ირაკლი ჩარკვიანი - მეფე ირაკლის ლექსები | საქართველო | როცა მე წავალ | ავტოპორტრეტი | წერილი პლატონს
საქართველო
მოვიდა დრო, რომ კიდევ ერთხელ მეორიო თავს.
მე გაძლევ ფიც,ს რომ სიყვარული კინოს აღარ ჰგავს.
ვიცი, ყოველთვის და ყველგან ვატარებდი ცდებს.
მე მოგცემ ძალას, მოერიო დაჟანგებულ ფრთებს.
ხომ ხედავ შენი გაბზარული გული ჩემით ცემს.
შენ იცი სიყვარული, აზრი აღარა აქვს წლებს.
მითხარი, რომ ეს განცდა ანარქიას აღარ ჰგავს.
მე აღარ წავა, ისევ მოგაბეზრებ თავს.
მე ძველ ფოტოებს ჩემი ქურის ცეცხლზე ვწვავ.
მე შენი მთების გარდა აღარაფრის აღარ მწამს.
ამდენი ხანი ვამბობ, რასაც არ ანდობენ სხვას.
მე უკვე აქ ვარ, აღარ გადმოვცურავ ზღვას!
ჩვენს განშორებას, როგორც სიკვდილს გული ვერ იტევს
და ტელეანძა, როგორც ჯვარი საფლავს დაადგეს.
დრო იტყვის ყველაფერს, რასაც ვერ მოვასწრებ რომ ვთქვა,
თქვენ იზამთ ყველაფერს, რასაც ვერ მოვასწრებ, რომ ვქნა!
და ჩემგან დარჩენილ დაფლეთილ ათას ტომს
ბავშვები ნახავენ, თუ ოდესმე მოვიგებთ ომს...
ჩვენ მოვიგებთ ომს!
როცა მე წავალ
ქარვისფერ ყანათა ღელვა დარჩება,
მეწამული მზის წვა, მდუმარება...
ფრთამოტეხილი მერცხლის საშველად
მე მარტო წავალ!
გაკურთხოთ ღმერთმა და დამივიწყეთ,
დაე, სხვა გემები მორეკოს წყალმა...
გემუდარებით,
იცინეთ,
იცინეთ,
როცა მე წავალ!
ავტოპორტრეტი
მე ვდგავარ დიდი, როგორც ხეოფსი,
არ ველოდები არაფერს.
მსახური ცათა, პრომეთეოსი,
ვინც მოუტანა ცეცხლი ქალაქებს.
მე ვესალმები მძინარე მთვარეს,
ვემშვიდობები ცისფერ განთიადს,
უმძიმეს ლოდებს ცისკენ მივათრევ,
როგორც სიზიფემ ძველად ათრია.
ლოდებს აბსურდის, უმიზნობის,
მხრით ვეზიდები მომავლისაკენ.
გამოცდილებას ყველა დროების
მე მივაგორებ მრგვალი მზისაკენ.
შემდეგ კი ისევ ვბრუნდები უკან,
ისევ მიყვარხართ, ისევ ვკამათობ.
დროვ, მოგონილო, დამნებდი, ნუ მკლავ.
ეჰ, ჩმო ღვინოვ, შენც აღარ მათრობ.
სილამაზეში ვერ ვხედავ შვებას
და არ მამშვიდებს ტახტი მეფური;
არც წამებულის მაღელვებს ვნება,
არც გულისცემა მოდუნებული.
როდესაც წვიმა წამოვა ციდან,
როდესაც მეხი ანგრევს დარაბებს,
როდესაც ცაში თვით ღმერთი გმინავს,
მაშინ ოცნება თვალებს აახელს.
და მაშინ ვიგრძნობ მე აღმაფრენას,
ბოლო სტრიქონს რომ დავუსვამ წერტილს.
მხოლოდ იმ წუთას ვადიდებ ზეცას
და ჩემს უმანკო ქმნილებას ვეტრფი.
მე ვდგავარ დიდი, როგორც ხეოფსი,
არ ველოდები არაფერს,
ხალხის მსახური პრომეთეოსი,
ვინც მოუტანა ცეცხლი ქალაქებს.
წერილი პლატონს
ყველა პოეტი მატყუარაა - პლატონი
სიტყა რომელიც არაფერს არ ჰგავს
ყველაფერს ამბობს.
ჭეშმარიტება შენ ხარ თვითონ,
როდესაც ითმენ და ელოდები.
იზრდება საფრთხე,
იწყება სიცხე შავ აისბერგზე,
რომელიც მძიმედ,
მიაპობს ყინულს და იძირება.