა ცხოვრებისეული გამოცდილებები, მაგალითად, ჰარმონიული სექსუალური ცხოვრება, ქორწინება, ბავშვების ყოლა, ასევე სასარგებლო და ნაყოფიერია. თუმცა აქამდე მიღწევა თითქმის შეუძლებელია. მხატვრულ პლანშიც ისინი თითქმის აუთვისებელია.

ძირითადად მწარე ნაღველსა და საკუთარ შიშებს შორის იქანავებთ. ორივე შემთხვევაში ალკოჰოლი დაგეხმარებათ. მთავარია, დროდადრო მაინც ამოისუნთქოთ, რაც ნაწარმოების შექმნას შეგაძლებინებთ. ასეთი პერიოდები მოკლე იქნება. ეცადეთ, ბოლომდე გამოიყენოთ.

ნუ შეგეშინდებათ ბედნიერების. ის არ არსებობს.

სიცოცხლის გაგრძელება და სხვა ტექსტები
ფრანგულიდან თარგმნა - ირმა ტაველიძემ

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში