ფრანც კაფკა - იმპერატორული უწყება

თარგმნა - დავით კირკიტაძემ

იმპერატორმა - თქმულებაში ასეა ნათქვამი - შენ - ერთეულს, შენ - უბადრუკ ქვეშევრდომს, შენ - იმპერატორულ მზეს უშორესში განრიდებულ პაწაწკინტელა ჩრდილს - სწორედ, რომ შენ გამოგიგზავნა იმპერატორმა უწყება სასიკვდილო სარეცელიდან. მაცნე საწოლის წინ დააჩოქა და შენზედ საუწყებელი ყურში ძალიან ჩუმად ჩაუჩურჩულა. 

ეს იმდენად მნიშვნელოვანი იყო მისთვის, რომ მოსმენილი მაცნეს ისევ ყურთანვე გაამეორებინა. თავის დაკვრით დაუმოწმა ნათქვამის სისწორე; და თავისი სიკვდილის მნახველ მაყურებელთა მთელი ერთობის თვალწინ - ყველა ხელის შემშლელი კედელი ჩამოშლილ იქნა და სულ ერთიანად აზანზარებულ კიბეებზე რკალად იმპერიის დიდებულნი განლაგდნენ -- მათ, ყველას თვალწინ დაითხოვა ხელმწიფემ მაცნე.

მაცნე კი უმალ გაუდგა გზას; ღონიერი, დაუღალავი კაცი; ხან ერთი, ხანაც მეორე წინ გაშვერილი მკლავით მიიკვლევს გზას ზღვა ხალხში; წინააღმდეგობას როცა აწყდება, თავის მკერდზე გამოსახულ მზის ნიშანზე მიუთითებს; მასავით იოლად ვერავინ გაიკვლევს გზას; მაგრამ დიდია რიცხვი მოსახლეობისა; ბოლო არ უჩანს მათ საცხოვრისებს.

მის წინ თავისუფალი სივრცე, რომ გაშლილიყო გამოფრინდებოდა შენსკენ და მალე კიდეც გაიგონებდი, მისი მუშტებით აღმაფრთოვანებელ დარტყმებს შენ კარზე; მაგრამ, ნაცვლად ამისა, როგორ უშედეგოდ ირჯება ის. ჯერაც ყველაზე შიგნით მდებარე სასახლის ოთახებში მიიკვლევს გზას. ვერასოდეს გადავა ის ამ ოთახებს; და თუ გამოუვა მას ეს ყველაფერი, ჯერ კიდევ, ხომ ამით არც არაფერი იქნება მიღწეული.

ქვევითკენ კიბეები ექნებოდა დასაძლევი - და რომც დასძლიოს ეს მაინც არას არგებს, რადგანაც ეზოები ხალხით იქნებოდა ძალიან გადაჭედილი. ეზოების შემდეგ კი მეორე, გარე სასახლე; და კვლავაც კიბეები და ეზოები; და კიდევ ერთი სასახლე და ასე - უსასრულო ათასწლეულების მანძილზე; და მოხდა ისე, რომ ბოლოს და ბოლოს გაძვრა ყველაზე გარეთ მდებარე კარიბჭეში - მაგრამ ასეთი რამ, ვერც ვერასოდეს, ვერასოდეს მოხდება - მის წინაშე სატახტო ქალაქია განფენილი - სამყაროს შუაგული, თავიდან ბოლომდე თავის ლექში, რომ ჩაძირულა. აქ ვერავინ გაიკვლევს გზას, მითუფრო მკვდრის უწყებით - შენ კი ზიხარ შენი ფანჯრის წინ და ი ს (|უწყება|) გეიმედება, როცა საღამო დგება.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში