ომერ სეიფედინი - პირველი ცოდვა

მთელი სიცოცხლე სინანულსა და წუხილში გამიტარებია. ეს საშინელი სასჯელი თან მას შემდეგ მდევს, რაც შევიცან თავი ჩემი. ალბათ ოთხი წლისაც კი არ ვიქნებოდი, როდესაც პირველი ცოდვა ჩავიდინე და დღესაც კი, სამი ათეული წლის შემდეგ, მისი გახსენება ჯოჯოხეთურ ტკივილს მაყენებს. საოცარი ისიც არის, რომ არც ერთი მსგავსი ამბავი არ დამვიწყებია და ჩემი მეხსიერებაც თითქოს იმისთვის არსებობს, რომ დაუსრულებელი მწუხარება მომაყენოს.
* * * 
ჰო, ოთხი წლისა თუ ვიქნებოდი... როგორც მოგახსენეთ, იმაზე ადრინდელი ამბები არ მახსენდება. ცნობიერება უეცრად იჩენს თავს, უცებ მეხივით დაგვეცემა ხოლმე... ტოლსტოი იმასაც კი ამბობს, მშვენივრად მახსოვს, რვა-ცხრა თვის ბავშვი აბაზანაში როგორ ჩავძვერიო. სამყაროს პირველი შეცნობა ხომ დიდი ბედნიერებაა!

პირველი ამბავი, რომელიც ჩემს გონებაში აღიბეჭდა, გემზე მოხდა. ახლაც ცხადად მიდგას თვალწინ, თითქოს ქვეყნად იმწამს გავჩენილიყავ. დედას გულში ვყავდი ჩახუტებული. ჩვენ გარშემო ქალები ირეოდნენ, ხმაურობდნენ. დედაჩემი ერთ ყვითელთმიან ახალგაზრდა ქალს ებაასებოდა, თან პაპიროსს ეწეოდნენ. დედამ პაპიროსი პატარა ვერცხლის მაშას წამოაცვა. მე იმ მაშას წავეპოტინე.

- აიღე, მაგრამ პირში არ ჩაიდო!

დედამ ის პატარა ლამაზი მაშა მე მომცა, პაპიროსის ნამწვი კი ზღვაში გადაისროლა.

მგონი, ზაფხული იყო - მზიანი კაშკაშა დღე იდგა. დედა მეზობელ ქალს ებაასებოდა, თან ცისფერფრთებიანი მარაოთი წყნარად ინიავებდა. მე დედას მკერდიდან ჩამოვუცურდი, მაგრამ მან ხელის წავლება მოასწრო და გვერდით მომისვა. ვერცხლის პაწია მაშის რგოლს თითი გავუყარე და დედისგან მალულად პირში ჩავიდე, თან კბილები გამეტებით მოვუჭირე.

ყვითელთმიან ქალს ცისფერი თავსაფარი ეხვია... მე თეთრებში ვიყავი გამოწყობილი. თავზე არაფერი მეხურა. არ მჭირდებოდა. ხშირი, გაბუჩქული თმა მქონდა. დედა თავზე ხელს მისვამდა, თმას მისწორებდა, მე კი უნებლიეთ თავს მაღლა ვწევდი. მზისგან გახურებული ტენტის კიდეზე შევნიშნე, რომ ხელისგულისტოლა რაღაც ჩრდილი ირწეოდა.

- დედა, შეხედე, - ავყვირდი უცებ.

დედამ თავი აიღო.

- ჩიტი ჩამომჯდარა.
- დედა, ის ჩიტი მინდა!
- ვერ დავიჭერთ, შვილო.

მე არ მოვეშვი. იმ ჩრდილს დედამ ქოლგა აუქნია, მაგრამ ჩრდილი არ განძრეულა. მაშინ თანამოსაუბრეს მიუბრუნდა:

- არც კი ინძრევა.
- ნეტავ, რატომ?
- ბარტყი იქნება.
- ...
- დედა, ბარტყი მინდაა!

დედამ მარაო დაკეცა, იღლიებში ხელი ჩამავლო და მაღლა ამწია. ისე ვეჭირე, თითქოს იმ ბარტყს პატარა თოფს უმიზნებსო.

- აბა, უცებ წაავლე ხელი!

თავი ტილოს ტენტისკენ რომ შევაბრუნე, მზის კაშკაშა სხივებმა თვალი მომჭრა. ხელები მაინც გავიწოდე და... ჩიტი დავიჭირე. დედამ გამომართვა და აკოცა, ყვითელთმიანმა ქალმაც აკოცა, მეც ვაკოცე.

- აჰ, საცოდავი, ბარტყი ყოფილა.
- თოლიის ბარტყი.
- ამას ფრენა არ შეუძლია.
- ზღვაში თუ ჩავარდა, დაიხრჩობა.
- ...

საუბარში სხვებიც ჩაერივნენ. თავს დანანებით აქნევდნენ და ამბობდნენ - ამას რაღა აცოცხლებსო.

- აჰ, საცოდავი, საცოდავი, - წუხდა დედაჩემი.

იგი ბარტყს დიდხანს, დიდხანს ეფერებოდა, ბოლოს მე მომცა, შინ წავიყვანოთ, იქნებ იცოცხლოსო, მაგრამ გაფრთხილდი, არ დაახრჩოო.

- არ დავახრჩობ.
- ისე გეჭიროს.

ვერცხლის პატარა მაშას პატარა პაპიროსი წამოაცვა, კვლავ მეზობელ, ყვითელთმიან ქალთან გააბა საუბარი.

საცოდავი ფრინველი ისეთი თეთრი იყო, ისეთი, რომ... ფრთების წვრილი ძვლები აშკარად უჩანდა. წითელი ფეხები კი ისეთი სუსტი ჰქონდა, რაში გამოადგებოდა, არ ვიცი... წითელი ნისკარტის კიდეზე ყვითელი ნიშა ემჩნეოდა, თითქოს რაღაც უჭამია და ზედ დარჩენიაო. თვალები კი მრგვალი, ძალზე მრგვალი თვალები ჰქონდა. ბარტყი კისერს იგრძელებდა და აქეთ-იქით იხედებოდა.

დედას თვალი შევავლე. საუბარში ისე იყო გართული, ჩემკენ არც იყურებოდა. ფრინველის გაწვდილ კისერს ხელი ჩავავლე და ნელ-ნელა მოვუჭირე. გამწარებულმა ფრთები გაასავსავა. მაშინ ერთი ხელი ფრთებში ჩავავლე, მარჯნისფერი გაწრიოკებული ფეხები მუხლებშუა მოვიქციე და უფრო მაგრად მოვუჭირე ხელი. ისე ვუჭერდი, რომ კბილები მტკიოდა... ჩიტს ყვითელნიშა ნისკარტი აუკანკალდა, ალისფერი წამახული ენა გადმოაგდო, მრგვალი თვალები ჯერ გაუფართოვდა, დაებერა, მერე ძალიან დაუპატარავდა და ბოლოს უპეებში ჩაემალა კიდეც. მე უეცრად ხელი შევუშვი, საცოდავი ფრინველი ტყაპანით დაეცა ძირს.

- ...

დედა მობრუნდა, დაიხარა და ჯერ ისევ თბილი ფრინველი ხელში აიღო. საწყალი, მომკვდარაო, წამოიძახა, მერე კი ეჭვით მომაჩერდა.

- რა ქენი?
 - ...
- დაახრჩვე?
- ...
- თქვი!
- ...

პასუხი არ გამიცია, უცებ ავღრიალდი. ყვითელთმიანმა ქალმა დედას მკვდარი თოლია გამოართვა.

- აჰ, რა დიდი ცოდვაა!
- ...
- საცოდავი.
- ...

დანარჩენი ქალებიც აყაყანდნენ. ჩვენ წინ ერთი სქელი მოხუცი ქალი იჯდა. ჩემი საქციელი ყველას გააგებინა:

- დაახრჩო, ღმერთმანი, დავინახე, რა საძაგელი ბიჭია!
- ...

ფერდაკარგული დედაჩემი მოღუშული შემომცქეროდა. ხმის კანკალით მითხრა:

- შე მხეცო, შენა...

იმდენი ვიტირე და ვიღრიალე, რომ დღესაც არ ვიცი, როდის, სად და როგორ გამაჩუმეს. ასე მგონია, სამუდამოდ მტირალი დავრჩი...
* * * 
უნებლიეთ ჩადენილი ცოდვის შემდეგ ოცდაათ წელზე მეტი გავიდა. ახლაც, როდესაც გემბანზე ავდივარ, როცა თოლიას მოვკრავ თვალს, გუნება მომეშხამება და ბავშვივით ტირილი მომინდება ხოლმე... მკერდის შიგნით რაღაცა ტკივილი გამკრავს, თან ყურებში საწყალი დედაჩემის აკანკალებული ხმა მიდგას:

- შე მხეცო, შენა...

თარგმნა - გიორგი შაყულაშვილმა

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში