ფრენსის ბეკონი - სიკვდილის შესახებ

ადამიანებს ეშინიათ სიკვდილის, ისევე, როგორც პატარა ბავშვებს სიბნელის; და როგორც ეს ბუნებრივი შიში ძლიერდება ბავშვებში ზღაპრების გავლენით, ასევე ძლიერდება სიკვდილის შიში ზრდასრულ ადამიანებში. 

რა თქმა უნდა, სიკვდილზე, როგორც ცოდვების საზღაურზე ფიქრი, და სხვა სამყაროში გადანაცვლების თემა წმინდა რელიგიური საკითხია, მაგრამ სიკვდილის შიში ბუნების გარდაუვალი აუცილებლობის წინაშე სისუსტის გამოვლენაა.

რელიგიურ საკითხებში, ჯერ კიდევ გვხვდება პატივმოყვარეობისა და ცრუმორწმუნეობის ნაზავი. ბერ-მონაზონთა მიერ სიკვდილის შესახებ დაწერილ  ზოგიერთ ნაშრომში წააწყდებით ცნობებს იმის შესახებ, თუ როგორ ტკივილს განიცდის ადამიანი, რომელსაც თუნდაც თითის წვერს მოაჭრიან, ან ატკენენ და როგორი შეიძლება იყოს ტკივილი, რომელსაც ადამიანი გარდაცვალებისას განიცდის, როდესაც მთელი მისი სხეული იხრწნება და ირღვევა მთლიანობა.

არადა, ამ დროს სიკვდილი გაცილებით ნაკლებად მტკივნეულია, ვიდრე სხეულის რომელიმე კიდურის ტკივილი.

„Pompa mortis magis terret quam mors ipsa“ („სიკვდილის ატრიბუტები სიკვდილზე მეტად აშინებთ“, - სენეკა - „წერილები”) - ეს სიტყვები თვის თავში მოიცავს როგორც ფილოსოფიურ, ასევე ცხოვრებისეულ ჭეშმარიტებას. კვნესა, კრუნჩხვა, უფერული სახე,  მეგობართა გოდება, შავები, დაკრძალვა და მისთანები - სიკვდილს საშინელებად სახავს.

თუკი დააკვრიდებით, შეამჩნევთ, რომ ადამიანის არსებაში არ არსებობს ყველაზე სუსტი გრძნობაც კი, რომელიც სიკვდილის შიშს ვერ დაამარცხებდა. მაშასადამე, სიკვდილი არ შეიძლება იყოს ასეთი საშიში მტერი, რადგან მისი დამარცხება ადამიანის არაერთ გრძნობას შეუძლია:

 შურისძიება ამარცხებს სიკვდილს, სიყვარული გულგრილია მის მიმართ, ღირსება გამოწვევას უგზავნის მას, მწუხარება თავშესაფარს ეძებს მასში, შიში კი ითვალისწინებს სივდილს.

როდესაც იმპერატორმა ოტონმა თავი მოიკლა, მისდამი თანაგრძნობისა და ერთგულების ნიშნად მწუხარებამ, გრძნობათაგან უსუსტესმა, მრავალ ადამიანს სიკვდილის ძებნა აიძულა.

ამის მიზეზად სენეკა ცხოვრების მოყირჭებას ამატებს: „Cogita quamdiu eadem feceris, mori velle non tantum fortis, aut miser, sed etiam fastidiosus potest“ („გაიხსენე, რა დიდხანს იმეორებდი ერთსა და იმავეს, მაგრამ ან მხოლოდ გამბედავი, ან უბედური ადამიანები მოისურვებენ სიკვდილს და ისინიც, ვინც ამ ყველაფერს მიხვდა“, - სენეკა - „წერილები“).

ადამიანი, რომც არ იყოს გულადი, ან უბედური, ხომ მაინც მზად არის სიკვდილისთვის, თუნდაც მხოლოდ იმის გამო, რომ ერთფეროვნება ყირჭდება.

დააკვირდით იმისაც, თუ რამდენად სუსტად მოქმედებს სიკვდილის მოახლოება სულიერად ძლიერ ადამიანებზე. ისინი ბოლომდე რჩებიან ისეთებად, როგორებიც არიან:

კეისარი ავგუსტუსი სიცოცხლეს თავაზიანად გამოემშვიდობა: „Livia, conjugii nostri memor, vive et vale!“ („ლივია, გახსოვდეს როგორ ვცხოვრობდით, იცოცხლე და ნახვამდის“, - სუეტონი, „თორმეტი კეისრის ცხოვრება“ - „ღვთაებრივი ავგუსტუსი“). ტიბერიუსი თავის მოკატუნებას განაგრძობდა, როგორც ტაციტუსი ამბობს: „Jam Tiberium vires, et corpus, non dissimulatio, deserebant“ („ტიბერიუსს უკვე ტოვებდნენ სხეულის სასიცოცხლო ძალები, მაგრამ ის მაინც თვალთმაქცობდა“, - ტაციტუსი - „ანალები“). ვესპასიანე სკამზე იჯდა და ოხუნჯობდა -  „Ut puto deus fio“ („...მეჩვნება, რომ ღმერთი ვხდები“, - სუეტონი, „თორმეტი კეისრის ცხოვრება“ -  „ღვთაებრივი ვესპასიანე). გალბამ თავი დახარა და განაჩენის აღსრულებამდე წარმოთქვა - „Feri, si ex re sit populi Romani“ („თუკი ასე სჭირდება რომის ხალხს“, - ტაციტუსი - „ისტორია“). სეპტიმიუს სევერუსის კი შემდეგი გზავნილი დატოვა - „Adeste, si quid mihi restat agendum“ („მომიახლოვდი, თუკი ჯერ კიდევ მრჩება რაიმე გასაკეთებელი“, - დიონ კასიუსი - „რომის ისტორია“), და ასე შემდეგ.

სტოიცისტები დიდ ყურადღებას უთმობდნენ სიკვდილს და მისდამი პომპეზური მზადებით უფრო მეტად შემზარავს ხდიდნენ ამ მოვლენას.

ჩემთვის უფრო მისაღებია „qui finem vitae extremum inter munera ponat naturae“ („სიცოცხლის საზღვრების ბუნების ჯილდოდ მიჩნევა“, - იუვენალი - „სატირები“)

ახალშობილისთვის შესაძლოა დაბადება არანაკლებ მტკივნეულია, ვიდრე სიკვდილი. მნიშვნელოვანი საქმის სამსახურის დროს სიკვდილი, გაცხარებულ ბრძოლაში დაჭრის შედეგად მიღებული ტკივილის შეგრძნების ტოლფასია. ვინც კეთილ ჩანაფიქრებშია ჩაფლული, ის ჭეშმარიტად თავისუფალია სიკვდილის ტკივილებისგან. მაგრამ, დამიჯერეთ, მეტად ტკბილია ჰიმნის - „Nunc dimittis“ („ახლა თავისუფლდები“) მოსმენა მაშინ, როდესაც ადამიანმა ღირსეულ მიზანს მიაღწია და მოლოდინი გაამართლა.

სიკვდილს კიდევ ერთი თვისება აქვს, ის კეთილი დიდების ჭიშკარს ხსნის და მოშურნეების ადუმებს: „Extinctus amabitur idem“ („მხოლოდ სიკვდილი ჩამორეცხავს შურს“, - კვინტუს ჰორაციუს ფლაკუსი -„გზავნილი“).

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში