კორნელიუს გურლიტი ნაცისტების მიერ მოპარულ ნახატებს აბრუნებს

ბერლინში მცხოვრებმა 81 წლის კორნელიუს გურლიტმა, რომელიც ოჯახთან ერთად ათწლეულების განმავლობაში ნაცისტების მიერ მოპარულ ხელოვნების ნიმუშებს მალავდა, ნახატების კანონიერ მფლობელთათვის, ან მათი შთამომავლებისთვის დაბრუნება გადაწყვიტა.

პირველი ტილო, რომელიც კანონიერ მფლობელს დაუბრუნდება ჰენრი მატისის - „ქალი სავარძელში/მჯდომარე ქალი“ იქნება, რომელიც პოლ როსენბერგის, ფრანგი არტ-დილერის შთამომავლებს გადაეცემათ.

ჰენრი მატისი - "ქალი სავარძელში/მჯდომარე ქალი"
ერთ-ერთ გერმანულ ტელევიზიასთან საუბარში გურლიტის ადვოკატმა განაცხადა, რომ გურლიტმა გულის ოპერაცია გაიკეთა, ის მალე გამოჯანმრთელდება და შესაბამისად, განახლდება სხვა ნამუშევრებზე მოლაპარაკებები.

„კორნელიუსმა განაცხადა, რომ სურს ეს ნამუშევრები იმ ებრაელებს, ან მათ შთამომავლებს გასაცეს, ვისაც ნახატები ეკუთვნოდა“, - აღნიშნა ადვოკატმა.

კორნელიუს გურლიტის მამა, ასევე არტ-დილერი, ნაცისტებთან მუშაობდა, როდესაც მეორე მსოფლიო ომის პერიოდში მათ ევროპაში არსებული განძის დიდი ნაწილი იგდეს ხელთ. ნამუშევრები,რომელთა ღირებულება 1 მილიარდ ევროს აჭარბებს და რომლებიც მფლობელებს, მათ შორის ებრაელ კოლექციონერებს, 1930-იან და 1940-იან წლებში, როგორც „გადაგვარებული ხელოვნების“ ნიმუშები ჩამოერთვათ, გერმანელი კოლექციონერის ჰილდერბრანდ გურლიტის ხელში აღმოჩნდა, გარდაცვალების შემდეგ კი მის ვაჟს დარჩა.

ეს ამბავი 2013 წლის ნოემბერში გახდა ცნობილი.


კორნელიუსის კოლექციას „მიუნხენის ხელოვნების საუნჯე“ უწოდეს. ებრაული ჯგუფების, ამერიკისა და ისრაელის ძალისხმევით მსოფლიო ექპერტთა გუნდიც შეიკრიბა. ისინი ამ კოლექციაში არსებულ 1280 ნამუშევარს შეაფასებენ.

ტილოები ამჟამად გერმანელთა მფლობელობაშია. კოლექციაში შემავალი ნახატების ზუსტი რაოდენობა ჯერაც დაუდგენელია, რადგან 2014 წლის თებერვალში გულიტის მეორე სახლში გაგზავნილმა ექსპერტებმა დამატებით 60 ნამუშევარი აღმოაჩინეს,   ხოლო, იმ სახლში, სადაც ამჟამად კორნელიუსი ცხოვრობს, ორი დამატებითი ძიების შედეგად კიდევ 178 ნახატი იპოვნეს. მათგან, ზეთსა და აკვარელში შესრულებული 39 ნამუშევრის ავტორები არიან: მონე, მანე, რენუარი, ნოდლი, ლიბერმანი და სხვა.

ნახატების უმრავლესობა ცუდ მდგომარეობაშია, რადგან წლების განმავლობაში ტილოები ცარიელ, გაუთბობელ სახლში ეწყო. ამჟამად ნამუშევრები გადატანილია და ისინი კატალოგში შეაქვთ, რის შემდეგაც მათი წარმოშობის დადგენა დაიწყება.

წყარო - nytimes.com

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში