ფრანც კაფკა - კანონის წინ

კანონის წინ დგას კარის მცველი. კარის ამ მცველთან მოდის ერთი კაცი სოფლიდან და სთხოვს კანონთან შეუშვას. მაგრამ კარის მცველი კაცს ეუბნება, რომ ამ დროისთვის მისი იქ შეშვება ვერ მოხერხდება.

კაცი მოიფიქრებს და მცველს ჰკითხავს, შესაძლებელი თუ იქნებოდა მისი იქ მოგვიანებით დაშვება.

„შესაძლებელია“ - მიუგებს კარის მცველი - „მხოლოდ ახლა არა“.

კარიბჭესთან, კანონისკენ მიმავალ გზაზე, როგორც ყოველთვის ღიაა და როცა მცველი გვერდზე გაიწევა, კაცი წაიხრება რომ შიგნითკენ შეიხედოს. კარის მცველი შენიშნავს კაცის ამ ქმედებას, სიცილს იწყებს და მიმართავს - „შენ თუ ეს ასე გიზიდავს, სცადე და შედი შიგნით, მიუხედავად ჩემი აკრძალვისა, მაგრამ გაითვალისწინე - მე ძალაუფლებით ვარ სავსე. და მე ყველაზე უკან მდგომი კარის მცველი ვარ. დარბაზიდან დარბაზში დგანან სხვა კარის მცველები, ერთიმეორეზე უფრო ყოვლისშემძლეები. უკვე მესამე მცველს კი მეც ვერ ვუსწორებ თვალს.“

ასეთ სიძნელეებს თუ წააწყდებოდა, სოფლიდან მოსულ კაცს ნამდვილად არ ეგონა. კანონი ხომ ყოველთვის და ყველასთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი - ფიქრობს ის; მაგრამ ახლა უკვე, როცა ის მცველს ქურქზე აკვირდება, აკვირდება მის დიდ წვეტიან ცხვირს, გრძელ, თხელ, შავ ტარტაროზულ წვერს, გადაწყვეტს, უმჯობესია დაიცადოს, იმ დრომდე, სანამ შესვლაზე ნებართვას არ მიიღებს. კარის მცველი ტაბურეტს გაუწოდებს და კართან დასვამს.

იქ ზის ის მრავალი წლის განმავლობაში. მცდელობას არ აკლებს, რომ იქნებ როგორღაც შევიდეს შიგნით და მცველს დაღლამდე ემუდარება. მცველი არც თუ ისე იშვიათად პატარა დაკითხვებს უწყობს; გამოკითხავს მის სამშობლოზე და ბევრ სხვაზე; მაგრამ შეკითხვები სულ არ ჰგავს ისეთ შეკითხვებს, რომლებსაც დიადი ბატონები იძლევიან ხოლმე. სულ ბოლოსთვის კი მცველი კაცს ყოველთვის ეუბნება, რომ მას მისი კანონთან შეშვება არ შეუძლია. კაცი, რომელსაც რაღა არ წამოუღია თან სამგზავროდ, ყველაფერ ღირებულის გამოყენებას ცდილობს, რათა იქნებ როგორღაცმოქრთამოს კარის მცველი.

ეს უკანასკნელი კი იღებს ყველაფერს და თან ეუბნება - „მე ამას მხოლოდ იმიტომ ვიღებ, რომ შენ არ გეგონოს, რომ ძალისხმევა დააკელი.“

წლების განმავლობაში აკვირდება კაცი მცველს; თითქმის თვალმოუცილებლად ადევნებს თვალყურს. ის ივიწყებს ყველა იმ დანარჩენ კარის მცველს და ეს ერთი ჰგონია ერთადერთი დაბრკოლება კანონისკენ მიმავალ გზაზე.

პირველ წლებში ის ხმამაღლა და ანგარიშგაუწევლად შეაჩვენებს უიღბლო შემთხვევითობას, შემდეგ კი როცა უკვე თანდათან ხანში შედის, მხოლოდღა ბურტყუნებს თავისთვის რაღაცეებს. სრულიად ბავშვური ხდება, როცა უკვე მცველზე დიდი ხნის დაკვირვების შემდეგ ის მისი ქურქის საყელოზე რწყილებს შენიშნავს და ახლა უკვე რწყილებს ევედრება, რომ როგორღაც იქნებ დაიყოლიონ მცველი. ბოლოს მისი მხედველობა ძალიან სუსტდება და უკვე აღარც კი იცის მის გარშემო მართლა ჩამოწვება ხოლმე ბინდი თუ ეს მისი დაქვეითებული მხედველობის ბრალია.

მაგრამ ახლა უკვე წყვდიადში ის ნათლად შეიცნობს კარებიდან გამომავალ ჩაუმქრალ ბრწყინვალებას. დიდხანს ვეღარც ცოცხლობს. სიკვდილამდე კი ყველა ის შეკითხვა იყრის თავს მის გონებაში, რომლებიც კარის მცველისთვის აქამდე არც დაუსვამს. სუსტად იშმუშნება მცველის მიმართულებით, რადგან უკვე აღარ ძალუძს თავისი გაშეშებული სხეულის ზეწამომართვა. კარის მცველს მისკენ დახრა უხდება, რადგან სხვაობა მათ სხეულებს შორის არასახარბიელოდ კაცისდა მომხდარა.

„ახლა კიდევ რაღა გინდა, რომ იცოდე?“ - ეკითხება მცველი, - „შენ, ხომ ვერაფერმა ვერ დაგაკმაყოფილა“.

„ყველანი, ხომ კანონისკენ მიილტვიან“ - ამბობს კაცი, - „და როგორ ხდება, რომ ამდენი წლის განმავლობაში ჩემ გარდა არავის უთხოვია იქ შესვლა?“

კარის მცველი შენიშნავს რა, რომ კაცი უკვე სულს ღაფავს და რათა, სანამ ცნობიერება დაუკარგავს ხმა მიაწვდინოს, იბღავლებს რაც ძალი და ღონე აქვს მაღალ ხმაზე:

„აქ არც არავის შეეძლო, რომ შესულიყო, რადგანაც ეს შესასვლელი მარტოოდენ მხოლოდ შენთვის იყო გამიზნული. ახლა კი მივალ და ჩავრაზავ მას.“


თარგმნა - დავით კირკიტაძემ

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში