არტურ შნიცლერი - წარმოდგენას დიდი მთავარი ესწრება

ფლორიან ვენდელმაიერი ჩვეულ ადგილზე იჯდა ორკესტრში, ფლეიტა ტუჩებთან მიეტანა და თვალს არ აცილებდა დირიჟორს, რომელმაც ის-ის იყო ჯოხით ორჯერ დააკაკუნა პულტზე. დარბაზში სიჩუმემ დაისადგურა. უვერტიურა დაიწყო. 

ფლორიან ვენდელმაიერმა ფლეიტას ჩაჰბერა – აგერ უკვე ჩვიდმეტი წელი ილეოდა, ყოველდღე ამას აკეთებდა. სანოტო ფურცელს აღარც კი უყურებდა; ალბათ უკვე მეასედ ასრულებდნენ ერთსა და იმავე ნაწარმოებს, რომელიც ზეპირადაც იცოდა. თავის პარტიას სრულიად მექანიკურად უკრავდა. კაცმა რომ თქვას, არც კი უსმენდა მუსიკას. ჩვიდმეტი წელი იჯდა ასე, ერთსა და იმავე სკამზე, ერთსა და იმავე პულტთან. მის გვერდით უკვე სამი კოლეგა გამოიცვალა. ერთი მოკვდა, დანარჩენმა ორმა კი სხვა თეატრებში იშოვა ადგილი. ამჟამად მეზობლობას უწევდა ახალგაზრდა კაცი, რომელიც ორკესტრში მუშაობას კერძო მოწაფეებთან მეცადინეობას უთავსებდა. ფლორიანმა კი ვერ შეინარჩუნა თავისი მოწაფეები. უვერტიურის დროს სწორედ ეს ფიქრი აწუხებდა. მერე გაუელვა აზრმა, იქნებ ყოველკვირეულ გაზეთში გამოვაქვეყნო განცხადება და ამ გზით მაინც დავაინტერესო ვინმეო.

ამასობაში ფლეიტის პარტიაში კარგა მოზრდილი შესვენების დროც დადგა. მთელი ორმოცდაორი ტაქტი ჩუმად უნდა ყოფილიყო, და ფლორიანმა ზემოთ აღაპყრო მზერა – ლამაზ, ნათელ, სავსე დარბაზს გახედა. მაყურებელთა უმეტესობას სახით იცნობდა. ქალაქი პატარა იყო და თეატრშიც მუდამ ერთი და იგივე ხალხი დადიოდა. უცებ დარბაზს გამოცოცხლება დაეტყო და ყველამ კარის ლოჟისკენ აიხედა – იქ მისი ბრწყინვალება გამოჩნდა ადიუტანტის თანხლებით. დიდმა მთავარმა სავარძელი მიიჩოჩა, მაგრამ ამით ოდნავი ხმაურიც არ გამოუწვევია – სიფრთხილე მისი თანდაყოლილი თვისება გახლდათ.

ორმოცდაორმა ტაქტმა გაიარა და ფლეიტები კვლავ ახმიანდნენ. მოახლოვდა უვერტიურის დასასრული. მეტად ხმამაღალი, ხმაურიანი. ყველა ინსტრუმენტი ერთბაშად აჟღერდა. ბოლოს გაისმა დოლის ბაგაბუგით შეზავებული სამი ძალუმი აკორდი და ფარდაც ასწიეს. თამაშობდნენ ძველ კომედიას, რომლის პრემიერაც ფლორიანმა ათი წლის წინ ნახა. მუსიკოსთა უმეტესობამ სუფთა ჰაერზე გასვლა იჩქარა. გაზაფხულის თბილი საღამო იდგა, ასეთ დროს კი მათ თეატრის უკან სეირნობა ან კიდევ იქვე, მწვანედ შეღებილ მერხზე ჯდომა ჰქონდათ ჩვეულებად. დრო მასლაათსა და სიგარეტის წევაში გაჰყავდათ.

მაგრამ ფლორიანმა ამჯერად თეატრში, თავის ადგილზე დარჩენა ამჯობინა. მართლაც, გარეთ რა უნდა ეკეთებინა? რა აზრი ჰქონდა რამდენიმე წუთით გასვლას? ეს მეტად მოსაწყენი და სრულიად ზედმეტი მოეჩვენა. ფლეიტა იქვე, პულტზე დადო და სცენას შეხედა. ახლაღა გამოერკვა – სცენაზე ხომ ისევ იმ ძველ წარმოდგენას თამაშობდნენ! ხალხის სიცილი ეუცნაურა. ოხუნჯობები არ იცვლებოდა, მაყურებელი კი ისევ და ისევ ტაშს უკრავდა, იცინოდა, ერთობოდა. ნეტავ წარმოდგენა მთავრდებოდესო, გაუელვა - ფლორიანს. მაშინ ქუჩას გადაივლიდა, დუქანში თავის კუთვნილ კათხა ლუდს დალევდა, მერე კი შინისკენ – ლოგინში! უცებ მოეშვა, თითქოს სიბერე ერთბაშად მოეძალაო.

რამდენი ხანია, რამდენი წელიწადია ასე ზის; აღარც ახსოვდა, თუ ოდესმე სხვაგვარად უცხოვრია. თუმცა არა, ახსოვდა, ერთ დროს როგორი იყო. სიმღერებსა და სიმფონიებს თხზავდა; თხუთმეტი, ოცი წლის წინ მისი სიმღერები რამდენიმეჯერ კონცერტებზეც კი შეასრულეს, მაგრამ ახლა ის მელოდიები სადღაც დაიკარგა. მუსიკის სიყვარულიც თანდათანობით ჩაქრა. მისთვის უაზრო ხმაურიღა იყო ყოველივე. ვიოლინოებისა და ფლეიტების კვნესა, მაყურებელს რომ აღაფრთოვანებდა, აუტანლად ეჩვენებოდა. მაგრამ მას კვლავაც და კვლავაც უნდა დაეკრა, თავს ამით ირჩენდა. ეჰ, როგორ უყვარდა უწინ თავისი ხელოვნება! ამ მიზეზით არც სკოლა დაუმთავრებია და არც რომელიმე უმაღლესში უსწავლია. საათობით დაეხეტებოდა ტყეში, მელოდიები მის სულში შრიალებდნენ, ის კი მარტო უსმენდა. მხოლოდ ზოგიერთს თუ ჩაიწერდა. ყველაფრის დამახსოვრება შეუძლებელიც იყო. ქარის ზუზუნი, ხეების შრიალი, საკუთარი ნაბიჯების ხმაც კი მუსიკად იქცეოდა.

მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა. აღარ ახსოვდა ტკივილი, ყოველივე ამის უკვალოდ გაქრობამ რომ გამოიწვია. უკრავდა თავის ფლეიტას და ვალსაც ასე იხდიდა. ცხოვრება წყნარად და მდოვრედ მიედინებოდა.

მთელი დარბაზი იცინოდა. ფლორიანსაც გაეღიმა – უკვე მეასედ ეღიმებოდა ერთსა და იმავე სულელურ ოხუნჯობაზე. აქტი მთავრდებოდა. ორკესტრის ორმოს კარი გაიღო და მუსიკოსებიც გამოჩნდნენ. კარის დაბალი ჩარჩოსთვის თავი რომ არ მიერტყათ, წელში იხრებოდნენ. არ მოხრილა მხოლოდ ერთი ჩია კონტრაბასისტი, რომელიც, ამაყად თავაწეული, თავისი ადგილისკენ გაეშურა. შემოვიდა დირიჟორიც. მაღალ სკამზე ჩამოჯდა და ჯოხი მოიმარჯვა, რათა ფარდის დაშვებისთანავე მიეცა მუსიკის დაწყების ნიშანი. ფარდა ტაშის გრიალში დაეშვა. იქვე ორკესტრიც ჩაერთო. მაყურებლის სიცილი და ლაპარაკი მუსიკას შეერია. დღეს დარბაზი რატომღაც მომეტებულად ხმაურობდა. ყოველ შემთხვევაში, ასე მოეჩვენა ფლორიან ვენდელმაიერს. თითქოს ჩვეულებრივზე მეტადაც ცხელოდა და, როცა თავის ფლეიტაზე ერთი ბგერის სულმოუთქმელად ჩაბერვა დასჭირდა, იგრძნო, რომ თავბრუ ეხვეოდა. დაკვრა განაგრძო... რა უცნაურია, ხელები როგორღაც დაუმძიმდა. ისევ ჩაჰბერა ინსტრუმენტს. ისევ რეტი დაესხა. დარბაზში ჩამობნელდა... ყველაფერი დატრიალდა... შუქი ჩაქრა. ფლორიანს ფლეიტა ხელიდან გაუვარდა. რა ხმაურია. თითქოს ჭერი ჩამოიქცაო! და ფლორიანმა ადგომა სცადა – იქნებ თავს ვუშველოო. თვალთ დაუბნელდა. ფეხები დაუმძიმდა. განძრევაც ვერ მოეხერხებინა. და უცებ ძირს ჩამოვარდა. პულტთან დაეცა, სავარძელი კი უკან გადაყირავდა. იატაკმა ყრუ ხმა გამოსცა. მუსიკოსებმა თავი მოაბრუნეს. ფლორიანის მეზობელი შეძრწუნებული წამოხტა. მღელვარება დარბაზშიც შენიშნეს, მაყურებლები ფეხზე წამოდგნენ. მისი ბრწყინვალება თავისი ლოჟის მოაჯირზე გადმოიხარა, მაგრამ დირიჟორმა, რომელსაც შუბლზე ოფლმა დაასხა, ჯოხის ზევით-ქვევით ქნევა განაგრძო და ყველასთვის გასაგონად წარმოთქვა: „განაგრძეთ დაკვრა!" – „რა იყო, რა მოხდა?"– გაისმოდა აქა-იქ, ხოლო დირექტორი ქალი სცენიდან პირდაპირ ორკესტრის ორმოს კარს ეკვეთა. დარბაზში ყველაფერი შეიტყვეს. ვიღაც ფლეიტისტი ცუდად გამხდარაო. დირიჟორი ტაქტის თვლას განაგრძობდა, მაგრამ დაკვრით აღარავინ უკრავდა. თვალი ყველას ორკესტრის ორმოსკენ ეჭირა. სცენის ორი მუშა მესაყვირეებსა და ტრომბონისტებს შორის გზას მიიკვლევდა იმ ადგილისკენ, სადაც ფლორიან ვენდელმაიერი იწვა. შემდეგ იგი წამოაყენეს. თვალები ნახევრად გახელილი ჰქონდა, ქვედა ტუჩი ჩამოვარდნოდა. სცენის მუშებმა მისი მკლავები მხრებზე შემოიწყვეს, ხელები ზურგზე შემოხვიეს და ასე გაათრიეს გარეთ. დარბაზში შეიძლებოდა ეფიქრათ, თავისი ფეხით მიდისო. „რა მოხდა, რა იყო?", ჩურჩულებდა ხალხი. „არაფერიც არ მომხდარა. არა, არა, მართლა არაფერია, ერთი მუსიკოსი შეუძლოდ შეიქნა, ხომ ხედავთ, ფეხზეა", ორკესტრის ორმოს კარი ჯერ რიგიანად დახურულიც არ იყო, რომ დირიჟორმა ორჯერ დააკაკუნა პულტზე და მუსიკაც გაისმა. მეორე ფლეიტისტმა ფლორიანის სკამი გაასწორა და ზედ კოლეგის ფლეიტა დადო. მაყურებელი კი არა და არ წყნარდებოდა. ორკესტრის ორმოს კარს უკან დირექტორი ქალი იდგა. „მაინცდამაინც დღეს", შესძახა მან, „ნუთუ მაინცდამაინც დღეს უნდა ამტყდარიყო აურზაური, როცა წარმოდგენას მისი ბრწყინვალება ესწრება. ნუთუ თავისი ფეხით ვერ გაივლიდა ის დალოცვილი?"

ვიწრო დერეფანში, რომელიც ქუჩას უერთდებოდა, კაცებმა იატაკზე დააწვინეს ფლეიტისტი და აუღელვებლად განაგრძეს იქვე დგომა. „გული გაუსკდა", თქვა ერთმა. ქალბატონი დირექტორი მომაკვდავს მიაჩერდა. აფორიაქებული მაყურებლის ჩოჩქოლი აქაც კი ისმოდა. ამასობაში მათ რამდენიმე მამაკაცი მიუახლოვდა. ამბავი იკითხეს, მეტად შეწუხებულნი ჩანდნენ. „ო“, წარმოთქვა ქალბატონმა დირექტორმა, „არაფერია, დაბეჯითებით გთხოვთ, ნუღარ შეწუხდებით. ნამდვილად არაფერი მომხდარა. აი, უკვე თვალიც გაახილა. საჭირო ზომები უკვე მიღებულია. ექიმს თუ შეატყობინეთ?"

„მიულერი წავიდა მოსაყვანად", მიუგო იქვე მდგომმა მუშამ.

ხალხმა ახლა უკვე ქუჩიდანაც დაიწყო შემოსვლა. ქალბატონი დირექტორი სასოწარკვეთილებამ შეიპყრო. „უმორჩილესად გთხოვთ, ხმაურს ნუ ატეხთ, არაფერი არ მომხდარა. ბატონებო, გთხოვთ დატოვოთ აქაურობა. ექიმი მაინც სად არის ამდენ ხანს?"

აი, ისიც მოვიდა. ხალხმა გზა დაუთმო. „ეს რაღა ჯანდაბაა", თქვა მან, „სად გაგონილა, ავადმყოფი მიწაზე დაეწვინოთ. დაუჯერებელია პირდაპირ. საკაცე მოიტანეთ სასწრაფოდ“.

„მოიტანეთ საკაცე", გაიმეორა ქალბატონმა დირექტორმა. ექიმი დაიხარა და ფლეიტისტს მაჯა გაუსინჯა. ოთახში სრული სიჩუმე იდგა. მხოლოდ მაყურებელთა დარბაზიდან ისმოდა ყრუ ზუზუნი.

„მომინათეთ", მოითხოვა ექიმმა. „ვერაფერს ვხედავ“.

ვიღაც კაცმა კედლიდან ზეთის ლამპა ჩამოხსნა, ფლორიან ვენდელმაიერის პირისახე სუსტმა სხივმა გაანათა. ექიმმა ის ყურადღებით შეათვალიერა. მაჯაც ჯერ ისევ ხელში ეჭირა. „კი მაგრამ, ეს კაცი ხომ მკვდარია", წამოიძახა ექიმმა. სანამ იქ მყოფნი გონს მოეგებოდნენ, ოთახში მსახური შემოვიდა. „მისი ბრწყინვალება კეთილინებებს შეგეკითხოთ", თქვა მან, „თუ როგორ გრძნობს თავს მუსიკოსი, შეუძლოდ რომ შეიქნა“.

„გთხოვთ მის ბრწყინვალებას ჩვენი მოკრძალებული მადლობა მოახსენოთ", ოდნავ შემცბარი ხმით მიუგო დირექტორმა, „მუსიკოსი თავს უკეთ გრძნობს“. მოახლე გავიდა. შემდეგ ქალბატონი დირექტორი დამსწრეთ მიუბრუნდა, მადლობა მოახსენა ცხოველი მონაწილეობისთვის და თავაზიანად სთხოვა, დაეტოვებინათ ისედაც მოუხერხებელი, ვიწრო დერეფანი. დარბაზიდან შემოსული მაყურებლები შეშფოთებული ჩანდნენ. რაღაც საკვირველი, გაუგებარი გრძნობა ეუფლებოდათ იმის გაფიქრებაზე, რომ კვლავ უნდა დაბრუნებულიყვნენ დარბაზში, სადაც კომედია გრძელდებოდა, და ეს მიიჩნიეს კიდევ ერთ საბუთად იმისა, თუ რა უცნაური და წინააღმდეგობებით აღსავსე რამ არის ცხოვრება. და ნელ-ნელა ისინიც წავიდნენ. ქუჩაში გასასვლელი კარი ფართოდ გაეღოთ. ფეხით მოსიარულენი, რომლებმაც დერეფანში ჩოჩქოლი და მღელვარება შენიშნეს, ღია კართან გაჩერებულიყვნენ. საღამო ხანი იყო. გარედან გაზაფხულის რბილი ჰაერი შემოდიოდა. ქალბატონმა დირექტორმა შორიახლოს მყოფ რამდენიმე მაყურებელს მიმართა: „დარბაზში მსხდომთ ნურაფერს გავაგებინებთ, კარგი?"

არა, არა, ჩვენ არაფერს ვიტყვითო.

„ოჯახი თუ ჰყავს?"იკითხა ექიმმა.

„არა", უპასუხა ქალბატონმა დირექტორმა. „ეს ვენდელმაიერია“.

„ჰო, მართლა, ვენდელმაიერი", უკვე დამშვიდებული გამომეტყველებით ჩაილაპარაკა ექიმმა, თითქოს უნდოდა ეთქვა, ვენდელმაიერებს ისემც უქნიათ, ერთ დღეს გაწყვეტილან, ამით ხომ მაინც არაფერი დაშავდებაო. მერე ადგა და ზეთის ლამპა ისევ კედელზე ჩამოკიდა. ორი მუშა მოსულიყო, მათ მკვდარი გარეთ გამზადებულ საკაცეზე უნდა დაეწვინათ.

თეატრში კვლავ სიმშვიდემ დაისადგურა. მუსიკა უკრავდა. მაყურებელი მეორე აქტის დაწყებას ელოდა. ბატონებს, რომლებმაც მკვდარი ნახეს, აუღელვებლად და ღირსეულად ეჭირათ თავი, ხოლო როცა ვინმე მუსიკოსის ამბავს იკითხავდა, მათი პასუხი დინჯი და დამამშვიდებელი იყო. ფარდა აიწია თუ არა, ლოჟის კარი გაიღო და ხალხმა იქ შესული მოახლე დაინახა.

დიდი მთავარი მას მიუბრუნდა. „მუსიკოსი თავს კარგად გრძნობს, თქვენო ბრწყინვალებავ", მოახსენა მსახურმა. დიდმა მთავარმა მზერა მოავლო მაყურებელთა დარბაზს, მისკენ მიპყრობილ თვალებში უხმო შეკითხვა ამოიცნო და პასუხად თავის დაკვრა ინება. მან დამამშვიდებელი ღიმილით აუწყა ქვეშევრდომთ, ფლეიტისტი ფლორიან ვენდელმაიერი თავს შესანიშნავად გრძნობსო.

1888წ.

მთარგმნელი: დავით კაკაბაძე

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში