უმბერტო ეკო - რა თქმა უნდა, ხელნაწერი (ვარდის სახელი)

1968 წლის 16 აგვისტოს ხელში ჩამივარდა წიგნი, რომელიც ვინმე აბატ ვალეს კალამს ეკუთვნოდა: „Le manu-script de Dom Adson de Melk, traduit en français d’après l’édition de Dom J. Mabillon“ (Aux Presses de l’Abbaye de la Source, Paris, 1842). გამოცემა, რომელსაც მწირი ისტორიული მითითებები ერთვოდა, ხივ საუკუნის ხელნაწერის ზედმიწევნით გამეორების მცდელობა იყო.

თავის მხრივ, ეს ხელნაწერი მელქის მონასტერში უპოვია მეჩვიდმეტე საუკუნის ერთ სწავლულს, რომელსაც უდიდესი ღვაწლი მიუძღვის ბენედიქტელთა ორდენის ისტორიის შესწავლაში. ამ ღირსშესანიშნავი აღმოჩენით გახალისებულს (მე უკვე მესამე ვიყავი, ვინც ეს ხელნაწერი აღმოაჩინა), პრაღაში ძვირფასი ქალის მოლოდინში მარტოობა არც კი მიგრძნია. სამი დღის შემდეგ საბჭოთა ჯარებმა დაიპყრეს ბედკრული ქალაქი. მე გამიმართლა და ლინცს, ავსტრიის საზღვარს, მივაღწიე, ვენაში კი ჩემს მეგობარ ქალს შევხვდი და ერთად ავუყევით აღმა დუნაის.

უდიდესი გზნებით, მოჯადოებული ვკითხულობდი მელქელი ადსოს შემზარავ ამბავს. გატაცებულმა, თითქმის სულმოუთქმელად ვთარგმნე მისი მონათხრობი „ჟოზეფ ჟიბერის“ რვეულებში, რომლის ფურცლებზეც ასე სასიამოვნოა წერა, თუ კალამი რბილია. მელქის შემოგარენს მივადექით, სადაც მდინარის პირას, შემაღლებულზე, საუკუნეთა მანძილზე მრავალჯერ რესტავრირებული ულამაზესი მონასტერია აღმართული. თუმცა, როგორც მკითხველი თავადაც მიხვდება, მონასტრის ბიბლიოთეკაში ადსოს ხელნაწერის კვალსაც ვერ მივაგენი.

ზალცბურგში ჩასვლამდე, ერთ უბედურ ღამეს, მონდზეეს ნაპირზე მდებარე პატარა სასტუმროში უეცრად დასრულდა ჩვენი მოგზაურობა: ჩემი თანამგზავრი გაქრა და აბატ ვალეს წიგნიც თან გაიყოლა, თუმცა ეს განგებ კი არ გაუკეთებია, არამედ თავისი უთავბოლობითა და უპასუხისმგებლობით. ჩვენს ურთიერთობასაც ამით მოუღო ბოლო. ასე დამრჩა საკუთარი ნაწერით სავსე რვეულები ხელთ და ვეებერთელა სიცარიელე გულში.

რამდენიმე თვის შემდეგ პარიზში გადავწყვიტე, ბოლომდე მიმეყვანა კვლევა. ფრანგული წიგნიდან შემორჩენილ მწირ ცნობებს შორის იყო მითითებაც წყაროზე, უაღრესად დაწვრილებითი და ზუსტი: Vetera analecta, Sive Collectio Veterum aliquot operum & Opusculorum omnis generis, Carminum, Epistolarum, Diplomatum, Epitaphiorum, & cum itinere Germanico, Adnotationibus & aliquot disquisitionibus R.P.D. Joannis Mabillon, Presbiteri ac Monachi Ord. Sancti Benedicti e Congregatione S. Mauri. – Nova Editio Cui accessere Mabilonii Vita & aliquot opuscula, scilicet Dissertatio de Pane Eucharistico, Azymo et Fermentato, ad Eminentiss. Cardinalem Bona. Subjungitur opusculum Eldefonsi Hispaniensis Episcopi de eodem argumento Et Eusebii Romani ad Theophilum Gallum epistola, De cultu Sanctorum Ignoturum, Parisiis, apud Levesque, ad Pontem S. Michaelis, MDCCXXI, cum privilegio Regis.

სასწრაფოდ მოვიძიე „ვეტერა ანალეცტა“ სენტ-ჟენევიევის ბიბლიოთეკაში, მაგრამ, ჩემდა გასაოცრად, ამ გამოცემას ორი რამ განასხვავებდა იმისგან, რომელსაც ვეძებდი: გამომცემელი იყო მონტალანტ, ად ღიპამ პ. პ. აუგუსტინიანორუმ (პროპე პონტემ შ. მიცჰაელის), თარიღი კი ორი წლით გვიანდელი. აღარცაა საჭირო თქმა, რომ ეს „ანალეცტა“ არავითარი მელქელი ადსოს, ანუ ადსონის, ხელნაწერს არ შეიცავდა. ესაა უბრალოდ, როგორც ყველას შეუძლია გადაამოწმოს, მცირე და საშუალო ტექსტების კრებული, ვალეს მონათხრობი კი ასობით გვერდზე იყო გაშლილი. შუა საუკუნეების უდიდეს მკვლევარებს დავეკითხე, მათ შორის უძვირფასეს და დაუვიწყარ ეტიენ ჟილსონს, მაგრამ ნათელი იყო, რომ ერთადერთი „ვეტერა ანალეცტა“ სწორედ ის იყო, რომელიც სენტ-ჟენევიევში ვიხილე. პასის მიდამოებში მდებარე ლა-სურსის სააბატოში შევლამ და ჩემს მეგობარ მამა არნე ლაანეშტედტთან საუბარმაც დამარწმუნა, რომ არავითარ აბატ ვალეს არ დაუბეჭდავს ნაშრომები სააბატოს სტამბაში (არც კი არსებულა ასეთი სტამბა).

ყველასათვის ცნობილია, რა ზედაპირულნი არიან ფრანგი მკვლევრები ბიბლიოგრაფიული მითითებებისას, მაგრამ ეს შემთხვევა ყოველგვარ ზღვარს სცილდებოდა. ვიფიქრე, ყალბი დოკუმენტი ჩამივარდა ხელში-მეთქი. თავად ვალეს წიგნს ვეღარაფრით დავიბრუნებდი (ყოველ შემთხვევაში, იმას ვეღარ ვთხოვდი, ვისაც ის წაჰყვა). მოკლედ, საკუთარი შენიშვნებიღა მრჩებოდა, მათში კი უკვე თავადაც მეპარებოდა ეჭვი.

არსებობს რაღაც მაგიური წამები უკიდურესი გადაღლილობისა და უდიდესი ფიზიკური აგზნებულობისა, როდესაც წარსულში გაცნობილი ადამიანები გვიდგებიან ხოლმე თვალწინ („en me retraçant ces details, j’en suis à me demander s’ils sont réels, ou bien si je les ai rêvés“). მოგვიანებით აბატ ბუკუას მშვენიერ წიგნში ამოვიკითხე, რომ შეიძლება, ადამიანს ჯერ წაუკითხავი წიგნების ხილვაც ეწვიოს.

ალბათ, დღემდე უპასუხოდ დამრჩებოდა კითხვა, საიდან მოდიოდა მელქელი ადსოს ამბავი, რომ არა ერთი შემთხვევა: 1970 წელს ბუენოს-აირესში, კორიენტესის ქუჩის ყველაზე ცნობილ პატიო დელ ტანგოს მახლობლად, ერთი პატარა ანტიკვარული წიგნის მაღაზიის დახლზე მილო ტემეშვარის წიგნის კასტილიურ ვერსიას წავაწყდი „ჭადრაკის თამაშში სარკეების ხმარების შესახებ“, რომელიც ადრეც მიხსენებია (და არც პირველი ვყოფილვარ) ჩემს წიგნში „აპოკალიფსურნი და ინტეგრირებულნი“, როცა მის უკანასკნელ ნაშრომს - „აპოკალიფსის გამყიდველებს“ განვიხილავდი. ეს იყო აწ უკვე სამუდამოდ დაკარგული ქართული ტესქსტის (რომელიც თბილისში იყო გამოცემული 1934 წელს) თარგმანი და მასში, ჩემდა გასაოცრად, სიტყვასიტყვით მეორდებოდა მონაკვეთები ადსოს ხელნაწერიდან, მაგრამ წყაროდ არც ვალე იყო მითითებული და არც მაბიიონი, არამედ - ვინმე ბერი ათანასე კირხერი (მაგრამ მისი რომელი თხზულება?). ერთი მეცნიერი, რომლის დასახელებასაც საჭიროდ არ მივიჩნევ, შემდგომ მარწმუნებდა (ზეპირად ახსოვდა კირხერის ნაშრომები), რომ დიდ იეზუიტს არასოდეს უხსენებია მელქელი ადსო. მაგრამ ტემეშვარის გვერდები ხელთ მქონდა და ის ეპიზოდები ზუსტად ემთხვეოდა ვალეს ხელნაწერში აღწერილს (განსაკუთრებით ლაბირინთის აღწერა არ ტოვებდა ეჭვს). რაც უნდა დაეწერა ამაზე ბენიამინო პლაჩიდოს, აბატი ვალე არსებობდა და უეჭველად არსებობდა მელქელი ადსოც.

ვიფიქრე, რომ ადსოს მოგონებების ბედი საოცრად ჰგავდა მისსავე მონათხრობს: მათშიც ყველაფერი იდუმალებითაა მოსილი, ავტორის ვინაობით დაწყებული მონასტრის ადგილმდებარეობით დამთავრებული (რაზეც ადსო ჯიუტად დუმს), თუმცა დაახლოებით შეიძლება მოვიაზროთ ადგილი პომპოზისა და კონკის სიახლოვეს, აპენინის ქედის გასწვრივ - პიემონტს, ლიგურიასა და საფრანგეთს შორის (ანუ სადღაც ლერიჩიდან ტურბიამდე). ასევე სავარაუდოდ შეიძლება ითქვას, რომ აღწერილი მოვლენები 1327 წლის ნოემბრის მიწურულს ხდება, მაგრამ როდის წერს ავტორი, გაუგებარია. თუ გამოვთვლით, რომ 1327-ში ის მონასტრის მორჩილია, მოგონებებს კი უკვე სიკვდილს მიახლოებული წერს, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ხელნაწერილი XIV საუკუნის ბოლო ათ-ოც წელიწადშია დაწერილი.

მოკლედ, არცთუ ბევრი მიზეზი მქონდა საიმისოდ, რომ გამომექვეყნებინა მეთოთხმეტე საუკუნის მიწურულს გერმანელი ბერის მიერ ლათინურად დაწერილი ტექსტის მეჩვიდმეტე საუკუნის ლათინური გამოცემის ფრანგული ნეოგოთური ვერსიის ჩემი იტალიური თარგმანი.

პირველ რიგში, რა ენობრივი სტილისთვის მიმემართა წერისას? იმ პერიოდის იტალიურთან მორგების ცდუნება იმთავითვე უკუვაგდე, როგორც სრულიად გაუმართლებელი: ადსო არა მხოლოდ წერს ლათინურად, არამედ ტექსტიდან ცხადა ჩანს, რომ ის (და ის მონასტერიც, რომელიც მასზე აშკარა ზეგავლენას ახდენს) ბევრად უფრო ძველ კულტურას მიეკუთვნება. ნათლია, რომ ეს ცოდნისა და სტილისტურ ჩვევათა მრავალსაუკუნოვანი ნაზავია, რომელიც ადრეული შუა საუკუნეების ლათინურ ტრადიციას უკავშირდება. ადსო აზროვნებს და წერს, როგორც პატრისტიკულ და სქოლასტიკურ ტექსტებზე აღზრდილი ბერი, შეუვალი ხალხური ენის მიმართ და სიღრმისეულად დაკავშირებული იმ ბიბლიოთეკის კედლებში დაცულ თხზულებებთან, რომელზეც მოგვითხრობს. მისი ამბავი კი (XIV საუკუნის ამბებსა და მინიშნებებს თუ არ ჩავთვლით, რომლებსაც თავად ადსოც მუდამ ყოყმანით, ყურმოკრულივით ახსენებს), თხრობის ენითა და ციტირებების მიხედვით შეიძლებოდა XII ან XIII საუკუნეში დაწერილად ჩაგვეთვალა.

მეორე მხრივ, ცხადია, რომ ადსოს ლათინურის თავის ნეოგოთურ ფრანგულზე თარგმნისას ვალეს საკუთარიც ბევრი ჩაურთავს და არა მხოლოდ სტილისტური თვალსაზრისით. მაგალითად, პერსონაჟები დროდადრო მცენარეთა გარკვეულ თვისებებზე ლაპარაკობენ, რაც აშკარად ეხმიანება საუკუნეთა მანძილზე უამრავჯერ გადაკეთებულ „საიდუმლოთა წიგნს“, რომელსაც ალბერტ დიდის კალამს აკუთვნებენ. ცხადია, ადსოს უნდა სცნობოდა ეს წიგნი, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მის მიერ ციტირებული ადგილები სიტყვასიტყვით იმეორებს, გნებავთ პარაცელსუსის რეცეპტებს და გნებავთ, აშკარა ჩანართებს „ალბერტის“ ერთ-ერთი გამოცემიდან, რომელიც უდავოდ ტიუდორების ეპოქისაა. მოგვიანებით ისიც გავარკვიე, რომ მაშინ, როცა ვალე ადსოს ხელნაწერს იწერდა (?), პარიზში დიდი და მცირე ალბერტის მეთვრამეტე საუკუნისეული გამოცემები არსებობდა, უკვე შეუქცევადად შერყვნილი. და მაინც დარწმუნებული ვერ ვიქნებით, რომ ტექსტი, რომელზეც ადსო (ან თუნდაც ის ბერები, რომელთაც ის ამა თუ იმ დიალოგს მიაწერს) მუშაობდა, შენიშვნებს, სქოლიოებსა და მრავალრიცხოვან დანართებს შორის ისეთ მინიშნებებსაც არ შეიცავდა, რომლებიც შემდგომი ეპოქების კულტურას ასაზრდოებდა.

დაბოლოს, ლათინურად უნდა გადმომეტანა მონაკვეთები, რომელთა თარგმნაც თავად აბატ ვალეს არ მიუჩნევია საჭიროდ, ალბათ, ეპოქის სურნელის შესანარჩუნებლად. ერთადერთი მიზეზი მქონდა საამისოდ (იქნებ, ვცდები კიდეც) - წყაროსადმი ერთგულება... ზედმეტი მოვაშორე, მაგრამ რაღაც დავტოვე და ვშიშობ, ვაითუ იმ უვარგისი მწერალივით მომივიდა, რომელიც თუკი ფრანგ მოქმედ პირს გამოიყვანს სცენაზე, უსათუოდ დააძახებინებს ხოლმე: „parbleu!” და “la femme, al! la femme!”.

და მაინც ეჭვებით ვარ აღსავსე. მართლა არ ვიცი, როგორ მეყო გამბედაობა, ორიგინალად წარმომედგინა ადსოს ხელნაწერი. სიყვარულს დააბრალეთ. ან, გნებავთ, ძველ და მრავალრიცხოვან აკვიატებათაგან თავის დაღწევის ერთგვარ მცდელობად ჩამითვალეთ.

ვიწერ ხელნაწერს და დღევანდელობის საზრუნავი არ მადარდებს. იმ წლებში, როცა ვალეს ტექსტი აღმოვაჩინე, ბატონობდა აზრი, რომ წერისას აწმყოს პრობლემებზე უნდა იფიქრო, სამყაროს შეცვლა დაისახო მიზნად. ახლა კი, ათი წლის გადასახედიდან, წიგნიერი კაცის (რომელიც თავის უზენაეს ღირსებას უბრუნდება) ნუგეში ისაა, რომ უბრალოდ მწერლობის სიყვარულითაც შეიძლება წერა. ასე რომ, ახლა აღარაფერი მზღუდავს, თუნდაც მხოლოდ სიუჟეტისადმი ტრფიალით მოგითხროთ მელქელი ადსოს ამბავი. და კიდევ უფრო მამხნევებს და მანუგეშებს, რომ ეს ამბავი ასე უსაშველოდ შორეულია (ახლა, როდესაც გონების სიფხიზლემ მისივე ძალის ნაშობი ურჩხულნი მიმოფანტა), ასე დიდებულად მოწყვეტილია ამჟამინდელობას, უსასრულოდ დაშორებული ჩვენს იმედებს, ეჭვებსა და უეჭველობას.

რადგან ესაა ამბავი წიგნებისა და არა ყოველდღიური უბადრუკობისა, და მისმა კითხვამ შეიძლება გვიბიძგოს, დიდ კემპელ მიმბაძველთან ერთად წარმოვთქვათ: „in omnibus requiem quaesivi, et nusquam inveni nisi in angulo cum libro” (სად არ ვეძიე სიმშვიდე და ვპოვე იგი ოდენ კუთხეში, წიგნით ხელში - ლათ.)

თარგმნა - ხათუნა ცხადაძემ
გამომცემლობა „დიოგენე“, 2011,2012წ.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში