ფრანც კაფკა - მონადირე გრაკუსი

თარგმნა - რუსუდან ბეჟაშვილმა

ორი ბიჭი სანაპიროს ჯებირზე კამათელს აგორებდა. კაცი ქანდაკების საფეხურზე ხმალამოღებული ძეგლის ჩრდილში გაზეთს კითხულობდა.

გოგონა ჭასთან პატარა ჭურჭელს წყლით ავსებდა. ხილით მოვაჭრე თავის საქონელთან იწვა და ზღვას გასცქეროდა. დუქნის სიღრმეში კარისა და ფანჯრის ღრეჩოებიდან ღვინით მოქეიფე ორი კაცი მოჩანდა. მედუქნე კი წინ, მაგიდასთან იჯდა და თვლემდა. კარჭაპი (ბარჯა, ნავი) უხმაუროდ შემოცურდა პატარა ნავსადგურში, თითქოს წყლის ზედაპირზე ტივტივებსო. კაცი ცისფერ კიტელში ქვემოთ დაეშვა და რგოლებში თოკი გაუყარა. ვერცხლისფერღილებიან მუქ პიჯაკებში გამოწყობილ ორ კაცს ბოცმანის უკან საკაცე მოჰქონდა, რომელზეც ყვავილებიან, ფოჩებმოვლებულ აბრეშუმის გადასაფარებელზე, აშკარად, კაცი იწვა.

სანაპიროზე ჩამოსულებს ყურადღებას არავინ აქცევდა, მაშინაც კი, როცა საკაცე ჩამოდგეს, ბოცმანის ლოდინში, რომელიც ჯერ კიდევ თოკით იყო დაკავებული, მათთან არავინ მისულა და არც არაფერი უკითხავს, მათთვის დაკვირვებით არავისშეუხედავს.

მესაჭე ცოტა ხანს შეყოვნდა ვინმე ქალის გამო, რომელსაც მკერდზე ბავშვი ჰყავდამიკრული, თან გაშლილი თმებით, სწორედ იმ დროს გემბანზე გამოჩნდა. შემდეგ ბოცმანი მოვიდა და მეზღვაურებს მოყვითალო ორსართულიან სახლზე მიუთითა, რომელიც მარცხნივ წყლის პირას აღმართულიყო. კაცებმა ტვირთი წამოიკიდეს და ვიწრო სვეტებისაგან ნაშენ დაბალ ჭიშკარში შეიტანეს. პატარა ბიჭმა ფანჯარა გამოაღო, შენიშნა, გვამი სახლში როგორ გაუჩინარდა და ფანჯარა ისევ სწრაფად დახურა. ახლა უკვე ჭიშკარიც ჩაკეტეს, იგი შავი მუხის ხისგან მზრუნველად იყო გამოთლილი. მტრედების ჯოგი, მანამდე რომ ზარის (სამრეკლოს) ირგვლივ ტრიალებდა, ახლა სახლის წინ დაეშვა. თითქოს სახლში საკვები ელოდათ, მტრედები ისე გულმოდგინედ მოგროვდნენ ჭიშკართან. ერთი მეორე სართულამდე აფრინდა და ნისკარტით ფანჯრის მინაზე მიაკაკუნა. ესენი ღია ფერის, კარგად მოვლილი ფრინველები იყვნენ. შორიდან ქალმა მათ ბარჟიდან მარცვლები გადაუყარა, მათ საკენკი აკენკეს და ქალთან მიფრინდნენ.

კაცი, ტრაურის ბაფთიანი ცილინდრის ქუდით, ვიწრო, ნავსადგურთან მკვეთრად დაქანებული პატარა ქუჩით ქვემოთ დაეშვა. მან ირგვლივ ყურადღებით მიმოიხედა, ყველაფერი აღელვებდა - კუთხეში ნაგვის დანახვაზე სახე მოეღრიცა. ძეგლის საფეხურებზე ხილის ნაფცქვენები ეყარა, გვერდით რომ ჩაუარა, თავისი ჯოხით ქვევით მოისროლა. კაცმა სახლის კარზე მიაკაკუნა, თან ცილინდრი შავხელთათმანიან მარჯვენა ხელში მოიქცია. კარი მაშინვე გაუღეს, ორმოცდაათი პატარა ბიჭი შპალიერივით აეკრა გრძელ დერეფანს და კაცს თავი დაუკრეს.

კიბეზე ბოცმანი ჩამოვიდა და ბატონს მიესალმა, მეორე სართულზე, ზევით გაუძღვა. მათ მსუბუქად ნაგებ ლამაზ ლოჯიით შემოვლებულ ეზოს ჩაუარეს და ორივენი ერთ-ერთ დიდ ცივ ოთახში შევიდნენ სახლის უკანა მხარეს, ბიჭები იქვე იდგნენ და პატივისცემის ნიშნად, დისტანცია დაიკავეს. უკან სახლი აღარ იდგა, პირდაპირ მხოლოდ მორუხო-მოშავო შიშველი კლდე მოჩანდა. მეზღვაურები იმით იყვნენ დაკავებული, რომ საკაცის თავთან გრძელ სანთლებს ამაგრებდნენ და ანთებდნენ, მაგრამ ამით იქაურობა არ განათებულა, მხოლოდ აქამდე არსებული ჩრდილები შეირხა და კედლებზე აციმციმდა. საკაციდან გადასაფარებელი გადაეგდოთ. იქ ერთი გაჩეჩილთმიანი, წვერიანი კაცი იწვა, მზისგან დამწვარი სახით, მონადირეს გავდა. იგი უძრავად იწვა და, როგორც ჩანს, უგონოდაც - თვალდახუჭული, მაგრამ ამისდა მიუხედავად, მხოლოდ გარემო მიანიშნებდა, რომ ის, სავარაუდოდ, მიცვალებული იყო.

ბატონი საკაცესთან მივიდა, მწოლიარეს ცალი ხელი შუბლზე დაადო, შემდეგ მუხლი მოიყარა და ლოცვა დაიწყო. ბოცმანმა მეზღვაურებს ანიშნა, ოთახი დაეტოვებინათ, ისინი გავიდნენ, გაყარეს ბიჭები, გარეთ რომ მოეყარათ თავი, და კარი გაიხურეს. მაგრამ ბატონისთვის ეს სიჩუმეც არ აღმოჩნდა საკმარისი, მან ბოცმანს გადახედა, ის უცებ მიხვდა და პატარა კარით მეორე ოთახში გავიდა. საკაცეზე მწოლიარემ უცებ თვალები გაახილა, ტკივილიანი ღიმილით მზერა ბატონისკენ მიმართა და უთხრა: „შენ ვინ ხარ?“ - ბატონი დიდი გაკვირვებვის გარეშე მუხლიჩოქიდან წამოდგა და მიუგო: „ქალაქ რივას ბურგომისტრი გახლავართ.“

საკაცეზე მწოლიარემ თავი დაუკრა, დასუსტებული ხელით სავარძლისაკენ მიუთითა და მას შემდეგ, რაც ბურგომისტრმა მისი შემოთავაზება მიიღო, უთხრა: „ეს მე კი ვიცოდი, ბატონო ბურგომისტრო, მაგრამ უცებ ყველაფერი დამავიწყდა, თავბრუ მეხვევა და მაინც მირჩევნია, ვიკითხო, ყველაფერი რომც ვიცოდე. ალბათ თქვენც მოგეხსენებათ, რომ მე მონადირე გრაკხუსი ვარ.“

„რა თქმა უნდა,- მიუგო ბურგომისტრმა. - მე ამაღამ მაცნობეს თქვენს შესახებ. კარგა ხნის ჩაძინებულები ვიყავით. უცებ, შუაღამისას ჩემმა ცოლმა წამოიძახა: ‘სალვატორე’, - ეს ჩემი სახელია, - ‘შეხედე, მტრედი ფანჯარასთან!’ ეს მართლაც მტრედი იყო, მაგრამ მამალივით დიდი. ის ჩემ ყურთან მოფრინდა და ჩამჩურჩულა: ‘ხვალ მკვდარი მონადირე გრაკხუსი ჩამოდის, დახვდი მას ქალაქის სახელით’.“ მონადირემ თავი დაუკრა და ენის წვერი ტუჩებზე მოატარა: „დიახ,მტრედები ყოველთვის ჩემს წინ მოფრინავენ. მაგრამ თქვენ როგორ ფიქრობთ, ბატონო ბურგომისტრო, რივაში უნდა დავრჩე?“ „ამის თქმა ჯერ გადაჭრით არ შემიძლია, - უპასუხა ბურგომისტრმა - თქვენ მკვდარი ხართ?“

„დიახ - მიუგო მონადირემ - როგორც ხედავთ. - მრავალი წლის წინათ, როგორც ჩანს, ძალზე დიდი ხნის წინ, შვარცვალდში - ეს გერმანიაშია - კლდიდან ჩამოვვარდი, არჩვს რომ მივსდევდი. მას შემდეგ მკვდარი ვარ.“

„მაგრამ თქვენ ცოცხალიც ხომ ხართ?“ - უთხრა ბურგომისტრმა.

„გარკვეულწილად, - დაეთანხმა მონადირე, - გარკვეულწილად ცოცხალი ვარ, ჩემი სიკვდილის ხომალდმა სხვა გეზი აიღო, საჭე არასწორი გზით მიმართა, მძღოლის უყურადღებობის ერთი წამი, თუ ჩემი უმშვენიერესი სამშობლოდან გადახვევა, მე არ ვიცი, ეს რა იყო, მხოლოდ ის ვიცი, რომ მიწაზე დავრჩი და მას შემდეგ ჩემი ხომალდი მიწიერ წყლებში დაცურავს. ამგვარად, სიკვდილის შემდეგ, დედამიწის ყოველ კუთხეში ვმოგზაურობ, თუმცა მე მხოლოდ მშობლიური მთების წიაღში სიცოცხლე მსურდა.“

„და იმქვეყნიურ სამყაროსთან კავშირი არა გაქვთ?“ - ჰკითხა შუბლშეკრულმა ბურგომისტრმა.

„მე ჯერ კიდევ იქითკენ მიმავალ დიდ კიბეზე ვიმყოფები. - მიუგო მონადირემ. - ნავიხან ზევით წამიყვანს, ხან ქვევით, ხან მარჯვნივ, ხან მარცხნივ, სულ მოძრაობაში ვარ. მონადირე კაცი პეპელად ვიქეცი. ნუ გეცინებათ.“

„არ მეცინება,“ - გააპროტესტა ბურგომისტრმა.

„ძალიანაც კარგი, ჭკვიანურია. - მიუგო მონადირემ, - სულ მოძრაობაში ვარ. თითქოს ავიღებ დიდ სიჩქარეს და ზეცის კარიბჭე გამინათებს, მაგრამ უცებ ისევ ძველ, რომელიღაც მიწიერ წყალში გაჩხერილ ნავზე მეღვიძება. ჩემი წარსული სიკვდილის მთავარი შეცდომა კაიუტიდან დაცინვით მიღრენს. იულია, ნავის მესაჭის მეუღლე აკაკუნებს საკაცესთან დილის სასმელი მოაქვს, იმ ქვეყნისა, რომლის სანაპიროსაც სწორედ იმ მომენტში ჩავუვლით ხოლმე. მე ხის ტახტზე ვწევარ, დიდი სასიამოვნო სანახავი არ გახლავართ - ჭუჭყიანი მიცვალებულის პერანგი, თმა, წვერი რუხი და შავი, ერთმანეთში არეული. ფეხებზე ერთი დიდი აბრეშუმის ყვავილებიანი და ფოჩიანი გადასაფარებელი მაფარია. თავთან ეკლესიის სანთელი მინთია. კედელზე, ჩემს პირდაპირ პატარა სურათი კიდია, ეტყობა ბუშმანია, რომელიც მახვილით მემუქრება და თავად, როგორც ჩანს, დიდებულად მოხატული ფარის ქვეშ იმალება. ასეთი სულელური გამოსახულებები გემებზე გვხვდება, ეს კი ერთ-ერთი ყველაზე უფრო სულელურია. სხვა მხრივ, ჩემი ხის გალია სულ მთლად ცარიელი იქნებოდა. გვერდითი კედლის ხვრელიდან სამხრეთული ღამის თბილი ჰაერი შემოდის და მესმის წყლის ხმაური, ძველ ნავს რომ ეხეთქება.

მას შემდეგ ვწევარ აქ, როცა ჯერ კიდევ ცოცხალი მონადირე გრაკხუსი ჩემს სამშობლოში - შვარცვალდში არჩვს მივსდევდი და კლდეზე გადავიჩეხე, ხევში სისხლისგან დავიცალე, მოვკვდი და ამ ნავს მეორე ნაპირამდე უნდა მივეყვანე. კიდევ მახსენდება, თავიდან როგორი სიხარულით გავიშხლართე ამ ჩემს სარეცელზე. მშობლიურ მთებს ჩემგან ასეთი სიმღერა ჯერ არ მოუსმენიათ, როგორც მაშინ, ჯერ კიდევ ბრწყინავმა ამ ოთხმა კედელმა. მე სიამოვნებით ვიცხოვრე და სიამოვნებითაც მოვკვდი, სანამ ბორტზე ავიდოდი, უსარგებლო ბარგივით სიხარულით მოვისროლე ჩემი მონადირის ჩანთა, რომელსაც მუდამ ამაყად ვატარებდი და მიცვალებულის ხალათში ისე შევსრიალდი, როგორც ქალიშვილი საქორწილო კაბაში. აქ ვიწექი და ველოდი. შემდეგ მოხდა უბედურება.“

„რთული ბედისწერაა, - უთხრა ბურგომისტრმა, თან უარყოფის ნიშნად ხელი ასწია. -და მასში თქვენ არანაირი ბრალი არ მიგიძღვით?“

„არანაირი, - უთხრა მონადირემ, - მე მონადირე ვიყავი, განა ეს დანაშაულია? მონადირე ვიყავი შვარცვალდში, სადაც მაშინ მგლები ჯერ კიდევ იყო. მე მათ მივსდევდი, ვესროდი, ვახვედრებდი, ვატყავებდი, განა ეს დანაშაულია? ჩემი საქმიანობა ნაკურთხი იყო. ‘შვარცვალდის დიდი მონადირე’ მერქვა, განა ეს ცოდვაა?“

„ეს ჩემი გადასაწყვეტი არაა, - მიუგო ბურგომისტრმა, - თუმცა ამაში დანაშაულს ვერ ვხედავ, მაგრამ, მაშ ვინაა დამნაშავე?“

„ბოცმანი, - უთხრა მონადირემ. - არავინ წაიკითხავს იმას, რასაც მე ახლა ვწერ, ჩემს საშველად არავინ მოვა; ჩემი შველა რომც დაესახათ მიზნად, ყველა სახლის ყველა კარი დაიხურებოდა, ყველა ფანჯარა დაიგმანებოდა, ყველანი საწოლში ჩაწვებოდნენ თავზე საბანგადაფარებულები, მთელი დედამიწა ღამის თავშესაფრად გადაიქცეოდა. და ეს სწორიც იქნებოდა, რადგან მე არავინ მიცნობს, რომც სცოდნოდათ ჩემს შესახებ, ჩემი ადგილსამყოფელი არ ეცოდინებოდათ, ადგილსამყოფელიც რომ სცოდნოდათ, არ ეცოდინებოდათ, იქ როგორ მოვეხელთებინე, ამგვარად, არ ეცოდინებოდათ, როგორ დამხმარებოდნენ. ჩემი დახმარება გსურდეს, ეს ავადმყოფობაა, რომელსაც ლოგინში მკურნალობენ.

ეს ვიცი, მაგრამ დახმარების სათხოვნელად როდი ვყვირი, თავად ისეთ მომენტებშიც კი, როცა თავს ვერ ვერევი, როგორშიც მაგალითად, ახლა ვიმყოფები. ამაზე ინტენსიურად ვფიქრობ. მაგრამ ასეთი აზრების ადვილად განდევნისათვის საკმარისია, ირგვლივ მიმოვიხედო და გავიაზრო, თუ სად ვიმყოფები - შემიძლია ვამტკიცო, - საუკუნეებია ასე ვცხოვრობ.“

„ეს განსაკუთრებული რამაა, განსაკუთრებული - უთხრა ბურგომისტრმა.- და ახლა ფიქრობთ რივაში დარჩენას?“

„არა, მე არ ვფიქრობ, - უთხრა მონადირემ სიცილით, და ბურგომისტრს ხელი მუხლზე დაადო, რომ დაცინვა შეერბილებინა. - მე აქ ვარ, სხვა არაფერი ვიცი, არაფერი შემიძლია (ძალმიძს). ჩემი ნავი მესაჭის გარეშეა დარჩენილი და ქარით იმართება, რომელიც სიკვდილის ყველაზე უფრო ქვედა რეგიონებში ქრის.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში